Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-596-571-2016 28 დეკემბერი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ა. ქ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. კ-ე, ი. კ-ე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ვალდებულების რაოდენობის განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ა. ქ-ეს (შემდეგში: მსესხებელი, მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი), მ. კ-ესა (შემდეგში: პირველი მოპასუხე ან პირველი გამსესხებელი) და ი. კ-ეს (შემდეგში: მეორე მოპასუხე ან მეორე გამსესხებელი) შორის, 2011 წლის 6 ივნისს, გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (შემდეგში: სესხის ხელშეკრულება), რომლის თანახმად პირველმა მოპასუხემ მოსარჩელეს 3 თვით ასესხა 20 000 აშშ დოლარი, ხოლო მეორე მოპასუხემ, ასევე, 3 თვის ვადით - 10 000 აშშ დოლარი, სარგებელი - 4 %, პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის დარჩენილი თანხის 0,3 %-ით განისაზღვრა (ტ. 1, ს/ფ 20-27).

2. ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ნ-ის ფერდობი, მიკრო/რაიონი I, კორპუსი .., ბინა №.., ს/კ 0-. (შემდეგში: უძრავი ქონება; ტ. 1, ს/ფ 20-27).

3. მსესხებელსა და გამსესხებლებს შორის, 2013 წლის 15 იანვარს, გამოსყიდვის უფლებით, ვალის სანაცვლოდ, დაიდო უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულება (შემდეგში: გამოსყიდვის ხელშეკრულება), რომლის მიხედვით, 39 750 აშშ დოლარის ვალის გადახდის ვალდებულების გაქვითვის მიზნით, მოსარჩელემ მოპასუხეებს თანასაკუთრებაში გადასცა უძრავი ქონება. მოსარჩელე უფლებამოსილი იყო 2013 წლის 20 მარტამდე 39 750 აშშ დოლარად გამოესყიდა აღნიშნული უძრავი ქონება, ამ ვადის გასვლის შემდეგ მოპასუხეები უძრავ ქონებაზე იძენდნენ შეუზღუდავ საკუთრების უფლებას (ტ. 1, ს/ფ 34-37).

4. სარჩელის საფუძვლები

4.1. მოსარჩელემ 2015 წლის 10 თებერვალს სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ, გამოსყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების 15 220 აშშ დოლარით განსაზღვრა მოითხოვა.

4.2. მოსარჩელის განმარტებით, მას მთლიანობაში ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის ჩათვლით უნდა დაეფარა 33 600 აშშ დოლარი, მან კი 18 380 აშშ დოლარი გადაიხადა. აღნიშნული თანხიდან საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 3 600 აშშ დოლარს, შესაბამისად სხვაობა - 14 780 აშშ დოლარს, რომელიც ნაცვლად სესხის ძირითად თანხაში ჩათვლისა მოპასუხეებმა საპროცენტო სარგებლის სახით დაიანგარიშეს. მოსარჩელის აზრით, აღნიშნული ქმედება კანონის უხეში დარღვევაა, ვინაიდან მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების ვადაზე და, ასევე, ამ ვადის ფარგლებში საპროცენტო სარგებლის დარიცხვაზე, მხარეებს შორის კი რაიმე დამატებითი შეთანხმება არ განხორციელებულა, შესაბამისად ვადის გასვლის შემდეგ სარგებელი არ უნდა დარიცხულიყო.

4.3. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2013 წლის 15 იანვრის ხელშეკრულებაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 509-ე, 510-ე მუხლების მიხედვით ხელშეკრულებით წარმოშობილი ვალის ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო 15 220 აშშ დოლარით და არა - 39 750 აშშ დოლარით, ხოლო გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობრივ ნორმებს ბათილია. მოსარჩელის განმარტებით მოპასუხეების მხრიდან ადგილი ჰქონდა ზეწოლასა და შანტაჟს.

4.4. მოსარჩელის აზრით, მას მეორე მოპასუხის მიმართ ვალდებულება შესრულებული აქვს, თუმცა, ის 2013 წლის 15 იანვრის ხელშეკრულების მხარე მაინც არის.

5. მოპასუხეთა შესაგებელი

5.1. მოპასუხეებმა მათ წინააღმდეგ აღძრული სარჩელი არ ცნეს და აღნიშნეს, რომ არ ეთანხმებიან მოსარჩელის პოზიციას, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ მოსარჩელის მიერ გადახდილი საპროცენტო სარგებლის სესხის ძირითად თანხაში ჩათვლასთან დაკავშირებით, რადგან ამ პირობას ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა.

5.2. მოპასუხეებმა ყურადღება გაამახვილეს, რომ ხელშეკრულება პირგასამტეხლოსაც ითვალისწინებდა, რომელიც ბევრად აღემატება ყოველთვიურ სარგებელს, ასევე აღნიშნეს, რომ 2013 წლის 15 იანვრის ხელშეკრულება გაფორმდა მხარეთა ნების გამოვლენის ნამდვილობის საფუძველზე თვით მოსარჩელის ნებითა და სურვილით, ყოველგვარი ზეწოლისა და შანტაჟის გარეშე.

5.3. მეორე მოპასუხემ აღნიშნა, რომ მის მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შესრულებულა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელე არ აღიარებდა მის წინაშე არსებულ დავალიანებას.

6. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

6.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

6.2. სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 50-ე, 54-ე, 427-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ 2013 წლის 15 იანვრის ხელშეკრულების მართლსაწინააღმდეგო ხასიათის დამადასტურებელი მტკიცებულებანი მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი, ასევე, სასამართლომ მიუთითა მოწმის ჩვენებაზე, რომლის მიხედვით აღნიშნული ხელშეკრულების დადების ინიციატორი თავად მოსარჩელე იყო.

6.3. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, გამოსყიდვის ხელშეკრულების შინაარსა და შედგენის მიზანზე, რომლის მიხედვითაც უძრავი ქონების გადაცემის მიზანს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება წარმოადგენდა, შესაბამისად დაუსაბუთებელია მისგან გამომდინარე შესასრულებელი ვალდებულების 15 220 აშშ დოლარით განსაზღვრის მოთხოვნა.

7. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

7.1. მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

7.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა, არ შეისწავლა, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში არ გამოიკვლია და სამართლებრივი შეფასება არ მისცა ამ განჩინების 4.2-4.4 ქვეპუნქტებში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს. სასამართლომ არ გაითვალისწინა გამოსყიდვის ხელშეკრულების შინაარსი და მხარეთა შეთანხმების არსებითი პირობა.

7.3. აპელანტმა აღნიშნა, რომ სასამართლო იყო ტენდენციური და მიკერძოებული, რადგან მოსამართლემ მხარეებს მოუწოდა მორიგებისკენ და მიუთითა სსკ-ის 403-ე მუხლზე, რომელზეც მოპასუხე არ ამყარებდა მოთხოვნას, ასევე, მოსამართლემ მოპასუხის მაგივრად განმარტა, რომ აუდიო-ჩანაწერში მითითებული საპროცენტო სარგებელი, ასევე მოწმის ჩვენებით მითითებული საპროცენტო სარგებელი და საგადასახადო დავალებებით გადახდილი საპროცენტო სარგებელი ამ შემთხვევაში იყო იგივე პირგასამტეხლო და ზიანი.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

8.2. სასამართლომ მიიჩნია, რომ 2013 წლის 15 იანვრის ხელშეკრულების მართლსაწინააღმდეგობა და ბათილობა საქმის მასალებით არ დასტურდებოდა.

8.3. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ დავალიანების მოცულობა ხელშეკრულებიდან გამომდინარე 15 220 აშშ დოლარით უნდა განისაზღვროს, რადგან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, სხვაობა კრედიტორების სასარგებლოდ გადახდილია. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა 2013 წლის 15 იანვრის ხელშეკრულებაზე, სადაც მითითებულია, რომ ქონების გადაცემის მიზანს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება წარმოადგენდა. გამოსყიდვის ხელშეკრულებაში კი ნათლად არის მითითებული პირველი მოპასუხის მიმართ არსებული ვალდებულების მოცულობა - 24 770 აშშ დოლარი, ხოლო მეორე მოპასუხის მიმართ - 14 980 აშშ დოლარი. ამდენად, დასახელებული ხელშეკრულების დადებით მხარეთა მიერ განსაზღვრულია შეთანხმების დროისათვის ერთმანეთის მიმართ არსებული დავალიანების მოცულობა.

8.4. სასამართლომ არ გაიზიარა, რომ გამოსყიდვის ხელშეკრულების მოქმედების პირობებში ხელშეკრულების გაფორმებამდე განხორციელებული გადახდების შესაბამისად აპელანტის დავალიანება კრედიტორების მიმართ შეადგენდა არა 39 750 აშშ დოლარს, როგორც ეს ხელშეკრულებაშია მითითებული, არამედ - 15 220 აშშ დოლარს.

9. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

9.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრებით კასატორმა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

9.2. კასატორმა ყურადღება გაამახვილა სსკ-ის მე-8 მუხლის მესამე ნაწილზე, ასევე 316-ე და 115-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ გარიგება სამართლიანი, გონივრული უნდა იყოს და კეთილსინდისიერების პრინციპს უნდა ემყარებოდეს.

9.3. კასატორის საკასაციო პრეტენზიები სააპელაციო საჩივარში ასახული გარემოებების იდენტურია (იხ. ამ განჩინების 7.2-7.3 ქვეპუნქტები), კასატორმა დამატებით განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და არ გამოიკვლია ისინი ყოველმხრივ, სრულყოფილად და ობიექტურად.

10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

10.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ივლისის განჩინებით კასატორის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

10.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მტკიცებულებათა ერთობლივად გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

11. სსსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა ან გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

14. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ აქვს წარმოდგენილი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას გამოიწვევდა.

15. განსახილველი დავის საგანია გამოსყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მისი თვალთმაქცური და მართლსაწინააღმდეგო ხასიათის გამო და აქედან გამომდინარე, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების ოდენობის 39 750 აშშ დოლარის ნაცვლად 15 220 აშშ დოლარით განსაზღვრა.

16. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სსსკ-ის მე-4 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, რა დროსაც მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

17. საკასაციო სასამართლო სარჩელის საფუძვლიანობის შესახებ მსჯელობისას, უწინარესად, წარმოდგენილი აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის ნამდვილობას განმარტავს, რომლის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ - მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში მიკუთვნებითი მოთხოვნა სახეზეა და ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოსარჩელის მიერ აღძრული მოთხოვნის წინაპირობად უნდა იქნეს მიჩნეული.

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთი თვალთმაქცური გარიგების შემთხვევაში აწევს იმ პირს, ვინც ამტკიცებს, რომ გარიგება თვალთმაქცურია.

19. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „თვალთმაქცური გარიგების დროს, მართალია, ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი მხარეებს რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში არსებობს ორი გარიგება, ერთი თვალთმაქცური და მეორე – რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს. ამდენად, თვალთმაქცური გარიგება ერთგვარად ფარავს ნამდვილ გარიგებას, შესაბამისად, მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია. თუმცა, ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას გარკვეული სპეციფიკურობა ახასიათებს. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია მხარეთა რეალური ნების გათვალისწინებით. ხშირ შემთხვევაში, მხარეები ვერ ერკვევიან, რა შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება სურთ ან კიდევ ვერ ასხვავებენ ერთმანეთისაგან გარიგების სხვადასხვა ტიპებს. სამოქალაქო კოდექსი შესაძლებლობას ანიჭებს ხელშეკრულების სუბიექტებს, გამოასწორონ დაშვებული შეცდომები თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობით და მხარეთა შეთანხმების მიმართ გამოიყენონ ის მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია იმ გარიგებისათვის, რომლის მიღწევაც მხარეებს სურდათ“ (იხ. სუსგ # ას 871-821-2015, 05.02.2016წ; # ას-487-461-2015, 17.06.2015წ.).

20. სსკ-ის 54-ე მუხლი არ არის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა. მისი გამოყენების შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელის ზეპირი მითითებების გარდა, საქმეში არ არის წარმოდგენილი და არც არსებობს არც ერთი ობიექტური მტკიცებულება, რომელიც მოსარჩელეზე განხორციელებულ იძულებას ან მუქარას დაადასტურებდა. იძულების ფაქტის დასადგენად მარტოოდენ მოსარჩელის განცხადება არ არის საკმარისი, არც შეცილების ერთწლიანი ვადის გასვლის გამაბათილებელი მტკიცებულებაა საქმეში წარმოდგენილი. სამართლებრივი შედეგის დადგომაზე დასახელებულ ნორმას არ შეუძლია პირდაპირი გავლენის მოხდენა, თუ არ მიეთითება სამართლის კონკრეტული ნორმა, რომელსაც ეწინააღმდეგება დადებული გარიგება. შესაბამისად, „არცთუ იშვიათად მიიჩნევენ, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლს მხოლოდ დეკლარაციული ხასიათი აქვს“ (შდრ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმე №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი).

21. ამ განჩინების 18-22 პუნქტებში დასახელებული ნორმებისა და მსჯელობის, კასატორის მიერ მითითებული პრეტენზიებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნას, გამოსყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. კასატორი ვერ ასაბუთებს ხელშეკრულების ბათილობის, კანონით გათვალისწინებულ, ვერც ერთ წინაპირობას, რის გამოც მართებულია საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები გამოსყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე უარის თქმის შესახებ.

22. საკასაციო პალატა აღნიშნავს, იქედან გამომდინარე, რომ არ არსებობს გამოსყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების ოდენობის იმგვარად განსაზღვრა, როგორც ეს სარჩელითაა მოთხოვნილი.

23. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ დავალიანების ოდენობა 15 220 აშშ დოლარით განისაზღვროს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნამდვილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება მოვალემ უნდა შეასრულოს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სსკ-ის 361.2-ე მუხლი). იქიდან გამომდინარე, რომ მოსარჩელემ მოპასუხეების წინაშე გამოსყიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, ამავე ხელშეკრულების თანახმად მოპასუხეებს უძრავ ქონებაზე შეუზღუდავი საკუთრების უფლება გადაეცათ.

24. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქმის მასალების დეტალურად გაცნობის შედეგად სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მსესხებლის მიერ გადახდილი თანხების ოდენობა მოწმე ნ. მანიას ხელწერილითა და საგადახდო დავალებებით დასტურდება, რასაც მოსარჩელის წარმომადგენელიც ეთანხმება, სასამართლოში გამართულ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ თანხების ჩარიცხვასთან დაკავშირებული მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილია და ისინი გამოკვლეულია (იხ. 2016 წლის 12 აპრილის სხდომის ოქმი, 15:46:06-15:47:15, ტ. 1, ს/ფ 28-32).

25. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მსესხებელს ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის გადასახდელი თანხის 0.3 %-ის გადახდა დაეკისრებოდა. სესხის ხელშეკრულება გაფორმებული იყო 2011 წლის 6 ივნისს 3 თვით, ხოლო გამოსყიდვის ხელშეკრულება - 2013 წლის 15 იანვარს. სესხის თანხის დაბრუნებიდან გამოსყიდვის ხელშეკრულების დადებამდე გასულია 16 თვე (დაახლოებით 480 დღე). გამოსყიდვის ხელშეკრულების დადება ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოვალეს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, ამ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, არ შეუსრულებია, რის გამოც მას პირგასამტეხლოს გადახდაც დაეკისრებოდა. აღნიშნულზე მოპასუხეებიც უთითებენ (იხ. ამ განჩინების 5.2 ქვეპუნქტი). კასატორი მის მიერ წარმოდგენილი ვერც ერთი მტკიცებულებით ვერ ადასტურებს, თუ რატომ არ უნდა გადაეხადა ის თანხა, რაც მის მიერ ხელმოწერილი გამოსყიდვის ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული.

26. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება არ განსხვავდება უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკისაგან.

27. საკასაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმის არსებითად განხილვის ეტაპზეც, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების საფუძველზე, კასატორს არ მიუთითებია ისეთ გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, სადავო ხელშეკრულება ბათილად მიეჩნია და დავალიანების ოდენობა განესაზღვრა, აღნიშნული კი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

28. კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩება სახელმწიფო ბიუჯეტში (სსსკ-ის 55.2-ე მუხლი). ვინაიდან, კასატორს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 4 ივლისის განჩინებით გადავადებული ჰქონდა, სახელმწიფო ბაჟის, 1987.5 (ათას ცხრაას ოთხმოცდაშვიდი აშშ დოლარი და ორმოცდაათი ცენტი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა და საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, კასატორს დასახელებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა დაეკისრება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 აპრილის განჩინება;

3. ა. ქ-ეს (პ/ნ 0-) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 4 ივლისის განჩინებით გადავადებული, სახელმწიფო ბაჟის, 1987.5 (ათას ცხრაას ოთხმოცდაშვიდი აშშ დოლარი და ორმოცდაათი ცენტი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის, გადახდა;

4. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 773 150;

5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე