საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-591-550-2017 14 სექტემბერი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი –თ. ც-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ. ი-ა (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და დ. ი-ასთვის თ. ც-ის სასარგებლოდ 23 147 ლარის დაკისრება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. ბათუმში, ზ-ი №13, ბ. 8 (შემდეგში: უძრავი ქონება) სამხედრო მოსამსახურეებისთვის იყო განკუთვნილი, რომელიც დ. ი-ას (შემდეგში: მესაკუთრე, მოპასუხე ან აპელანტი) მშობლებს ორდერის საფუძველზე სარგებლობაში გადაეცათ.
2. უძრავი ქონება 2012 წლის 28 სექტემბერს საჯარო რეესტრში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად აღირიცხა, ხოლო 2014 წლის 6 ნოემბერს, პირდაპირი მიყიდვის წესით, ერთ ლარად მოპასუხეს გადაეცა და საჯარო რეესტრში ამ უკანასკნელის საკუთრებად დარეგისტრირდა (იხ. ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, ტ. 2, ს/ფ 14-15).
3. თ. ც-ე (შემდეგში: მოსარჩელე ან კასატორი) საცხოვრებელ ბინაში თავის მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა მოპასუხესთან შეთანხმებითა და ნებართვით. 2005–2006 წლებში მოსარჩელემ სადავო ფართს სარემონტო სამუშაოები ჩაუტარა.
4. მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით მოპასუხის უძრავ ქონებაზე გაწეულმა სარემონტო სამუშაოებმა 34 891.20 ლარი შეადგინა (იხ. დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანიის შპს „ბ-ის“ დასკვნა, ტ. 2, ს/ფ 18-27).
5. მოპასუხის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით სადავო უძრავ ქონებაზე გაწეულმა სარემონტო სამუშაოებმა 6 813.85 ლარი შეადგინა (იხ. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, ტ. 2, ს/ფ 186-200).
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით მოპასუხის უძრავ ქონებაზე გარემონტებულ და სარემონტო მდგომარეობას შორის ღირებულებათა სხვაობამ საორიენტაციოდ 8 717 ლარი შეადგინა (იხ. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, ტ. 3, ს/ფ 106-121).
7. სარჩელის საფუძვლები
7.1. მოსარჩელემ 2014 წლის 15 დეკემბერს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოპასუხისათვის (ბინის მესაკუთრისათვის) 34 891.20 ლარის დაკისრება შემდეგ გარემოებებზე დაყრდნობით მოითხოვა:
7.1.1.მოსარჩელემ 2005-2006 წლებში, საკუთარი ხარჯებით, კაპიტალურად გაარემონტა ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული, 94.9 კვ.მ ბინა, რომელიც რემონტის მიმდინარეობის დროს იყო მოპასუხის მართლზომიერ მფლობელობაში. აღნიშნული ბინის გარემონტებაში მოსარჩელემ 34 891.2 ლარი დახარჯა;
7.1.2. მოსარჩელეს მოპასუხესთან ჰქონდა სიტყვიერი შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც ბინის მოპასუხის საკუთრებაში რეგისტრაცია მოხდებოდა, თანამესაკუთრედ მოსარჩელეც აღირიცხებოდა;
7.1.3. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2014 წლის 28 ნოემბერს, ბინის სიმბოლურ ფასად, 1 ლარად მოპასუხის საკუთრებაში გადაცემის შემდეგ, მოსარჩელეს უარი ეთქვა თანამესაკუთრედ დარეგისტრირებაზე და ამ უკანასკნელს მოპასუხემ ბინის დატოვება მოსთხოვა. მოსარჩელემ დატოვა აღნიშნული ბინა და ბინაზე მფლობელობა სრულად გადავიდა მოპასუხეზე ყველა იმ სიკეთესთან ერთად, რომელიც მოსარჩელის ხარჯებით იყო შექმნილი, თუმცა, მოსარჩელის მიერ ფართის დატოვებამდე ბინით ორივე მხარე სარგებლობდა. აღნიშნულმა, თავის მხრივ, გამოიწვია მოპასუხის უსაფუძვლოდ გამდიდრება;
7.1.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 987-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით გასწია ხარჯები მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა. გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი. შესაბამისად, მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა გადაუხადოს ბინაში მოსარჩელის მიერ გაწეული სარეკონსტრუქციო, აღდგენითი და სარემონტო ხარჯები.
8. მოპასუხის შესაგებელი
8.1 მოპასუხემ წერილობითი შესაგებლით არ ცნო მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი და შემდეგ არგუმენტებზე მიუთითა:
8.1.1 მოპასუხის მიერ 2005 წელს ბინაში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების მიზანი იყო მოსარჩელის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და გარემონტებიდან 9-10 წელი ის თავად ცხოვრობდა ამ ბინაში. მოპასუხე სხვა ქალაქში ცხოვრობდა და სადავო ბინაში ოჯახთან ერთად დასასვენებლად მხოლოდ ზაფხულობით ჩამოდიოდა. აღნიშნული პერიოდის მანძილზე, ბუნებრივი ცვეთის შედეგად, რემონტმა დაკარგა თავისი დანიშნულება და მოპასუხის საკუთრებაში გადასვლის მომენტისათვის ბინა ისევ გასარემონტებელია. შესაბამისად, მოპასუხე მოსარჩელის მიერ ჩატარებული სარემონტო სამუშაოებით არ გამდიდრებულა;
8.1.2 სსკ-ის 987-ე მუხლის მთავარი დებულება ისაა, რომ სხვა პირის ქონებაზე გაწეული ხარჯები პირს უნდა აუნაზღაურდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ხარჯების შედეგად სხვა პირი გამდიდრდა. თუ გამდიდრების ფაქტი სახეზე არ არის, მხოლოდ ხარჯების გაწევა არ წარმოშობს ვალდებულებას. გამდიდრების ფაქტი უნდა განისაზღვროს იმ მომენტისათვის, როცა მოვალეს ნივთი უბრუნდება. ამ დროს უნდა გაირკვეს, რა სახით იყო ნივთი გადაცემული და რა მდგომარეობაში ბრუნდება იგი უკან, თუმცა, მოსარჩელეს არ წარუდგენია მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა მდგომარეობაში იყო სადავო ბინა, როდესაც მოსარჩელე შეუდგა მისით სარგებლობას და რა სახით გადაეცა ის მოპასუხეს;
8.1.3 მართალია, ბინით ორივე მხარე სარგებლობდა, თუმცა, მათ შორის არ ყოფილა შეთანხმება მოსარჩელის თანამესაკუთრედ დარეგისტრირების თაობაზე;
8.1.4 სადავო უძრავი ქონება 2012 წელს სახელმწიფო საკუთრებაში იყო და მოპასუხის საკუთრებაში მხოლოდ 2014 წლის ნოემბერში გადავიდა სასყიდლიანი ხელშეკრულების საფუძველზე. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სარემონტო სამუშაოების ჩატარება წინ უსწრებდა ბინაზე მოპასუხის საკუთრების უფლების წარმოშობას, რის გამოც, ის არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს;
8.1.5 მოსარჩელის მიერ წარდგენილი სარემონტო სამუშაოების ხარჯის შესახებ შპს-ის ,,ბ-’’აუდიტორული დასკვნა ეფუძნება არა ბინის დათვალიერებისა და შესრულებული სარემონტო სამუშაოების შეფასებას, არამედ - მხოლოდ მოსარჩელის განმარტებებსა და მის მიერ წარდგენილ ე.წ. ,,შავ ჩანაწერებს’’, რომელთა წარმომავლობა გაურკვეველი და საეჭვოა. შესაბამისად, ბინაში რეალურად შესრულებული სარემონტო სამუშაოების დადგენის მიზნით, მოპასუხე თავად უზრუნველყოფს აუდიტორულ შემოწმებას, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს და დასრულებული არ არის.
9. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
9.1 ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
9.2 საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა სსკ-ის 316-ე, 317-ე და 987-ე მუხლებით.
9.3 განსახილველი სარჩელის საფუძვლიანობა სასამართლომ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებზე დაყრდნობით შეამოწმა და განმარტა, რომ ბინა სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარებამდე ავარიული იყო და მასში ცხოვრება არ შეიძლებოდა. მოუწესრიგებელი კანალიზაცია სხვა მობინადრეებს პრობლემებს უქმნიდა. მოსარჩელემ კი ჩაატარა რემონტი, გამოცვალა გაყვანილობა, მოაწყო კანალიზაციის სისტემა, ჩასვა კარ-ფანჯრები, დააგო იატაკი, კაფელ-მეტლახი, გალესა კედლები.
9.4 სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოსარჩელის მიერ სარემონტო სამუშაოებზე 34 891 ლარის დახარჯვის ფაქტი. აღნიშნული ხარჯის გაწევა კი იმ საფუძვლით მოხდა, რომ მოპასუხესთან არსებული შეთანხმებით, ბინის საკუთრებაში დარეგისტრირების შემდეგ მოსარჩელე თანამესაკუთრედ დარეგისტრირდებოდა, მოპასუხემ კი, შეთანხმება არ შეასრულა და მოსარჩელეს ბინის დაცლა მოსთხოვა. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოვლენილი იყო მოპასუხის უსაფუძვლოდ გამდიდრება და მოსარჩელეს ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე უფლება ჰქონდა, მოპასუხისათვის მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება მოეთხოვა.
10. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
10.1 ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებით მოპასუხემ მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
10.2 მოპასუხემ შესაგებელში ჩამოყალიბებულ გარემოებებზე მითითებით განმარტა, რომ მოსარჩელე და მისი მეუღლე მოპასუხესთან შეთანხმების გარეშე დაეუფლენ ბინას. ასევე, სასამართლომ არასწორად დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელემ და მისმა მეუღლემ ბინაში სარემონტო სამუშაოები ჩაატარეს, მანამდე კი ბინა ავარიული იყო, რადგან მოსარჩელეს არ წარუდგენია აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები;
10.3 აპელანტის განმარტებით, არ არსებობს მტკიცებულება იმ ფაქტის დასამოწმებლად, რომ მოსარჩელემ საცხოვრებელ სახლში ჩატარებული სარეკონსტრუქციო, აღდგენითი და კაპიტალური სარემონტო სამუშაოების ჩატარებაში გადაიხადა 34 891.20 ლარი, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება და მოპასუხის უსაფუძლოდ გამდიდრების ფაქტიც პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა;
10.4 სასამართლომ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ ნივთის გაუმჯობესების შემთხვევაშიც კი, დღეის მდგომარეობით, ბინას აქვს თუ არა შენარჩუნებული მოპასუხის უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტის დასადასტურებლად მიჩნევისათვის აუცილებელი ნიშან-თვისებები/ვარგისიანობა. აგრეთვე, გარემონტებიდან გასულია 9-10 წელი და მოსარჩელეს შეეძლო უფრო ადრე დაეყენებინა ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნა.
10.5 აპელანტის მოსაზრებით სასამართლოს უნდა ემსჯელა არა სსკ-ის 987-ე, არამედ - 164-ე მუხლზე, რომელიც განსახილველი შემთხვევისათვის სპეციალურ ნორმას წარმოადგენს. ამასთან, გადაწყვეტილება იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული და იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
11.1 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, მოსარჩელის სასარგებლოდ მესაკუთრეს 8 717 (რვა ათას შვიდას ჩვიდმეტი) ლარის გადახდა დაეკისრა.
11.2 საქმეში მოსარჩელისა და მოპასუხის მიერ წარდგენილი იყო ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აუდიტორული დასკვნა ქონებაზე ხარჯების გაწევის შესახებ, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ თავისი განჩინებით დანიშნა ექსპერტიზა. ექსპერტის წინაშე გადასაწყვეტად დაისვა შემდეგი საკითხი: უძრავ ქონებაზე მოსარჩელის მიერ, 2005-2006 წლებში ჩატარებულმა სარემონტო სამუშაოებმა (კანალიზაციის მილების მოწყობა, გაყვანილობის გამოცვლა, იატაკის აღდგენა, მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრების მოწყობა, რკინის შესასვლელის გაკეთება, ოთახების რეკონსტრუქცია, მათ შორის, გამყოფი კარების მოწყობა, ოთახების შელესვა და შეღებვა, სამზარეულოსა და აბაზანის მოწყობა მეტლახ-კაფელითა და სხვა) - გაზარდა თუ არა სადავო საცხოვრებელი ბინის საბაზრო ღირებულება (თუ გავითვალისწინებთ მითითებული სამუშაოების ჩატარებამდე არსებულ მდგომარეობას) და ასეთის არსებობის შემთხვევაში, ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით, რამდენით არის გაზრდილი სადავო ბინის საბაზრო ღირებულება 2014 წლისათვის. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული დეპარტამენტის 2016 წლის 11 ოქტომბრის N006030216 დასკვნის თანახმად დადგინდა, რომ ზემოხსენებულ ბინაში ჩატარებულმა სამუშაოებმა გაზარდა აღნიშნული ბინის საბაზრო ღირებულება. გარემონტებულ და სარემონტო მდგომარეობას შორის ღირებულებათა სხვაობამ (ცვეთის გათვალისწინებით) საორიენტაციოდ შეადგინა 8717.00 ლარი, შესაბამისად, ბინის გარემონტების შემდეგ (ცვეთის გათვალისწინებით) მისი საბაზრო ღირებულება გაიზარდა 8717.00 ლარით. სასამართლომ დაასკვნა, რომ სწორედ ამ თანხით გამდიდრდა აპელანტი.
11.3 იმ საკითხთან დაკავშირებით, აქვს თუ არა მოპასუხეს თანხის გადახდის ვალდებულება, როდესაც რემონტის ჩატარების დროს 2005-2006 წლებში ის არ იყო სადავო ბინის მესაკუთრე სასამართლომ განმარტა, რომ პრივატიზაციამდე მოპასუხე წარმოადგენდა სადავო უძრავი ქონების მართლზომიერ მფლობელს და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა და რეგისტრირებული იყო მოცემულ მისამართზე; ასევე, საცხოვრებელ ფართზე გაცემული ორდერის თანახმად, მოპასუხე მითითებულია ოჯახის შემადგენლობაში და აღრიცხულია საპრივატიზაციოდ გატანილ უძრავ ქონებაში მყოფ მაცხოვრებელთა სიაში. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ, ვალდებულ პირს სწორედ მოპასუხე წარმოადგენდა.
11.4 სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მოსაზრება, 2005 წელს რემონტის დაწყებამდე მოპასუხესთან არსებულ შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც სადავო ბინის გარემონტების შემდეგ მოპასუხე მას ბინაზე თანამესაკუთრედ დაარეგისტრირებდა, ნამდვილობას მოკლებული და ბათილი გარიგებაა.
11.5 სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 987-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ თანხის გადახდაზე ვალდებულია ის პირი, ვინც სარგებელს იღებს და გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა პირმა სარგებელი მიიღო. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯებით სახელმწიფო არ გამდიდრებულა და მას სარგებელი არ მიუღია. სარგებელი მიიღო მოპასუხემ, რომელმაც, მართალია, ნასყიდობის ხელშეკრულებით, მაგრამ სიმბოლურ ფასად - 1 (ერთ) ლარად შეიძინა სახელმწიფოსაგან ქონება გაუმჯობესებულ მდგომარეობაში.
11.6 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სსკ-ის 987-ე მუხლის პირველი ნაწილით კანონმდებელი მოთხოვნის უფლებას შეგნებულად ან შეცდომით ხარჯების გაწევის შემთხვევაში მეორე პირს აკისრებს და არა კონკრეტულად მესაკუთრეს. სასამართლოს განმარტებით, მეორე პირი არის ვალდებული პირი, ვისაც გაზრდილი ღირებულებით უბრუნდება ქონება, ნივთი, ან სხვაგვარად იღებს სარგებელს. შესაბამისად, მოპასუხე არის ის პირი, რომელმაც სარგებელი ნახა გაუმჯობესებული ქონების საკუთრებაში მიღებით. სასამართლომ დაადგინა, რომ სსკ-ის 987-ე მუხლის მესამე ნაწილში მითითებული მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოებებიდან არც ერთი არ იყო გამოვლენილი, რადგან მოსარჩელეს არ მიუღია თავისი დანახარჯები და ბრალეულად არ დაუყოვნებია შეტყობინება ხარჯების მოთხოვნის შესახებ - მოპასუხის მიერ სახლიდან გამოსახლებისთანავე წაუყენა მას პრეტენზია ხარჯებთან დაკავშირებით; ასევე, აპელანტს მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯები მის განხორციელებამდე სადავოდ არ გაუხდია, მეტიც, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მან განმარტა, რომ გარკვეული თანხები თავადაც მისცა მოსარჩელეს ხარჯების გასაწევად.
12. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
12.1 სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და მესაკუთრისათვის კასატორის სასარგებლოდ 23 147 ლარის დაკისრება შემდეგ გარემოებებზე მითითებით მოითხოვა:
12.1.1 სასამართლომ არ დაიცვა შეჯიბრებითობის პრინციპი და არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენა მხარეები, რაც გამოიხატა აპელაციის ეტაპზე სასამართლოს მიერ საქმეზე ისეთი მტკიცებულების მიღებითა და დართვით, რომელიც მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოში არ შეუთავაზებია და არ ჰქონია მიზეზი, რომლის გამოც ვერ შეძლებდა მტკიცებულების წარდგენას;
12.1.2 სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო მხოლოდ მოპასუხის ინიციატივით მომზადებული აუდიტორული დასკვნა, რომლის მიხედვით სამუშაოების ღირებულება 6 813 ლარად შეფასდა, ხოლო სააპელაციო შესაგებლის პოზიცია ამ მხრივ არ გაითვალისწინა, რითაც დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 380-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი. ამ ნორმის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ მტკიცებულებებს, რომელიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში. კასატორის მითითებით, სასამართლოში საქმე განიხილებოდა 2014 წლის დეკემბრიდან 2015 წლის 5 ნოემბრამდე და ამ დროის მანძილზე მოპასუხეს მრავალჯერ შეეძლო სასურველი მტკიცებულების წარდგენა, რაც მას არ გაუკეთებია;
12.1.3 სასამართლო ვალდებული იყო მიეთითებინა, რომ აპელანტის წარმომადგენელი სხდომაზე საპატიო მიზეზით ვერ გამოცხადდა, თუმცა, ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე სასამართლოს საკუთარი შეხედულება მიაწოდა;
12.1.4 კასატორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის წაკითხვის შემდეგ ჩაატარა დამოუკიდებელი ექსპერტიზა, რომლის დასკვნის მიხედვით სადავო ქონების გარემონტებულ და სარემონტო მდგომარეობას შორის ღირებულებითმა სხვაობამ 23 147.00 ლარი შეადგინა;
12.2. კასატორმა საკასაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა და საქმეზე მტკიცებულების სახით შპს-ის ,,ბ-’’ მიერ 2016 წლის 29 ოქტომბერს შესრულებული დამოუკიდებელი აუდიტორული დასკვნის დართვა ითხოვა.
13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
13.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ივნისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.
16. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი შედავება არ წარმოუდგენია.
17. ძირითადი საკასაციო პრეტენზია ეხება იმას, რომ სახლის სარემონტო სამუშაოების ღირებულება იმ თანხით უნდა განისაზღვროს, რაც კასატორის მიერ წარმოდგენილი შპს-ის ,,ბ-’’ მიერ 2016 წლის 29 ოქტომბერს შესრულებულ დამოუკიდებელ აუდიტორულ დასკვნაშია მითითებული (იხ. ამ განჩინების 12.1.4 ქვეპუნქტი).
18. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტებით ხელმძღვანელობს სადავო ურთიერთობის ფაქტობრივი შემოწმების დროს (სსსკ-ის 407-ე მუხლი) და მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველზე მსჯელობს. განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ დადგენილია მოპასუხის მიერ ბინის პრივატიზაციამდე სადავო უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი (იხ. წინამდებარე განჩინების 11.3 ქვეპუნქტი), ცხადია, რომ მოსარჩელის მიერ ჩატარებული სარემონტო სამუშაოების შედეგად მოპასუხე გამდიდრდა იმ თანხით, რაც სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დანიშნული ექსპერტიზის საფუძველზე დადგინდა ბინის გარემონტების შემდეგ (ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით) და ამიტომაც მოპასუხე, რომელიც 2014 წლისდან სადავო ქონების მესაკუთრე გახდა, ვალდებულია, მოსარჩელეს აუნაზღაუროს ეს თანხა.
19. „სამოქალაქო კოდექსის მიხედვით დიფერენცირებულია მფლობელობა ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორების მიხედვით (160-ე-164-ე მუხლები) და კანონი მიჯნავს კეთილსინდისიერი მფლობელის მოთხოვნას (160-ე-161-ემუხლები) და მართლზომიერი მფლობელის მოთხოვნას (162-ე მუხლი). ასევე, არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი მფლობელის ვალდებულებებს (163-ე მუხლი) და არაკეთილსინდისიერი მფლობელის ვალდებულებებს (164-ე მუხლი), ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია, რომ კეთილსინდისიერი (არაკეთილსინდისიერი) მფლობელობის ინსტიტუტსა და კეთილსინდისიერი მფლობელისა და არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი მფლობელის უფლება-ვალდებულებებშიც არსებობს განსხვავება. ნივთის მფლობელობის (როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი) მიმართ პირის, როგორც სუბიექტური (კეთილსინდისიერი ფლობა), ისე ობიექტური (მართლზომიერი ფლობა) ფაქტორის მტკიცება, მოცემულ შემთხვევაში, ეკისრებოდა მოსარჩელეს, რაც ბუნებრივია, მისი მოთხოვნის ნამდვილობასა და, შესაბამისად, სარჩელის პერსპექტიულობაზე ახდენდა გავლენას“ (იხ. სუსგ # ას-1135-1055-2017, 05.12.2017წ.). განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებამდე, და მისი ოჯახის წევრები მართლზომიერი მფლობელები იყვნენ; მოსარჩელის მტკიცება, რომ იგი სადავო უძრავი ქონების თანამესაკუთრე გახდებოდა დაუსაბუთებელია და საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომელიც წინამდებარე განჩინების 11.4 ქვეპუნქტშია ასახული. სსკ-ის 164-ე მუხლის საფუძველზე „არაკეთილსინდისიერმა მფლობელმა უფლებამოსილ პირს უნდა დაუბრუნოს როგორც ნივთი, ასევე მიღებული სარგებელი, ნივთის ან უფლების ნაყოფი. მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს ის ნაყოფი, რომელიც მან ბრალეულად არ მიიღო. ნივთზე გაწეული ხარჯები და გაუმჯობესებანი მას შეუძლია მხოლოდ მაშინ მოითხოვოს, თუ მათ ნივთის უკან დაბრუნების მომენტისათვის უფლებამოსილი პირის გამდიდრება მოჰყვა შედეგად. სხვა მოთხოვნები არაკეთილსინდისიერი მფლობელის მიმართ უცვლელი რჩება“. მოსარჩელეს დაბრუნებული აქვს ნივთი (სადავო ბინა) მოპასუხისათვის, ხოლო ამ უკანასკნელს, როგორც უფლებამოსილ პირს, წარმოეშვა ვალებულება, ნივთზე გაწეული ხარჯები და გაუმჯობესებანი აუნაზღაუროს მოსარჩელეს, რომელიც სანივთო მოთხოვნას აყენებს ნივთზე გაწეული ხაჯების ანაზღაურების სახით, ამასთან, დადგენილია, რომ სადავო ბინის დაბრუნების მომენტისათვის უფლებამოსილი პირი (მესაკუთრე) გამდიდრდა 8717 ლარით (იხ. 11.2 ქვეპუნქტი). შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით მოსარცელის სანივთო მოთხოვნის საფუძველია სსკ-ის 164-ე მუხლი.
20. საკასაციო საჩივრით სადავოდაა გამხდარი მოსარჩელის მიერ ჩატარებული სამუშაოების ღირებულება. კასატორი საკასაციო საჩივარზე დართულ აუდიტორულ დასკვნაზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ მოპასუხეს 23 147 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს.
21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უსაფუძვლოა კასატორის შუამდგომლობა მტკიცებულების მიღებისა და საქმისათვის დართვის თაობაზე, რადგან სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულებები ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა, სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი. აღნიშნული გარემოება საკასაციო პალატის მიერ მტკიცებულებათა საქმისათვის დართვაზე უარის თქმის საფუძველია.
22. იქიდან გამომდინარე, რომ კასატორის პრეტენზია საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ იმ მტკიცებულებას ეფუძნება, რასაც სასამართლო ვერ მიიღებს და ვერ შეაფასებს, კასატორის პრეტენზიები დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.
23. კასატორის იმასაც აკრიტიკებს, რომ სააპეალცაიო სასამართლომ თავისი ინიციატივით დანიშნა ექსპერტიზა და მხარეთა თანასწორობის პრინციპი დაარღვია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 173.2-ე მუხლის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია დანიშნოს განმეორებითი ექსპერტიზა, თუ რამდენიმე ექსპერტის დასკვნა ერთმანეთს ეწინააღმდეგება. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელისა და მოპასუხის მიერ წარდგენილი დასკვნები ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ მართებულად დანიშნა განმეორებითი ექსპერტიზა და მასზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება (იხ. ამ განჩინების 4-6 პუნქტები), რაც საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარეობს და არ წარმოადგენს მხარეთა საპროცესო უფლებების ხელყოფას.
24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
25. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორმა ვერ შეძლო დამაჯერებელი და სამართლებრივად წონადი არგუმენტების წარდგენა, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობაში. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს დასაბუთებული პრეტენზია, საკასაციო განაცხადის სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებად ცნობისათვის, რაც საკასაციო საჩივრის არსებითად განსხილველად დასაშვებად ცნობის უარყოფისა და სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
26. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ც-ის შუამდგომლობა საქმეზე, აუდიტორული დასკვნის მტკიცებულების სახით დართვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს,
2. თ. ც-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე