Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1289-1209-2017 23 თებერვალი, 2018 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს „ჯ-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ხ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობის დაზიანების გამო სარჩოს გადახდევინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ. ხ-ე (შემდეგში: მოსარჩელე ან დაზარალებული) შპს „ჯ-ში“ (შემდეგში: მოპასუხე, საწარმო, აპელანტი ან კასატორი) სხვადასხვა პოზიციაზე წლების განმავლობაში მუშაობდა (ტ.1, ს.ფ.15-29).

2. ჭიათურის გამამდიდრებელი კომბინატის რგანის №1 მაღაროში, 2010 წლის 11 თებერვალს, მოხდა უბედური შემთხვევა, რის შედეგადაც მოსარჩელემ მარცხენა ფეხზე მძიმე დაზიანება მიიღო (როკის ძვლების მოტეხილობა) (ტ.1, ს.ფ.15-29).

3. მოსარჩელეს შრომითი უნარის შესაძლებლობის ზომიერი შეზღუდვა დაუდგინდა. პროფესიული შრომის უნარის დაკარგვის ხარისხი 60 პროცენტით განისაზღვრა(ტ.1, ს.ფ.15-29).

4. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუღებელი სარჩოს სახით, 2011 წლის 14 ივლისიდან 2014 წლის ივლისამდე - 14 543 ლარისა და 28 თეთრის გადახდა დაეკისრა (ტ.1.ს.ფ.15-29).

5. საწარმომ ზემოხსენებული გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა 2014 წლის 14 ივლისამდე გადაიხადა.

6. სარჩელის საფუძვლები

6.1. დაზარალებულმა 2017 წლის 7 მარტს სარჩელით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს მოპასუხისათვის შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების გამო სარჩოს დაკისრების მოთხოვნით.

6.2. დაზარალებულმა დამატებით მიუთითა, რომ მას პროფესიული შრომის უნარი უვადოდ აქვს დაკარგული, შესაბამისად, საწარმოს აღნიშნული სარჩოს გადახდა ყოველთვიურად უნდა დაეკისროს.

6.3. მოსარჩელის განმარტებით სარჩოს ოდენობა 2014 წლის ივლისიდან სარჩელის შემოტანამდე - 2017 წლის 7 მარტამდე უნდა განსაზღვრულიყო 17 389 ლარის, ხოლო 2017 წლის 7 მარტიდან - ყოველთვიურად, 543 ლარისა და 34 თეთრის ოდენობით.

7. მოპასუხის შესაგებელი

7.1 მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და დამატებით ორ გარემოებაზე მიუთითა:

7.1.1 მხარეთა შორის სადავო ურთიერთობაზე სამართალწარმოება უნდა შეწყდეს, ვინაიდან უკვე არსებობს გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით (იხ. განჩინების მე-4 პუნქტი).

7.1.2 გასულია სარჩელის სასამართლოში შეტანის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 1008-ე მუხლის შესაბამისად დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.

8. საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

8.1. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2014 წლის 14 ივლისიდან 2017 წლის 14 მარტამდე 13 345 ლარის, ხოლო 2017 წლის 14 მარტიდან - ყოველთვიურად, 543 ლარისა და 34 თეთრის გადახდა დაეკისრა.

8.2. სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 130-ე, 326-ე, 316-ე, 317-ე, 408-ე, 411-ე, 992-ე და 1008-ე მუხლებით, აგრეთვე, საქართველოს შრომის კოდექსის - საქართველოს ორგანული კანონით (შემდეგში: სშკ) 35-ე და 44-ე მუხლებით, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53-ე დადგენილებით (შემდეგში: დადგენილება) და განმარტა, რომ მოპასუხის პოზიცია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან მიმართებით უსაფუძვლოა.

8.3. სასამართლომ იმსჯელა, რომ დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე მოთხოვნისათვის, სსკ-ის 1008-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის მიუხედავად, განსახილველ შემთხვევაში, კომპლექსურად უნდა გამოყენებულიყო სსკ-ის 129(2)-ე, 130-ე და 326-ე მუხლები. ზემოაღნიშნულ ნორმათა სისტემური ანალიზი ცხადყოფს, რომ პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებათა რეგულირებისათვის გამოიყენება სსკ-ის 129(2)-ე მუხლი 326-ე მუხლთან ერთად. რაც შეეხება, მოთხოვნის ხანდაზმულობას, სსკ-ის 130-ე მუხლის გათვალისწინებით, მოსარჩელის მიმართ მოპასუხის მხრიდან 2014 წლის ივლისის ჩათვლით ვალდებულება სრულდებოდა ჯეროვნად, შესაბამისად, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლის წერტილად მიჩნეულია სწორედ აღნიშნული თარიღი, საიდანაც სარჩელის შეტანის ვადა არ იყო გასული.

8.4. რაიონულმა სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 106-ე მუხლის შესაბამისად ამ განჩინების მე-4 პუნქტში დასახელებულ გარემოებაზე, სსკ-ის 992-ე, 408-ე, 411-ე მუხლზე, სშკ-ის 35-ე მუხლზე, ამ განჩინების 8.2 ქვეპუნქტში მითითებულ დადგენილებაზე დაყრდნობით დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოპასუხის ბრალით მოსარჩელეს ზიანი მიადგა. მოცემულ შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ პირმა დაკარგა შრომის უნარი უვადოდ, 60 პროცენტით, რაც წარმოადგენდა საწარმოს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, ყოველთვიურად გადაეხადა დაზარალებულისათვის დადგენილი სარჩო.

9. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

9.1. მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მისი გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

9.2. აპელანტის მოსაზრებით, მოსარჩელეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (იხ. ამ განჩინების მე-4 პუნქტი) უარი ეთქვა ერთიანი კომპენსაციის ანაზღაურებაზე, შესაბამისად, მას ხელმეორედ ასეთი მოთხოვნის დაყენების უფლება არ ჰქონდა;

9.3. აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა გადასახდელი სარჩო 2017 წლის საშუალო ხელფასიდან, ვინაიდან, მოსარჩელემ თავდაპირველ სარჩელში თავადვე განსაზღვრა სარჩოს ოდენობა არსებულზე ნაკლები ოდენობით;

9.4. ასევე, სასამართლო გასცდა მოსარჩელის მოთხოვნის ფარგლებს, ვინაიდან მოსარჩელემ სარჩოს გადახდის ვალდებულება მდგომარეობის აღდგენას ან საპენსიო ასაკის მიღწევას (65 წელი) დაუკავშირა, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ მოპასუხეს დაზარალებულის სიცოცხლის ბოლომდე ეკისრება სარჩოს გადახდა.

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

10.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

10.2. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მართალია მოსარჩელეს ერთიანი კომპენსაციის მიკუთვნებაზე უარი ეთქვა თავდაპირველი გადაწყვეტილებით, თუმცა, აღნიშნული არ ნიშნავდა, რომ მოსარჩელემ დაკარგა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობა.

10.3. სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე სრული შრომისუნარიანობით გააგრძელებდა მუშაობას, ის მიიღებდა საწარმოსგან გაზრდილ ანაზღაურებას, შესაბამისად, ხელფასის ზრდა უნდა ასახულიყო სარჩოს ოდენობაზე, რაც გამორიცხავდა მოპასუხის მხრიდან ახალი ხელფასის მიხედვით სარჩოს განსაზღვრაზე უარის თქმის დასაბუთებულობას.

10.4. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, რაიონულმა სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა დაზარალებულის მიერ სარჩელში მითითებული მოთხოვნის საფუძველზე დააკმაყოფილა, შესაბამისად, სასამართლოს მხრიდან მოთხოვნის ფარგლების დარღვევაზე მოპასუხის მითითება დაუსაბუთებელი იყო.

11. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

11.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

11.2. საკასაციო საჩივრის პრეტენზიები ამ განჩინების 9.2-9.4 ქვეპუნქტებში მითითებული გარემოებების იდენტურია.

12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

12.1 საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებით სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

15. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მართებულად შეფასდეს, თუ როდემდე იქნებოდა მოსარჩელე დასაქმებული მოპასუხე საწარმოში, იმ შემთხვევაში, თუ არ დადგებოდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალების მიხედვით, მოსარჩელე მისი ასაკიდან გამომდინარე, პრეზუმირებულია, რომ იმუშავებდა საწარმოში, რომ არ მიეღო დაზიანება, რაც მისთვის გაზრდილი ხელფასის ოდენობით სარჩოს გადახდის საფუძველია. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტა: „ზიანის ანაზღაურების მიზნიდან გამომდინარე, რომლის არსი დაზარალებულის კომპენსირებაში მდგომრეობს, მხედველობაშია მისაღები ის შემოსავალი, რომელიც დაზარალებულს გააჩნდა ზიანის დადგომამდე, ორგანიზაციაში მუშაობისას და ზიანის დადგომის შემდგომი პერიოდი, როდესაც შრომის უნარის შეზღუდვის გამო, დაზარალებული ვეღარ ახერხებდა მუშაობას, და ამის გამო, მას უკვე არ ჰქონდა უნარი, მიეღო შემოსავალი ხელფასის სახით. შესაბამისად, სარჩოს სახით, ზიანის ანაზღაურების კრიტერიუმს სწორედ ხელფასის ის ოდენობა წარმოადგენს, რასაც დაზარალებული იღებდა დაწესებულებიდან ჯანმრთელობის დაზიანებამდე, შრომის უნარის დაკარგვის ხარისხთან შეფარდებით; ამასთან, ვინაიდან დაზარალებულის განრიგის მუშაკების ხელფასი გარკვეულ პერიოდში იზრდებოდა, სარჩოს გადაანგარიშება უნდა მოხდეს მუშაკის გაზრდილი ხელფასის პროპორციულად“ (საქმე # ას-789-746-2015, 22.01.2016 წ.)

19. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიის (იხ. წინამდებარე განჩინების 9.4 ქვეპუნქტი) პასუხად აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა სარჩოს ანაზღაურება მდგომარეობის შეცვლამდე (იხ. ტ.1, ს.ფ.4), შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია საპროცესო კანონმდებლობა და არ გასცდენია სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს.

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

21. ზემოხსენებული მოტივაციით უარყოფილია საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობა და უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს განჩინება.

22. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, კასატორს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "ჯ-ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს "ჯ-ს" (ს/კ 2-) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თ. ჭ-ის (პ/ნ 0-) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1645.28 ლარის (საგადასახადო დავალება N1510729661, გადახდის თარიღი 2017 წლის 15 ნოემბერი), 70% – 1151.69 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე