საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-208-208-2018 20 აპრილი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – დ. კ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ქ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – ხელშეკრულების ნაწილობრივ გაუქმება და ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით დ. კ-ის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი გ. ქ-ის (შემდეგში: მოპასუხე) მიმართ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის საოქმო განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო.
4. სააპელაციო სასამართლომ განჩინების მიღების მოტივაციისას დამატებით განმარტა, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა 2017 წლის 21 დეკემბერს, 15:37 საათზე, კანცელარიის მეშვეობით წარუდგინა შუამდგომლობა სააპელაციო პალატას საქმის განხილვის გადადების თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ მას, 2017 წლის 22 დეკემბერს 11:30 საათზე, ჩანიშნული ჰქონდა სასამართლო სხდომა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, რის დასადასტურებლადაც შუამდგომლობას დაურთო შესაბამისი სასამართლო უწყება (ტ.2, ს.ფ.39-40). მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი არ დაეთანხმა აღნიშნულ შუამდგომლობას, მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება და მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩანიშნული სხდომის თაობაზე მხარეს ეცნობა 2017 წლის 28 ნოემბერს (ტ.2.ს.ფ 16-17), ხოლო სხდომის გადადების თაობაზე წარმოდგენილ შუამდგომლობაზე დართული უწყებით ირკვევა, რომ უწყება მომზადდა 2017 წლის 30 ნოემბერს.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
6. აპელანტის წარმომადგენელმა, კერძო საჩივარი დააფუძნა რამდენიმე არგუმენტზე, მათ შორის იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოში სხდომის დღისათვის საქმე სათანადოდ არ იყო მომზადებული, ვინაიდან მათ არ ჩაბარებიათ მოპასუხის სააპელაციო შესაგებელი, რაც, თავის მხრივ, მაინც გახდებოდა საქმის გადადების საფუძველი, შესაბამისად, მან უპირატესობა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გასამართ სხდომას მიანიჭა, რის გამოც აპელანტის უფლება, დაიცვას საკუთარი უფლებები სასამართლო წესით, არ უნდა შეიზღუდოს.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2018 წლის 5 მარტის განჩინებით მოპასუხის კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
8. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სსსკ-ის 216-ე, 387-ე მუხლები, რომელთა ერთობლივი ანალიზით ირკვევა, რომ მხარე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა პროცესზე, რაც შესაძლებლობას იძლევა, მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნით, სააპელაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.
10. წინამდებარე შემთხვევაში საკასაციო სასამართლო გაამახვილებს ყურადღებას რამდენიმე გარემოებაზე:
10.1 სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ადრესატს სხდომის დანიშვნის შესახებ უწყება ჩაბარდა კანონით განსაზღვრული წესით (იხ. წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტი), გონივრული ვადით ადრე სხდომის გამართვამდე. ამასთანავე საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სხდომის თაობაზე უწყება მომზადებულია 30 ნოემბერს (იხ. ტ.2, ს.ფ.40), ამდენად, აპელანტის წარმომადგენელს რაიონული სასამართლოს სხდომის თაობაზე მას შემდეგ ეცნობა, როცა უკვე იცოდა სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სხდომის თარიღი და დრო. აღნიშნულის გათვალისწინებით, შესაფასებელია, თუ რატომ მიანიჭა უპირატესობა აპელანტის წარმომადგენელმა რაიონული სასამართლოს სხდომას და არც ეს უკანასკნელი და არც თვითონ აპელანტი არ გამოცხადდნენ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე.
10.2 სხდომის გადადების თაობაზე შუამდგომლობით, აპელანტის წარმომადგენელმა სხდომის წინა დღეს მიმართა სასამართლოს, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის უკვე ცნობილი იყო ორივე (რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში დანიშნული) სხდომის თარიღი.
10.3 აპელანტის წარმომადგენლის მიერ შუამდგომლობაზე დართული უწყებიდან ირკვევა, რომ იგი ბანკის წარმომადგენელია (იხ. წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტი), რაზედაც საკასაციო სასამართლო იმიტომ ამახვილებს ყურადღებას, რომ იურიდიული პირის წარმომადგენელი შესაძლებელია ჩანაცვლებულიყო სხვა წარმომადგენლით (რომ აღარაფერი ითქვას საკრედიტო დაწესებულებების პრაქტიკაზე, რაც ერთდროულად რამდენიმე წარმომადგენლისათვის მინდობილობის მინიჭებაში გამოიხატება), აღნიშნული კი გამორიცხავდა კერძო საჩივრით გასაჩივრებულ სადავო გარემოებას, და აპელანტის უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპის რისკის ქვეშ დაყენებას.
11. საკასაციო სასამართლო იმასაც აღნიშნავს, რომ უფლების სასამართლო გზით დაცვის კონსტიტუციური გარანტია მოიზარებს კანონის წინაშე მხარეთა თანასწორ მოპყრობასა და დამოკიდებულებას.
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
13. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიაჩნია კერძო საჩივრის მოთხოვნა, სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის საოქმო განჩინების გაუქმებასთან დაკავშირებით, რაც გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. კ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე