Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-136-136-2018 20 აპრილი, 2018 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. ზ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ჟ. გ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა

დავის საგანი – პირგასამტეხლოს შემცირება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ზ-ის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი ჟ. გ-ის (შემდეგში: მოპასუხე) მიმართ სააღსრულებო ფურცელში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების თაობაზე დაკმაყოფილდა. სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული სხვა პირობები დარჩა უცვლელი.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.

4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ პირველ ინსტანციაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება, რაც დაკმაყოფილდა (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტი), შესაბამისად მხარის იურიდიული ინტერესი დაკმაყოფილებულია, რაც გამორიცხავდა იმავე საკითხზე მხარის მიერ სააპელაციო პრეტენზიის წარდგენას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა.

6. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივაა დაკმაყოფილებული, რაც არ მოიცავს პროცენტის ნაწილში მსჯელობას.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 მარტის განჩინებით კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

8. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

9. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

10. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულ ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს.

11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის შეტანის გზით პირი იცავს თავის უფლებას და შელახულ ინტერესებს, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება იმავდროულად იწვევს მისი პრეტენზიის აღმოფხვრას, ვინაიდან სადავოდ მიჩნეული უფლება მოდავე პირის სასარგებლოდაა დაცული და შესაბამისად მხარის იურიდიული ინტერესიც დაკმაყოფილებულია.

12. წინამდებარე შემთხვევაში მხარეს სასარჩელო მოთხოვნა წამოყენებული აქვს ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში, შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლო ვერ იმსჯელებდა იმ საკითხზე რაც მხარეს არ მოუთხოვია (იხ. წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტი), ხოლო წარმოდგენილი პრეტენზიის ნაწილში მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, რაც, ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, გამორიცხავდა, მის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის განხილვის შესაძლებლობას და ამიტომ დაუშვებლად იქნე მიჩნეული.

13. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას აპელანტის მიერ მითითებული პროცენტის ოდენობის თაობაზე და განმარტავს, რომ არც სარჩელში და არც რაიმე სახის წარმოდგენილი დოკუმენტით მხარეს არ გაუხდია სადავოდ აღნიშნული, რაც გამორიცხავდა სააპელაციო საქმისწარმოების ეტაპზე მის განხილვას.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ზ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 დეკემბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 დეკემბრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე