საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-165-165-2018 3 აპრილი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – თ. ს-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ''მ-ა'' (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „მ-ას“ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი თ. ს-ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ, დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითი განხილვა.
3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტობმბრის განჩინებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
4. რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მითითებული სასამართლო აქტების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
6. სააპელაციო სსამართლომ მიუთითა, რომ 2017 წლის 14 ნოემბერს აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, და მის აღმოსაფხვრელად, განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, დაევალა სახელმწიფო ბაჟის, სააპელაციო საჩივრის სათანადო რაოდენობის ეგზემპლარებისა და მისი ელ. ვერსიის წარდგენა. აღნიშნული განჩინება მოპასუხის წარმომადგენელს ჩაბარდა 2017 წლის 17 ნოემბერს. სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი 2017 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით უნდა შევსებულიყო.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დადგენილ ვადაში აპელანტს არც ხარვეზი გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობა წარუდგენია სასამართლოსათვის საპროცესო ვადის გასაგრძელებლად, შესაბამისად, სსსკ-ის 368-ე და 374-ე მუხლების საფუძველზე, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
8. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა.
9. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება, მას პირადად არ ჩაჰბარებია, შესაბამისად ხარვეზს ვერ გამოასწორებდა.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
11. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში, მართებულად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
13. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.
14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტზე და განმარტავს, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბ. ბ-ე კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელია და მისი უფლებამოსილება ეჭვს არ იწვევს (იხ. ტ.1, ს.ფ. 54-55), ხოლო ხარვეზის შესახებ განჩინება პირადად წარმომადგენელს ჩაბარდა (ტ.1, ს.ფ.81).
14.1 სსსკ-ის 99-ე მუხლის თანახმად მარწმუნებელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე გააუქმოს თავის მიერ გაცემული მინდობილობა და შეწყვიტოს წარმომადგენლის უფლებამოსილება, რის შესახებაც იგი წერილობით აცნობებს სასამართლოსა და წარმომადგენელს, წინამდებარე შემთხვევაში უტყუარადაა დადგენილი, რომ კერძო საჩივრის ავტორს რწმუნებულის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე სასამართლოსათვის არც ერთ ეტაპზე არ მიუმართავს, შესაბამისად წარმომადგენლის უფლებამოსილება ეჭვს არ იწვევს.
14.2 სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდა ერთ-ერთ მათგანს.... ...წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ზემოანიშნულის გათვალისწინებით, წინამდებარე შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის თაობაზე ჩაითვლება მხარისათვის ჩაბარებულად და ჩაბარების მომენტიდან აითვლება ხარვეზის გამოსწორების ვადა.
15. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ს-ის კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე