საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-245-245-2018 27 აპრილი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – გ. ბ-ა, მ. ბ-ა, ო. ბ-ა, ი. ე-ე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „მ-ი“ (შემდეგში: მოსარჩელე ან მესაკუთრე) 2015 წლის 30 ოქტომბრის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს N15053944-013/001 განკარგულების საფუძველზე არის საცხოვრებელი ბინის, მდებარე : ქ. ქუათაისში, კ. მ-ის N6 ხმელინცკის N15; ბინა N2 ს/კ 0-. (შემდეგში უძრავი ქონება, სადავო ქონება) მესაკუთრე. აღნიშნული ფაქტი ასევე დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით (ტ.1, ს.ფ.18-19).
2. უძრავ ქონებას კანონიერი საფუძვლის გარეშე ფლობენ გ. ბ-ა, მ. ბ-ა, ო. ბ-ა და ი. ე-ე (შემდეგში: მოპასუხეები, აპელანტები ან კასატორები).
3. სარჩელის საფუძვლები
3.1. მესაკუთრემ 2016 წლის 21 მარტს სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების წინააღმდეგ, მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა.
3.2. მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა ამ განჩინების 1-2 პუნქტებში დასახელებულ გარემოებებზე დააფუძნა.
4. მოპასუხის შესაგებელი
4.1. მოპასუხეებმა მათ მიერ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და აღნიშნეს, რომ ქონება უკვე ათეული წლებია მათი ოჯახის საკუთრებას წარმოადგენდა და სწორედ მოსარჩელის არაგულისხმიერმა დამოკიდებულებამ გამოიწვია სადავო ქონების აუქციონზე რეალიზაცია.
5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
5.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს დაევალათ უძრავი ქონების გამოთავისუფლება და მოსარჩელისათვის გადაცემა.
5.2. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე, სსკ-ის 160-ე, 162-ე, 170-ე, 172-ე, 312-ე მუხლებით და განმარტა, რომ რეესტრის მონაცემების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის კონტექსტში, მოსარჩელის ქონებას ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობდნენ მოპასუხეები.
5.3. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სავინდიკაციო სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები, მოსარჩელე უძრავი ქონების მესაკუთრეა და ქონება უნდა გამოთხოვილიყო მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან.
6. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
6.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
6.2. აპელანტებმა თავიანთ სააპელაციო საჩივარში აღნიშნეს, რომ სასამართლომ არ იმსჯელა მოსარჩელის კეთილსინდისიერებაზე. აგრეთვე მიუთითეს, რომ მოსარჩელე არის საფინანსო ორგანიზაცია და მას სადავო ფართი საცხოვრებლად არ ესაჭიროება.
6.3. აპელანტების მტკიცებით, სასამართლომ არ გამოიკვლია არსებობდა თუ არა მხარეებს შორის ბინით სარგებლობის შესახებ ზეპირსიტყვიერი შეთანხმება. მოსარჩელე შეგნებულად უსპობს მათ საცხოვრებელ პირობებს, რაც სასამართლოს მხრიდან არაკეთილსინდისიერ ქმედებად უნდა შეფასდეს, და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
7.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
7.2. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება, ამ განჩინების 5.2-5.3 ქვეპუნქტებში ასახული მსჯელობა და მიუთითა მათზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ, 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი) . დადგენილი იყო, რომ სადავო უძრავი ქონება საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო მოსარჩელის სახელზე და მოპასუხეები სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობდნენ მას.
7.3. სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებლად სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება, ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
7.4. წინამდებარე განჩინების 7.2-7.3 ქვეპუნქტებში ასახული მსჯელობის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოპასუხეების მიერ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უკანონო ფლობის ფაქტი და უცვლელი დატოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება.
8. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
8.1. აპელანტებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინება მისი გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
8.2. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიები წინამდებარე განჩინების 6.2-6.4. ქვეპუნქტებში მითითებული პრეტენზიების იდენტურია.
9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
9.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 აპრილის განჩინებით სსსკ-ის საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით საკასაციო საჩივარი მიღებულია დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
12. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია:
15.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას;
15.2. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება;
15.3 განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხეები წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების მფლობელებს. მათ სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლეს კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მოპასუხეთა მფლობელობის მართლზომიერება;
16. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს კასატორების პრეტენზიაზე მოსარჩელის მიერ უფლების ბოროტად გამოყენების თაობაზე და განმარტავს, უფლების გაუმართლებელ განხორციელებად ჩაითვლება ისეთი ცალკეული შემთხვევა, როდესაც ობიექტური დამკვირვებლის თვალსაწიერიდან არ დგინდება პირის მიერ უფლების განხორციელების არანაირი მიზანი, გარდა სხვა პირისათვის ზიანის მიყენებისა. უფლების განხორციელება გამართლებულია, თუ არსებობს ობიექტურად შეცნობადი დასაბუთებული ინტერესი, რომელიც მის განხორციელებას გაამართლებს. წინამდებარე შემთხვევაში, მოპასუხეების მითითება უფლების ბოროტად გამოყენების თაობაზე და იმის მტკიცება, რომ რადგან მოსარჩელე საფინანსო ორგანიზაციაა, მას საცხოვრებლად არ სჭირდება სადავო ფართი, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, მოსარჩელე სასადავო ქონების (იხ. წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტები) კანონიერი მესაკუთრეა, ხოლო მოპასუხეებს მართლზომიერი მფლობელობის ფაქტის მტკიცების ტვირთი თავადვე ეკისრებოდათ, რაც სასამართლოს სარწმუნოდ და დამაჯერებლად ვერ დაუსაბუთეს.
17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები: #ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; # ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; # ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება; #ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; #ას-292-276-2017, 2017 წლის 31 მარტის განჩინება; #ას-358-334-2017, 2017 წლის 13 აპრილის განჩინება).
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
19. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ბ-ას, მ. ბ-ას, ო. ბ-ას და ი. ე-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. გ. ბ-ას (პ/ნ 6-), მ. ბ-ას (პ/ნ 6..), ო. ბ-ას (პ/ნ 6-) და ი. ე-ეს (პ/ნ 6-) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ლ-ის (პ/ნ 6-) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2018 წლის 19 მარტი), 70% – 210 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი