Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-385-358-2017 20 ოქტომბერი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – თ. კ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ. ლ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის გაუქმება, რეგისტრაციის გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სარჩელის საფუძვლები

1.1. დ. ლ-მა (შემდეგში: მოსარჩელე, მოპასუხის ბიძა, საჩივრის ავტორი ან აპელანტი) 2016 წლის 18 მაისს სარჩელი აღძრა თ. კ-ის (შემდეგში: მოპასუხე ან კასატორი) წინააღმდეგ სამკვიდრო მოწმობისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმების მოთხოვნით.

1.2. მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 29 დეკემბერს მან მიიღო გარდაცვლილი დედის - ლ. ლ-ის მემკვიდრეობა, თუმცა რეგისტრაციისას აღმოჩნდა, რომ სამკვიდრო ქონების დიდი ნაწილი მოპასუხის სახელზე იყო დარეგისტრირებული.

1.3. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხეს ერთი და იგივე ქონებაზე ორი სამკვიდრო მოწმობა აქვს მიღებული, რადგან მან მიიღო დედის, ნ. ლ-ის სამკვიდრო ქონება, რომელიც ნ. ლ-ის მამის, თ. ლ-ის სახელზე ფიქსირდებოდა და, ასევე, ის ქონება, რომელიც გარდაცვლილი თ. ლ-ის გარდაცვალების შემდეგ გაჩნდა მის სახელზე. მოსარჩელის აზრით, ახლად გაჩენილი ქონება და თ.ლ-ის სახელზე რიცხული ქონება ერთი და იგივეა.

1.4. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ მემკვიდრეობით მიღებულ ქონებას მისამართი შეუცვალა და გაჩნდა ორ სხვადასხვა მისამართზე მდებარე უძრავი ქონება, რომელთა გაზრდაც მოსარჩელის სამკვიდრო ქონების ხარჯზე მოხდა.

2. მოპასუხის შესაგებელი

2.1. მოპასუხემ მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ ის აერთიანებს, როგორც სამოქალაქო წესით განსახილველ სასარჩელო მოთხოვნას, ისე ადმინისტრაციული წესით განსახილველ მოთხოვნებს, რაც არასწორია. მოსარჩელე ასევე არ უთითებს, თუ რატომ უნდა გაუქმდეს სამკვიდრო მოწმობა მთლიანად და რა ზიანი ადგება მოსარჩელეს მოპასუხის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის შედეგად.

3. ხაშურის რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დასკვნები

3.1. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3.2. რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 23 ივნისს 13:00 საათზე ხაშურის რაიონულ სასამართლოში დანიშნული იყო სარჩელის განხილვასთან დაკავშირებით სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა.

3.3. მოსარჩელე და ლ. ჭ-ე (შემდეგში: მოსარჩელის წარმომადგენელი) 2016 წლის 9 ივნისის ხელწერილით გაფრთხილებული იყვნენ აღნიშნული სხდომის შესახებ (იხ. ხელწერილი, ტ. 1, ს/ფ 188).

3.4. მოსარჩელე და მოსარჩელის წარმომადგენელი 2016 წლის 23 ივნისს სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ.

3.5. სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ეცნობათ მოსამზადებელი სხდომის თარიღის თაობაზე, თუმცა, მოსარჩელე არ გამოცხადდა, ხოლო მოპასუხემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა იშუამდგომლა.

3.6. სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 70-ე, 74-ე, 229-ე, 233-ე მუხლებით და განმარტა, რომ მოსარჩელე მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის, შესაბამისად, მისი გამოუცხადებლობა არასაპატიო იყო, ასევე, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები.

4. მოსარჩელის საჩივარი

4.1. მოსარჩელემ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.

4.2. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით ის და მოსარჩელე 2016 წლის 22-23 ივნისს იმყოფებოდნენ სამსახურებრივ მივლინებაში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, თუმცა, ისინი 23 ივნისს ბრუნდებოდნენ ხაშურის რაიონულ სასამართლოში, პროცესში მონაწილეობის მისაღებად. ახალციხის რაიონში, უნებართვო არქეოლოგიური სამუშაოების შესახებ მიღებული შეტყობინების საფუძველზე გაემგზავრნენ ანდრიაწმინდა-ანდის გზაზე, სადაც მოუცურდათ ავტომანქანა და ტალახში ჩაეფლნენ, რის გამოც 2 საათის განმავლობაში ვერ შეძლეს ავტომანქანის დაძვრა და პრობლემების მოგვარება, სასამართლოს ტელეფონზე დარეკეს, თუმცა, არავინ უპასუხა.

4.3. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული გარემოება იყო დაუძლეველი ძალა და ისინი საპატიო მიზეზით ვერ გამოცხადდნენ სასამართლო სხდომაზე.

4.4. მოსარჩელის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი მთლიანად არ დაკმაყოფილდა, თუმცა, მოსარჩელემ 2016 წლის 9 ივნისის სასამართლო სხდომაზე უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნაზე ნაწილობრივ, კერძოდ - საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმების ნაწილში.

5. ხაშურის რაიონული სასამართლოს განჩინება და დასკვნები

5.1. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 ივლისის განჩინებით მოპასუხის ბიძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

5.2. სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელესა და მოსარჩელის წარმომადგენელს 2016 წლის 9 ივნისს, საქმეზე გამართულ სხდომის გადადების დროს, სხდომის მორიგი თარიღი - 2016 წლის 23 ივნისი, 13:00 საათი ეცნობათ და ჩამოერთვათ შესაბამისი ხელწერილი, შესაბამისად, მათ საკმარისი დრო ჰქონდათ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმისათვის მოსამზადებლად.

5.3. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალების მიხედვით მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლის მივლინების შესახებ ბრძანება დაიწერა 2016 წლის 20 ივნისს, ხოლო მივლინების მოწმობა გაცემულია იმავე წლის 21 ივნისს, მივლინების ვადა კი 22 ივნისიდან 24 ივნისამდე განისაზღვრა, შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა მიეღო ყველა ღონისძიება, რათა სასამართლოსთვის ეცნობებინა სხდომაზე შესაძლო გამოუცხადებლობის ან/და დაგვიანების თაობაზე.

5.4. სასამართლომ არ გაიზიარა, მოსარჩელის ვარაუდი, რომ ეს უკანასკნელი და მისი წარმომადგენელი სამსახურებრივი მივლინების ფარგლებში დროულად შეძლებდნენ მონიტორინგის ჩატარებას და სხდომაზე გამოცხადებას, ასევე, ის, რომ მათ ავტომანქანას შეექმნა გადაადგილების პრობლემები და რომ ტელეფონით შეეცადნენ დაკავშირებოდნენ სასამართლოს, რადგან აღნიშნული არგუმენტაცია არ არის იყო მტკიცებულებებით, შესაბამისად, სასამართლო ამ გარემოებებს დაუძლეველ ძალად ვერ მიიჩნევდა.

5.5. სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 241-ე, 233-ე, 240-ე მუხლებით და ძალაში დატოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ასევე აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ იმ ფაქტის მიუთითებლობა, რომ მოსარჩელემ სარჩელის ნაწილზე უარი თქვა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველსა და არგუმენტაციას არ წარმოადგენდა.

6. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

6.1. მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2016 წლის 18 ივლისის განჩინება, მათი გაუქმების მოთხოვნით.

6.2. აპელანტის განმარტებით, მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლის მივლინება მთავრდებოდა 2016 წლის 23 ივნისს, ხოლო მოთხოვნა ემყარებოდა იმ გარემოებას, რომ მანქანას გადაადგილების პრობლემა შეიქმნა, რამაც სასამართლო სხდომაზე დაგვიანება გამოიწვია.

6.3. აპელანტმა აღნიშნა, რომ დრო არ დაუკარგავს რაიმე მტკიცებულებების შექმნისთვის და ასევე, არ ჰქონდა იმის ინტერესი, რომ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულიყო და საქმე წაეგო.

6.4. სასამართლომ, ასევე არ იმსჯელა მის მიერ საჩივარში დასმულ საკითხთან დაკავშირებით, როდესაც მან თავისი სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ასევე განჩინება, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

7.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტი და მისი წარმომადგენელი 2016 წლის 23 ივნისს იმყოფებოდნენ მივლინებაში და მათი სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, ასევე, იმ პირობებში, როდესაც მივლინების მოწმობით დასტურდებოდა, რომ მათ 2016 წლის 23 ივნისს დატოვეს მივლინების ადგილი, გამოკვეთილი იყო აპელანტის პოზიციის გაზიარების საფუძველი, რადგან ისინი მიიჩნევდნენ, რომ მივლინების ადგილი 2016 წლის 23 ივნისს უნდა დაეტოვებინათ, სხდომაზე გამოცხადებას შეძლებდნენ და მივლინების საფუძვლით სხდომის გადადების შუამდგომლობა არ იქნა წარდგენილი.

7.3. სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 233-ე, 241-ე მუხლებით და დაადგინა, რომ აპელანტის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით - მივლინებაში ყოფნით, რაც დასტურდებოდა შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული მივლინების მოწმობით.

8. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

8.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრებით მოპასუხემ მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

8.2. კასატორის განმარტებით, აპელანტი არც საჩივარში და არც სასამართლო პროცესზე არ აცხადებდა რაიმე პრეტენზიას, რომ იმყოფებოდა მივლინებაში და ამიტომ სასამართლოს საპატიოდ უნდა ეცნო მისი გამოუცხადებლობა, ხოლო მხარემ თვითონ აირჩია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მანქანის გაუმართაობაზე მითითება, მას არ წარუდგენია არანაირი მტკიცებულება სხდომაზე საპატიო მიზეზით დაგვიანებასთან დაკავშირებით.

8.3. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის მე-4 მუხლი და თვითონ დაადგინა, რომ მხარის მივლინებაში ყოფნა იყო საპატიო მიზეზი იმ პირობებში, როდესაც აპელანტი სულ სხვა ფაქტებზე მითითებით ითხოვდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას.

9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

9.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 აპრილის განჩინებით კასატორის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

9.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

10. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მოსარჩელის სხდომაზე გამოუცხადებლობის მოტივით გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების კანონიერება. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინებით დაეთანხმა აპელანტის პრეტენზიას, რომ ამ უკანასკნელის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი მტკიცებულება მივლინების მოწმობაა, რასაც საკასაციო სასამართლო არ იზიარებს აპელანტის (მოსარჩელის) არათანმიმდევრული და დაუსაბუთებელი მტკიცების გამო.

11. კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს იმ მოტივით, რომ სასამართლომ არ შეაფასა სააპელაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიები, არამედ - იმსჯელა და დადასტურებულად მიიჩნია, ის გარემოება, რაზეც აპელანტიც კი არ ამყარებდა საკუთარ მოთხოვნას, კერძოდ, იგი სააპელაციო საჩივარში განმარტავდა, რომ მივლინებაში ყოფნას საპატიო მიზეზად არ მიიჩნევდა, რადგან მივლინების მოწმობა სხდომამდე 2 დღით ადრე გაიცა. აპელანტი თავის პრეტენზიას იმ ფორს-მაჟორულ გარემოებაზე აფუძნებდა, რომლის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენია სასამართლოსათვის.

12. განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელე სასამართლო სხდომის თაობაზე წინასწარ იყო გაფრთხილებული, კანონით დადგენილი წესით, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. მოსარჩელე რაიონული სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილ საჩივარში განმარტავდა იმ მიზეზებს, რამაც განაპირობა მისი და წარმომადგენლის სხდომაზე გამოუცხადებლობა. საჩივარს ერთვის მივლინების ორი მოწმობა, რომლებითაც დასტურდება, რომ მოსარჩელე და მისი წარმომადგენელი 2016 წლის 22 ივნისიდან 24 ივნისამდე იმყოფებოდნენ მივლინებაში, თბილისში დაბრუნების ვადად 2016 წლის 23 ივნისია მითითებული. სხვა მტკიცებულება საჩივრის ავტორს სასამართლოსათვის არ წარუდგენია.

13. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში, არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლებისათვის სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება დაუძლეველი ძალის ან სხვა მოვლენის არსებობა, რამაც მხარის სასამართლოში დროულად გამოცხადებას ხელი შეუშალა.

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 241-ე მუხლი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას იმ შემთხვევებში ითვალისწინებს, როცა სასამართლოსათვის ცნობილი ხდება დაუძლეველი ძალის ან სხვა საპატიო მიზეზის გამო მხარის სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში საჩივრის ავტორი უთითებდა იმ გარემოებაზე, რომ მან და მისმა წარმომადგენელმა, დაუძლეველი ძალის გამო, სხდომაზე გამოცხადება ვერ შეძლეს, დაუძლეველი ძალა კი მანქანის მოცურებითა და ტალახში ჩაფლვით გამოიხატა. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 102-ე მუხლის დანაწესს მოიხმობს და აღნიშნავს, რომ ყველა ფაქტობრივი გარემოება (გარდა საყოველთაოდ ცნობილი ფატქებისა - სსსკ-ის 106-ე მუხლი) მტკიცებას საჭიროებს, მტკიცებულებათა სახეები კი სსსკ-ის მე-15-მე-20 თავებშია ჩამოთვლილი. მოსარჩელემ სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობის მტკიცება მხოლოდ საკუთარ ახსნა-განმარტებას დააფუძნა, რაც თავისთავად ცხადია, შინაგან რწმენას ვერ განუმტკიცებს სასამართლოს მოსარჩელის გამოუცხადებლობა საპატიოდ მისაჩნევად. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის განმარტებას უნდა ადასტურებდეს მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რასაც სასამართლო ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეაფასებს და ამის შემდეგ გადაწყვეტს საკითხს (სსსკ-ის 105-ე მუხლი).

15. სასამართლო მტკიცება წარმოადგენს მტკიცებულებათა შეგროვების, შემოწმებისა და შეფასებისათვის სასამართლოსა და მხარეების სამართლით მოწესრიგებულ საქმიანობას, რომლის მიზანია საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების (ფაქტების) დადგენა. პირველი, რაც უნდა გააკეთოს მხარემ დამტკიცების მოვალეობის შესასრულებლად - ესაა მტკიცებულებათა წარმოდგენა სასამართლოში იმ ფაქტის დადგენის მიზნით, რომლის დამტკიცების მოვალეობაც მას ეკისრება. წარმოდგენილი მტკიცებულება ისეთ კავშირში უნდა იყოს დასადგენ გარემოებასთან, რომ შეიძლებოდეს ამ გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ უტყუარი დასკვნის გაკეთება. მხარე საქმის შედეგით დაინტერესებული პირია, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მისი ახსნა-განმარტების სისწორესა და უტყუარობაზე. მხარის ყოველი განმარტება ფაქტების შესახებ, რომელიც გაკეთებულია მის სასარგებლოდ, მართალია მტკიცებულებაა, მაგრამ არასაკმარისია, რომელიც მოითხოვს დადასტურებას სხვა მტკიცებულების მეშვეობით (შდრ. ლილუაშვილი თ., ლილუაშვილი გ., ხრუსტალი ვ., ძლიერიშვილი ზ., სამოქალაქო საპროცესო სამართალი, 1 ნაწილი, თბილისი, 2014, გამომცემლობა „სამართალი“, გვ: 259, 284, 308).

16. განსახილველ შემთხვევაში საჩივრის ავტორს არ წარუდგენია დაუძლეველი ძალის არსებობის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება გარდა საკუთარი ახსნა-განმარტებისა, რის გამოც მოსარჩელის მითითება დადასტურებულად ვერ მიიჩნევა. რაც შეეხება მივლინების მოწმობას, იგი ადასტურებს მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლის მივლინებაში ყოფნის ფაქტს, თუმცა, იგი ვერ მიიჩნევა სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, რასაც თავად აპელანტიც ადასტურებს (იხ. ამ განჩინების 6.2 ქვეპუნქტი). მოსარჩელეს ჰქონდა გონივრული დრო, გაეფრთხილებინა სასამართლო მისი სხდომაზე შესაძლო გამოუცხადებლობის შესახებ და საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადება ეშუამდგომლა. ამგვარად მოსარჩელე დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფრთხის ქვეშ არ დააყენებდა საკუთარ სარჩელს და გამოიჩენდა აუცილებელ წინდახედულებას სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თავიდან ასარიდებლად.

17. უდავოა ის გარემოება, რომ მოსარჩელე 2016 წლის 23 ივნისის მოსამზადებელ სხდომაზე ხაშურის რაიონულ სასამართლოში არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადებულა, შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სსსკ-ის 229-ე მუხლით და სავსებით დასაბუთებულად გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

18. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები, რადგანაც არ იკვეთება საქმის ქვემდგომი სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების წინაპირობები. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 თებერვლის განჩინება და ძალაში დარჩეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2016 წლის 18 ივლისის განჩინება 2016 წლის 23 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ (შდრ. სუსგ №ას-555-526-2015, 23.10.2015წ.).

19. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო სასამართლოს წინამდებარე განჩინებით სრულად დაკმაყოფილდა კასატორის მოთხოვნა და კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 300 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 თებერვლის განჩინება და ძალაში დარჩეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2016 წლის 18 ივლისის განჩინება 2016 წლის 23 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;

3. დ. ლ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის გადახდა;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე