Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1273-1193-2017 17 იანვარი, 2018 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - გ. ჟ-ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - თ. თ-ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფა, თანხის დაკისრება (სარჩელი); ქორწინების შეწყვეტა, ალიმენტის დაკისრება (შეგებებული სარჩელი)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით გ. ჟ-ის (შემდეგში: თავდაპირველი მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი თ. თ-ის მიმართ (შემდეგში: თავდაპირველი სარჩელის მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე) ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ასევე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელიც, კერძოდ:

1.1.თავდაპირველი მოსარჩელე ცნობილ იქნა მოპასუხის სახელზე რეგიტრირებული უძრავი ქონების (მდებარე ქ. თბილისში, მ-ის ქ. # 4, ბინა # 12. საკადასტრო კოდი # 0- 1/3-ის მესაკუთრედ, შესაბამისად, უნდა მოხდეს მითითებული უძრავი ქონების საჯარო რეესტრში აღიცხვა;

1.2. თავდაპირველი საჩელის მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 9000 (ცხრა ათასი) ლარისა და 3000 (სამი ათას) ევროს გადახდა;

1.3. მოპასუხის შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გზით მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა;

1.4. მოსარჩელეს შეგებებული სარჩელის ავტორის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელის აღძვრის მომენტიდან არასრულწლოვანი შვილის - ა. ჟ-ის /დაბადებული 2014 წლის 25 სექტემბერს; შემდეგში: ბავშვი ან არასრულწლოვანი/ სრულწლოვანებამდე ყოველთვიურად ალიმენტის – 300 (სამასი) ლარის გადახდა, რომლის გადახდევინება უნდა დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან - 2015 წლის 19 მარტიდან (იხ. სასამართლოს გადაწყვეტილება - ტ.2, ს.ფ.491-502).

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა თავდაპირველმა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა:

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, წინამდებარე განჩინების 1.1. ქვეპუნქტში მითითებული ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ ცნობა და საჯარო რეესტრში აღიცხვა;

2.2.მოპასუხის სახელზე სს“ პ-ში“ გახსნილი ანაბრის - 10000 (ათი ათასი) ევროსა და, შესაბამისად, მიღებული სარგებლის 1350 (ათას სამასი) ევროს ½ ნაწილიდან დაკისრებული 3000 (სამი ათასი) ევროს ნაცვლად, სულ 5675 (ხუთი ათას ექვსას სამოცდათხუთმეტი) ევროს დაკისრება მოპასუხისათვის;

2.3.მოპასუხის სახელზე სს“ პ-ში“ გახსნილი ანაბრის - 4000 (ოთხი ათასი) აშშ დოლარისა და, შესაბამისად, მიღებული სარგებლის 561 (ხუთას სამოცდაერთი) აშშ დოლარის ½ ნაწილის, სულ 2280 (ორი ათას ორას ოთხმოცი) აშშ დოლარის დაკისრება მოპასუხისათვის;

2.4. მოპასუხის სახელზე სს “ლ- ში“ გახსნილი ანაბრის - 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარისა და, შესაბამისად, მიღებული სარგებლის 4385 (ოთხი ათას სამას ოთხმოცდახუთი) ლარის ½ ნაწილიდან მოპასუხისათვის დაკისრებული 9000 (ცხრა ათასი) ლარის ნაცვლად, სულ 14 692 (თოთხმეტი ათას ექვსას ოთხმოცდათორმეტი) ლარის დაკისრება მოპასუხისათვის.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინებით თავდაპირველი მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა სააპელაციო გასაჩივრებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის გაშვების გამო (იხ. განჩინება - ტ.3, ს.ფ. 3-6).

3.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება (იხ. კერძო საჩივარი - ტ.3, ს.ფ.14-16).

3.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 2 ნოემბრის განჩინებით (იხ. ტ.3, ს.ფ.55-60) აპელანტის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინება.

4. აპელანტმა (თავდაპირველმა მოსარჩელემ) 2016 წლის 7 ნოემბერს განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება (იხ. განცხადება - ტ.3, ს.ფ.64-68).

4.1.განმცხადებელმა განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 2 ნოემბერს მიღებული განჩინებით შეიტყო, რომ სასამართლომ მხარის მიერ დასაბუთებული განჩინების თარიღად მიიჩნია 2016 წლის 18 ივლისი (რეალურად კი ამ დღეს მოსარჩელეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ჩაჰბარდა) და, შესაბამისად, კანონიერად მიიჩნია, ვადის დარღვევის გამო, სააპელაციო სასამართლოს მიერ მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება, მხარემ 2016 წლის 4 ნოემბერს მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სადავო გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარების თარიღის დაზუსტების მიზნით;

4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის 2016 წლის 7 ნოემბრის წერილობითი პასუხით (იხ. ტ.3, ს.ფ.106) განმცხადებელს ეცნობა, რომ მან 2016 წლის 18 ივლისს ჩაიბარა არა საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 ივლისის დასაბუთებული გადაწყვეტილება, არამედ - აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. შესაბამისად, დასტურდებოდა თავდაპირველი მოსარჩელის პოზიცია, რომ მან სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში წარადგინა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 დეკემბრის განჩინებით განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაკმაყოფილდა (იხ. განჩინება - ტ.3, ს.ფ.125-128) გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინება და თავდაპირველი მოსარჩელის სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოება განახლდა.

5.1. საპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და დადგენილად მიიჩნია, რომ სააპელაციო საქმის წარმოების განახლების საფუძველს წარმოადგენდა ახალი მტკიცებულება, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწის 2016 წლის 7 ნოემბრის განცხადების პასუხი, რომლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი კანონით დადგენილ სამდღიან ვადაში მომზადდა და გადაეცა მხარეს, ხოლო დასაბუთებული გადაწყვეტილება გადაეცა 2016 წლის 4 აგვისტოს. ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა საქმის წარმოების განახლების თაობაზე აპელანტის მიერ წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი.

6. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 დეკემბრის განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საჩივარი და მისი გაუქმება მოითხოვა შემდეგი არგუმენტაციით:

6.1. განმცხადებელი (მოსარჩელე) მის მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების 2016 წლის 4 აგვისტოს ჩაბარების თაობაზე უთითებდა 2016 წლის 5 ოქტომბერს უზენაეს სასამართლოში წარდგენილ კერძო საჩივარშიც და ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებაც (ხელწერილი), მისი განმარტებით, საქმეში იდო. ამრიგად, რომც ჩაითვალოს, რომ გამოვლინდა ახლად აღმოჩენილი გარემოება, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება სსსკ-ის 423-ე მუხლით დადგენილი ვადის დარღვევითაა შეტანილი, რადგან 2016 წლის 5 ოქტომბერს მხარისთვის უკვე ცნობილი იყო აღნიშნული გარემოება, ხოლო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება შეტანილია ამ საფუძვლის შეტყობიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ - 7 ნოემბერს.

7. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 მარტის განჩინებით (იხ. განჩინება - ტ.3, ს.ფ.165-173) თავდაპირველი სარჩელის მოპასუხის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 დეკემბრის განჩინება და საქმე, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების ხელახლა განსახილველად, დაუბრუნდა იმავე სასამართლოს;

7.1. საკასაციო სასამართლომ განჩინების მოტივაციისას მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში უდავოდ იყო დადგენილი, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინებაზე აპელანტმა იმავე წლის 5 ოქტომბერს წარადგინა კერძო საჩივარი, რომელშიც მიუთითებდა გასაჩივრებული განჩინების უსაფუძვლობასა და მის მიერ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების სათანადოობაზე, რომლითაც, მისი მოსაზრებით, დასტურდებოდა სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში წარდგენა. ხოლო მას შემდეგ, რაც შეიტყო უზენაესი სასამართლოს მიერ მისთვის არასასურველი განჩინების შესახებ, განჩინების გამოტანიდან რამდენიმე დღეში (2016 წლის 4 ნოემბერს) მიმართა საქალაქო სასამართლოს და გამოითხოვა ინფორმაცია მის მიერ საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 ივლისის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შესახებ, რაც საფუძვლად დაუდო კიდეც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით წარდგენილ განცხადებას;

7.2. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც დადასტურებულია, რომ აპელანტმა დარღვეული უფლების თაობაზე შეიტყო 2016 წლის 15 სექტემბერს, როდესაც სააპელაციო სასამართლომ მისი სააპელაციო საჩივარი ვადის დარღვევით წარდგენის გამო დატოვა განუხილველად, ხოლო განმცხადებელმა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მიერ მის კერძო საჩივარზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების (2016 წლის 2 ნოემბრის) შემდეგ, 2016 წლის 7 ნოემბერს მოიპოვა მისთვის სასარგებლო ინფორმაციის შემცველი მტკიცებულება და მიმართა სასამართლოს ამ მტკიცებულების საფუძველზე საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განცხადების განხილვისას უნდა ემსჯელა არა მხოლოდ წარდგენილი დოკუმენტის სათანადოობაზე - მისი საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე წარდგენით იქნებოდა თუ არა შესაძლებელი აპელანტისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღება, არამედ უნდა შეემოწმებინა სახეზე იყო თუ არა სსსკ-ის 423-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული იმპერატიული მოთხოვნა - განმცხადებლის არაბრალეულობა ამ მტკიცებულების მანამდე მოპოვების შეუძლებელობის თაობაზე. საკასაციო სასამართლო აქვე შენიშნავს, რომ თავად განცხადების ავტორს საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადებაში არ მიუთითებია, თუ რამ შეუშალა ხელი საქმის განხილვისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროს წარედგინა ზემოაღნიშნული მტკიცებულება.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ივლისის განჩინებით თავდაპირველი მოსარჩელის (აპელანტის) 2016 წლის 7 ნოემბრის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.

8.1. განჩინების სამართლებრივი მოტივაციისას სააპელაციო სასამართლომ მიუთითა: დადასტურებული იყო, რომ აპელანტმა დარღვეული უფლების თაობაზე შეიტყო 2016 წლის 15 სექტემბერს, როდესაც სააპელაციო სასამართლომ მისი სააპელაციო საჩივარი ვადის დარღვევით წარდგენის გამო დატოვა განუხილველად, ხოლო განმცხადებელმა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მიერ მის კერძო საჩივარზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების (2016 წლის 2 ნოემბრის) შემდეგ, 2016 წლის 7 ნოემბერს მოიპოვა მისთვის სასარგებლო ინფორმაციის შემცველი მტკიცებულება და მიმართა სასამართლოს ამ მტკიცებულების საფუძველზე საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. საკასაციო სასამართლოს განჩინებაში მითითებული მსჯელობის გათვალისწინებით (იხ. წინამდებარე განჩინების 7.1-7.2 ქვეპუნქტები), სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სსსკ-ის 426–ე მუხლის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა;

8.2. აპელანტმა დარღვეული უფლების თაობაზე შეიტყო 2016 წლის 15 სექტემბერს, როდესაც სააპელაციო სასამართლომ მისი სააპელაციო საჩივარი ვადის დარღვევით წარდგენის გამო დატოვა განუხილველად, ხოლო განმცხადებელმა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მიერ მის კერძო საჩივარზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების (2016 წლის 2 ნოემბრის) შემდეგ, იმავე წლის 7 ნოემბერს მოიპოვა მისთვის სასარგებლო ინფორმაციის შემცველი მტკიცებულება და მიმართა სასამართლოს ამ მტკიცებულების საფუძველზე საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, განმცხადებლისთვის ცნობილი იყო აღნიშნული გარემოება იმაზე ადრე, ვიდრე მან მოახდინა რეაგირება. შესაბამისად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობის შეტყობიდან, სასამართლოსათვის საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით განცხადებით მიმართვამდე, აპელანტის მხრიდან დარღვეული იქნა განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა. ამასთან, განმცხადებელმა ვერ წარადგინა საფუძვლიანი არგუმენტაცია ან მტკიცებულება, რომელიც გამორიცხავდა მის ბრალეულობას 2016 წლის 7 ნოემბერს მოპოვებული მტკიცებულების მანამდე მოპოვებისა და სასამართლოსათვის წარდგენის შეუძლებლობის კუთხით. აღნიშნული ფაქტი კი წარმოადგენდა განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველს, მისი დაუშვებლობის გამო.

9. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ივლისის განჩინებაზე კერძო საჩივარი (იხ. ტ.3, ს.ფ.157-204) წარმოადგინა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და განმცხადებლის მიერ 2016 წლის 7 ნოემბერს წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილება, რომლითაც მხარემ მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, ან საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება სააპელაციო სასამართლოსათვის;

9.1. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა წინამდებარე განჩინების 4.1-4.2 ქვეპუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინების (იხ. ამ განჩინების მე-4 პუნქტი) გასაჩივრებისათვის დადგენილი 12 - დღიანი ვადის გათვალისწინებით, აპელანტმა ისარგებლა ამ უფლებით და 2016 წლის 5 ოქტომბერს გაასაჩივრა იგი, რა დროსაც საკუთარ კერძო საჩივარს დაურთო 2016 წლის 18 ივლისს მისთვის გადაცემული, 3 ფურცლად აკინძული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და 2016 წლის 5 ივლისს მოსარჩელის (აპელანტის) წარმომადგენლისათვის გადაცემული დასაბუთებული გადაწყვეტილება - აკინძული 23 ფურცლად. ამის შემდეგ, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 2 ნოემბრის განჩინებით (იხ. ამ განჩინების 3.2 ქვეპუნქტი) არ დაკმაყოფილდა აპელანტის კერძო საჩივარი, რადგან საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარემ საკმარისი არგუმენტების წარდგენა ვერ შეძლო საკუთარი პოზიციის - სააპელაციო წესით გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო საჩივრის წარდგენის - დასადასტურებლად;

9.2. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, გამოიკვეთა, ასევე, საქალაქო სასამართლოს თანამშრომელთა დაუდევარი, გულგრილი და ბრალეული დამოკიდებულება და სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა, კერძოდ, მათ შეგნებულად თუ შეუგნებლად არ დაურთეს საქმის მასალებს აპელანტის წარმომადგენლის ხელწერილი, რომლითაც დასტურდებოდა, რომ ამ უკანასკნელმა საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაიბარა 2016 წლის 4 აგვისტოს, ასევე, საქმეს არ დაურთეს მხარის წარმომადგენლის 2016 წლის 8 აგვისტოს განცხადება საქმის გაცნობის შესახებ, რომლის საფუძველზე მას არ გააცნეს საქმე, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი აღმოაჩენდა ამ ხარვეზს და გამოასწორებდა;

9.3. საკასაციო სასამართლოს მიერ 2016 წლის 2 ნოემბრის განჩინების გამოტანის შემდეგ, იმავე წლის 4 ნოემბერს კერძო საჩივრის ავტორმა მიმართა განცხადებით საქალაქო სასამართლოს (იხ. ამ განჩინების 4.2 ქვეპუნქტი) მისთვის წერილობითი სახით მიეცათ ცნობა, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღის შესახებ, რადგან მხარეს არც კი დაუშვია, რომ მისი განმარტება და წარდგენილი მტკიცებულებები არ აღმოჩნდებოდა საკმარისი და სარწმუნო იმის დასამტკიცებლად, რომ მხარემ კანონით დადგენილ ვადაში შეიტანა სააპელაციო საჩივარი სასამართლოში. საქალაქო სასამართლოდან გამოთხოვილი ინფორმაციის შემდეგ, აპელანტმა მიმართა სააპელაციო სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ და მოითხოვა იმავე სასამართლოს 2016წლის 15 სექტემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, რაც სამართლიანად დააკმაყოფილა სააპელაციო სასამართლომ (იხ. ამ განჩინების 5.1 ქვეპუნქტი), თუმცა, სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 5 დეკემბრის განჩინებაზე პროცესუალური მოწინააღმდეგის ანუ მოპასუხის მიერ წარდგენილი კერძო საჩივრის საფუძველზე გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 23 მარტის განჩინებით საქმე ხელახალი განხილვის მიზნით დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს (იხ. ამ განჩინების მე-7 პუნქტი);

9.4. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 23 მარტის განჩინებით პარქტიკულად დადასტურდა მისი (აპელანტის) პოზიციის სისწორე, რომ მას არ გაუშვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა, თუმცა, საკასაციო სასამართლომ ამ შემთხვევაში მიუთითა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების 1-თვიანი ვადის გაშვების საფუძველზე და მოპასუხის კერძო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გზით, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა სააპელაციო სასამართლოს კონკრეტულ დასკვნებზე მითითებით (იხ. ამ განჩინების 7.1-7.2 ქვეპუნქტები), რომლებიც უსამართლო და უკანონოა, მათი გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2017 წლის 17 ივლისს მიღებული განჩინებით კი მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა, მისი დაუშვებლობის გამო;

9.5. კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ საქმის მასალებში, ჯერ კიდევ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2016 წლის 2 ნოემბრის განჩინების მიღებამდე, მხარის მიერ წარდგენილია საკმარისი და სარწმუნო მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ აპელანტს არ გაუშვია სააპელაციო წესით გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა, ხოლო საკასაციო სასამართლოს მიერ 2017 წლის წლის 2 ნოემბრის განჩინების გამოტანის შემდეგ, მხარემ დამატებით ცნობაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოდან, რაც 7 ნოემბერს მიიღო კიდეც და კიდევ ერთხელ დადასტურდა მისი პოზიციის მართებულობა. სწორედ ზემოხსენებული გარემოებები წარმოადგენს კერძო საჩივრის მოთხოვნის (იხ. მე-9 პუნქტი) საფუძველს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოტივაციით:

10. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

11. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს დარღვეულია თუ არა მოსარჩელის (კერძო საჩივრის ავტორის) მიერ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წარდგენის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ერთთვიანი ვადა, რადგან სწორედ აღნიშნული გარემოება დაედო საფუძვლად, მხარის 2016 წლის 7 ნოემბრის განცხადების განუხილველად დატოვებას, რომლითაც მოთხოვნილი იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

12. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 17 ივლისის გასაჩივრებულ განჩინებაში ასახული მსჯელობა და დასკვნები (იხ. წინამდებარე განჩინების მე-8 პუნქტი და 8.1-8.2 ქვეპუნქტები), უნდა შეფასდეს საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიების დასაბუთებულობის თვალსაზრისით.

13. საკასაციო სასამართლო უწინარესად იმას აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება ეფუძნება ყოველი პირისათვის უფლების სასამართლო წესით დაცვის უზრუნველყოფის პრინციპს, რაც კანონისა და სასამართლოს წინაშე მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე უნდა იქნეს რეალიზებული მართლმსაჯულების განხორციელებისას (სსსკ-ის მე-2, მე-4, მე-5 მუხლები). საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული.

14. განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის გაზიარება განპირობებულია იმ მტკიცებულებებით, რომლებიც ადასტურებენ, რომ მოსარჩელეს არ დაურღვევია სსსკ-ით დადგენილი 426-ე მუხლით დადგენილი ერთთვიანი ვადა (ნორმის დეფინიცია იხ. 8.1 ქვეპუნქტში) და მას არც სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14- დღიანი ვადა გაუშვია, რაც უტყუარად და სარწმუნოდ დასტურდება კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით. მხარის მიერ სსსკ-ის 426-ე მუხლით დადგენილი საპროცესო ვადის დაცვა უნდა შეფასდეს იმ გარემოებებთან და მტკიცებულებებთან ერთობლივად, რომელთა შესახებ მსჯელობის გარეშე, შეუძლებელია დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება აპელანტის მიერ წარმოდგენილ კერძო საჩივარზე.

14.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2016 წლის 5 ივლისს გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა როგორც მოსარჩელის, ისე - შეგებებული მოსარჩელის (მოპასუხის) სასარჩელო მოთხოვნები; პირველი ინსტანციის სასამართლოში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მოსარჩელის წარმომადგენელი-ს. ლ-ე (იხ. სხდომის ოქმი-ტ.2, ს.ფ.483-486). სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით განიმარტა გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარის მიერ გასაჩივრებისა და ვადის ათვლის წესები, რაც სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის დანაწესს ეფუძნება: „1. თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია“. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ „მითითებული ნორმა, ერთი მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება“ (იხ. სუსგ: # ას- 1424-1344-2017, 16.01.2018წ; შდრ. სუსგ-ებს: #ას-1371-1291-2017, 12.01.2017წ; #ას-1061-981-2017, 07.12.2017წ; #ას-1243-1163-2017, 06.12.2017წ; # ას-978-910-2017, 01.12.2017წ; #ას-1021-941-2017, 14.11.2017წ; #ას-1288-1208-2017, 23.10.2017წ.).

14.2. საქმის მასალებშია 2016 წლის 18 ივლისით დათარიღებული ხელწერილი, რომელსაც ხელს აწერს თავად მოსარჩელე და უთითებს, რომ ჩაიბარა გადაწყვეტილება საქმეზე # 2/16523-14 (იხ. ტ.2, ს.ფ.503), ასევე, საქალაქო სასამართლოდან საქმეზე დასართავად 2016 წლის 29 სექტემბერს სააპელაციო სასამართლოსათვის გადაგზავნილი და იმავე დღეს სააპელაციო სასამართლოში დარეგისტრირებული მოსარჩელის წარმომადგენლის - ს. ლ-ის მიერ ხელმოწერილი განცხადება, რომელმაც 2016 წლის 4 აგვისტოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება მოსთხოვა საქალაქო სასამართლოს, რაც იმავე დღეს ჩაბარდა მხარის წარმომადგენელს (იხ. ტ.3, ს.ფ.9-10); საქმის მასალებშია საქალაქო სასამართლოდან საქმეზე დასართავად 2016 წლის 30 სექტემბერს სააპელაციო სასამართლოსათვის გადაგზავნილი და იმავე დღეს სააპელაციო სასამართლოში დარეგისტრირებული განცხადება, რომლითაც 2016 წლის 8 აგვისტოს საქმის მასალებისა და საჭიროების შემთხვევაში ასლების გადაღების თხოვნით მიმართა საქალაქო სასამართლოს მოსარჩელის წარმომადგენელმა - ს. ლ-ემ (იხ. ტ.3, ს.ფ.12-13);

14.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის 2016 წლის 5 ოქტომბერს წარდგენილ კერძო საჩივარში მოსარჩელე (აპელანტი) სწორედ 14.2 ქვეპუნქტში მითითებულ განცხადებებსა და მათ პასუხად მიღებულ დოკუმენტებზე უთითებს იმის დასამტკიცებლად, რომ მოსარჩელემ, როგორც გასაჩივრების მსურველმა მხარემ, ჯერ გასასაჩივრებელი გადაწყვეტილების 3 ფურცლად აკინძული სარეზოლუციო ნაწილი ჩაიბარა, ხოლო შემდეგ-მისმა წარმომადგენელმა, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან, სსსკ-ის 2591 მუხლით დადგენილ ვადაში - 2016 წლის 4 აგვისტოს მოითხოვა საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი, რაც იმავე დღეს მიიღო 23 ფურცლად აკინძული სახით და, შესაბამისად, კანონით დადგენილ 14-დღიან ვადაში წარადგინა სააპელაციო საჩივარი 2016 წლის 16 აგვისტოს (იხ. სააპელაციო საჩივარი-ტ.2, ს.ფ.504-515), შესაბამისად, არ არსებობდა მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

15. საკასაციო სასამართლო ზემოხსენებულ მტკიცებულებებზე, რომელიც საქმის მასალებშია მოთავსებული, ყურადღებას ამახვილებს, რათა დადგინდეს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის დასაბუთებულობა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მტკიცებულებათა ერთობლივად გაანალიზებით, მივიდა დასკვნამდე, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველმა მხარემ ანუ მოსარჩელემ საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების - 2016 წლის 5 ივლისის შემდეგ მე-13 დღეს მიმართა სასამართლოს და, როგორც კერძო საჩივრის ავტორი მართებულად აღნიშნავს, ჩაიბარა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი - აკინძული 3 ფურცლად. მხარის ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ არ მეტყველებს საქმის მასალებში (ტ.2, ს.ფ. 503, იხ. 14.2 ქვეპუნქტი) მოთავსებული მოსარჩელის ხელწერილი მხოლოდ იმის გამო, რომ მასში მითითებულია გადაწყვეტილების და არა - მისი სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარება, რადგან სსსკ-ის 2591 მუხლიდან გამომდინარე, სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადება ევალება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 დღისა და არა უგვიანეს - 30 დღისა, რაც იმას ნიშნავს, რომ გასაჩივრების მსურველ მხარეს კანონმდებელი ავალდებულებს სწორედ ამ პერიოდში, ანუ ყველაზე ადრე - გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 20 დღის შემდეგ მიმართოს სასამართლოს და ყველაზე გვიან - 30-ე დღეს, რადგან აღნიშნული მაქსიმალური ვადის გასვლის მეორე დღიდანვე აითვლება შესაბამის სასამართლო ინსტანციაში საპროცესო კოდექსით დადგენილი გასაჩივრების ვადა.

15.1. საკასაციო სასამართლო ზემოხსენებულ დასკვნამდე მივიდა კანონმდებლობის მოთხოვნის იმპერატიული დანაწესის გონივრული განმარტებით, რადგან სწორედ კანონმდებლის ნებაა, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადებისათვის ყველაზე ადრეულ ვადად დააწესა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 დღე. ამ ნორმის სხვაგვარად განმარტება საზიანოა თვით სასამართლოსთვისაც, რადგან თუკი მიუხედავად 20 - დღიანი ე.წ. „ადრეული“ ვადის დაწესებისა, მაინც მოეთხოვება სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადება, მაშინ, 20 დღეზე ადრე სასამართლოსათვის გასასაჩივრებელი გადაწყვეტილების დასაბუთებული ასლის მხარის მიერ მოთხოვნა, მიჩნეულ უნდა იქნეს სსსკ-ის 2591 მუხლის საფუძველზე, მართებულად წარდგენილ მოთხოვნად და ნებისმიერ შემთხვევაში, თვით გადაწყვეტილების გამოცხადების დღესაც კი, მხარის მიერ შეტანილი განცხადება, ჩაითვლება კანონით დადგენილ ვადაში წარდგენილად. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა: „კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ სასამართლომ მის მიერ წარდგენილი განცხადება, რომლითაც დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ითხოვდა, რეაგირების გარეშე დატოვა და ამასთან, არ შეატყობინა დასაბუთებული გადაწყვეტილების მზაობისა და მისი სასამართლოში გამოცხადების გზით ჩაბარების შესახებ, უსაფუძვლოა. საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ აღნიშნული განცხადებით მ.ბ-მ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს 2012 წლის 3 მაისს, ვადაზე ადრე მიმართა და ამ დროისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ იყო. კანონით განსაზღვრულია რა მხარის ვალდებულება სასამართლოში გამოცხადების გზით გადაწყვეტილების ჩაბარებისა, ივარაუდება, რომ სასამართლოს ამ ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად მზად აქვს და ამისათვის სასამართლოს მხრიდან მხარისათვის დამატებით ინფორმაციის მიწოდების საჭიროება არ არსებობს. რაც შეეხება, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ მისთვის უნდა განემარტათ კანონით დადგენილი სასამართლოში გამოცხადების სავალდებულოობა, სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების დროს მხარეს განუმარტავს გასაჩივრების წესს, რომელიც მოიცავს გადაწყვეტილების ჩაბარების წესსაც“ (იხ. სუსგ # ას-1268-1197-2012, 29.10.2012წ.).

15.2. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა იმპერატიულად ადგენს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესსა და ვადებს, რისი შეცვლაც არც მხარეებს და არც სასამართლოს არ შეუძლია. „დიდი პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 259 1-ე თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 259 1-ე მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი... დიდი პალატა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 259 1-ე მუხლით განსაზღვრულ გასაჩივრების წესს საფუძვლად უდევს გადაწყვეტილების ჩაბარების ინსტიტუტი, კერძოდ, სასამართლო შეტყობინების (უწყების) ჩაბარების მსგავსად, გასაჩივრების უფლების მქონე მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებაში იგულისხმება როგორც უშუალოდ ამ მხარისათვის (ან მისი წარმომადგენლისათვის) გადაწყვეტილების ჩაბარება, ასევე ამ გადაწყვეტილების ჩაბარების პრეზუმფცია, რომელიც მიუთითებს, რომ გასაჩივრების უფლების მქონე მხარემ ჩაიბარა გადაწყვეტილება... შესაბამისად, დიდი პალატა მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების ინსტიტუტი მოიცავს, როგორც უშუალოდ დაინტერესებული მხარისათვის (ან მისი წარმომადგენლისათვის) გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებას, ასევე ამ ჩაბარების ფაქტის არსებობის პრეზუმფციასაც, რაზეც ვრცელდება საპროცესო ვადის გამოთვლის ერთიანი საპროცესო წესი (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლი)“ -იხ. სუსგ №ას-1161-1106-2014, 30.12.2014 წ.

15.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-13 დღეს მხარის მიერ ხელმოწერილი განცხადება, რომ მან ჩაიბარა გადაწყვეტილება და მას აქედან უნდა აეთვალოს გასაჩივრების ვადა, არ ქმნის მხარის მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების პრეზუმირებულ ფაქტად მიჩნევის საფუძველს. ამავე კონტექსტში საკასაციო სასამართლო დამატებით იმასაც მიაქცევს ყურადღებას, რომ საქმის მასალებშია მოსარჩელისათვის მისი მოთხოვნის საფუძველზე ჩაბარებული და მის მიერვე 2016 წლის 5 ოქტომბერს კერძო საჩივრის შეტანის დროს დანართის სახით წარდგენილი: გასასაჩივრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ორიგინალი- 3 ფურცლად (იხ.ტ.3, ს.ფ.19-21), ასევე - გასასაჩივრებელი გადაწყვეტილების ორიგინალიც, რომელიც მხარემ 23 ფურცლად აკინძული ჩაიბარა (იხ.ტ.3, ს.ფ.22-44). ცხადია, რომ თუკი ტ.2, 503-ე ს.ფ.-ზე მითითებული ხელწერილის საფუძველზე დავუშვებთ ვარაუდს, რომ მოსარჩელემ 2016 წლის 18 ივლისს, გასასაჩივრებელი გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-13 დღეს ჩაიბარა გადაწყვეტილება სრული, ანუ დასაბუთებული სახით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამის შემდეგ მას ცალკე სარეზოლუციო ნაწილიც მოეთხოვა.

15.4. მოსარჩელის მიერ წარდგენილი განცხადების - ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე - საფუძვლებზე მსჯელობა, მანამდე მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისა და მათ საფუძველზე აღძრული მოთხოვნის დასაბუთებულობის კვლევისა და შემოწმების გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა. აქედან გამომდინარე, სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ მიუხედავად მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისა, საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 2 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის კერძო საჩივარი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინება დარჩა უცვლელად, მოსარჩელემ, 2016 წლის 7 ნოემბერს განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, რასაც საფუძვლად დაედო საქალაქო სასამართლოდან მიღებული ცნობა (იხ. ამ განჩინების 4.1-4.2 ქვეპუნქტები), რომლის შემოწმების შედეგად, სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის (აპელანტის) კერძო საჩივარი, ახლად აღმოჩენილი გარემოების საფუძველზე, განახლდა საქმის წარმოება და გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინება, განახლდა საქმის წარმოება მოსარჩელის სააპელაციო საჩივარზე.

16. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 მარტის განჩინებით მოსარჩელის პროცესუალური მოწინააღმდეგის (მოპასუხის) კერძო საჩივრის დაკმაყოფილებას საფუძვლად დაედო წინამდებარე განჩინების 7.1-7.2 ქვეპუნქტებში ასახული მსჯელობა და დასკვნები.

16.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ივლისის განჩინებით, სსსკ-ის 426-ე მუხლის საფუძველზე, განუხილველი დარჩა მოსარჩელის 2016 წლის 7 ნოემბრის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, დაუშვებლობის გამო (იხ. ამ განჩინების მე-8 პუნქტი და 8.1-8.2 ქვეპუნქტები).

17. საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები, შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებს წინამდებარე განჩინების 15.3-16.2 ქვეპუნქტებში განვითარებულ მსჯელობასა და დასკვნებზე და განმარტავს, რომ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ მან კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში წარადგინა განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოების განახლების შესახებ, რადგან მხარის მიერ სასამართლოდან მიღებული ყველა მტკიცებულებისა და მოპოვებული განცხადებების ერთობლივად გაანალიზება-შეჯერებისა და შეფასების გარეშე იქნა მიღებული სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება;

17.1. მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მიუღებლობის გამო, მხარემ გამოიყენა კანონით მინიჭებული კიდევ ერთი შესაძლებლობა, რათა უშუალოდ სასამართლოსაგან მოეპოვებინა მის მიერ გასასაჩივრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილისა და მისი დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღების შესახებ ინფორმაცია, ამდენად, მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სასამართლოს მიერ გაუზიარებლობის საფუძვლის შეტყობისთანავე, მან საქალაქო სასამართლოდან მოიპოვა ის მტკიცებულება, რომლითაც კიდევ ერთხელ, უტყუარად დაადასტურა საკუთარი მტკიცების მართებულობა, რომ სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი საპროცესო ვადის დაცვით წარადგინა სასამართლოში.

17.2. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული დასკვნა, რომ მხარემ ჯერ კიდევ 2016 წლის 15 სექტემბერს, როდესაც სააპელაციო სასამართლომ მისი სააპელაციო საჩივარი, ვადის დარღვევით წარდგენის გამო, დატოვა განუხილველად, ხოლო განმცხადებელმა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მიერ მის კერძო საჩივარზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების (2016 წლის 2 ნოემბრის) შემდეგ, იმავე წლის 7 ნოემბერს მოიპოვა მისთვის სასარგებლო ინფორმაციის შემცველი მტკიცებულება და მიმართა სასამართლოს ამ მტკიცებულების საფუძველზე საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით (იხ. ამ განჩინების 8.1-8.2 ქვეპუნქტები), მხარეს ბრალეულად ჰქონდა გაშვებული განცხადების წარდგენის ერთთვიანი ვადა.

17.3. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის პრეტენზიები დასაბუთებულია, შესაბამისად, უნდა დაკმაყოფლდეს მისი მოთხოვნა და გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ივლისის განჩინება და მოსარჩელის (აპელანტის) 2016 წლის 7 ნოემბრის განცხადების საფუძველზე უნდა განახლდეს საქმის წარმოება.

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს ის ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზეც მხარეს აღძრული აქვს პრეტენზია, რათა მას არ შეეზღუდოს სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის, როგორც ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დადგენილი სამართლიანი სასამართლოს უფლება.

18.1. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ეფექტიანი სასამართლო დაცვის უფლება გულისხმობს, სამოქალაქო სამართალწარმოების მხარეების შესაძლებლობას, გამოიყენონ გასაჩივრების უფლება იმ მომენტიდან, როცა მათ შეუძლიათ ეფექტიანად შეაფასონ სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებმაც შეიძლება დაარღვიოს მათი უფლებები და კანონიერი ინტერესები.

19. კერძო საჩივრის ავტორს დაუბრუნდება მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (იხ. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ჟ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე, დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ივლისის განჩინება და გ. ჟ-ის 2016 წლის 7 ნოემბრის განცხადების საფუძველზე განახლდეს საქმის წარმოება;

3. გ. ჟ-ს (პ/ნ 0-) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი (საგადასახადო დავალება N0, გადახდის თარიღი 2017 წლის 29 სექტემბერი);

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე