საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-65-65-2018 3 აპრილი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ. თ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ჭ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილება
დავის საგანი – საკადასტრო საზღვრის გავლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით, გ. თ-ის (შემდეგში: მოსარჩელე, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი თ. ჭ-ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი) წინააღმდეგ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 6 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
4. მოსარჩელემ 2017 წლის 8 სექტემბერს განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ზემოაღნიშნულ განჩინებაზე დამატებითი გადაწყვეტილების მიღება, მის მიერ გაწეული საადვოკატო ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე (ტ.2, ს.ფ.147).
5. ზემოაღნიშნულ განცხადებაში მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იმავე წლის 11 აგვისტოს მიმართა სასამართლოს ზემოაღნიშნული მოთხოვნით, იმ შემთხვევისათვის, თუ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩებოდა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტი). საქმეში წარდგენილია სალაროს შემოსავლის ორდერი, რომლითაც დასტურდება საადვოკატო მომსახურების საფასურის გადახდის ფაქტი (ტ.2, ს.ფ.120).
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 ნოემბრის დამატებითი განჩინებით მოსარჩელეს უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე.
7. განცხადების პასუხად სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 6 სექტემბრის განჩინების მე-6 პარაგრაფზე მიუთითა და აღნიშნა, რომ სწორედ ამ პარაგრაფში იყო ასახული მსჯელობას მხარეთა შორის საპროცესო ხარჯების განაწილების თაობაზე, ამასთან, ისიც იყო განმარტებული, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ უკვე დააკისრა მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ გაწეული საადვოკატო ხარჯების - 160 ლარის გადახდა, ხოლო მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დავის საგნის ღირებულება 4 000 ლარს შეადგენდა, რომლის 4% 160 ლარია, არ არსებობდა განცხადებით მოთხოვნილი დამატებით ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველი.
8. მოსარჩელემ 2017 წლის 14 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს კერძო საჩივრით მომართა და მოითხოვა, გასაჩივრებული დამატებითი განჩინების გაუქმება, მის მიერ იურიდიული დახმარებისათვის გაწეული ხარჯის - 300 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილვევლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოტივაციით:
10. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
11. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მოსარჩელის ადვოკატის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნით მოსარჩელის მიერ წარდგენილი განცხადების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ 2017 წლის 15 ნოემბერს მიღებული განჩინების დასაბუთებულობა. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მოტივაცია ძირითადად იმ გარემოებას დაეფუძნა, რომ იურიდიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურების თაობაზე მსჯელობა ასახულია ამავე სასამართლოს 2017 წლის 6 სექტემბრის განჩინების მე-6 პარაგრაფში, რომელიც საპროცესო ხარჯებს ეხება. სააპელაციო სასამართლო მოპასუხის სააპელაციო საჩივრის უარყოფის შესახებ გამოტანილ 2017 წლის 6 სექტემბრის განჩინებაში უთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა საადვოკატო მომსახურების ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრებაზე და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით, სსსკ-ის 41.1. „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხეს დააკისრა 160 ლარი, შესაბამისად, სსსკ-ის 53.1-ე მუხლის თანახმად, არ არსებობდა მოპასუხისათვის საადვოკატო ხარჯების დამატებით დაკისრების საფუძველი (იხ. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06.09.2017წ. განჩინების მე-6 პ. - ტ.2, ს.ფ.144 და გასაჩივრებული 15.11.2017წ. დამატებითი განჩინება - ტ.2, ს.ფ.155 -156).
12. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობასა და დასკვნებს, ამასთან, აღნიშნავს, რომ „მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მესამე ნაწილი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება “პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ”)“ - იხ. სუსგ # ას-792-1114-07, 11.01.2008; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა [იხ. „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“].
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ხარჯების ოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება რამდენიმე ინსტანციაში დავის მიმდინარეობის დროს და მისი ანაზღაურების ვალდებულება კი ეკისრება იმ მხარეს, რომლის მოქმედებამაც განაპირობა ამ ხარჯების არსებობა“ (იხ. სუსგ # 1771-1751-201, 09.02.2012წ.);
13.1. განსახილველ შემთხვევაში სარჩელი პირველი ინტანციის სასამართლოში დაკმაყოფილდა და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება დაეკისრა მოპასუხეს, რაც აისახა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში (იხ. ტ.2, ს.ფ.64);
13.2. მოპასუხის სააპელაციო საჩივრის პასუხად მოსარჩელემ (მოწინააღმდეგე მხარემ) 2017 წლის 30 მაისს წარადგინა სააპელაციო შესაგებელი (იხ. ტ.2, ს.ფ. 110-117), ხოლო იმავე წლის 9 ივნისს - განცხადება, თანდართული მოსარჩელის საადვოკატო მომსახურებისათვის (მოპასუხის სააპელაციო საჩივრის გამო) 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით (იხ. ტ.2, ს.ფ.119-120). საკასაციო სასამართლომ მოცემულ კერძო საჩივარზე მსჯელობისას იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ საადვოკატო მომსახურებისათვის თანხა ადვოკატის კლიენტმა გადაიხადა 2017 წლის 7 ივნისს, სააპელაციო შესაგებლის სასამართლოში წარდგენის შემდეგ, რაც იმას ადასტურებს, რომ მოსარჩელის მიერ ადვოკატისათვის 2015 წლის 14 იანვარს გადახდილი თანხა 500 ლარი (იხ. ტ.1, ს.ფ.109) ამ უკანასკნელის მიერ პირველი ინსტანციის სამართალწარმოებისათვის გაწეულ მომსახურებას ეხებოდა. ამ თანხიდან, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ადვოკატის მომსახურების ანაზღაურების მოპასუხისათვის დასაკისრებელი ოდენობა დააფუძნა სსსკ-ის 41.1-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის დანაწესს და 160 ლარით განსაზღვრა;
13.3. სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე მოსარჩელის მიერ ადვოკატისათვის 2017 წლის 7 ივნისს გადახდილი ჰონორარის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენის შემდეგ, მოსარჩელემ 2017 წლის 11 აგვისტოს წერილობითი განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხის მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შემთხვევაში, აპელანტს დაკისრებოდა მოსარჩელის მიერ გაწეული საადვოკატო მომსახურების თანხა, სსსკ-ის 53-ე მუხლის საფუძველზე, რომლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი უკვე წარდგენილი იყო სააპელაციო სასამართლოში (იხ. ტ.2, ს.ფ.126).
13.4. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 53.1-ე მუხლის მეორე წინადადებაზე მიუთითებს, რომლითაც დადგენილია: „იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით“. მოცემულ შემთხვევაში არ არის გასაზიარებელი სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები, რომ „იმის გათვალისწინებით, რომ 2017 წლის 06 სექტემბრის განჩინებით გადაწყვეტილი იქნა სააპელაციო სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარის მიერ, წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის მხარეთა შორის განაწილების საკითხი, პალატა მიიჩნევს, რომ აღარ არსებობს ამ ხარჯების თაობაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი“ - იხ. ტ.2, ს.ფ. 156. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ განჩინებაში უთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 6 სექტემბრის განჩინებით გადაწყდა მხარეთა შორის ხარჯების განაწილების საკითხი, თუმცა, დასახელებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის არც ერთი პუნქტი არ ასახავს ამგვარ გადაწყვეტილებას. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 6 სექტემბრის განჩინების სამოტივაციო ნაწილი (პარაგრაფი 6 - საპროცესო ხარჯები) კი იმაზე უთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს უკვე ნამსჯელი ჰქონდა საადვოკატო მომსახურების ხარჯებზე და დააკისრა კიდეც იგი მოსარჩელის პროცესუალურ მოწინააღმდეგეს.
13.5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივრით პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სრულად გასაჩივრდა, ამასთან, მოსარჩელის წარმომადგენელმა, გარდა სააპელაციო საჩივრის მომზადებისა, მონაწილეობა მიიღო კლიენტის საუკეთესო ინტერესების წარმოსადგენად და დასაცავად სააპელაციო სასამართლოს სხდომაში, ხოლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ - 2017 წლის 6 სექტემბერს, როდესაც სასამართლომ გამოაცხადა განჩინების სარეზოლუციო ნაწილი მოპასუხის სააპელაციო საჩივრის უარყოფისა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების, რომლითაც მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყდა დავა, უცვლელად დატოვების შესახებ, იმავე წლის 8 სექტემბერს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა მოპასუხისათვის საადვოკატო მომსახურების ხარჯების დაკისრებაზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-4, მე-5 პუნქტები, 13.2-13.3 ქვეპუნქტები).
14. საკასაციო სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია კერძო საჩივრის პრეტენზია, რადგან, როგორც უკვე აღინიშნა, სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 6 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში არ აუსახავს საადვოკატო მომსახურების (დაკისრების დაკმაყოფილების ან უარყოფის) თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო სამოტივაციო ნაწილის მე-6 პარაგრაფში მხოლოდ მიუთითა საპროცესო ხარჯებთან დაკავშირებით, რომ დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, ქვემდგომ სასამართლოში უკვე დაკმაყოფილებული 160 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების გარდა, მოსარჩელის მიერ გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯების პროცესუალური მოწინააღმდეგისათვის დამატებით დაკისრების საფუძველი არ არსებობდა. ამავე დასაბუთებით სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 ნოემბრის დამატებითი განჩინებით უარყოფილი იქნა მოსარჩელის განცხადება.
15. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 სექტემბრის განჩინება, რომლის სარეზოლუციო ნაწილი არ ასახავს მოსარჩელის მიერ საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრების ან ამ ხარჯის დაკისრების უსაფუძვლობის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, შესაძლებელია შეივსოს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანით, რომლის სამოტივაციო ნაწილის შესატყვისი იქნება სარეზოლუციო ნაწილი, რადგან დამატებითი გადაწყვეტილება უკვე მიღებული გადაწყვეტილების/განჩინების განუყოფელი და შემადგენელი ნაწილია.
16. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე მიუთითებს, რომლის თანახმად დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველს ის გარემოება წარმოშობს, როცა სასამართლოს არ გადაუწყვეტია (გამორჩა) სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი. განსახილველ შემთხვევაში კი ასეთი წინაპირობა არსებობს, რადგან სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 6 სექტემბერს გამოიტანა განჩინება, რომლითაც დაასრულა საქმის განხილვა, ხოლო განჩინების სარეზოლუციო ნაწილში არ არის ასახული სასამართლოს გარეშე ხარჯების (ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი საფასურის) თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება. მოსარჩელემ სსსკ-ის 261.2-ე მუხლით დადგენილ 7-დღიან ვადაში მიმართა სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით, რაც სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 ნოემბრის დამატებითი განჩინებით, არ დაკმაყოფილდა. საკასაციო სასამართლოს მიერ კერძო საჩივრის პრეტენზიის გაზიარების საფუძვლები ასახულია წინამდებარე განჩინებაში, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს მოსარჩელის განცხადების ხელახლა განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. თ-ის კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე, დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს განცხადების ხელახლა განსახილველად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე