Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1239-1159-2017 26 იანვარი, 2018 weli,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი– ლ. ვ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ჩ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ლ. ვ-მა (შემდეგში: მოპასუხე, მარწმუნებელი, კლიენტი, ან კასატორი), 2015 წლის 19 მარტს, ნ. ჩ-ეს (შემდეგში: მოსარჩელე, რწმუნებული, ადვოკატი ან აპელანტი) N150265666 მინდობილობა (შემდეგში: მინდობილობა) გაუფორმა, რომლითაც კლიენტმა ადვოკატს მიანიჭა უფლება ყოფილიყო მისი წარმომადგენელი ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირის წინაშე, ეწარმოებინა მისი სახელით სამოქალაქო და/ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეები პირველი ინსტანციის, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლო ორგანოებში, არბიტრაჟსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში, ყველა იმ უფლებით, რაც კანონით მინიჭებული აქვს მოსარჩელეს, მოპასუხეს, მესამე პირს და დაზარალებულს (იხ. მინდობილობა, ტ. I, ს.ფ. 18).

2. მინდობილობის საფუძველზე ადვოკატი კლიენტის ინტერესებს წარმოადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო საქმეზე, სადაც მოსარჩელე იყო განსახილველი დავის მოპასუხე, მისი პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) კი - შპს „ც-ი“, დავის საგანი - თანხის დაკისრება (ტ. I, ს.ფ. 18, 29-67).

3. ადვოკატს, 2014 წლის 28 ივლისის N 06 ორდერის საფუძველზე მიენიჭა უფლება დაეცვა, კლიენტის, როგორც დაზარალებულის, ინტერესები წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოში. აღნიშნული ორდერის საფუძველზე, ადვოკატი გაეცნო საქმის მასალებს (იხ. ორდერი, ტ. I, ს.ფ. 17, გადაწყვეტილება, ტ. I, ს.ფ. 130).

4. კლიენტი (მოსარჩელე) და ადვოკატი (მოპასუხე) იურიდიული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე ზეპირად შეთანხმდნენ.

5. კლიენტისათვისს გაწეული მომსახურებისათვის ადვოკატს, გასამრჯელოს სახით, 500 (ხუთასი) ლარი აქვს მიღებული.

6. სარჩელის საფუძვლები

6.1. ადვოკატმა 2016 წლის 1 აგვისტოს სარჩელი აღძრა კლიენტის წინააღმდეგ და მოითხოვა იურიდიული მომსახურების ღირებულების 9 000 (ცხრა ათასი) ლარის დაკისრება.

6.2. მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის ივნისში კლიენტმა (მოპასუხემ) ადვოკატს იურიდიული მომსახურების გაწევა და მისი ინტერესების დაცვა სთხოვა შპს „ც-ის“ წინააღმდეგ არსებულ დავაში. მარწმუნებელმა ზეპირი შეთანხმების საფუძველზე იკისრა ვალდებულება, რწმუნებულისათვის იურიდიული მომსახურება, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის 3000 (სამი ათასი) ლარის, ხოლო საქმის მოგებით დასრულების შემთხვევაში, მოგებული თანხის 2%-ის ოდენობით აენაზღაურებინა.

6.3. მოსარჩელის განმარტებით, იგი ნაკისრ ვალდებულებას ასრულებდა, კერძოდ, მან მოპასუხის ინტერესები თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიცვა, სარჩელის წარმოებაში მიღებიდან საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. აღნიშნული სარჩელი დაკმაყოფილდა და შპს „ც-ის“ კლიენტის სასარგებლოდ 62 000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. ამ უკანასკნელმა კი საკუთარ ადვოკატს შეთანხმებული იურიდიული მომსახურების ღირებულება არ აუნაზღაურა.

7. მოპასუხის შესაგებელი

7.1. მოპასუხემ მის მიერ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ ადვოკატი მის ინტერესებს თბილისის საქალაქო სასამართლოში იცავდა, მან სამ სასამართლო სხდომაში მიიღო მონაწილეობა. კლიენტმა ადვოკატს იურიდიული მომსახურების ღირებულება - 1150 (ათას ას ორმოცდაათი) ლარი აუნაზღაურა. მხარეები დამატებითი თანხის გადახდის თაობაზე არ შეთანხმებულან.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

8.2. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 317-ე, 709-ე, 710-ე მუხლებით და საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის თანხის დაკისრების თაობაზე დაუსაბუთებელია.

8.3. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს მისი მოთხოვნის მხარდასაჭერად სასამართლოსთვის არ წარუდგენია წერილობითი მტკიცებულება, თუმცა, ცალსახაა, რომ ადვოკატმა კლიენტს იურიდიული მომსახურება გაუწია. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე და მოპასუხე იურიდიული მომსახურების ღირებულების განსხვავებულ ოდენობაზე მიუთითებდნენ, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურება, მის მიერ დახარჯული დროისა და ადამიანური რესურსის მიხედვით, მიღებული ანაზღაურების - 500 ლარი ადეკვატური იყო.

9. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

9.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

9.2. აპელანტმა „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) მე-19 მუხლსა და სსკ-ის 709-ე მუხლზე დაყრდნობით განმარტა, რომ საფუძველს მოკლებულია საქალაქო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ ადვოკატის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურება დახარჯული დროისა და ადამიანური რესურსის მიხედვით მის მიერ მიღებული ანაზღაურების ადეკვატურია.

9.3. აპელანტის მითითებით, სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 393.2-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტების მოთხოვნები. კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. ამასთან, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი. გადაწყვეტილება იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

9.4. აპელანტის განმარტებით, ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის მეორე მხარისათვის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის წესი მოცემულია სსსკ-ის 53-ე მუხლში. სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სრულიად უსაფუძვლოა.

10. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

10.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 1 150 (ათას ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა დაეკისრა.

10.2. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 709-ე, 710-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ დავალების ზეპირი ხელშეკრულების დადებისას გასამრჯელოს კონკრეტულ ოდენობაზე ან მისი გამოთვლის წესზე შეუთანხმებლობა არ გულისხმობს მხარეთა შორის უსასყიდლო ურთიერთობის არსებობას. ამ მოსაზრების საწინააღმდეგოდ, ასეთ ვითარებაში სამოქალაქო კოდექსი ადგენს გასამრჯელოს განსაზღვრის კრიტერიუმებს.

10.3. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ იყო, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი იყო დავალების სახელშეკრულებო ურთიერთობა მარწმუნებლისათვის საადვოკატო მომსახურების გაწევის თაობაზე, რაც, როგორც წესი, მოსალოდნელია მხოლოდ გასამრჯელოს სანაცვლოდ. გასამრჯელო ჩაითვლება უსიტყვოდ შეთანხმებულად, თუ გარემოებათა მიხედვით მოქმედების შესრულება მხოლოდ გასამრჯელოთი არის მოსალოდნელი. ამ თავისებურებაზე მიუთითებს სსკ-ის 710-ე მუხლის მე-2 ნაწილი. თუმცა ამ გარემოების გაქარწყლება შესაძლებელია თვით დაინტერესებული პირის მიერ, თუ იგი დაადასტურებს, რომ სადავო ურთიერთობა გასამრჯელოს არ ითვალისწინებდა. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს (კლიენტს) არ მიუთითებია მასსა და მოსარჩელეს შორის უსასყიდლო დავალების ურთიერთობის არსებობის შესაძლებლობაზე.

10.4. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის (ადვოკატის) მიერ ვერ იქნა წარდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მხარეთა შორის შეთანხმებული საზღაურის ოდენობას, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში გასამრჯელოს ოდენობა თავად მოპასუხის მიერ სამოქალაქო საქმეზე გასამრჯელოს ოდენობად მითითებული 1150 ლარით უნდა განისაზღვროს.

10.5. ადვოკატმა დაადასტურა 500 ლარის მიღების ფაქტი, მის მიერ მოპასუხისთვის სისხლის სამართლის საქმეზე გაწეული მომსახურების საფასურის სახით. მოსარჩელე მის მიერ მითითებული გარემოებების დასტურად მიუთითებდა საქმეში წარდგენილ ორდერზე, რომელიც გაცემულია სწორედ სისხლის სამართლის საქმეზე, მოპასუხის ინტერესების დასაცავად წინასწარ გამოძიების ორგანოებსა და სასამართლოში. მოსარჩელის განმარტებით, იგი რამდენჯერმე შეხვდა სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელს, ორდერის საფუძველზე გაეცნო საქმის მასალებს და შემდეგ მარწმუნებლის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებაც აიღო (იხ. სარჩელი, ტ. I, ს.ფ. 2; 17.10.2016წ. სხდომის ოქმი, 12:16:18).

10.6. მოსარჩელის მითითებების საპირისპიროდ მოპასუხემ განმარტა, რომ მან 500 ლარი გადაიხადა სამოქალაქო საქმეზე გაწეული იურიდიული მომსახურების ღირებულების სახით, თუმცა, რაიმე მტკიცებულება, რაც ამ გარემოებას დაადასტურებდა მოპასუხეს არ წარუდგენია და ასეთის არსებობაზეც არ მიუთითებია. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით დგინდებოდა რწმუნებულის მონაწილეობა სისხლის სამართლის საქმეში გარკვეულ ეტაპზე, მასზე შესაბამისი ორდერის გაცემის ფაქტი და არ არსებობდა სხვა საწინააღმდეგო მტკიცებულება, მოპასუხის (კლიენტის) მიერ აღიარებული ფაქტის საფუძველზე დადგენილად მიიჩნეოდა, რომ ამ უკანასკნელმა 500 ლარი მისთვის სწორედ სისხლის სამართლის საქმეზე გაწეული მომსახურების საფასურის სახით გადაუხადა ადვოკატს.

10.7. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის მე-4, 102-ე, სსკ-ის 429.1-ე /კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი/, 361.2-ე /ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად დათქმულ დროსა და ადგილას/ მუხლებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა თავად მოპასუხის (კლიენტის) მიერ აღიარებული ოდენობით თანხის გადახდის ფაქტს, ამ უკანასკნელს არ წარუდგენია და ასეთის არსებობაზეც არ მიუთითებია.

10.8. ზემოხსენებული მოტივაციით სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დასაბუთებულად მიიჩნია ადვოკატის სარჩელი და დააკმაყოფილა იგი კლიენტისათვის 1150 ლარის დაკისრების ფარგლებში.

11. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

11.1. მოპასუხემ (კლიენტმა) საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება მისი გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

11.2. კასატორის განმარტებით, სახეზეა ადვოკატის არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება მისი კლიენტის (მოპასუხის) მიმართ. შპს „ც-ის“ წინააღმდეგ სასამართლო გადაწყვეტილება გამოტანილია 2015 წლის 14 ივლისს, ხოლო მოსარჩელემ კლიენტის წინააღმდეგ სარჩელით სასამართლოს 2016 წლის 2 აგვისტოს მიმართა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ადვოკატს არც ერთხელ არ მოუთხოვია კლიენტისათვის მომსახურების საფასურის გადახდა, არც ერთი წერილობითი მტკიცებულება ამის თაობაზე სასამართლოში არ წარუდგენია, არც სატელეფონო ზარი დაფიქსირებულა კასატორის ტელეფონის ნომერზე და ვერც დაფიქსირდებოდა იქიდან გამომდინარე, რომ კლიენტს სრულად ჰქონდა გადახდილი ადვოკატისათვის იურიდიული მომსახურების საფასური. კასატორისთვის მხოლოდ სარჩელის მიღების შემდეგ გახდა ცნობილი ის გარემოება, რომ მოსარჩელე (წარმომადგენელი) ხელახლა ითხოვდა მარწმუნებლისათვის იურიდიული მომსახურეობის საფასურის სახით არაგონივრული და ძალიან დიდი თანხის დაკისრებას.

11.3. კასატორის განცხადებით, მისთვის უცნობია, თუ რატომ წარადგინა ადვოკატმა ორდერი, როდესაც იგი მოპასუხის ადვოკატი სისხლის სამართლის საქმეზე არ ყოფილა. ორდერზე არსადაა დაფიქსირებული ადვოკატის ხელმოწერა და არც მომსახურების ხელშეკრულებაა წარდგენილი, ხოლო ასეთი ორდერის ამოწერა შეუძლია ნებისმიერ ადვოკატს და, მტკიცებულების სახით, მისი საქმეზე დართვა, თითქოს იმის დასადასტურებლად, რომ გამოძიების პროცესში ადვოკატი კლიენტის ინტერესებს იცავდა.

12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

12.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.

15. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი შედავება არ წარმოუდგენია.

16. ძირითადი საკასაციო პრეტენზია ეხება იმას, რომ კლიენტმა ადვოკატს შეთანხმებული საზღაური - 1150 ლარი გადაუხადა, მათ შორის - 500 ლარი, რისი მიღებაც მოსარჩელემ დაადასტურა კიდეც. ამასთან, მხარეები სხვა ანაზღაურებაზე არ შეთანხმებულან და არც სისხლის სამართლის საქმეში წარმოადგენდა რწმუნებული მარწმუნებელს.

17. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია საქმეში არსებული გარემოებები დადგენილად და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დავის გადაწყვეტისათვის საკვანძო საკითხებს.

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წინამდებარე განჩინების 9.2 ქვეპუნქტში დასახელებული სპეციალური კანონის მე-19 მუხლისა და სსკ-ის 710-ე მუხლის თანახმად, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს ზეპირი შეთანხმების საფუძველზე იურიდიული მომსახურება გაუწია, თუმცა, საქმის მასალებით არ დასტურდება მხარეთა მიერ შეთანხმებული საზღაურის ოდენობა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ იურიდიული მომსახურება სასყიდლიანი იყო, რადგან საწინააღმდეგოზე არც ერთი მხარეს მიუთითებია.

19. სპეციალური კანონი არ ადგენს საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებისათვის წერილობით ფორმას, შესაბამისად, დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ადვოკატ-კლიენტის შეთანხმება შესაძლებელია ზეპირიც იყოს და წერილობითიც.

20. სსკ-ის 327-ე მუხლის თანახმად ზეპირი და სასყიდლიანი დავალების ხელშეკრულების არსებობის დადასტურება გულისხმობს იმასაც, რომ მხარეები საზღაურის ოდენობაზეც შეთანხმდნენ, თუმცა, განსახილველ შემთხვევაში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება რა ოდენობის საზღაურზე (ჰონორარზე) შეთანხმდნენ მხარეები. აქედან გამომდინარე და დავის ლოგიკური გადაწყვეტის მისაღწევად სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოპასუხეს (კლიენტს) მოსარჩელისათვის (ადვოკატისათვის) 1 150 ლარი უნდა გადაეხადა. მხარეთაგან არც ერთს წარუდგენია მათ სარჩელსა და შესაგაბელში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მართებულად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს დასკვნები, რომ მხარეთა შორის არსებული დავალების ხელშეკრულებით, ადვოკატს იურიდიული მომსახურების გაწევის სანაცვლოდ უნდა მიეღო საზღაური. სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა ადვოკატის (აპელანტის) მტკიცება, რომ მას ჰონორარის სახით 9 000 ლარი უნდა მიეღო, ხოლო მოპასუხის (კლიენტის) განმარტება, რომ მხარეები საზღაურის სახით 1150 ლარზე შეთანხმდენენ, დასაბუთებულად არის დადგენილი, რადგან საქმის მასალებშია ადვოკატთა ასოციაციის მიერ დამტკიცებული ფორმით 2014 წლის 28 ივლისს გაცემული ორდერი # 06( იხ. ტ. 1, ს/ფ 17; 28), რომელშიც მითითებულია ადვოკატი, სიითი # 0766, ადვოკატი იცავს დაზარალებულის (კლიენტის) ინტერესებს წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოში. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ ორდერის „ამოწერა“ ნებისმიერ ადვოკატს შეუძლია, რადგან ორდერის ნიმუში დამტკიცებულია სპეციალური კანონით ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ (იხ. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლი; სსიპ საქართველოს ადოკატთა ასოციაციის აღმასრულებელის საბჭოს 2006 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით დადგენილი სავალდებულო მოთხოვნები ამავე ასოციაციის წევრის ორდერისათვის - gba.ge)

21. საკასაციო სასამართლო საქმის მასალებზე მიუთითებს, კერძოდ, ტ.1, ს.ფ. 34-37-ზე მოთავსებულ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 ივლისის განჩინებაზე; ასევე - ადვოკატის მიერ მისი მარწმუნებლის სახელითა და ინტერესების დასაცავად წარდგენილი სარჩელის პასუხად შპს „ც-ის“ მიერ შეტანილი შესაგებლის ჩაბარების ხელწერილზე (ტ.1, ს.ფ.40), ასევე უდავოა ადვოკატის მონაწილეობა საკუთარი კლიენტის ინტერესების დასაცავად სასამართლოში სამოქალაქო საქმეზე # 2-2742-15, როდესაც 2015 წლის 9 ივნისს, იმავე წლის 14 ივლისს შედგა მოსამზადებელი სხდომები, ეს უკანასკნელი მთავარ სხდომაში გადაიზარდა და სასამართლოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი (ტ.1, ს.ფ .41-54, 58-67), ადვოკატმა მოითხოვა სასამართლოსაგან და 2015 წლის 4 აგვისტოს ჩაიბარა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ. 55-57), რაც ადასტურებს ადვოკატის მიერ განხორციელებულ იურიდიული მომსახურებას სამოქალაქო დავაზეც. შესაბამისად, დასაბუთებული და კანონიერია გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

23. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკისაგან.

24. საკასაციო სასამართლომ სსკ-ის 710-ე მუხლზე მსჯელობისას განმარტა „ვინაიდან მოხმობილი ნორმის პირველი ნაწილის ნორმატიული შემადგენლობა - „შეთანხმება გასამრჯელოზე“ არ დადასტურდა, სასამართლომ იხელმძღვანელა მეორე ნაწილით, რომლითაც პრეზუმირებულია, რომ აღნიშნული მომსახურება მხოლოდ გასამრჯელოთია შესაძლებელი, ხოლო მესამე ნაწილიდან გამომდინარე, ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ სანიხრო გასამრჯელოს გონივრულ ოდენობად 3 000 დოლარი დაადგინა, რა დროსაც დაეყრდნო მარწმუნებლის (მოსარჩელის) განმარტებას, ასევე, გასამრჯელოს გონივრულობის შეფასებისას სააპელაციო სასამართლოსთვის ობიექტურ გარემოებებს წარმოადგენდა მოპასუხის მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ გაწეული მომსახურება სისხლისა და სამოქალაქო სამართლის საქმეებზე, მსგავს დავებზე მოპასუხის (ადვოკატის) მიერ სხვა პირებისაგან მიღებული შემოსავლები“ (იხ. სუსგ ას-534-500-2017, 14.07.2017 წ.).

25. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორმა ვერ შეძლო დამაჯერებელი და სამართლებრივად წონადი არგუმენტების წარდგენა, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის წინაპირობის არსებობაში. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს დასაბუთებული პრეტენზია, საკასაციო განაცხადის სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებად ცნობისათვის, რაც საკასაციო საჩივრის არსებითად განსხილველად დასაშვებად ცნობის უარყოფისა და სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

26. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ვ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ლ. ვ-ს (პ/ნ 5-) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ. ქ-ის (პ/ნ 0-) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N5, გადახდის თარიღი 2017 წლის 31 ოქტომბერი), 70% – 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე