Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-361-337-2017 27 სექტემბერი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – ნ. ჯ-ე, ნ. ჯ-ე, გ. კ-ე, ო. კ-ე, მ. ჯ-ე, ნ. ხ-ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სს "პ-ი" (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობის გზით მიღებულად ცნობა და საჯარო რეესტრში ქონების მესაკუთრედ აღრიცხვა, თანხის დაკისრება, ქონების იძულებით რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „პ-სა“ (შემდეგში: მოსარჩელე, ბანკი ან კრედიტორი) და ო. კ-ეს (შემდეგში: მსესხებელი, მოვალე, პირველი მოპასუხე, პირველი აპელანტი ან პირველი კასატორი) შორის, 2012 წლის 11 ოქტომბერს, გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება №FW3.631, რომლის ფარგლებშიც გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება №3.6829 და მსესხებელზე სესხად გაიცა 83 000 აშშ დოლარი, 120 თვით, წლიური 18 % სარგებლის დარიცხვის პირობით (იხ. ხელშეკრულებები, ს/ფ 52-58, 48-51).

2. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2012 წლის 11 ოქტომბერს, ბანკსა და მსესხებელს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №160041863-021, რომლის თანახმადაც იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქ-ში, ა-ის გამზირი, მეორე შესახვევი №18, საკადასტრო კოდი 2- (შემდეგში: უძრავი ქონება; იხ. ხელშეკრულება, ს/ფ 30-33).

3. მსესხებელსა და ბანკს შორის 2012 წლის ბოლომდე გასაფორმებელი №FW3.631 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით ბანკსა და ს. კ-ეს (შემდეგში: მამკვიდრებელი) შორის, 2012 წლის 4 ოქტომბერს, გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება #670312103-021, რომლის თანახმადაც იპოთეკით დაიტვირთა მამკვიდრებლის კუთვნილი ქონება, მდებარე ქ. ქ-ში ა-ის გამზირი, მეორე შესახვევი №18, ს/კ 2- (შემდეგში: სამკვიდრო ქონება; იხ. ხელშეკრულება, ს/ფ 34-37).

4. 2012 წლის 11 ოქტომბერს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებები, რომლებითაც მათ იკისრეს მსესხებლის კრედიტის დაფარვის ვალდებულება (იხ. ა განჩინების 4.1-4.3 ქვეპუნქტები)

4.1. ბანკსა და მამკვიდრებელს შორის - ხელშეკრულება #670312103-041 (ს/ფ 41-43);

4.2. ბანკსა და ნ. ხ-ს (შემდეგში: მეორე მოპასუხე, მეორე აპელანტი, მეორე კასატორი ან პირველი სოლიდარული თავდები) შორის - ხელშეკრულება #4001444408-041 (ს/ფ. 44-47);

4.3. ბანკსა და მ. ჯ-ეს (შემდეგში: მესამე მოპასუხე, მესამე აპელანტი, მესამე კასატორი ან მეორე სოლიდარული თავდები) შორის - ხელშეკრულება #600059345-041 (ს/ფ 38-40).

5. მოვალეს კრედიტის დაბრუნება და პროცენტის გადახდა კრედიტის დაფარვის გრაფიკის მიხედვით უნდა განეხორციელებინა. მსესხებელმა სესხის დაფარვა ვადაზე ადრე შეწყვიტა. სოლიდარულ მოვალეებს სესხის დაფარვის მიზნით ბანკში თანხა არ შეუტანიათ.

6. მამკვიდრებელი გარდაიცვალა 2013 წლის 22 აპრილს (იხ. გარდაცვალების მოწმობა, ს/ფ 19).

7. მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონებას ფაქტობრივი მფლობელობით დაეუფლნენ პირველი რიგის მემკვიდრეები - მსესხებელი, მეორე მოპასუხე, გ. კ-ე (შემდეგში: მეოთხე მოპასუხე, მეოთხე აპელანტი ან მეოთხე კასატორი), ნ. ჯ-ე (შემდეგში: მეხუთე მოპასუხე, მეხუთე აპელანტი ან მეხუთე კასატორი) და ნ. ჯ-ე (შემდეგში: მეექვსე მოპასუხე, მეექვსე აპელანტი ან მეექვსე კასატორი).

8. სამკვიდრო ქონება მოპასუხეების საკუთრებად რეგისტრირებული არაა, იგი საჯარო რეესტრში კვლავ მამკვიდრებლის საკუთრებად ირიცხება.

9. სარჩელის საფუძვლები

9.1 ბანკმა 2014 წლის 4 დეკემბერს სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ და მოითხოვა:

9.1.1. პირველი, მეორე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე მოპასუხეების მიერ ფაქტობრივი მფლობელობით მიღებული სამკვიდრო ქონების საჯარო რეესტრში მათ საკუთრებად აღრიცხვა;

9.1.2. მსესხებლისა და სოლიდარული თავდებებისათვის, მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად 171 792 აშშ დოლარის დაკისრება;

9.1.3. დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით, კრედიტორის სასარგებლოდ, იპოთეკით დატვირთული ორი უძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა (იხ. ამ განჩინების მე-2 და მე-3 პუნქტები);

9.1.4. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

9.2 ბანკმა სასარჩელო მოთხოვნა ამ განჩინების 1-8 პუნქტებში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს დააფუძნა და აღნიშნა, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება (ძირითადი თანხა - 78 485,45 აშშ დოლარი, სარგებელი - 85 161,97 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 8 145 აშშ დოლარი) შეადგენდა 171 792 აშშ დოლარს.

10. მოპასუხეთა შესაგებელი

10.1 მსესხებელმა და სოლიდარულმა მოვალეებმა არ ცნეს სარჩელი იმ დასაბუთებით, რომ არც ერთ ფაქტობრივ გარემოებას არ ეთანხმებოდნენ, თუმცა, დაადასტურეს სესხის არსებობა, იპოთეკისა და სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულების დადების ფაქტი. მოვალის მტკიცებით, იგი კეთილსინდისიერი გადამხდელია და სურს ბანკთან თანამშრომლობა, რათა ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს. მისი მითითებით, იპოთეკით არის დატვირთული ქონებები, რომლებიც განლაგებულია საკურორტო ზოლში, ქირავდება, შესაბამისად - ამ გზით შემოსავლის მიღების შანსი აქვს.

10.2 მეოთხე, მეხუთე და მეექვსე მოპასუხეებმა განმარტეს, რომ მოვალეს ეკონომიკური პრობლემები შეექმნა და სესხის დაფარვა ვერ შეძლო. მოპასუხეები მიიჩნევენ, რომ მოვალის მიერ სესხის დაფარვის ვადის გადაცილება მათი კუთვნილი სამკვიდრო ქონების გასხვისების საფუძველი ვერ გახდება.

10.3 მოპასუხეთა წარმომადგენელმა მთავარ სხდომაზე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 1488-ე მუხლზე და განმარტა, რომ მოსარჩელემ დასახელებული ნორმით დადგენილი აუცილებელი პირობა არ დაიცვა, რომლის მიხედვითაც კრედიტორმა მამკვიდრებლის ვალებთან დაკავშირებით მემკვიდრეებს პრეტენზია მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში უნდა წარუდგინონ. მოპასუხეთა მითითებით, მოსარჩელემ 6 თვის ვადაში მათ პრეტენზია არ წაუყენა, შესაბამისად - მან მოთხოვნის უფლება დაკარგა.

11. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

11.1 ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

11.1.1. პირველ, მეორე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე მოპასუხეებს ფაქტობრივი მფლობელობით მიღებულად ჩაეთვალათ მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონება და საჯარო რეესტრში ამ ქონების მესაკუთრეებად აღირიცხნენ;

11.1.2. მსესხებელსა და სოლიდარულ მოვალეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 165 276, 42 აშშ დოლარის (ძირითადი თანხა - 78 485.45 აშშ დოლარი, სარგებელი - 85 161.97 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 1 629 აშშ დოლარი) გადახდა დაეკისრათ;

11.1.3. დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული ქონებები;

11.1.4. გადაწყვეტილება მიქცეულ იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

11.2 სასამართლომ მოპასუხეთა პრეტენზიის /ბანკმა დროულად არ წარუდგინა მემკვიდრეებს მოთხოვნა/ საპასუხოდ განმარტა, რომ 2014 წლის ოქტომბრამდე მოვალე სესხს ჯეროვნად იხდიდა, შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება არ ჰქონდა ამ ვადამდე რაიმე პრეტენზია გამოეხატა. ვალდებულების დარღვევიდან ორ თვეში კი ბანკმა მოთხოვნები წაუყენა მოვალეებს და მოსალოდნელი შედეგების შესახებ გააფრთხილა, შემდეგ კი სარჩელით მიმართა სასამართლოს.

11.3 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 316-ე, 317-ე, 867-873-ე, 361-ე, 405-ე, 625-ე, 417-418-ე, 420-ე, 891-ე, 893-ე, 895-ე, 286-ე, 301-ე, 1306-ე, 1319-ე, 1320-ე, 1336-ე, 1421-ე, 1424-ე მუხლებით და დადგენილად მიიჩნია, რომ მსესხებელმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა და პერიოდული გადასახადის შეტანის ვადას ორ შენატანზე მეტჯერ გადააცილა. სასამართლოს განმარტებით, მან ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით ხელშეკრულების პირობები დაარღვია. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, მოვალე ვალდებულია მოსარჩელეს სესხად მიღებული თანხა გადაუხადოს.

11.4 სასამართლომ აღნიშნა, რომ სარგებლის გადახდა ისეთივე ვალდებულებაა, როგორიც ძირითადი თანხის გადახდა, ამიტომ მსესხებელს სარგებლის გადახდის ვალდებულებაც უნდა შეესრულებინა. სასამართლოს განმარტებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში თანხის დაუბრუნებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით იყო შეთანხმებული და აღნიშნული მხარეთა შორის სადავო არ იყო. სასამართლომ შეთანხმებაში მითითებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ მიიჩნია და იგი 0,1%-მდე შეამცირა, შესაბამისად, მსესხებელს პირგასამტეხლოს სახით 1 629 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა.

11.5 სასამართლოს განმარტებით, ხელშეკრულების არსებითი პირობების დარღვევის გამო ბანკი ხელშეკრულებიდან გავიდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ის ვალდებულება, რაც მსესხებელს ჰქონდა ბანკისადმი, უნდა გავრცელებულიყო სოლიდარული მოვალეების მიმართ. სასამართლოს შეფასებით, ბანკის ხელშეკრულებიდან გასვლას უნდა მოჰყვეს ვალდებულების მთლიანი შესრულება. ბანკის მოთხოვნა უზრუნველყოფილი იყო იპოთეკით, შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება ჰქონდა, მოეთხოვა იპოთეკის საგნის რეალიზაცია და მიღებული თანხით ვალდებულების შესრულება.

11.6 სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია მემკვიდრეების მიერ სამკვიდრო ქონების მიღება. იმისათვის, რომ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციისას დაცული ყოფილიყო მათი სამკვიდრო უფლება, მემკვიდრეები საჯარო რეესტრში ამ ქონების მესაკუთრეებად უნდა აღრიცხულიყვნენ.

12. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

12.1 მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

12.2. აპელანტების მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი წანამძღვრები და არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მამკვიდრებელი გარდაიცვალა 2013 წლის 22 აპრილს, რის თაობაზეც ბანკისათვის იმთავითვე იყო ცნობილი. კრედიტორს მათთვის მოთხოვნა სსკ-ის 1488-ე მუხლით გათვალისწინებულ 6-თვიან ვადაში არ წარუდგენია, უფრო მეტიც მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან სარჩელის წარდგენამდე გასული იყო 18 თვეზე მეტი. მოპასუხეების მტკიცებით, მამკვიდრებლის გარდაცვალებით შეწყდა იპოთეკის ხელშეკრულება, შესაბამისად - მოთხოვნა ხანდაზმული იყო. აპელანტთა მტკიცებით, მოსარჩელე მოთხოვნის წაყენებასა და გაფრთხილებას ერთმანეთთან აიგივებს, რაც არასწორია და ის ვერ გამოდგება სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად.

12.3. აპელანტთა მტკიცებით, არასწორია სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მემკვიდრეებს მიღებულად ჩაეთვალათ სამკვიდრო ქონება. მათი განმარტებით, სასამართლოს არ განუსაზღვრავს მემკვიდრეთა წრე, არ დაუდგენია სამკვიდრო მასა - მისი აქტივები და პასივები.

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

13.1 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი და საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

13.2 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი). სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 1421-ე მუხლით და დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოპასუხეები, მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვსთვიან ვადაში, დაეუფლენ სამკვიდრო ქონებას, რასაც თავად მემკვიდრეებიც ადასტურებდნენ. სასამართლოს განმარტებით, კრედიტორს არ გადაუცილებია ვადა და მან, მამკვიდრებლის ვალის დაფარვის მოთხოვნით, მემკვიდრეებს კანონით დადგენილ ვადაში მიმართა.

13.3 სასამართლომ სსკ-ის 1488-ე მუხლის დანაწესზე მითითებით განმარტა, რომ მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კრედიტორისათვის მამკვიდრებლის გარდაცვალების შესახებ ცნობილი გახდა 2014 წლის 1 ოქტომბერს, მოსარჩელემ იმავე დღეს გაუგზავნა მიმართვა აპელანტებს მოთხოვნის წაყენების თაობაზე. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ კრედიტორის მიერ მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის წაყენების ვადა დარღვეული არ ყოფილა.

13.4 სასამართლოს შეფასებით, მოვალემ დაარღვია კრედიტის დაფარვის გრაფიკი, რამაც ბანკს უფლება მისცა, ხელშეკრულებიდან გასულიყო და ვალდებულების სრულად შესრულება მოეთხოვა მემკვიდრეებისაგან. ბანკის მოთხოვნა უზრუნველყოფილი იყო იპოთეკით, შესაბამისად, მას უფლება ჰქონდა იპოთეკის საგნის რეალიზაცია და მიღებული თანხით ვალდებულების შესრულება მოეთხოვა.

14. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

14.1 სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

14.2 საკასაციო საჩივრის პრეტენზიები ამ განჩინების 12.2-12.3 პუნქტებში მითითებული გარემოებების იდენტურია.

14.3. კასატორების განმარტებით არც საქალაქო და არც სააპელაციო სასამართლოები მამკვიდრებელს არ მოიხსენიებდნენ, როგორც მოვალეს, რაც ფაქტობრივი უზუსტობაა. ქვემდგომი სასამართლოების მიერ მამკვიდრებელი მოხსენიებულია, როგორც იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მესაკუთრე.

14.4. კასატორები აღნიშნავენ, რომ სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის განხილვა 2016 წლის 9 დეკემბერს, 12:00 საათზე იყო ჩანიშნული. აპელანტებმა სატელეფონო შეტყობინებით და შუამდგომლობით აცნობეს სასამართლოს, რომ პირველი, მეორე და მესამე აპელანტების წარმომადგენელი ავადმყოფობის გამო სხდომას ვერ დაესწრებოდა, რის გამოც სხდომის სხვა დროისათვის გადადება იშუამდგომლეს, თუმცა, სააპელაციო სასამართლომ განხილვა არ გადადო და მხარეები დაუცველნი დატოვა.

14.5. კასატორების განმარტებით, არც მოსარჩელე და არც სასამართლო არ ითვალისწინებს მოპასუხეების წინადადებას მორიგების თაობაზე ბანკს გადაუხადონ 30 000 ლარი და სესხის რესტრუქტურიზაცია განახორციელონ.

15. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

15.1 მოპასუხეების საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივნისის განჩინებით სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხეების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

18. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორებს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენიათ.

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

22. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივ სამართლებრივ მსჯელობას და დასკვნებს, რაც წინამდებარე განჩინების 13.2-13.4 პუნქტებშია ასახული და მიუთითებს მათზე.

23. სასამართლოს განმარტებით, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე, ხოლო მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის მიხედვით სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. მტკიცებულებათა გამოკვლევით დადგინდა, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, კანონით დადგენილ 6 თვის ვადაში პირველი რიგის მემკვიდრეებს ნოტარიუსისთვის არ მიუმართავთ და სამკვიდრო მოწმობა არ მიუღიათ, თუმცა, ისინი ფაქტობრივი მფლობელობით დაეუფლენ მამკვიდრებლის ქონებას, რასაც თავად კასატორებიც ადასტურებენ. მათ ბანკის სარჩელი პასუხად წარდგენილ შესაგებელში მიუთითეს, რომ მათი კუთვნილი სამკვიდრო ქონების გასხვისება, პირველი მოპასუხის დავალიანების გამო, არ უნდა მოხდეს.

24. საკასაციო სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ „sajaro reestrSi fiqsirdeba nebismieri ufleba, rac arsebobs am nivTis mimarT da Tu samarTlebrivad arsebobs esaTuis ufleba, magram igi sxvadasxva valdebulebebisgan Tavis aridebis mizniT ar fiqsirdeba reestrSi, sasamarTlos SeuZlia daavaldebulos aseTi moqmedebis Sesrulebis ganxorcieleba“ (იხ. სუსგ ას-1154-1299-08, 02.07.2009 წ.).

25. კასატორების პრეტენზიასთან დაკავშირებით, ბანკის სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე, საკასაციო სასამართლო სსკ-ის 1487-ე მუხლს /მემკვიდრეები ვალდებულნი არიან შეატყობინონ მამკვიდრებლის კრედიტორებს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუ მათთვის ცნობილია გარდაცვლილის ვალების შესახებ/ მოიხმობს და განმარტავს, რომ მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეების ვალდებულება, ბანკისათვის შეტყობინების შესახებ, არ შესრულებულა და არც ის დასტურდება, რომ მათთვის მამკვიდრებლის ვალის შესახებ უცნობი იყო, რადგან მსესხებელი, რომლის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით დაიტვირთა სამკვიდრო ქონება, მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეა. რაც შეეხება კრედიტორის მიერ მოთხოვნის წაყენების ექვსთვიან ვადას (სსკ-ის 1488-ე მუხლი), კრედიტორს ის არ დაურღვევია, რადგან სარჩელი წარდგენილია იმ დღიდან ექვსი თვის ვადაში, როცა კრედიტორმა მამკვიდრებლის გარდაცვალების შესახებ შეიტყო. „საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 1488-ე მუხლში საუბარია არა სასარჩელო ხანდაზმულობის, არამედ პრეტენზიის წარდგენის ვადებზე, რაც განსხვავებული ცნებებია. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული მუხლით დადგენილი ექვსთვიანი ვადა არის მამკვიდრებლის კრედიტორთა მიერ მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენის და არა სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ, თუ მამკვიდრებლის კრედიტორებმა ზემოხსენებული ვადის დაცვით არ წარუდგინეს მოთხოვნა მემკვიდრეებს, ისინი კარგავენ მოთხოვნის უფლებას, რაც, შემდგომში, სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იქნება. საკასაციო პალატამ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ „მითითებული ნორმით დადგენილია პრეტენზიის მოთხოვნის წარდგენის ვადა და არა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც, სასამართლოსათვის მიმართვის გზით კრედიტორს შეუძლია, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. ამ ვადის გასვლის შემდეგ მოვალეს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით. მოთხოვნა კი, როგორც წესი, წარედგინება უშუალოდ მხარეს. საპრეტენზიო ვადაში მოთხოვნის წარუდგენლობა სასამართლოში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. საპრეტენზიო ვადაში წარდგენილი მოთხოვნა კი, შეიძლება არ დააკმაყოფილოს სასამართლომ, თუ გავიდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და მოვალე მიუთითებს ამის თაობაზე” (იხ. სუსგ-ები: №ას-143-136-2010, 07.10.2010წ; №ას-968-1269-2007, 22.02.2008წ.) - # ას-171-160-2017, 18.04.17 წ.

26. კასატორების არგუმენტი, რომ მამკვიდრებლისათვის მოვალის სტატუსის მიუნიჭებლობით საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა იმგვარი უზუსტობა დაუშვეს, რომ საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა. მამკვიდრებელი ბანკის არაპირადი მოვალე იყო (სსკ-ის 291-ე მუხლი) და მისი, როგორც იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მესაკუთრედ მოხსენიებას, საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა არ გამოუწვევია, რადგან კასატორების პრეტენზია, ხანდაზმულობის ვადის დარღვევასთან დაკავშირებით, ამ კონტექსტშიც დაუსაბუთებელია (იხ. ამ განჩინების 25-ე პუნქტი).

27. გარდა ამისა, მეორე მოპასუხე, როგორც თავდები, ვერ მიუთითებს მემკვიდრის შეზღუდულ პასუხისმგებლობაზე (სსკ-ის 899-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადება, შდრ. სუსგ ას-171-160-2017, 18.04.2017 წ.).

28. განსახილველ შემთხვევაში, სესხის, სარგებლის, პირგასამტეხლოსა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 623-ე /სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი/, 625.1-ე /მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი/, 417-ე-418-ე /პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას/, 286.1-ე /უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა)/, 301.11-ე /მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი/, 469-ე /სარჩელის შეტანა ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის მიმართ კრედიტორს არ ართმევს უფლებას შეიტანოს სარჩელი დანარჩენ მოვალეთა მიმართაც/, 896-ე /თუ ერთი და იგივე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ/ მუხლები.

29. კასატორების პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომელიც ამ განჩინების 14.4 პუნქტშია ასახული, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სხდომის გადადების შესახებ სასამართლოს უნდა წარედგინოს დასაბუთებული შუამდგომლობა სხდომაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შესახებ (სსსკ-ის 215.3-ე მუხლი), რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელი არ დაეთანხმა აპელანტთა წარმომადგენლის შუამდგომლობას საქმის განხილვის გადადების შესახებ, რადგან შუამდგომლობას თან არ ერთვოდა ადვოკატის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ცნობა, რაც მისი სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობას დაადასტურებდა და აპელანტთა წარმომადგენლის შუამდგომლობა სასამართლო განხილვის გაჭიანურების მცდელობად შეაფასა, რაც მართებულად გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ.

30. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები: # ას-171-160-2017, 18.04.17 წ; ას-550-512-2017, 27.09.17წ.).

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.

32. კასატორებს სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე დაუბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ჯ-ის, ნ. ჯ-ის, გ. კ-ის, ო. კ-ის, მ. ჯ-ისა და ნ. ხ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ნ. ჯ-ეს (პ/ნ 6-), ნ. ჯ-ეს (პ/ნ 6-), გ. კ-ეს (პ/ნ 6-), ო. კ-ეს (პ/ნ 6-), მ. ჯ-ესა (პ/ნ 6-) და ნ. ხ-ს (პ/ნ 6-) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე თ. კ-ის (6-) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 6 000 ლარის (საგადასახადო დავალება 0, გადახდის თარიღი 2017 წლის 8 მაისი და საგადასახადო დავალება N 1, გადახდის თარიღი 2017 წლის 10 ივნისი), 70% – 4 200 (ოთხი ათას ორასი) ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე