Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1244-1164-2017 22 დეკემბერი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ქ-ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა (შემდეგში: მოსარჩელე, შემსყიდველი, სამინისტრო ან კასატორი) და შპს „ქ-ას“ (შემდეგში: მოპასუხე, მიმწოდებელი, საწარმო ან მოწინააღმდეგე მხარე) შორის, 2013 წლის 4 მარტს გაფორმდა №09 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ (შემდეგში: ხელშეკრულება, იხ. ტ.1. ს. ფ 14-20), რომლითაც მიმწოდებელმა შემსყიდველის სამხედრო მოსამსახურეები კვებით მომსახურებაზე აიღო ვალდებულება. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა არა უმეტეს 6 740 000, 00 ლარით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის , შემდეგში სსკ, 477-ე მუხლი).

2. ხელშეკრულებით, საწარმოს მიერ ვალდებულების დარღვევისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლო - 10 000 ლარით.

3. მოპასუხემ შემსყიდველს მიაწოდა მოხმარებისათვის უვარგისი პური და კარტოფილი, რითაც დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება (ტ.1.ს.ფ.48-52).

4. მოსარჩელემ ხელშეკრულების დარღვევის გამო მოპასუხეს მოსთხოვა, პირგასამტეხლოს სახით, 10 000 ლარის გადახდა (ტ.1.ს.ფ. 52), რაც მოპასუხემ არ გადაიხადა.

5. სარჩელის საფუძვლები

5.1 შემსყიდველმა 2016 წლის 27 ივნისს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოითხოვა მოწინააღმდეგე მხარისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება.

5.2 მოსარჩელემ მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად, მოპასუხე საწარმოს მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებაზე მიუთითა.

6. მოპასუხის შესაგებელი

6.1 მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, თუმცა, მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით (იხ. წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტი) საწარმოში არსებულ მძიმე მატერიალურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახებოდა.

7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

7.1 ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს დაეკისრა 1 000 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

7.2 საქალაქო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 317-ე, 327-ე, 417-420-ე, 477-ე მუხლების საფუძველზე დაადგინა, რომ მხარეებს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლო (იხ. წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტი).

7.3 სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. მხარეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება სანქცია.

7.4 სასამართლომ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის კომპენსირება, დარღვეული უფლების აღდგენა და არა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობასაც იძლევა და აღნიშნული უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონომიკურ შედეგებს. ასევე, გასათვალისწინებელია ჩარევის ხარისხი, შედეგი, მოვალის დამოკიდებულება ვალდებულებისადმი, დამდგარი ზიანი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. მათი ერთობლიობით უნდა გადაწყდეს პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობის საკითხი.

7.5 წინამდებარე შემთხვევაში სასამართლომ ჩათვალა, რომ მხარეთა მიერ მყარად განსაზღვრული თანხა ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა სახის ვალდებულების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს სახით, არ იყო ვალდებულების დარღვევის პროპორციული, რის გამოც მოხდა მისი შემცირება და საბოლოოდ განისაზღვრა 1000 ლარით.

8. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

8.1 ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შემსყიდველმა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:

8.1.1 საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულია ყოველგვარი დასაბუთების და საქმის გარემოებების, საქმეში არსებული მტკიცებულებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.

8.1.2 სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირებისას არ იქნა გათვალისწინებული მხარეთა თავისუფალი ნება პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას, რითაც სასამართლომ დაარღვია ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი.

8.1.3 სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა სარჩელზე თანდართული მტკიცებულება, კერძოდ, დაჯარიმების აქტი, რომელზეც მოპასუხე მხარის წარმომადგენლის ხელმოწერაცაა, რაც გამორიცხავს საწარმოს პრეტენზიას პირგასამტეხლოს ოდენობასთან მიმართებით.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

9.1 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

9.2 სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე მითითებით გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება.

9.3 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა 420-ე მუხლთან მიმართებით და განმარტა, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს შემცირება მართებულად მოხდა. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის დროს საყურადღებოა დარღვეული ვალდებულების მოცულობა და ხასიათი. ამასთან, სამინისტროს პრეტენზია, რომ სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები, დაუსაბუთებელია.

10. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

10.1 სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

10.2 საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიები სააპელაციო საჩივრის იდენტურია.

11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

11.1 კასატორის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

14. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

17. ზოგადად, პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია:

17.1 ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.

17.2 პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.

18. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, „მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ)დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ - (იხ. სუსგ # ას-816-767-2015, 19.11.2015წ.).

19. ამდენად, მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.

20. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები: 2015 წლის 6 მარტის №ას-1342-1380-2014 განჩინება; 2014 წლის 10 აპრილის №ას-23-23-2014 განჩინება; 2014 წლის 16 მაისის №ას-1200-1145-2013 განჩინება; 2015 წლის 19 მარტის №ას-48-43-2015 განჩინება; 2012 წლის 28 დეკემბრის №ას-1560-1463-2012 განჩინება).

21. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

23. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე