Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-737-689-2017 11 აპრილი 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვა

კასატორი – შპს " S-''(მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ''ზ" (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს “S-I”-ის (შემდეგში: მოსარჩელე, გამქირავებელი, მენარდე აპელანტი ან კასატორი) და შპს “ზ-ს“ (შემდეგში: მოპასუხე, დამქირავებელი ან შემკვეთი) შორის რამდენიმე ხელშეკრულება დაიდო, კერძოდ:

1.1. 2012 წლის 3 იანვარს 100 - ტონიანი შესაძლებლობების მქონე ტელესკოპური ამწის ქირავნობის შესახებ, 1 თვით. ქირავნობის დრო განსაზღვრული იქნებოდა დღეში 10 სამუშაო საათით, კვირაში 6 სამუშაო დღით, თვეში - 26 დღით (260 საათი) და ღირებულება 16 000 ევროს შეადგენდა, დამატებითი საათების მუშაობის შემთხვევაში - 61, 5 ევროს (იხ. ტ.1, ს.ფ. 18);

1.2. 2012 წლის 2 ივლისს გამქირავებელმა დამქირავებელს მიაქირავა 550 -ტონიანი შესაძლებლობების მქონე ტელესკოპური ამწე, 3 თვით. ქირავნობის დრო განსაზღვრული იქნებოდა დღეში მინიმუმ 10 სამუშაო საათით, კვირაში 6 სამუშაო დღით, თვეში - 26 დღით და ღირებულება 140 000 ევროს შეადგენდა, დამატებითი საათების მუშაობის შემთხვევაში - 536, 46 ევროს (იხ. ტ.1, ს.ფ. 48);

1.3. 2012 წლის 2 ივლისს გამქირავებელმა დამქირავებელს მიაქირავა 100 -ტონიანი შესაძლებლობების მქონე ტელესკოპური ამწე, 5 თვით. ქირავნობის დრო განსაზღვრული იქნებოდა დღეში მინიმუმ 10 სამუშაო საათით, კვირაში 6 სამუშაო დღით, თვეში - 26 დღით და ღირებულება 16 000 ევროს შეადგენდა, დამატებითი საათების მუშაობის შემთხვევაში - 61, 5 ევროს (იხ. ტ.1, ს.ფ. 63);

1.4. 2012 წლის 2 ივლისს დამქირავებელმა იქირავა 100-ტონიანი შესაძლებლობების მქონე ტელესკოპური ამწე, 2 თვით. ქირავნობის დრო განსაზღვრული იქნებოდა დღეში მინიმუმ 10 სამუშაო საათით, კვირაში 6 სამუშაო დღით, თვეში - 26 დღით (260 საათით) და ღირებულება 16 000 ევროს შეადგენდა, დამატებითი საათების მუშაობის შემთხვევაში - 61, 5ევროს (იხ. ტ.1, ს.ფ. 33);

2. მხარეთა შორის უდავო გარემობაა, რომ დაქირავებული ამწეებისათვის ოპერატორებს უზრუნველყოფდა თვითონ გამქირავებელი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 531-ე 629-ე მუხლები).

3. სარჩელის საფუძვლები

3.1. გამქირავებელმა 2014 წლის 20 ივნისს სარჩელი აღძრა დამქირავებლის წინააღმდეგ და მოითხოვა ამ უკანასკნელისათვის 244 749. 16 ევროსა და 3000 აშშ დოლარის დაკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ;

3.2. გამქირავებელმა სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მიუთითა, რომ მასთან ქირავნობის სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდა დამქირავებელი, ხელშეკრულების საგანი იყო მაღალი შესაძლებლობების მქონე ტელესკოპური მობილური ამწეკრანების დაქირავება. ხელშეკრულების საერთო ღირებულბამ შეადგინა 1 067 477.15 ევრო, საიდანაც დამქირავებელმა გადაიხადა 822 727.99 ევრო და გადასახდელი დარჩა სწორედ ის თანხა, რაც მხარემ სარჩელით მოითხოვა (იხ. 3.1 ქვეპუნქტი).

4. მოპასუხის შესაგებელი

4.1. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, გამქირავებლისადმი 3000 აშშ დოლარისა და 77 062, 08 ევროს დავალიანების არსებობის ნაწილში, დანარჩენ მოთხოვნას დამქირავებლი არ დაეთანხმა;

4.2. მოპასუხემ შესაგებელში აღნიშნა, რომ ზენორმატიული საათების რაოდენობა საჭიროებდა დადასტურებას, დამქირავებელს არ გააჩნდა ორივე მხარის მიერ დადასტურებული მიღება-ჩაბარების აქტები, რომლის საფუძველზედაც გამქირავებელი მოითხოვდა ანაზღაურებას (იხ.შესაგებელი - ტ.1, ს.ფ. 111, მე-5 ფაქტობრივი გარემოება)

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით გამქირავებლის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა:

5.1.1. 3000 აშშ დოლარისა და 77 062, 08 ევროს გადახდა;

5.1.2. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 7593 ლარის გადახდა;

5.1.3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5.2. საქალაქო სასამართლომ საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოიკვლია და დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინები 1-2 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებანი, დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 531-ე და 629-ე მუხლები და განმარტა:

5.2.1. სსკ-ის 531-ე მუხლის თანახმად, ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა, დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა, გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა. ამავე კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს ვალდებულებას, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. სასამართლოს შეფასებით, მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულებები შერეული ტიპის გარიგებებია, რომლითაც გამქირავებელი დამქირავებელს გადასცემს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ნივთს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა სამუშაო ტექნიკა, რომლის ოპერირებას (მართვას) თავად მოსარჩელე საწარმოს თანამშრომლები უზრუნველყოფდნენ მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით.

5.2.2. მხარეთა შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების პირობებისა და გაწეული მომსახურების შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გამოწერილია შემდეგი ინვოისები : #047406 – 16 000 ევრო (ს.ფ. 166), #047475 – 19 177,5 ევრო (ს.ფ. 168), #047299 – 16 000 ევრო (ს.ფ.182, ) #047300 – 16 000 ევრო (ს.ფ. 185), #047341- 16 000 ევრო (ს.ფ. 188), #047345 – 16 000 ევრო (ს.ფ. 191), #047383- 16000 ევრო (ს.ფ. 194), #047387 – 16 000 ევრო (ს.ფ. 197), #047426 – 16 000 ევრო (ს.ფ. 203), #047442 – 32 727.99 ევრო (ს.ფ. 206), #047457 – 26 885,5 ევრო (ს.ფ. 209), #047441 – 140 000 ევრო (ს.ფ. 236, #047424 – 140 000 ევრო (ს.ფ. 239), #047403 – 140 000 ევრო (ს.ფ. 242), #047477 – 112 538 ევრო (ს.ფ. 245), #047435 – 160 461,08 ევრო (ს.ფ. 269), #047456 – 160 461,08 ევრო (ს.ფ. 327), #047405 – 7226 ევრო (ს.ფ. 361). ამ ინვოისებში სულ 1 067477,15 ევროს გადახდის ვალდებულებააა მითითებული და იგი მოიცავს როგორც ქირას, ისე - ზედმეტად ნამუშევარი საათების ღირებულებასაც. მოპასუხემ სულ 822 727,99 ევრო გადაიხადა, რაც დასტურდება შემდეგი დოკუმენტაციით:

1. საგადახდო დავალება #0 – 30 000 ევრო, დანიშნულება - ინვოისი #047477;

2. საგადახდო დავალება #1 – 30 000 ევრო, დანიშნულება - ინვოისი #047424;

3. საგადახდო დავალება #0 – 30 000 ევრო, დანიშნულება - ინვოისი #047424;

4. გადარიცხვის დოკუმენტი - 16 000 ევრო, დანიშნულება - ინვოისი #047341;

5. გადარიცხვის დოკუმენტი - 16 000 ევრო, დანიშნულება - ინვოისი #047387 ;

6. გადარიცხვის დოკუმენტი - 32 727,99 ევრო - დანიშნულება - ინვოისი #047442;

7. გადარიცხვის დოკუმენტი - 16 000 ევრო, დანიშნულება -ანგარიშფაქტურის ნომერი 1007-2011 (თარიღი 05.01.2012) ;

8. გადარიცხვის დოკუმენტი - 16 000 ევრო, დანიშნულება - ანგარიშფაქტურის ნომერი 1005-2011 (თარიღი 27.02.2012), იჯარის გადასახადი

9. გადარიცხვის დოკუმენტი - 16 000 ევრო, დანიშნულება - 1007-2011 (თარიღი 21.04. 2012, იჯარის გადასახადი;

10. გადარიცხვის დოკუმენტი - 100 000 ევრო, დანიშნულება - ანგარიშფაქტურები #047299, 047300, 047345, 047406,; 047435;

11. გადარიცხვის დოკუმენტი - 140 000 ევრო, დანიშნულება - მძიმე ტვირთის ამწე დანადგარის იჯარის ხელშეკრულება (თარიღი 08.06.2012).

12. გადარიცხვის დოკუმენტი - 140 000 ევრო, დანიშნულება - ანგარიშფაქტურა #047441 ;

13. გადარიცხვის დოკუმენტი - 140 000 ევრო, დანიშნულება - ანგარიშფაქტურა #047424 ;

14. გადარიცხვის დოკუმენტი - 100 000 ევრო, დანიშნულება - ანგარიშფაქტურა #047435 ;

5.3. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ სარჩელი 3000 აშშ დოლარისა და 77 062,08 ევროს ნაწილში ცნო, საქალაქო სასამართლომ იმსჯელა დანარჩენი თანხის - 167 687,08 ევროს მოთხოვნის საფუძვლიანობაზე და განმარტა: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს;

5.3.1. სადავო ინვოისებში მოთხოვნილია 7 226 ევრო (2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 31 მაისის ჩათვლით პერიოდში ამწე დანადგარის მიერ დამატებით შესრულებული სამუშაოების საფასური) და 160 461,08 ევრო (2012 წლის სექტემბერში დამატებით შესრულებული სამუშაოების ღირებულება). შესრულებული სამუშაოების დასადასტურებლად მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს მუშაობის აღრიცხვის უწყისები, რომლებიც ხელმოწერილია მოსარჩელე მხარის თანამშრომლების (ოპერატორების) მიერ და არ არის დადასტურებული მოპასუხის მხრიდან, შესაბამისად, ეს დოკუმენტები სადავოობის შემთხვევაში საჭიროებს დამატებითი მტკიცებულებებით დადასტურებას. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა - ა. ი-მა და მ. ს-მა დაადასტურეს აღრიცხვის უწყისში მითითებული მონაცემების სისწორე, მაგრამ, ვინაიდან აღნიშნული მოწმეები არიან ის პირები, რომლებიც ამ დოკუმენტებს ისედაც აწერენ ხელს, მათ ჩვენებებზე დაყრდნობით სასამართლომ დადასტურებულად არ მიიჩნია სადავო გარემოება.

5.3.2. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ თანხის გადახდის დოკუმენტებით სწორედ სადავო მოთხოვნის ნაწილია გადახდილი. სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ დოკუმენტების გადახდის დანიშნულების გრაფაში მითითებულია არა სადავო ინვოისები, არამედ - სხვები, ხოლო გადახდის იმ დოკუმენტებში, რომლებზე მითითებითაც მოსარჩელე განმარტავდა, რომ ამ კონკრეტული გადახდებით სადავო დავალიანების ნაწილი დაფარა მოპასუხემ, მითითებულია დანიშნულებად არა ინვოისები, არამედ - „იჯარის გადასახადი“ და გადახდილია შემდეგი თანმიმდევრობით: 2012 წლის 25 იანვარს - 16 000 ევრო, 2012 წლის 29 მარტს - 16 000 ევრო და 2012 წლის 14 ივნისს - ასევე 16 000 ევრო, ხოლო N047405 ინვოისი გამოწერილია 2012 წლის 23 ივლისს, N047456 ინვოისი - 2012 წლის 12 ოქტომბერს. აღნიშნული დოკუმენტების მიხედვით არ შეიძლება დადასტურდეს მოპასუხის მიერ ზედმეტად ნამუშევარი საათების ღირებულების გადახდის ფაქტი, ვინაიდან ჯერ გადახდებია შესრულებული, შემდეგ კი სადავო ინვოსიებია გამოწერილი, ზეგანაკვეთური სამუშაოს ღირებულების წინსწრებით გადახდა კი აზრს მოკლებული იქნებოდა მოპასუხის მხრიდან;

5.3.3.ვინაიდან მოპასუხე არ აღიარებს მოსარჩელის მიერ ცალმხრივად შედგენილ დოკუმენტებს, ხოლო დამატებითი სამუშაოების შესრულების ფაქტი სარწმუნო მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა, საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია 167 687,08 ევროს ღირებულების ზეგანაკვეთური სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით. ვინაიდან მოპასუხეს ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან გადახდილი აქვს 822 727,99 ევრო და მოპასუხემ სარჩელი მხოლოდ 3000 აშშ დოლარისა და 77 062,08 ევროს ნაწილში ცნო, ხოლო ზეგანაკვეთური სამუშაოების არსებობა მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 77 062,08 ევროსა და 3000 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა (იხ. გადაწყვეტილება: ტ.1.ს.ფ.166-176).

6. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

6.1. გამქირავებელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და, ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (იხ. სააპელაციო საჩივარი - ტ.2, ს.ფ. 197-211).

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 აპრილის განჩინებით გამქირავებლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

7.2. სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრით გამქირავებელს სადავოდ არ გაუხდია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მითითებული უდავო და დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები (იხ. გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.1.1.-3.2.1 პუნქტები), შესაბამისად, ისინი, როგორც უდავო ფაქტობრივი გარემოებები, სააპელაციო სასამართლომაც გაიზიარა;

7.3. სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტის არსებითი პრეტენზია (შედავება) ემყარებოდა იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გაზიარებული არ იქნა მისი პოზიცია ხელშეკრულებით გათვალისწინებული დამატებითი სამუშაოების შესრულებისა და ამ სამუშაოებიდან წარმოშობილი დავალიანების გადაუხდელობის შესახებ, რაც აპელანტის მოსაზრებით, საქმეში წარდგენილი #047405 და #047456 ინვოისებით, მოწმეთა ჩვენებებითა და თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტებით დასტურდებოდა;

7.4. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა გამქირავებლის სააპელაციო პრეტენზია და დაასკვნა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დამატებით საათებში სამუშაოების შესრულებისა და მისგან წარმოშობილი ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტობრივი გარემოება საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა;

7.5. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

7.6. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ზემოხსენებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივ გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი უთითებენ მათ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, არა მარტო მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ - მოპასუხეცაა ვალდებული დაამტკიცოს, მის მიერ შესაგებელში მითითებული გარემოებები;

7.7. განსახილველ შემთხვევაში, გამქირავებლის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებიდან გამომდინარე (რაც მოიცავს, როგორც კონკრეტულად გაწერილ ვალდებულებებს, ასევე - დამატებით საათებში შესრულებულ სამუშაოებს) მოპასუხისათვის 244 749,16 ევროს და 3000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრებას. 3000 აშშ დოლარისა და 77 262,08 ევროს ნაწილში მოპასუხემ ცნო სარჩელი, ხოლო მოთხოვნის დარჩენილ ნაწილთან დაკავშირებით, რაც გამოწერილია #247405 [7226 ევროზე] და #047456 [160 461,08 ევროზე] ინვოისებით (იხ.ტ.1, ს.ფ. 76-77, 327-328, 361), დამქირავებელმა განმარტა, რომ მას დამატებით სამუშაო საათებში ინვოისებში მითითებული ღირებულების სამუშაოები არ მიუღია. შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, დამქირავებლის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა ფაქტების დამტკიცება, რომ მან მოპასუხის სასარგებლოდ დამატებით სამუშაო საათებში 176 687,08 ევროს ღირებულების სამუშაოები შეასრულა;

7.7.1.დამატებით სამუშაო საათებში სამუშაოს შესრულების ფაქტის დადასტურების მიზნით მოსარჩელემ (გამქირავებელმა) წარადგინა სამუშაოს აღრიცხვის უწყისები, თუმცა, ამ მტკიცებულებების შეფასებისას, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული დოკუმენტები ხელმოწერილია თავად მოსარჩელის მიერ და ისინი არ შეიცავს მოპასუხის უფლებამოსილი წარმომადგენლის დასტურს, რომ ამ უკანასკნელმა დოკუმენტში მითითებული სამუშაო მიიღო;

7.7.2. აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტების გარდა მოსარჩელე სადავო გარემოების დადასტურებას მოწმეთა ჩვენებებითაც შეეცადა. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებისაგან განსხვავებით, რომლებიც თავისი შინაარსით, ფორმით ან თვისებებით წარმოადგენენ მტკიცებულებას და ამ მხრივ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის მიღების ობიექტურ წყაროდ მიიჩნევიან, მოწმის განმარტება უფრო კრიტიკულად უნდა შეფასებულიყო. თითოეული მოწმე ინდივიდია განსხვავებული პიროვნული თვისებებით, მეხსიერებით, აღქმისა და გადმოცემის უნარით, ემოციურობით თუ ინტერესებით, რაც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ იმახსოვრებს პირი ამა თუ იმ მოვლენას და როგორ გადმოსცემს მას. გასათვალისწინებელია ასევე გარემო ფაქტორები და მოწმის პირადი ინტერესი განვითარებული მოვლენებისადმი. მართალია, მოწმე, როგორც წესი, არ არის სამართლებრივი თვალსაზრისით დაინტერესებული პირი, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ მას ჰქონდეს საქმის გადაწყვეტის შედეგით სხვაგვარი დაინტერესება, რაც შეიძლება განპირობებული იყოს ერთ-ერთ მხარესთან მეგობრული, მტრული ურთიერთობით, სიმპათიითა და ანტიპათიით, სამსახურებრივი ურთიერთკავშირებით. ყოველივე აღნიშნული, ცხადია, თავისთავად არ განაპირობებს მოწმის ჩვენების მტკიცებულებითი მნიშვნელობის დაკარგვას, მაგრამ იძლევა მისი კრიტიკული შეფასების საფუძველს;

7.7.3. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიერ წარდგენილი, ზემოხსენებული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე სასამართლომ არ გაიზიარა მტკიცება, რომ მოპასუხის სასარგებლოდ დამატებით სამუშაო საათებში 176 687,08 ევროს ღირებულების სამუშაოები შეასრულა გამქირავებელმა, ამ გარემოების დადასტურებულად მიჩნევის მიზნებისთვის სასამართლო ვერ დაეყრდნობოდა მხოლოდ მოსარჩელესთან დასაქმებული პირების განმარტებას.

7.8. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ სწორედ მოპასუხის მიერ წარდგენილი თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტებით დასტურდებოდა სადავო სამუშაოების ღირებულების ნაწილობრივ გადახდის ფაქტი და ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის მიერ გამოწერილ ინვოისებზე (იხ. ამ განჩინების 5.2.2 ქვეპუნქტი).

7.8.1. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების დასადასტურებლად მოპასუხემ წარადგინა შემდეგი დოკუმენტები: საგადასახადო დავალება #0 – 30 000 ევრო, დანიშნულება - ინვოისი #047477 - ს.ფ. 153; საგადასახადო დავალება #1 – 30 000 ევრო, დანიშნულება - ინვოისი #047424 - ს.ფ. 154; საგადასახადო დავალება #0 – 30 000 ევრო, დანიშნულება - ინვოისი #047424 - ს.ფ. 155; გადარიცხვის დოკუმენტი - 16 000 ევრო, დანიშნულება - ინვოისი #047341 - ს.ფ. 216; გადარიცხვის დოკუმენტი - 16 000 ევრო, დანიშნულება - ინვოისი #047387 - ს.ფ. 219; გადარიცხვის დოკუმენტი - 32 727,99 ევრო, დანიშნულება - ინვოისი #047442 - ს.ფ. 222; გადარიცხვის დოკუმენტი - 16 000 ევრო, დანიშნულება - ანგარიშფაქტურის ნომერი 1007-2011 (თარიღი 05.01.2012) – ს.ფ. 225; გადარიცხვის დოკუმენტი - 16 000 ევრო, დანიშნულება - ანგარიშფაქტურის ნომერი 1005-2011 (თარიღი 07.02.2012), იჯარის გადასახადი – ს.ფ. 228; გადარიცხვის დოკუმენტი - 16 000 ევრო, დანიშნულება - 1007-2011 (თარიღი 21.04.2012), იჯარის გადასახადი) – ს.ფ. 231; გადარიცხვის დოკუმენტი - 100 000 ევრო, დანიშნულება - ანგარიშფაქტურები #047299; 047300; 047345; 047406; 047435– ს.ფ. 234; გადარიცხვის დოკუმენტი - 140 000 ევრო, დანიშნულება - მძიმე ტვირთის ამწეკრანის იჯარის ხელშეკრულება (თარიღი 08.06.2012) – ს.ფ. 249; გადარიცხვის დოკუმენტი #047441– ს.ფ. 252;-140 000 ევრო, დანიშნულება - ანგარიშფაქტურა; გადარიცხვის დოკუმენტი #047424– ს.ფ. 255;-140 000 ევრო, დანიშნულება - ანგარიშფაქტურა; გადარიცხვის დოკუმენტი # 047435– ს.ფ. 273;-100 000 ევრო, დანიშნულება - ანგარიშფაქტურა;

7.8.2. სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა ის გარემოება, რომ თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტით, გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი სამისა: 1. გადარიცხვის დოკუმენტი - 16 000 ევრო, დანიშნულება - ანგარიშფაქტურის ნომერი 1007-2011 (თარიღი 05.01.2012) – ს.ფ. 225; 2. გადარიცხვის დოკუმენტი - 16 000 ევრო, დანიშნულება - ანგარიშფაქტურის ნომერი 1005-2011 (თარიღი 07.02.2012), იჯარის გადასახადი – ს.ფ. 228; 3. გადარიცხვის დოკუმენტი - 16 000 ევრო, დანიშნულება - 1007-2011 (თარიღი 21.04.2012), იჯარის გადასახადი) – ს.ფ. 231; თანხის გადახდები შესრულებული იყო შესაბამისი დანიშნულებით, კერძოდ, კონკრეტული ინვოისების ნომრების მითითებით, რაც იძლეოდა დასკვნის საფუძველს, რომ გადახდისას შემსრულებელს სწორედ გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული ინვოისებით გათვალისწინებული თანხის გადახდა სურდა. რაც შეეხება გადახდის იმ დოკუმენტებს, რომლებშიც არ არის მითითება მოსარჩელის მიერ გამოწერილ ინვოისებთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ არც ერთი მათგანი არ შეიცავდა მითითებას, რომ გადამხდელს სადავო ინვოისებით გათვალისწინებული ვალდებულების დაფარვა სურდა, ამასთან, საყურადღებოა, რომ ამ დოკუმენტების მიხედვით, გადახდები შესრულებულია რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე მოსარჩელე სადავო სამუშაოებთან დაკავშირებით შესაბამის ინვოისებს გამოწერდა.

7.9. ზემოხსენებული მოტივაციით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი.

8. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი

8.1. გამქირავებელმა საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (საკასაციო საჩივრის ფასი განსაზღვრულია 435 986 ლარით; იხ. საკასაციო საჩივარი - ტ.2, ს.ფ.281-293).

9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

9.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ნოემბრის განჩინებით გამქირავებლის საკასაციო განაცხადი დასაშვებად იქნა ცნობილი არსებითად განსახილველად სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო ამავე სასამართლოს 2018 წლის 9 თებერვლის განჩინებით დადგინდა საქმის ზეპირი მოსმენა მხარეთა მონაწილეობით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის არსებითად განხილვის, მხარეთა პოზიციების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგი არგუმენტაციით:

10. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის პრეტენზიები დაუსაბუთებელია.

11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

12. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეულია ყველა ის მტკიცებულება და ფაქტობრივი გარემოება, რომელიც საჭიროა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.

12. 1. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე საქმის განხილვისას მხარეთა პოზიციების შემოწმების მიზნით, უწინარესად, ის უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა შორის არსებული ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნა (სსკ-ის 629-ე მუხლი). ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების შეფასება, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებები შერეული ტიპისაა, გასაზიარებელია, თუმცა, სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის მოძიება და შესაბამისი წინაპირობების განხორციელების დადგენა მნიშვნელოვანია სამართლებრივი შეფასებისათვის, აღნიშნული კი სასამართლოს პრეროგატივაა და საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს: „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ-ები: # ას-1529-1443-2012, # ას-973-1208-04; # ას-664-635-2016),

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის სადავოა მენარდის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოების შესრულებისათვის ამ უკანასკნელისათვის შემკვეთის მხრიდან გადასახდელი თანხის დასაბუთებულობა, რადგან მხარეთა შორის გაფორმებული ოთხი ხელშეკრულება, კონკრეტული მაღალი შესაძლებლობების მქონე ამწეს (მისი ტონაჟის) დაქირავებისათვის ითვალისწინებდა სტანდარტულ სამუშაო განრიგსა და საათობრივ ანაზღაურებას, რაც ნებისმიერ შემთხვევაში, იმუშავებდა თუ არა მენარდის ოპერატორი შემკვეთთან, ამ უკანასკნელს უნდა აენაზღაურებინა სტანდარტული სამუშაოს შესაბამისად.

13.1. საკასაციო სასამართლოს სხდომაზე კასატორმა აღნიშნა, რომ მოპასუხემ მარტივი შესაგებელი წარადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი კვალიფიციურად არ შეედავა მოსარჩელეს. თავის მხრივ, მოპასუხის (შემკვეთის) წარმომადგენელმა განმარტა, რომ, გარდა მხარის მიერ წარდგენილი შესაგებლისა, რომელშიც შედავებულია ზეგანაკვეთური სამუშაოების შესრულება და აქედან გამომდინარე შემკვეთის მიერ შესასრულებელი ვალდებულება, ამ უკანასკნელმა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე სადავო გახადა ყველა ის ინვოისი თუ მტკიცებულება, რომელზედაც საკუთარ მოთხოვნას ამყარებდა მოსარჩელე.

13.1.1. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს სსსკ-ის 201-ე მუხლით დადგენილ მოწესრიგებაზე, რომელიც მოპასუხის მიერ წარდგენილი შესაგებლის შინაარსს განსაზღვრავს. დასახელებული ნორმა ადგენს „მოპასუხის საპროცესო თავდაცვის ძირითადი ინსტრუმენტის - შესაგებლის ინსტიტუტს და ნორმის მე-4 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრულია, რომ პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები. მოპასუხე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა“ (იხ. სუსგ # ას-1067-1026-2016, 23.06.2017წ; შდრ. სუსგ-ებს: #ას-845-789-2017, 22.122017წ; #ას-679-633-2017, 05.12.2017წ; #ას -842-786-2017, 20.10.2017წ; #ას-979-911-2017წ>).

14. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიის პასუხად მიუთითებს საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 მარტის მოსამზადებელი სხდომის ოქმზე, იმავე წლის 29 აპრილის მოსამზადებელი სხდომის ოქმზე, იმავე წლის 30 სექტემბრის მოსამზადებელი სხდომის ოქმზე, რომლებითაც დასტურდება, რომ მოპასუხემ საქმის არსებითად განხილვამდე ისარგებლა საკუთარი საპროცესო უფლებით და სადავო გახადა ინვოისი # 047456, რომლის საფუძველზეც მენარდემ შემკვეთისაგან მოითხოვა 160 461, 08 ევროს ანაზღაურება და # 047405 ინვოისი, რომლის თანახმად მოსარჩელემ მოითხოვა მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 7226 ევროს ანაზღაურება;

14.1. მოპასუხემ იმაზეც გაამახვილა ყურადღება პირველი ინსტანციის სასამართლოში (რაც საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზეც გაიმეორა), რომ საქმის მასალებში ორი ინვოისი იყო მენარდის მიერ გამოწერილი იდენტური თანხის 160 461, 08 ევროს მითითებით, რომელთა სარწმუნოობა საეჭვო იყო, რადგან თეორიულადაც კი გამორიცხული იყო, რომ მენარდის მითითებით ოპერატორებს ზეგანაკვეთურად ემუშავათ იმგვარად, რომ ზუსტად ერთი და იგივე /სათებში, წუთებსა და წამებში/ დამატებითი დრო დასჭირვებოდათ;

15. საკასაციო სასამართლო, ასევე, ყურადღებას გაამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 30 სექტემბრის სხდომის ოქმზე /15:25:46-დან/, სადაც მოსამართლის შეკითხვის პასუხად შემკვეთმა (მოპასუხემ) განმარტა, რომ იგი არ აღრიცხავდა ზეგანაკვეთურ სამუშაოებს, რადგან მას არ ევალებოდა აღნიშნული, სტანდარტული სამუშაოებისათვის გათვალისწინებული თანხა დადგენილი იყო ხელშეკრულებებით, ხოლო ზეგანაკვეთური სამუშაოების შესრულება მოსარჩელეს (მენარდეს) უნდა აღერიცხა.

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნიდან და დავის საგნიდან (იხ. წინამდებარე განჩინების მე-13 პუნქტი) გამომდინარე, ცხადია, რომ ზეგანაკვეთური სამუშაოების შესრულების გამო სპეციალური ტექნიკის დამატებით საათებში მუშაობის დამტკიცების ვალდებულება მოსარჩელეს (კასატორს) ეკუთვნოდა, რაც მან ვერ შეძლო სამართლებრივად ვარგისი და წონადი მტკიცებულებებით. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მსჯელობა და დასკვნები მხარეთა მტკიცების ტვირთის საპროცესო ვალდებულების შესრულების, მოსარჩელის მიერ მოწვეულ მოწმეთა (სპეციალურ ტექნიკაზე მომუშავე ოპერატორთა - მ. ს-ისა და ა. ი-ის ჩვენებები საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის მთავარ სხდომაზე /16:28:12-დან/, რომელიც საკასაციო სასამართლომაც მოისმინა) განმარტებები არ ქმნის იმ დასაბუთებული ვარაუდის დაშვების შესაძლებლობას, რომ მენარდემ ზეგანაკვეთური სამუშაოები შეასრულა და შემკვეთს მისთვის გადასახდელი დარჩა თანხის გარკვეული ნაწილი;

16.1. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების (სსსკ-ის 407-ე მუხლი) სამართლებრივი შეფასებისას, საკასაციო სასამართლომ, საქმეში მოთავსებული მტკიცებულებების შემოწმებისას, იმასაც მიაქცია ყურადღება, რომ მენარდის (მოსარჩელის) მიერ შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაოების დამტკიცების მიზნით წარდგენილი უწყისები, რომელთა შესახებ უთითებს და სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად შეფასებას მოითხოვს კასატორი, არადამაჯერებელი და არასარწმუნოა არა მხოლოდ იმიტომ, რომ მას ცალმხრივად აწერენ ხელს მენარდის ოპერატორები, არამედ იმიტომაც, რომ 2012 წლის სექტემბერში ზეგანაკვეთური მუშაობის ცხრილში დამატებით ნამუშევარი საათები მითითებულია 298 (1 საათი ანაზღაურდება 538, 46 ევროთი), სტანდარტული 260 საათისათვის 140 000 ევროა გათვალისწინებული, ჯამში - მითითებულია 160 461,08 ევრო (იხ. ტ.1, ს.ფ.325-326), ხოლო 2012 წლის აგვისტოში ზეგანაკვეთური მუშაობის ცხრილში დამატებით ნამუშევარი საათები მითითებულია 285 (1 საათი ანაზღაურდება 538, 46 ევროთი), სტანდარტული 260 საათისათვის 140 000 ევროა გათვალისწინებული, ჯამში - მითითებულია 160 461,08 ევრო (იხ. ტ.1, ს.ფ.349-350), რაც აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ 2012 წლის სეტქმბერში თუკი ზეგანაკვეთური სამუშაოები 298 საათს შეადგენდა, ხოლო იმავე წლის აგვისტოში იგივე სახის სამუშაოები 285 საათით განისაზღვრა (13 საათით ნაკლები იყო), მაშინ ჯამურად, ორივე თვეში 160 461,08 ევროს მენარდისათვის გადახდის ვალდებულება არ წარმოეშობოდა შემკვეთს. შესაბამისად, მოწმეთა განმარტებებით, ასევე, ცალმხრივად შედგენილი უწყისების მეშვეობით, როგორც არასაკმარისი და არასარწმუნო მტკიცებულებებით, მოსარჩელემ ვერ შეძლო საკუთარი მოთხოვნის საფუძვლიანობის დასაბუთება.

16.2. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ არ გამოიკვლია ინვოისების გამოწერისა და მათზე მითითებით, მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოებისათვის შემკვეთის მიერ განხორციელებული გადახდების ქრონოლოგია და ამ გადახდების რეალური დანიშნულება /რიგ შემთხვევაში მხარეებს ეშლებათ ინვოისის ნომრები და ამას მოპასუხე მხარეც ადასტურებდა ქვემდგომ ინსტანციაში სასამართლო სხდომებზე. კასატორის მტკიცებით, იმ გადახდებით, რომლებშიც დანიშნულება დაზუსტებული არაა, მოპასუხემ ნაწილობრივ დაფარა სადავო ზეგანაკვეთური სამუშაოების ღირებულება/, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხეს არ უღიარებია, რომ მან # 047456 და # 047405 ინვოსიების საფუძველზე რაიმე თანხა (თუნდაც ნაწილობრივ) გადაიხადა, მეტიც, ის არ ადასტურებს ამ ინვოისებში მითითებული სამუშაოების მიღებას;

16.2.1. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე სადავო ინვოისებში ასახული ზეგანაკვეთური სამუშაოების შესრულების ნამდვილობას ობიექტურად ვერ ადასტურებს, სამართლებრივ მნიშვნელობას არის მოკლებული იმის გამოკვლევა, სხვა გადახდები როდის, რა ქრონოლოგიით და რომელი ვადამოსული ვალდებულების სასარგებლოდ შესრულდა. საქმეში წარმოდგენული ყველა გადახდის შესწავლა უსაფუძვლოა რადგან მოსარჩელე 14 გადახდიდან მხოლოდ 3 მათგანზე დავობს, როგორც მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების განმაპირობებელ მტკიცებულებაზე;

16.2.2. დასკვნის სახით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც არ დასტურდება თავად ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების ფაქტი, მატერიალური და მტკიცებითი მნიშვნელობა არ გააჩნია შედავებას იმაზე, რომ სასამართლომ არ გამოიკვლია მოპასუხის მიერ განხორციელებული თითოეული გადახდის ქრონოლოგია და მიზნობრიობა. „...მოცემულ შემთხვევაში სადავოა მოსარჩელის მიერ წარმოებული სამუშაოების ღირებულება და მისი დადასტურების წესი. შესაბამისად, დავის მონაწილე მხარეთა მიზანს წარმოადგენდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი მტკიცების სტანდარტის საფუძველზე იმ გარემოებების სარწმუნოდ და სათანადო მტკიცებულებებით დადასტურების ვალდებულება, რომლებზეც ისინი თავის პოზიციას აფუძნებდნენ, ვინაიდან სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმების ანალიზის შესაბამისად, სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი“ (იხ. სუსგ# ას-386-359-2017, 28.04.2017წ; შდრ. სუსგ-ებს: # ას-939-879-2017, 29.09.2017წ; #ას-719-672-2017, 19.07.2017წ; #ას-625-593-2017< 07.07.2017წ; #ას-746-714-2016, 08.05.2016წ.).

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 85.3-ე მუხლით გარანტირებულია სამართალწარმოების განხორციელება მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საწყისებზე, რაც, ასევე, ასახულია სსსკ-ის მე-4 და მე-5 მუხლებში, ამასთან, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მხარეები თავად წარუდგენენ სასამართლოს მტკიცებულებებს, რომლებსაც ეფუძნება მათი მოთხოვნა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ (სსსკ-ის 105-ე მუხლი), რაც იმას ნიშნავს, რომ მხარისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას განაპირობებს შეჯიბრებითობა, რომელიც მხარის არა მარტო დისპოციზიციური უფლებაა, არამედ - საპროცესო ვალდებულებაც. განსახილველ შემთხვევაში კასატორმა სამართლებრივად წონადი მტკიცებულებებით ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები, რაც საკასაციო განაცხადის დაკმაყოფილების უარყოფისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს " S-''-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 აპრილის განჩინება;

3. კასატორის მიერ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე