¹ 3გ-ად-73-კს-02 27 ნოემბერი, 2002წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობით: ბ. მეტერეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ბ. კობერიძე
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა: დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სარჩელი, მოპასუხე აფხაზეთის ა/რ იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო ბიუროს მიმართ და ბათილად იქნა ცნობილი აფხაზეთის ა/რ იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო ბიუროს 2002წ. 21 აგვისტოს განკარგულება “მოთხოვნის დაყადაღებისა და კრედიტორისათვის გადახდის თაობაზე”; გადაწყვეტილების მე-2 ნაწილის მიხედვით, აფხაზეთის ა/რ იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე ბანკ “რ.-ზე” რიცხული 631999,5 ლარი უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტს და გადაწყვეტილება დაუყონებლივ აღსასრულებლად იქნა მიქცეული, სსკ-ს 268-ე მუხლის პირველი ნაწილის “ზ” პუნქტის შესაბამისად, ხოლო გადაწყვეტილების მე-4 ნაწილით, გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად გადაცემის ნაწილში, სასამართლომ დაუშვა გადაწყვეტილებაზე კერძო საჩივრის შეტანის უფლება.
აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 27 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე კერძო საჩივარი შეიტანა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში შემდეგი მოტივებით მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება:
1. სასამართლომ უგულებელყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები, რადგან დავა განიხილა სებ-ის, როგორც მესამე პირის საქმეში ჩაურთველად, რის გამოც მათ არ მიეცათ გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების მიქცევის თაობაზე პოზიციის გამოხატვის საშუალება;
2. გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულებაზე სასამართლოს არ გამოუტანია სპეციალური განჩინება, რითაც დაირღვა სსკ-ს 270-ე მუხლის მოთხოვნა;
3. დაუსაბუთებელია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის “ზ” პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე გადაცემა, რადგან გადაწყვეტილებაში არა არის დასაბუთებული არც ამ ნომრით გათვალისწინებული გარემოებები და არც მნიშვნელოვანი ზიანი, რომელიც შეიძლება მიადგეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს;
4. უსაფუძვლოა სასამართლოს მოტივი, რომ 631999,5 ლარის სებ-თვის გადაცემით დაირღვევა მისი მიზნობრიობა, რადგან “საქართველოს 2001წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამტკიცებების შეტანის თაობაზე” 2001წ. 13 მარტის კანონის შესაბამისად, ზემოთხსენებული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში გამოყოფილი იყო, როგორც მიზნობრივი რესურსი, თავდაცვის სამინისტროს მიმართ შპს “ს.-ს”-ის მოთხოვნის დასაფარავად.
აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 8 ოქტომბრის განჩინებით, უსაფუძვლობის მოტივით, არ დაკმაყოფილდა სებ-ის კერძო საჩივარი და სსკ-ს 417-ე მუხლის თანახმად, განსახილველად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
მოწინააღმდეგე მხარეთა _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენლებმა კერძო საჩივარი არ ცნეს, მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და აფხასეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 27 სექტემბრის გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
სამოტივიზაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების ნაწილში დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სებ-ის კერძო საჩივარი საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 27 სექტემბრის გადაწყვეტილება დაუყონებლივ აღსასრულებლად გადაცემის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო პალატა იზიარებს სებ-ის კერძო საჩივრის მოტივს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის უგულებელყოფით, მათ გარეშე ადმინისტრაციული დავის განხილვისა და გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ვინაიდან აღმასრულებლის სადავო განკარგულებით სებ-ის სასარგებლოდ მოხდა შპს “ს.-ს”-ის მოთხოვნის დაყადაღება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ 631999,5 ლარზე და აღნიშნული თანხის გადახდაც შპს “ს.-ს”-ის ნაცვლად სებ-ისათვის უნდა მომხდარი, სებ-ი წარმოადგენს სადავო სამართალურთიერთობის უშუალო მონაწილე მხარეს, გადაწყვეტილება მის ინტერესს ეხება და საქმეზე მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ამიტომ სებ-ი სსკ-ს 414-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დაინტერესებული მხარეა და მისი კერძო საჩივარი დასაშვებია;
2. საკასაციო პალატა ასევე იზიარებს კერძო საჩივარს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე გადაცემის დაუსაბუთებლობის შესახებ, რადგან სსკ-ს 268-ე მუხლის პირველი ნაწილის “ზ” პუნქტის თანახმად, ამავე მუხლის პირველი ნაწილით მკაცრად რეგლამინტირებული შემთხვევების გარდა, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით დაუყონებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.
აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ნაწილობრივ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ დასაბუთებას და იმ განსაკუთრებულ გარემოებებზე მითითებას, რის გამოც გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს გადამხდევინებელს და ასევე არ არის მითითება ამ ღონისძიების გამოუყენებლობის შემთხვევაში, თუ რატომ აღმოჩნდება გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი.
ამასთან, საყურადღებოა ის გარემოება, რომ სსკ-ს 268-ე მუხლის პირველი ნაწილის “ზ” პუნქტი გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულებაზე გადაცემას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, როცა აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს გადამხდევინებელს. ამდენად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლად აღსრულებაზე მიქცევის მიზანია გადამხდევინებლის ინტერესების დაცვა. აღმასრულებლის სადავო განკარგულებით, მასში მითითებული ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 ივლისის განჩინებისა და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, გადამხდევინებელს სწორედ სებ-ი წარმოადგენს, რადგან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შპს “ს.-ს” მის სასარგებლოდ დაეკისრა 4209774,37 ა.შ.შ დოლარის ეკვივალენტის გადახდა ეროვნულ ვალუტაში;
3. მართალია, სსკ-ს 270-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების შესახებ სასამართლომ უნდა გამოიტანოს განჩინება, რომელზეც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, განსახილველ შემთხვევაში კი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ განჩინება ცალკე გამოტანილი არ არის და არსებით გადაწყვეტილებაშია იგი მითითებული, რაც პროცესუალური დარღვევაა, მაგრამ ვინაიდან ამ დარღვევის მიუხედავად გადაწყვეტილება ითვალისწინებს კერძო საჩივრის შეტანის პროცესუალურ უფლებას და რადან ამ უფლების რეალიზება სებ-მა დაუბრკოლებლად შეძლო, საკასაციო პალატა თვლის, რომ მითითებული საპროცესო დარღვევა არ წარმოადგენს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს, ხოლო რაც შეეხება 631999,5 ლარის მიზნობრიობის საკითხს, იგი დავის არსებითი საკითხია, ამიტომ საკასაციო პალატა აღნიშნულ გარემოებაზე ამ ეტაპზე ვერ იმსჯელებს.
ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სებ-ის კერძო საჩივარს დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 27 სექტემბრის გადაწყვეტილების მე-3 ნაწილის გაუქმების შესახებ, რადგან გადაწყვეტილება სსკ-ს 268-ე მუხლის პირველი ნაწილის “ზ” პუნქტის არასწორი განმარტების საფუძველზეა გამოტანილი, ამიტომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 27 სექტემბრის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ეროვნული ბანკის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 8 ოქტომბრის განჩინება და 27 სექტემბრის გადაწყვეტილების მე-3 ნაწილი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებლად მიქცევის ნაწილში;
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.