საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-161-161-2018 4 მაისი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ბ-ი /ნ-ი/ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ქ. ქ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით ქ. ქ-ის (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი ნ. ბ-ის /ნ-ი/ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი), თ. ბ-ისა და გ. ბ-ის მიმართ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2017 წლის 2 აგვისტოს განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი, და მის აღმოსაფხვრელად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში წარმოედგინა ა) სახელმწიფო ბაჟის - 160 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, ბ) მიეთითებინა, რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა, გ) მიეთითებინა გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს. ხსენებული განჩინება 2017 წლის 7 აგვისტოს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა აპელანტს (ტ.2, ს.ფ.7). სააპელაციო სასამართლოს განჩინების მიხედვით, ხარვეზის აღმოფხვრისათვის განსაზღვრული 10 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 8 აგვისტოს და ამოიწურა იმავე წლის 17 აგვისტოს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 61-ე მუხლი).
5. აპელანტმა 2017 წლის 17 აგვისტოს განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, და მოითხოვა ხარვეზის ვადის გაგრძელება 10 დღით. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული შუამდგომლობა დაუსაბუთებელი იყო, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
6. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
7. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ მხოლოდ ერთხელ ითხოვა დადგენილი ხარვეზის გამოსასწორებლად ვადის გაგრძელება, და სასამართლოს უნდა გაეგრძელებინა ვადა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ხარვეზი მეორედაც არ იქნებოდა მხარის მიერ აღმოფხვრილი სრულად, მხოლოდ მაშინ შეეძლო სასამართლოს დასაბუთებული შუამდგომლობის მოთხოვნა ხარვეზის გამოსასწორებლად საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე.
8. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოსათვის შუამდგომლობის წარდგენის დროს არ ჰქონდა საშუალება გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი, ხოლო სააპელაციო საჩივრის საფუძვლები დასაბუთებული გადაწყვეტილების არქონის გამო ვერ მიუთითა.
9. დამატებით კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევასა და არასწორად გამოყენებაზე, აგრეთვე - საქმის არსებით დეტალებზე.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 მარტის განჩინებით მოპასუხის კერძო საჩივარი წარმოებაშია მიღებული განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
11. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში, სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
13. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.
14. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ საკითხზე, რომ ხარვეზის დადგენის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, აპელანტმა ხარვეზის აღმოფხვრის ბოლო დღეს -2017 წლის 17 აგვისტოს (იხ. წინამდებარე განჩინების მე-4-მე-5 პუნქტები) მიმართა სასამართლოს ვადის გაგრძელების თაობაზე, ამასთან, შუამდგომლობის ავტორს არ მიუთითებია ხარვეზის ვადის გაგრძელების დასაბუთებული საფუძვლების შესახებ, მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ითხოვდა ვადის გაგრძელებას (იხ. აპელანტის განცხადება - ტ.2, ს. 12). კერძო საჩივრის ფარგლებში კი მოპასუხე უთითებს, ბაჟის გადახდის შეუძლებლობასა და იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის ვადაში, მას რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება არ ჰქონდა ჩაბარებული.
15. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. სსსკ-ის 64-ე მუხლის მოხმობით, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.
16. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიების პასუხად საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს საქმის მასალებით, რომელთა მიხედვით ირკვევა, რომ რაიონული სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მოსარჩელემ მოითხოვა 2017 წლის 27 ივნისს და იმავე დღეს ჩაიბარა (იხ. ტ.1, ს.ფ.262), ასევე, შსს-ს გორის რაიონული სამმართველოს 2017 წლის 3 ივლისის მოთხოვნის საფუძველზე, მას გაეგზავნა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი იმავე წლის 5 ივლისს (იხ.ტ.1, ს.ფ.263-265). მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2017 წლის 5 ივლისს, სადაც მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარს დასაბუთებული სახით წარადგენდა მას შემდეგ, რაც რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 მაისის დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ჩაიბარებდა (იხ. სააპელაციო საჩივარი ტ.1, ს.ფ.266-276). ამდენად, საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ რაიონული სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მომზადებული იყო ჯერ კიდევ 2017 წლის 26 ივნისს, რაც ჩაიბარა კიდეც მოსარჩელემ მისი მოთხოვნის საფუძველზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია დაუსაბუთებელია და ემსახურება მოცემულ დავაზე სამართალწარმოების გაჭიანურებას, რადგან სააპლეაიცო სასამართლოს 2017 წლის 2 აგვისტოს განჩინებით დადგენილი 10-დღიანი ვადა აპელანტმა არაეფექტიანად გამოიყენა, მეტიც, მან ისევ 10 დღით მოითხოვა საპროცესო ვადის გაგრძელება ხარვეზის შევსების მიზნით, თუმცა, ზოგადი მოთხოვნის გარდა, მოპასუხეს არ მიუთითებია არც ერთი ფაქტი ან მოტივი, თუ რატომ უნდა მიეჩნია სასამართლოს საპატიოდ განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობა და რა საფუძველი არსებობდა ვადის დამატებით გასაგრძელებლად. კერძო საჩივრის მოტივები კი დაუსაბუთებელია და არ შეეფერება სინამდვილეს საქმის მასალების მიხედვით, რაც ზემოთ უკვე აღინიშნა. ამდენად, აპელანტის განცხადება ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე მართებულად არ დააკმაყოფილა სააპელაციო სასამართლომ მისი უსაფუძვლობის გამო.
17. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, ვინაიდან სადავო არ არის სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის დანიშნულ ვადაში შეუვსებლობის ფაქტი, საკასაციო პალატას, სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის ბოლო წინადადების საფუძველზე, კანონიერად მიაჩნია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გასაჩივრებული განჩინება.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ნოემბრის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ბ-ის (ნ-ი) კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ნოემბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ნოემბრის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე