საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-14-14-2018 4 მაისი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი –სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ქ. ჯ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა
დავის საგანი - ბრძანებების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის დაუსწრებელი გადაწყვეტილება
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ქ. ჯ-ის (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული ან პედაგოგი) სარჩელი დაკმაყოფილდა, კერძოდ:
1.1.1. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდეგში: მოპასუხე, უნივერსიტეტი, დამსაქმებელი, საჩივრის ავტორი, აპელანტი ან კასატორი) 2016 წლის 9 მარტის №430-02 ბრძანება დასაქმებულის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;
1.1.2. დასაქმებული აღდგენილ იქნა სამსახურიდან გათავისუფლებამდე არსებულ - მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის, რომანისტიკის მიმართულების სრული პროფესორის თანამდებობაზე;
1.1.3. მოპასუხე უნივერსიტეტს, მოსარჩელის სასარგებლოდ, იძულებით განაცდურის, ყოველთვიურად 3000 (სამი ათასი) ლარის ანაზღაურება, სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, დაეკისრა.
1.2. დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიხედვით, პედაგოგმა 2016 წლის 18 აპრილს წარდგენილი სარჩელით მოითხოვა მოპასუხე უნივერსიტეტის ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
1.3. მოსარჩელის მიერ გაგზავნილი სარჩელი და თანდართული დოკუმენეტები მოპასუხეს 2016 წლის 26 აპრილს ჩაბარდა. ამ უკანასკნელმა სასამართლოში წერილობითი პასუხი (შესაგებელი) წარადგინა სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10-დღიანი ვადის დარღვევით - 2015 წლის 10 მაისს, როდესაც შესაგებლის წარდგენის ბოლო ვადა იყო არა უგვიანეს 6 მაისი. მოპასუხე გაფრთხილებული იქნა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არასაპატიო მიზეზით შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანდა დაუსწრებელ გადაწყვეტილებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) XXVI თავით დადგენილი წესით.
1.4. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით. სსსკ-ის 2321-ე მუხლის მიხედვით მოპასუხის მიერ ამავე კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
1.5. სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად უნდა ჩაითვალოს, ხოლო სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის, ასევე 31-ე მუხლის შესაბამისად იურიდიულად ამართლებს მოსარჩელის მოთხოვნას, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს (საქმეში წარმოდგენილი შრომითი ხელშეკრულების მე-8 მუხლის თანახმად, მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულება ძალაშია 2018 წლის 1 მაისამდე, თუმცა სშკ-ის მე-6 მუხლის რეგულაციათა გათვალისწინებით, უდავოა, რომ ამ მომენტისათვის მხარეების შრომითი ურთიერთობა შეიძენდა უვადო სამართალურთიერთობის ხასიათს).
2. მოპასუხის საჩივარი
2.1. მოპასუხემ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და შესაგებლის წარდგენისათვის განსაზღვრული ვადის აღდგენის მოთხოვნით.
2.2. უნივერსიტეტის წარმომადგენლის განმარტებით, ის უკვე 8 წელია წარმოადგენს მოპასუხის ინტერესებს სასამართლოში, სამოქალაქო თუ ადმინისტრაციულ დავებზე, სარჩელი უნივერსიტეტს 2016 წლის 26 აპრილს ჩაბარდა, ხოლო შესაგებლის წარდგენის ბოლო ვადა იმავე წლის 6 მაისი იყო.
2.3. საჩივრის ავტორის განმარტებით, მოცემულ პერიოდში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე, დაახლოებით 1 მაისიდან დაეწყო ძლიერი ტკივილები წელის არეში და ვინაიდან სადღესასწაულო უქმე დღეები დაემთხვა, წარმომადგენელმა ექიმთან მისვლა ვერ მოახერხა, საბოლოოდ 3 მაისს მიმართა ექიმს და დაუდგინა დიაგნოზი რადიკულიტი, ქრონიკული გამწვავებით, დანიშნულების მიხედვით კი წოლითი რეჟიმი განესაზღვრა. იმის მიუხედავად, რომ 8-9 მაისისთვის გამოჯანმრთელდა, უნივერსიტეტის წარმომადგენელს მაინც უჭირდა გადაადგილება, შესაბამისად ვერ შეძლო შესაგებლის მომზადება და სასამართლოში წარდგენა. მოპასუხის წარმომადგენლის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 240-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, არის საპატიო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 ივნისის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
3.2. სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 241-ე მუხლით და განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზია, რომლის სამართლებრივი წინაპირობები მოცემულია სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში. სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარე არის იურიდიული პირი, შესაბამისად, თუ მხარისათვის ცნობილი იყო, წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მას შეეძლო, სხვა წარმომადგენლის მეშვეობით განეხორციელებინა საკუთარი ინტერესის დაცვა. სასამართლოს განმარტებით, იმის მიუხედავად, რომ უნივერსიტეტის წარმომადგენელი საპატიო მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას უთითებდა, მას აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენია.
4. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
4.1. დამსაქმებელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2017 წლის 8 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
4.2. აპელანტმა საჩივარში დასახელებული პრეტენზიები გაიმეორა (იხ.წინამდებარე განჩინების 2.2-2.3 ქვეპუნქტები) და დამატებით აღნიშნა, რომ 2016 წლის 26 აპრილს მან საფოსტო გზავნილით მიიღო მოსარჩელის მიერ გამოგზავნილი შემდეგი საბუთები: სასამართლო გზავნილი, რომელსაც სასამართლოს „შესაბამისი მოხელის“ სტატუსით ხელს აწერს პირი და სარჩელი თანდართული დოკუმენტებით, თუმცა, არ ჩაბარებია რაიმე საპროცესო აქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით იქნებოდა შესრულებული და ხელმოწერილი მოსამართლის მიერ, სადაც მხარეს განემარტებოდა შესაგებლის წარდგენის, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის შესახებ.
4.3. აპელანტის წარმომადგენლის განმარტებით, ჯანმრთელობის მდგომარეობამ მას არ მისცა შესაძლებლობა, სრულფასოვნად ეფიქრა და ემოქმედა მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით. მან მხოლოდ 10 მაისს შეძლო შესაგებლის მომზადება და სასამართლოსათვის წარდგენა. უნივერსიტეტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მარწმუნებლისათვის არ უცნობებია, ხოლო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას კი შპს „მ-ის“ მიერ გაცემული სამედიცინო ცნობა ადასტურებდა (ტ. 1, ს/ფ 196).
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ნოემბრის განჩინებით დამსაქმებლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ იმავე სასამართლოს განჩინება.
5.2. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ დასკვნებს. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის წარმომადგენლის მოსაზრება, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლეოდა შესაგებლის წარდგენის შესაძლებლობას.
5.3. სასამართლომ სსსკ-ის 201.1-ე მუხლზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ სარჩელი მოპასუხის წარმომადგენელს 2016 წლის 27 აპრილს გადაეცა, შპს „მ-ის“ მიერ 06.07.2016 წელს გაცემული ცნობით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ N274/016 (ტ. 1, ს.ფ. 196) დასტურდებოდა, რომ პაციენტი პ. ა-ე (აპელანტის წარმომადგენელი) კლინიკაში 07.05.2016 წელს შევიდა, დიაგნოზით რადიკულოპათია, ავადმყოფობის მიმდინარეობა: ქრონიკული გამწვავება (ტემპერატურული რეჟიმის გამო), ამასთან ერთად, მოკლე ანამნეზის მიხედვით, მან კლინიკას 03.05.2016 წელს მიმართა ძლიერი ტკივილით წელის არეში, მოძრაობის შეზღუდვით, რომელიც ძლიერდებოდა ფეხზე დგომის დროს, ტკივილი დაეწყო 2 დღით ადრე, სანამ მარწმუნებლის სახელით შესაგებლის წარდგენის ვადა ამოიწურებოდა. სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები მოიცავდა მედიკამენტოზურ მკურნალობას, ფიზიკური აქტივობის შეზღუდვას, ტემპერატურული და წოლითი რეჟიმების დაცვას, ხოლო სამკურნალო შრომითი რეკომენდაციები უნდა გაცემულიყო 10 დღის განმავლობაში, დინამიკაში ნევროლოგის კონსულტაცია 07.05.2016 წ. ამდენად, 2016 წლის 27 აპრილიდან 1 მაისამდე პერიოდში აპელანტის წარმომადგენლის ავადმყოფობა საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, ხოლო 1 მაისიდან 6 მაისის ჩათვლით პერიოდში რადიკულოპათია, ანუ ნერვული ფესვის დისფუნქცია, რომელიც ასოცირებულია ტკივილთან, მგრძნობელობის დარღვევასთან, მის საინერვაციო ზონაში ძალის დაქვეითებასა ან ღრმა რეფლექსების შესუსტებასთან („წელის ტკივილის მართვა პირველად ჯანდაცვაში“ კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაცია (გაიდლაინი), გვ. 2, დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 30 სექტემბრის № 313/ო ბრძანებით), რაც, გარდა იმისა, რომ ზემოხსენებულ ცნობით არ იყო რაიმე ფორმით შეფასებული აპელანტის წარმომადგენლის მიერ შესაგებლის წარდგენის შესაძლებლობის მზღუდავ ან გამომრიცხავ გარემოებად, ასევე, თავისი ბუნებით არ წარმოადგენს ავადმყოფობას, რომლის მიმდინარეობის დროსაც ობიექტურად შეუძლებელი იყო, მაგალითად, ფოსტის მეშვეობით, შესაგებლის წარდგენა, შესაგებლის წარსადგენად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე სასამართლოსადმი მიმართვა, ან მარწმუნებლის დროულად გაფრთხილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო წარმომადგენლის მიერ შესაგებლის დროულად წარდგენის შეუძლებლობასთან დაკავშირებით. ის გარემოება, რომ აპელანტი და მისი წარმომადგენელი ინფორმირებული იყვნენ შესაგებლის დროულად წარუდგენლობის სამართლებრივ შედეგებზე დასტურდება საქმის მასალებით: უნივერსიტეტს სარჩელი ჩაბარდა 2016 წლის 26 აპრილს, ხოლო მოპასუხემ თავის წარმომადგენელს სარჩელი გადასცა მეორე დღესვე -27 აპრილს (ტ. 1, ს.ფ.145, ს.ფ.183, ს.ფ.239). მოპასუხის წარმომადგენლის განცხადებით, მან მარწმუნებელს არ აცნობა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ტ. 1, ს.ფ. 240), რაც მარწმუნებელსა და წარმომადგენელს შორის კომუნიკაციის საკითხია და, თავისი არსით, წარმომადგენლის მიერ არასაპატიო მიზეზით შესაგებლის დროულად წარუდგენლობის სამართლებრივ შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობა არასაპატიო მიზეზით იქნა გამოწვეული.
5.4. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის წარმომადგენლის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ მას სარჩელთან ერთად თანდართული დოკუმენტების ასლები არ მიუღია, რომლითაც მხარეს სასამართლოს მიერ თავისი პასუხის (შესაგებლის) წარდგენის ვადა განესაზღვრა და შესაგებლის არასაპატიო მიზეზით, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, წარუდგენლობის სამართლებრივი შედეგები, რაც ემყარებოდა იმ არგუმენტს, რომ შესაგებლის წარდგენის ვადა სასამართლომ შესაბამისი საპროცესო აქტის - განჩინების ან გადაწყვეტილებით არ განსაზღვრა.
5.5.მოსამართლის დავალებით საქმე სასამართლო განხილვისათვის შეიძლება მოამზადოს მოსამართლის თანაშემწემ, შესაბამისად, ამავე კოდექსის 201.1-ე მუხლის მიხედვით მოსამართლის დავალებით თანაშემწის მიერ მოპასუხისთვის გზავნილში მითითებული ვადა სწორედ სასამართლოს მიერ მოპასუხისთვის შესაგებლის წარდგენის ვადის განსაზღვრას წარმოადგენს (ტ. 1, ს.ფ. 145). სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.
6. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრებით მოპასუხემ მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვა.
6.2. კასატორის საკასაციო საჩივრის პრეტენზიები ამ განჩინების 2.2-2.3 და 4.2-4.3 ქვეპუნქტებში ასახული გარემოებების იდენტურია.
6.3. კასატორი დამატებით განმარტავს, რომ სასამართლოს გზავნილს ხელს აწერს პირი - „შესაბამისი მოხელე“ და არა კონკრეტულად მოსამართლის თანაშემწე, როგორც ეს აღნიშნულია სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში. ასევე, კასატორის მტკიცებით გასაჩივრებულ განჩინებაში მსჯელობა მხარის წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სუბიექტურია, რომლის საფუძველზეც არგუმენტი, რომ აპელანტის წარმომადგენელს შესაგებლის წარდგენა შეეძლო და შესაგებლის დაგვიანებით წარდგენა არასაპატიო მიზეზით მოხდა, დაუსაბუთებელია.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 თებერვლის განჩინებით კასატორის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
10. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ #ას-964-929-2016, 06.03.2017წ).
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო პრეტენზიების პასუხად საქმეში მოთავსებული სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება და მტკიცებულება აქვს გამოკვლეული და შეფასებული.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსსკ-ის 2321-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის განმაპირობებელია:
13.1. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია მოპასუხის მიერ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი. აღნიშნული, თავის მხრივ, სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების მიზეზი გახდა. უზენაესი სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ აპელანტის მიერ მისი საჩივრის განხილვის ეტაპზე წარდგენილი მტკიცებულება (შპს „მ-ის“ მიერ გაცემული ცნობა) ვერ ადასტურებს მოპასუხის წარმომადგენლის მიერ შესაგებლის, ობიექტური გარემოებების გამო, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, წარუდგენლობის ფაქტს; რაც შეეხება მოპასუხის წარმომადგენლის მითითებას, რომ მას საკუთარი მარწმუნებლისათვის არ უცნობებია ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობის თაობაზე, აღნიშნულიც სამართლებრივად დაუსაბუთებელი მსჯელობაა და ვერ იქნება გაზიარებული, რადგან ადვოკატ-კლიენტის (წარმომადგენლისა და მარწმუნებლის) ურთიერთობის როგორც სამართლებრივ, ისე, ეთიკურ ვალდებულებებს მოიცავს და განსახილველი დავისათვის იურიდიული მნიშვნელობა ვერ ექნება.
13.2. იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენენ და იძლევიან ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდგომ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი იურიდიულად გამართლებული იყო, ამასთან, კასატორს სარჩელის იურიდიულ გამართულობასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ წარუდგენია და მოპასუხის მიერ შესაგებლის სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში წარუდგენლობას დაუკავშირდა სსსკ-ის 201-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე # ას- 664-635-2016, 02.03.2017წ; პ.202).
14. კასატორის წარმომადგენლის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ ის 8 წელია, უნივერსიტეტს იურიდიულ მომსახურებას უწევს, რის გამოც, როგორც თავად განმარტავს, ის თავად იყო ვალდებული შესაგებლის წარდგენაზე, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. მოპასუხეს, როგორც იურიდიულ პირს შეეძლო და ვალდებულიც იყო თავისი ინტერესების დასაცავად სასამართლოში წარმომადგენელი ჰყოლოდა, რომელიც უნივერსიტეტის წინააღმდეგ აღძრულ სარჩელზე, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, შესაგებელს წარადგენდა და დამსაქმებელს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანით სარჩელის დაკმაყოფილების საფრთხის წინაშე არ დააყენებდა. სწორედ ის გარემოება, რომ აპელანტის წარმომადგენელი თავის მარწმუნებელს 8 წლის განმავლობაში უწევდა იურიდიულ მომსახურებას, ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ მოპასუხისათვის იმთავითვე ცნობილი იყო შესაგებლის, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, წარდგენის სავალდებულოობის და მისი წარუდგენლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ. აქედან გამომდინარე, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია კასატორის წარმომადგენლის განმარტება, რომ მისთვის, სარჩელის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, შესაგებლის წარდგენის ვალდებულების შესახებ განჩინებით/გადაწყვეტილებით არ უცნობებიათ, სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი კი საკმარისი არ იყო. საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტის 8-წლიანი გამოცდილების მქონე წარმომადგენლისათვის, რომელიც იმავდროულად საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია და მისთვის განსახილველი საქმე პირველი არ იყო, ცნობილი იყო სასამართლო პრაქტიკის შესახებ, რომ მოპასუხეს სარჩელთან და თანდართულ დოკუმენტებთან ერთად ეგზავნება სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი გზავნილი, სადაც მითითებულია, რომ მოპასუხემ შესაგებელი სარჩელის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში უნდა წარადგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სასამართლო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხს განიხილავდა. დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად შესაგებლის წარდგენისათვის სასამართლო, როგორც წესი, 10-დღიან ვადას განსაზღვრავს (სსსკ-ის 201.1-ე მუხლი). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი არც ერთი სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულება (სსსკ-ის 215.3-ე მუხლი), რაც, სსსკ-ის 233.3-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიეტ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას გამორიცხავდა.
15. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან „სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებას და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია“ (იხ. სუსგ ას-1108-1065-2016, 18.04.2017წ.).
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
18.სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სსიპ სახელმწიფო უნივერსიტეტის (ს/კ 204861970) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 5400 ლარის (გადახდის ქვითარი N03197, გადახდის თარიღი 2018 წლის 6 თებერვალი), 70% – 3 780 (სამი ათას შვიდას ოთხმოცი) ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე