Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-25-25-2018 4 მაისი, 2018 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა. გ-ი (მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელი მოთხოვნის გარეშე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს "მ-ი" (მოსარჩელე)

მესამე პირები - შპს ''კორპორაცია კ-ა'', შპს ''თ-ი 1''

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – პარტნიორთა რიგგარეშე კრების ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობა და დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელების ფაქტის აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „მ-ის.“ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი შპს „ქ-ის“ (შემდეგში: მოპასუხე) მიმართ დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. გ-მა (შემდეგში: მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ან კერძო საჩივრის ავტორი), მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინებით მესამე პირის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

4. სასამართლომ სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით დამატებით ორ გარემოებაზე მიუთითა:

4.1. კერძო საჩივრის ავტორი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში მესამე პირად მონაწილეობდა. მესამე პირი დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე უფლებამოსილი არ არის სასამართლო გადაწყვეტილება გაასაჩივროს, თუმცა, თუ გადაწყვეტილებამ მესამე პირის უფლებაზე არსებითი ზეგავლენა მოახდინა, სასამართლო უფლებამოსილია, შეამოწმოს, ხომ არ აქცია გასაჩივრებულმა გადაწყვეტილებამ მესამე პირი მხარედ;

4.2. ამავდროულად ნიშანდობლივია გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაც. გასახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას მესამე პირის წარმომადგენელი ესწრებოდა, რომელსაც კანონით დადგენილ ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსთვის არ მიუმართავს. შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დენა დაიწყო სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 2015 წლის 22 სექტემბრიდან 30-ე დღეს, იმავე წლის 22 ოქტომბერს და ამოიწურა 2015 წლის 5 ნოემბერს. ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხის წარმომადგენელმა, იგივე გადაწყვეტილება 2015 წლის 13 ოქტომბერს ჩაიბარა, რაც იმას ადასტურებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში მომზადდა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მესამე პირმა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.

6. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის მითითებით, სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა სსსკ-ის 364-ე მუხლით, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორი საქმეში ჩართულია მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, ხოლო მოხმობილი ნორმა ვრცელდება მხოლოდ მხარეებზე და მესამე პირებზე დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით.

7. კერძო საჩივარში წარმომადგენელი აგრეთვე მიუთითებს საქმის არსებით გარემოებებზე.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2018 წლის 5 მარტის განჩინებით მესამე პირის კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

9. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში, სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

11. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებსა და შეფასებას და კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის პასუხად მიუთითებს წინამდებარე განჩინების 4.1-4.2 პუნქტით დადგენილ გარემოებებზე.

12. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სსსკ-ის 364-ე მუხლის თანახმად სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. სსსკ-ის მეორე კარის, IX თავის მიხედვით სასამართლოში მხარეებს წარმოადგენენ მხოლოდ მოსარჩელე და მოპასუხე. იმავე კოდექსის XI თავის მიხედვით საქმეში მესამე პირად შეიძლება ჩაერთოს მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ან მის გარეშე. წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ კერძო საჩივრის ავტორი საქმეში ჩართული იყო დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, რაც გამორიცხავს მის უფლებას ისარგებლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცესუალურ-სამართლებრივი საშუალებებით. მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით სამართლებრივ ურთიერთობაში არიან მხოლოდ იმ პირთან, რომლის მხარეზეც გამოდიან პროცესში და არანაირი სამართლებრივი ურთიერთობა მოწინააღმდეგე მხარესთან მათ არ აკავშირებთ. „სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. აღნიშნული ნორმის თანახმად, პირი უფლებამოსილია, სასამართლოს განცხადებით, სარჩელით ან საჩივრით მიმართოს მხოლოდ თავისი უფლების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო საჩივრით, ფაქტობრივად ასაჩივრებს სხვა პირის წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რაც დაუშვებელია“ (შდრ. სუსგ №ას-1075-1033-2016, 03.02.17). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ასეთ მესამე პირს არ შეუძლია გაასაჩივროს სასამართლო გადაწყვეტილება სააპელაციო ან საკასაციო წესით.

13. იმ შემთხვევაშიც კი, თუ კერძო საჩივრის ავტორს, როგორც მესამე პირს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ექნებოდა პროცესუალური შესაძლებლობა, გაესაჩივრებინა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით, დადგენილია (იხ. წინამდებარე განჩინების 4.2. პუნქტი), რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილია კანონით გათვალისწინებული (იხ. სსსკ-ის 59-ე, 60-ე, 61-ე მუხლები) ვადის გასვლის შემდეგ, რაც სსსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით (საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლების შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ განუხილველი დარჩება) სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

14. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მესამე პირის მსჯელობაზე კერძო საჩივარში, რომელიც საქმეზე დავის საგნის მატერიალურ-სამართლებრივ საკითხებს ეხება, და განმარტავს, რომ წინამდებარე შემთხვევაში სასამართლო განხილვის საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძვლების მართებულობის შემოწმება, შესაბამისად საკასაციო სასამართლო არ იმსჯელებს ზემოაღნიშნულ პრეტენზიებზე.

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რადგანაც მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე არ წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილ სუბიექტს, რადგანაც მის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უშუალოდ მის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს არ ეხება, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. გ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე