Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1315-1235-2017 22 იანვარი, 2018 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. ზ-ი (ა-ი) (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „პ-ის“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 სექტემბრის საოქმო განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარება; გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით, შპს ,,პ -ისის’’ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი მ. ზ-ის (ა-ის; შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის თაობაზე დაკმაყოფილდა.

2. სასამართლოს ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი წარადგინა, მისი გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 სექტემბრის საოქმო განჩინებით სააპელაციო საჩივარი, აპელანტის და მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო, განუხილველი დარჩა.

4. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 387-ე, 229.2-ე, 276-ე, 70-78-ე, 215.3-ე მუხლებზე მითითებით დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტისა და მისი წარმომადგენლის სხდომაზე გამოუცხადებლობა არ იყო გამოწვეული ობიექტური მიზეზით და დააკმაყოფილა მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

5. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეები კანონით გათვალისწინებული წესით გაფრთხილებული იყვნენ 2017 წლის 28 სექტემბერს, 10:30 საათზე დანიშნული სხდომის თაობაზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ს/ფ 129), თუმცა, აპელანტსა და მის წარმომადგენელს სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ სასამართლოსათვის არ უცნობებიათ.

6. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.

7. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მისი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული, კერძოდ, ჰქონდა ასთმური შეტევა და სასამართლოში მისვლა არ შეეძლო.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2017 წლის 27 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

9. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

10. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

11. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს, რომელიც წინამდებარე განჩინების 4-5 ქვეპუნქტებშია მითითებული და დამატებით განმარტავს, რომ კერძო საჩივრის ავტორმა აღიარა პროცესზე დაუსწრებლობის ფაქტი, თუმცა, სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რომელიც სასამართლო სხდომაზე მისი დაუსწრებლობის საპატიოდ მიჩნევის საფუძველს შექმნიდა (სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი).

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორი, სსსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, გაფრთხილებული იყო სასამართლო სხდომის თაობაზე, რასაც თავადაც ადასტურებს. ის და მისი წარმომადგენელი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდნენ სხდომაზე, სააპელაციო სასამართლომ კი კანონიერად დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე (სსსკ-ის 229-ე მუხლის მეორე ნაწილი, 372-ე, 387-ე მუხლები).

13. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული. საპროცესო კანონმდებლობა უფლებებთან ერთად მხარეებს აკისრებს მოვალეობებსაც, მათი შეუსრულებლობა კი, იწვევს მხარისათვის არასასურველ სამართლებრივ შედეგს.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის საოქმო განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ზ-ის (ა-ი) კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 სექტემბრის საოქმო განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 სექტემბრის საოქმო განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე