Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-517-483-2017 14 ივლისი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს "ვ-ი" (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ბ-ა" (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხეები - მ. ნ-ი, რ. ფ-ე, ნ. ჭ-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს ,,ბ- ას'' (შემდეგში: მოსარჩელე ან გამყიდველი) და შპს ,,ვ -ის'' (შემდეგში: პირველი მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან მყიდველი) შორის, 2014 წლის 28 ნოემბერს, დაიდო ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება (შემდეგში: ნასყიდობის ხელშეკრულება), რომლის მიხედვით მყიდველმა გამყიდველისაგან გარკვეული ოდენობის პროდუქცია შეიძინა. პირველ მოპასუხეს ნასყიდობის საფასური პროდუქციის პირველი პარტიის შეძენიდან 30 კალენდარულ დღეში უნდა გადაეხადა (იხ. ხელშეკრულება, ტ. 1, ს/ფ 18-21).

2. ნასყიდობის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნასყიდობის ფასის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში მყიდველს დაეკისრებოდა არსებული დავალიანების 0,1 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ანგარიშსწორება განხორციელდებოდა ლარში, თუ მყიდველის მიერ შესყიდული საქონლის ღირებულების სრულად გადახდამდე აშშ დოლარის კურსი გაიზრდებოდა 2 პუნქტით მაინც, გამყიდველს მიეცემოდა შესაძლებლობა ანგარიშსწორება გაზრდილი კურსის შესაბამისად მოეხდინა (იხ. ხელშეკრულება, ტ. 1, ს/ფ 18-21).

3. მოსარჩელესა და მ. ნ-ს (შემდეგში: მეორე მოპასუხე), რ. ფ-ესა (შემდეგში: მესამე მოპასუხე) და ნ. ჭ-ეს (შემდეგში: მეოთხე მოპასუხე) შორის, 2014 წლის 28 ნოემბერს, დაიდო თავდებობის ხელშეკრულება (შემდეგში: თავდებობის ხელშეკრულება), რომლის თანახმადაც თავდებმა პირებმა სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს მყიდველთან ერთად, მათი პასუხისმგებლობა 40 000 ლარით განისაზღვრა (იხ. ხელშეკრულება, ტ. 1, ს/ფ 22-23).

4. მოსარჩელემ პირველ მოპასუხეს ნასყიდობის საგანი 2014 წლის 8 დეკემბრიდან იმავე წლის 30 დეკემბრის ჩათვლით მიაწოდა (იხ. საგადასახდო ანგარიშფაქტურები, ტ. 1, ს/ფ 24-60).

5. პირველმა მოპასუხემ ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დაარღვია, რის გამოც მას მოსარჩელისადმი ერიცხება დავალიანება - 37 996,72 ლარი (იხ. შედარების აქტი, ტ. 1, ს/ფ 65).

6. სარჩელის საფუძვლები

6.1. გამყიდველმა 2015 წლის 16 სექტემბერს სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ, მათთვის, მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად 40 000 (ორმოცი ათასი) ლარის დაკისრების მოთხოვნით; მოსარჩელემ მოითხოვა პირველ მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს 7038.62 ლარის გადახდა; პირგასამტეხლოს, ძირითადი თანხის - 37996.72 ლარის 0,1%-ის - 37.99 ლარის დარიცხვა გაგრძელდეს 05/08/2015 წლიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ასევე - 9405.58 ლარის გადახდა.

6.2. გამყიდველმა სასარჩელო მოთხოვნები ამ განჩინების 1-5 პუნქტებში დასახელებულ გარემოებებზე დააფუძნა.

7. მოპასუხის შესაგებელი

7.1. მოპასუხეებმა სარჩელი 40 000 (ორმოცი ათასი) ლარის დაკისრების ნაწილში ცნეს.

7.2. დანარჩენ ნაწილში კი პირველმა მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი, ხოლო კურსთა შორის სხვაობის გადახდევინება არაგონივრული და უკანონოა.

8. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

8.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

8.1.1. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად 40 000 (ორმოცი ათასი) ლარის გადახდა დაეკისრათ, საიდანაც ძირითადი თანხა - 37 996,72 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 2003,28 ლარია;

8.1.2. პირველ მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს - 1984,62 ლარის და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 18,99 ლარის გადახდა დაეკისრა, 2015 წლის 5 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე,.

8.2. საქალაქო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-317-ე, 327-ე, 477-ე, 891-ე, 463-464-ე, 895-ე, 898-ე, 361-ე, 417-418-ე, 389-ე, 393-ე მუხლები მოიხმო და დადგენილად მიიჩნია, რომ გამყიდველმა ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა და პირველ მოპასუხეს გადასცა ქონება, მყიდველმა კი მიღებული პროდუქციის ღირებულება არ გადაიხადა, ამასთან, თავდებობის ხელშეკრულების გათვალისწინებით, მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხეები პასუხისმგებელი არიან თანხის სოლიდარულად გადახდაზე.

8.3. სასამართლომ სსკ-ის 417-418 მუხლების გათვალისწინებით დადგენილად მიიჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 7038,62 ლარი შეუსაბამოდ მაღალია, ასევე - შეუსაბამოდ მაღალია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი არსებული დავალიანების 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და იგი უნდა შემცირდეს 0.05%-მდე, ხოლო მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს 1984.62 ლარამდე, რადგან პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება.

9. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

9.1. პირველმა მოპასუხემ სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.01 %-მდე შემცირება მოითხოვა.

9.2. აპელანტის განმარტებით, დაკისრებული პირგასამტეხლო კვლავ შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრულია, რაც აპელანტს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აყენებს.

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

10.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

10.2. სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დასაბუთება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული, ხოლო სსკ-ის 420-ე მუხლის სიტყვასიტყვითი განმარტების საფუძველზე მცირდება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო, რომელიც შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება.

10.3. სასამართლომ სსკ-ის 115-ე მუხლზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ პირველი ინსტაციის სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირებული ოდენობა 0.05% არის გონივრული, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და პირველი მოპასუხისათვის მისი დაკისრება საჯარო წესრიგს არ ეწინააღმდეგება.

11. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

11.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება, საკასაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

11.2. საკასაციო საჩივრის საფუძვლები ამ განჩინების 9.1-9.2 ქვეპუნქტებში მითითებული გარემოებების იდენტურია.

12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

12.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 მაისის განჩინებით პირველი მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, პირველი მოპასუხის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

14. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.

15. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.

16. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიებს, რომ სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლო შეუსრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით შეუსაბამოდ მაღალია, რადგან საქმეში არსებული ნასყიდობის ხელშეკრულებაში ნათლადაა მითითებული, რომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულების დამრღვევი მხარე იხდის პირგასამტეხლოს არსებული დავალიანების 0,1 %-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სასამართლომ კი ყოველდღიური პირგასამტეხლო 0.05 %-მდე შეამცირა, რაც შეუსრულებელი ვალდებულების გონივრული და ადეკვატურია.

17. საქმის მასალებით დადგენილია, რასაც თავად კასატორიც ეთანხმება, რომ მან არაჯეროვნად შეასრულა კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულება. სსკ-ის 417-418-ე მუხლებისა და მხარეთა შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე მოვალე ვალდებულია კრედიტორს გადაუხადოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის.

18. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან სასამართლო პრაქტიკის თანახმად დადგენილია, რომ „პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან“ (იხ. სუსგ ას-833-799-2016, 02.11.2016წ.).

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულია ერთგვაროვანი პრაქტიკა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის (შემცირების) თაობაზე და სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში ამავე კოდექსის 420-ე მუხლი სწორედ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად არის განმარტებული (იხ. სუსგ-ები: №ას-48-43-2015, 19 .03. 2015 წ; №ას-23-23-2014, 10.04. 2014 წ; №ას-1432-1351-2012, 20.05.2013 წ.).

20. ზემოხსენებული მოტივაციით უარყოფილია საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობა, რაც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

21. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, კასატორის დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან, კასატორს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 მაისის განჩინებით სახელმწიფო ბაჟის გადახდა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, გადაუვადდა, მას, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 30 %-ის გადახდა უნდა დაეკისროს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "ვ-ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს "ვ-ის" (ს/კ 4-) დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 1 მაისის განჩინებით (საქმე № ას-517-483-2017) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 1 138.9 ლარის 30 %-ის 341.67 ლარის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე