Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1372-1292-2017 26 იანვარი, 2018 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - გ. ბ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში არსებითად განსახილველად

დავის საგანი – საიჯარო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი გ. ბ-ის (შემდეგში: მოპასუხე) წინააღმდეგ, საიჯარო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო, დარჩა განუხილველად.

4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 365-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ღირებულება აღემატება 1 000 (ათასი) ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

5. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა 05.04.2015 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საიჯარო ქირის 1100 (ათას ასი) ლარის 0.1%-ის დაკისრება, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელად დაეკისრა - 05.04.2015 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე საიჯარო ქირის 1100 (ათას ასი) ლარის - 0.05%, რაც ყოველდღიურად შეადგენს 0.55 ლარს. შესაბამისად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში აპელანტს სადავოდ აქვს გამხდარი 0.55 ლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავის საგანი უნდა დაანგარიშდეს 05.04.2015 წლიდან ამ განჩინების მიღებამდე პერიოდში - 20.08.2017 წლამდე (898 დღე), ყოველდღიურად გადასახდელი თანხების ჯამური ოდენობით (0.55 X 898 დღე), რაც საერთო ჯამში შეადგენს - 494 ლარს. აღნიშნული კი, სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილ ოდენობაზე, 1000 ლარზე ნაკლებია. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი დაუშვებელი იყო და განუხილველად უნდა დარჩენილიყო.

7. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში არსებითად განსახილველად.

8. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ აპელანტს სადავოდ ჰქონდა გამხდარი 0.55 ლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვინაიდან, მითითებული თანხის გარდა, აპელანტი დავობდა 485.65 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ფაქტზეც.

9. სააპელაციო სასამართლომ, აგრეთვე, არასწორად შეაფასა სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელის შემთხვევაში დავის საგნის ფასი განისაზღვრება არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით. მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას იხელმძღვანელა აღნიშნული სამართლებრივი ნორმით და დავის საგნის ფასის განსაზღვრისას გამოითვალა სამწლიან პერიოდზე დასაკისრებელი მზარდი პირგასამტეხლო, რაც თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 1.10 ლარს. ამდენად, სამწლიან პერიოდზე, მოპასუხეს სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში დაეკისრებოდა 1204.5 ლარი (1.10 X 1095 დღე). საქალაქო სასამართლომ მოპასუხეს 1.10 ლარის ნაცლად დააკისრა 0.55 ლარი, რაც 1095 დღეზე შეადგენს 602.25 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ არსებითად არასწორად განმარტა მითითებული ნორმა, როდესაც პირგასამტეხლოს დაკისრების პერიოდად მიუთითა 05.04.2015 წლიდან, მის მიერ განჩინების მიღებამდე პერიოდი - 20.08.2017 წელი. ასევე, სააპელაციო სასამართლოს სადავო განჩინება მიღებული აქვს არა 20.08.2017 წელს, არამედ - 20.09.2017 წელს. აქედან გამომდინარე, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, მე-2 სასარჩელო მოთხოვნის დაუკმაყოფილებელი ნაწილის (485.65 ლარი) და მზარდი პირგასამტეხლოს (0.55 ლარი) სამი წლის ვადაზე (1095 დღე) გამოანგარიშების შემთხვევაში, დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2017 წლის 27 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

12. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება წარმოდგენილი აქვს.

13. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის ფასი 1 000 ლარს არ აღემატებოდა (იხ. ამ განჩინების 5-6 პუნქტები).

14. საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით უნდა ეხელმძღვანელა, რადგან სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ვადიან გასაცემს/გადასახდელს შეეხებოდა. სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, რაზეც კერძო საჩივრის ავტორიც უთითებს, განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის ფასი გამოითვლება მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული დაუკმაყოფილებელი პირგასამტეხლოს თანხის 3 წელზე ნამრავლით.

15. მოცემულ საქმეში მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხისათვის საიჯარო ქირის - 1851.92 ლარის, ერთჯერადი პირგასამტეხლოს - 971.3 ლარის და 05.04.15 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1 100 ლარის 0.1 %-ის დაკისრებას. სსსკ-ის მე-40 მუხლის მეორე ნაწილისა და 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, განსახილველ შემთხვევაში დავის საგნის ღირებულება გამოითვლება შემდეგნაირად: 1 851.92 ლარი + 971.3 ლარი + (1 100 ლარი * 0.1 % * 3 წელი * 365 დღე) = 4 027.72 ლარი. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ: 1 851.92 ლარი + 485.65 ლარი + (1 100 ლარი * 0.05 % * 3 წელი * 365 დღე) = 2 939.82 ლარი. შესაბამისად, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი სასარჩელო მოთხოვნის დაუკმაყოფილებელ ნაწილს შეეხება, ე.ი. სააპელაციო საჩივრის ღირებულებაა 4 027.72 ლარი - 2 939.82 ლარი = 1 087.82 ლარი. ვინაიდან 1 087.82 ლარი 1 000 ლარს აღემატება, სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველი არ არსებობს.

16. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივრის ფასი 494 ლარით უნდა განისაზღვროს, რადგან სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვადიანი გადასახდელი უნდა გამრავლდეს არაუმეტეს სამ წელზე, რასაც თავად კერძო საჩივრის ავტორიც მართებულად უთითებს კერძო საჩივარში (იხ. ამ განჩინების მე-9 პუნქტი).

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია დასაბუთებულია, დადასტურებულია, რომ მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის ღირებულება 1000 ლარს აღემატება. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს გაანჩინებით უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე, დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე