საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-907-847-2017 9 თებერვალი, 2018 წელი, ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. ჩ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ხ-ი, თ. ჩ-ე, დ. ჩ-ე, გ. ჩ-ე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისისა და 3 ივლისის განჩინებები
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა და თანამესაკუთრედ აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით მ. ჩ-ის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, განმცხადებელი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი მ. ხ-ის, თ. ჩ-ის, დ. ჩ-ისა და გ. ჩ-ის მიმართ, სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობისა და სამკვიდრო ქონების თანამესაკუთრედ აღიარების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 მაისის განჩინებით აპელანტის საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 ოქტომბრის განჩინებაზე, დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
4. 2017 წლის 12 ივნისს კასატორმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
5. 2017 წლის 13 ივნისს კასატორმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და განმარტა, რომ განცხადების ადრესატი შეეშალა, რის გამოც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაგზავნა იშუამდგომლა (იხ. ამ განჩინების მე-4 პუნქტი).
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისის განჩინებით მოსარჩელის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, დარჩა განუხილველი.
7. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 421.1-ე, 422-ე, 423-ე, 424-ე მუხლებით და განმარტა, რომ განახლება დასაშვებია მხოლოდ ისეთ საქმეებზე, რომელთა წარმოება დამთავრებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება. შესაბამისად, მხარე უფლებამოსილია მიმართოს პირველი ინსტანციის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
8. 2017 წლის 28 ივნისს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ამავე სასამართლოს 2017 წლის 15 ივნისის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება იმ საფუძვლით იშუამდგომლა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 ივნისის განჩინებაში აღნიშნულია, რომ აპელანტმა 13 ივნისს მიმართა სააპელაციო სასამართლოს და 12 ივნისის განცხადების თბილისის საქალაქო სასამართლოში განსახილველად გადაგზავნა მოითხოვა, სინამდვილეში კი 2017 წლის 13 ივნისის განცხადებაში მოსარჩელე აღნიშნავდა: „ვინაიდან შემეშალა ადრესატი, გთხოვთ ზემოთ აღნიშნული განცხადება გადააგზავნოთ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში“.
9. 2017 წლის 28 ივნისს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა იშუამდგომლა, რადგან სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 ივნისის განჩინებით სასამართლო ხარჯების საკითხი გადაწყვეტილი არ არის, განმცხადებლის მიერ წარდგენილი ამონაწერი სოციალურად დაუცველთა სიიდან კი ვადაგასულია (იხ. ამ განჩინების მე-6 პუნქტი).
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ივლისის განჩინებით მოსარჩელის განცხადება, უსწორობის გასწორების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა (იხ. ამ განჩინების მე-8 პუნქტი).
11. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 15 ივნისის განჩინებაში რაიმე შეცდომა ან უზუსტობა არ დაშვებულა, რაც წარმოდგენილი განცხადების დაკმაყოფილებას გამორიცხავდა.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ივლისის განჩინებით მოსარჩელის განცხადება, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა (იხ. ამ განჩინების მე-9 პუნქტი).
13. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 37-ე, 261-ე, 53-ე მუხლებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ სასამართლოს თავისი მიზეზით საპროცესო ხარჯების საკითხის გადაწყვეტა მხედველობიდან არ გამორჩენია. განმცხადებელს სახელმწიფო ბაჟი არ გადაუხდია, განცხადება კი განუხილველად იქნა დატოვებული, რის გამოც საპროცესო ხარჯის განაწილებისა და, შესაბამისად, განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 ივნისის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა განმცხადებელმა მისი გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით (იხ. ამ განჩინების მე-6 პუნქტი).
15. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მას შეეშალა ადრესატი, როდესაც საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა, თუმცა, მან აცნობა კიდეც ამის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს, ასევე განცხადება დაწერა თბილისის საქალაქო სასამართლოში და გამოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი განცხადება. განმცხადებლის მოსაზრებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნაჩქარევად მიიღო განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე.
16. განცხადების ავტორმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 3 ივლისის, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის გამოტანაზე უარის თქმის თაობაზე, განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და, ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების, განცხადების თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაგზავნის მოთხოვნით (იხ. ამ განჩინების მე-12 პუნქტი).
17. მოსარჩელის მითითებით მოსამართლემ გვერდი აუარა განმცხადებლის მთავარ მოთხოვნას და კანონთან შეუსაბამოდ მიიღო აღნიშნული განჩინება.
18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 14 და 31 ივლისის განჩინებებით განმცხადებლის კერძო საჩივრები მიღებულ იქნა განსახილველად.
19. კერძო საჩივრების განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე, 2018 წლის 9 თებერვალს, რის თაობაზეც 2018 წლის 5 თებერვალს ეცნობა მხარეებს. 2018 წლის 8 თებერვალს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კერძო საჩივრის ავტორმა და იშუამდგომლა საქმის განხილვა სხვა დროისათვის გადადებულიყო, ასევე, საქმე განხილულიყო ზეპირი მოსმენით. განმცხადებლის განმარტებით მას წერილობითი თანხმობა არ მიუცია სასამართლოსათვის სსსკ-ის 373-ე, 376-ე, 3761-ე მუხლების იმპერატიული მოთხოვნის საფუძველზე, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრების საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
20. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
21. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
22. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ამ განჩინების მე-7 პუნქტში ასახულ სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობას და დამატებით განმარტავს, რომ სსსკ-ის 424-ე მუხლის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება. თუ განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ეხება ერთსა და იმავე საქმეზე რამდენიმე სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილებას (განჩინებას), მაშინ იგი შეტანილ უნდა იქნეს მათ შორის ყველაზე ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში.
23. მოხმობილი ნორმის ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ განსახილველ შემთხვევაში განსჯადობის წესი დარღვეულია. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 მაისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 ოქტომბრის განჩინების უცვლელად დატოვებას გულისხმობს, რომლითაც, თავის მხრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. სსსკ-ის 264-ე მუხლის თანახმად, 2015 წლის 29 მაისს, კანონიერ ძალაში შევიდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც განმცხადებლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
24. ამ განჩინების 22-23-ე პუნქტებში დასახელებული ნორმებისა და მსჯელობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა მოსარჩელის 2017 წლის 12 ივნისის განცხადება განუხილველად, როგორც არაგანსჯადმა სასამართლომ (იხ. სუსგ ზ-19-ბ-1-2018, 18.01.2018 წ.).
25. რაც შეეხება განმცხადებლის პრეტენზიას 2017 წლის 12 ივნისის განცხადების საქალაქო სასამართლოში გადაგზავნასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით განსჯად სასამართლოს იმან უნდა მიმართოს, ვინც საქმის წარმოების განახლებას ითხოვს. ის ფაქტი, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის განცხადება განუხილველად დატოვა, განსჯადობის წესის დარღვევის გამო, განმცხადებელს არ ართმევს უფლებას იმავე განცხადებით განსჯად სასამართლოს მიმართოს (სსსკ-ის 278-ე მუხლი).
26. მოსარჩელის მეორე კერძო საჩივართან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ამ განჩინების მე-13 პუნქტში ასახულ სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობას და აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველ ნაწილში ჩამოთვლილია ის შემთხვევები, თუ როდის უნდა მიიღოს სასამართლომ დამატებითი გადაწყვეტილება. მოცემულ საქმეში არ არსებობს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება, რადგან სააპელაციო სასამართლოს საპროცესო ხარჯების განაწილების საკითხი მხედველობიდან არ გამორჩენია (იხ. ამ განჩინების მე-9 და მე-13 პუნქტები).
27. კერძო საჩივრის ავტორის 2018 წლის 8 თებერვლის განცხადებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განხილვის თარიღის განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს საქმის მომზადების და იმ ვადების გათვალისწინებით, რაც საპროცესო კანონმდებლობითაა გათვალისწინებული. ამისათვის სასამართლოს მხარეთა წინასწარი წერილობითი ნებართვა არ სჭირდება, კანონით ამგვარი დათქმა დადგენილი არ არის. სსსკ-ის 215-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული, მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს მოთხოვნა და მისი არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან. კერძო საჩივრის ავტორს დასაბუთებული შუამდგომლობა არც საქმის განხილვის გადადების და არც საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ არ წარმოუდგენია, რაც ამ შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. სსსკ-ის 408-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს.
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 ივნისისა და 3 ივლისის განჩინებები კანონიერია, ხოლო კერძო საჩივრები დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ჩ-ის შუამდგომლობა, საქმის განხილვის გადადების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. მ. ჩ-ის შუამდგომლობა, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
3. მ. ჩ-ის კერძო საჩივრები, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისისა და 3 ივლისის განჩინებებზე, არ დაკმაყოფილდეს;
4. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისისა და 3 ივლისის განჩინებები;
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე