საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-194-194-2018 18 მაისი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ს-ო“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. პ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით გ. პ-ის (შემდეგში: მოსარჩელე), სარჩელი შპს „ს-ოს“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 დეკემბერის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებით აპელანტს 2017 წლის 25 სექტემბერს დაუდგინდა ხარვეზი და აღნიშნულის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა ვადა 7 დღე. იმავე წლის 28 ნოემბერს აპელანტს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა გაუგრძელდა კიდევ 3 დღით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ განჩინება ხარვეზის გამოსასწორებლად საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე ადრესატს ჩაბარდა 2017 წლის 7 დეკემბერს (ტ.2.ს.ფ. 14).
5. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ განჩინება ადრესატს ჩაბარდა კანონით გათვალისწინებული წესით (სსსკ-ის 70.1, 74-ე, 73.8-ე მუხლები), შესაბამისად, ხარვეზის აღმოფხვრის ვადის ათვლა დაიწყო 2017 წლის 8 დეკემბერს (სსსკ-ის 60.2-ე მუხლი) და დასრულდა იმავე წლის 11 დეკემბერს (სსსკ-ის 61.2-ე მუხლი), ვინაიდან აღნიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
6. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.
7. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატის განჩინებით მხარეს შეეზღუდა სამართლიანი სასამართლოს უფლება. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა დამატებით აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიმართა თხოვნით, აპელანტის მძიმე ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაევადებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება მისი მარწმუნებლისათვის, რაზედაც სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2018 წლის 18 მაისის განჩინებით აპელანტის კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
9. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში, სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
11. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებსა და შეფასებას და კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის პასუხად მიუთითებს წინამდებარე განჩინების 4-5 პუნქტებით დადგენილ გარემოებებზე.
12. განსახილველ შემთხვევაში სსსკ-ის მე-2 მუხლის მოხმობით (ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად) აპელანტი ითხოვს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოსწორებისათვის გაშვებული ვადის მიუხედავად, სასამართლომ მიიღოს სააპელაციო საჩივარი წარმოებაში, საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს (სსსკ-ის მე-2.2, 368 მუხლები), რომ აღნიშნული უფლება არ გულისხმობს სასამართლოსადმი მიმართვას საპროცესო-სამართლებრივი წესების დაცვის გარეშე. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიაზე სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-7 პუნქტი, მე-2 წინადადება) და განმარტავს, საქმის მასალებით დადგენილია (იხ.ტ.1.ს.ფ.9), რომ 2017 წლის 21 ნოემბერს აპელანტის წარმომადგენელმა ნამდვილად მიმართა სააპელაციო პალატას განცხადებით, თუმცა, მოითხოვა არა სახელმწიფო ბაჟის გადავადება, არამედ სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლება, რაზედაც სააპელაციო პალატამ იმსჯელა, და სსსკ-ის 47-ე მუხლის დაცვით უარი უთხრა აპელანტს, როგორც იურიდიულ პირს, ზემოაღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ხოლო სსსკ-ის 64-ე მუხლის გათვალისწინებით თავისი ინიციატივით გაუგრძელა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვადა(ტ.1.ს.ფ 10-12). შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია სააპელაციო სასამართლოსადმი დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნიდან.
13. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში განმარტავს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული. საპროცესო კანონმდებლობა, უფლებებთან ერთად, მხარეებს მოვალეობებსაც აკისრებს, მათი შეუსრულებლობა კი, იწვევს მხარისათვის არასასურველ სამართლებრივ შედეგს. საპროცესო ვალდებულებების არსებობა შეჯიბრებით პროცესში სწორედ მხარეთა უფლებების დაცვის, საპროცესო ეკონომიის პრინციპისა და, საბოლოოდ, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის გარანტიაა. შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი თითოეული პირის უფლებას ემსახურება, განხილული იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (იხ. სუსგ-ები: # ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; #ას-851-817-2016, 04.11.2016წ.). საპროცესო კოდექსითვე დადგენილია საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მხარის მიერ მისი აღმოფხვრის წესი და წინაპირობები. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიები უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი, რის გამოც მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს (შდრ. სუსგ-ებს: # ას-1187-1107-2017, 22.01.2018წ; #ას-1208-1128-2017, 09.03.2018წ.).
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკსაცო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერზო საჩივარი არ შეიცავს მისი გაუქმების სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ საფუძვლებზე მითითებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ''ს-ო''-ს კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე