Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1404-1324-2017 9 თებერვალი, 2018 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ. მ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ც-ე, ბმა ’’ამხანაგობა-..’’ (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – კრების ოქმის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. მ-ის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი მ. ც-ისა (შემდეგში: პირველი მოპასუხე) და ბმა „ამხანაგობა-..-ის“ (შემდეგში: ამხანაგობა) წინააღმდეგ, კრების ოქმის ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი დარჩა განუხილველი.

4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე და პირველი მოპასუხე ამხანაგობის წევრები იყვნენ. ამხანაგობის 2014 წლის 15 დეკემბრის კრებით პირველ მოპასუხეს ნება დაერთო ბინაში საზოგადოებრივი ობიექტის მოსაწყობად ვიტრაჟი გაეკეთებინა, რის საფუძველზეც პირველმა მოპასუხემ ნაგებობის ფასადი გადააკეთა და ბინაში ობიექტი გახნა. აპელანტის განმარტებით, პირველი მოპასუხის მიერ ნაწარმოები სამუშაო და ამ უკანასკნელის კუთვნილი ობიექტიდან გამომავალი ხმაური დაუშვებლად მოქმედებს მოსარჩელეზე და საფრთხეს უქმნის ნაგებობის მდგრადობას. აქედან გამომდინარე, მოსარჩელემ კრების ოქმის ბათილად ცნობა მოითხოვა და მიიჩნია, რომ აღნიშნული პირვანდელი მდგომარეობის აღდგენასა და ხელშეშლის აღკვეთას გამოიწვევდა.

5. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 180-ე მუხლით და დაასკვნა, რომ აპელანტის მიერ აღძრულ აღიარებით სარჩელში არ ვლინდებოდა იურიდიული ინტერესი, რაც აღიარებითი სარჩელის არსებითი შემადგენელი ნაწილია. სასამართლომ დაადგინა, რომ განსახილველ საქმეში წარდგენილი სარჩელის, როგორც აღიარებითი მოთხოვნის, დასაშვებობის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა იყო ის, რომ აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის რეალური სამართლებრივი შედეგი უნდა დამდგარიყო და სამართლებრივად გაუმჯობესებულიყო მისი მდგომარეობა.

6. სასამართლომ იმსჯელა, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი აღიარებითი სარჩელი დავის გადაწყვეტის არც ერთადერთი და არც საუკეთესო საშუალება იყო. იგი მხარეთა შორის არსებული კონფლიქტის სამართლებრივი გადაწყვეტის საშუალებას არ იძლეოდა. მოსარჩელის მიერ აღძრულ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება ობიექტურად შეუძლებელი იქნებოდა.

7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი ვერ დადგებოდა მოსარჩელისათვის სასურველი შედეგი, რადგან კრების ოქმის ბათილად ცნობა არც ნაგებობის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას გამოიწვევდა და არც - ხელშეშლის აღკვეთას, ამ საკითხის გადასაწყვეტად კი ახალი სამართალწარმოების დაწყება იყო საჭირო.

8. მოსარჩელემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 26 სექტემბრის განჩინება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

9. მოსარჩელე საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ კერძო საჩივარში ვრცლად საუბრობს იმ დაუშვებელ ზემოქმედებაზე, რასაც იგი პირველი მოპასუხის კუთვნილი კვების ობიექტის ფუნქციონირების შედეგად განიცდის. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სასამართლო განმარტებები არასწორია, რადგან მას, როგორც აღიარებითი სარჩელის ავტორს ჰქონდა დასაბუთებული იურიდიული ინტერესი და კრების ოქმის ბათილობით მიაღწევდა საბოლოო შედეგს - ნაგებობას დაუბრუნდებოდა პირვანდელი სახე და ხელშეშლაც აღიკვეთებოდა.

10. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა მისთვის სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების საკითხზე.

11. მომჩივანი მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით მას მორალური და მატერიალური ზიანი მიადგა, სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო განემარტა, თუ როგორ უნდა აღედგინა აპელანტს დარღვეული უფლებები.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2018 წლის 4 იანვრის განჩინებით კერძო საჩივარი მიიღო განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

13. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

14. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

15. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მის მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი, რაც სსსკ-ის 180-ე მუხლის თანახმად სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთი წინაპირობაა.

16. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რაც ამ განჩინების 4-7 ქვეპუნქტებშია ასახული და დამატებით მიუთითებს: „აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება Nას-121-117-2016, 17.03.2016წ.).

17. „სსსკ-ის 180-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელი შემდეგი კრიტერიუმები: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა (იხ. სუსგ # ას-838-802-2014, 19.03.2015წ.)“ - იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება Nას-664-635-2016, 02.03.2017წ..

18. საკასაციო სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნიდან - აღდგეს ნაგებობის პირვანდელი მდგომარეობა და პირველი მოპასუხის მხრიდან მომდინარე ხელშეშლა აღიკვეთოს -გამომდინარე, მიუთითებს დავის გადაწყვეტის შესაძლო სამართლებრივ საფუძვლებზე, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 174-176-ე, 992-ე მუხლებზე. თუმცა, სხვა საკითხია რამდენად წარმატებული იქნება ამგვარი სარჩელი, რადგანაც ის დაკმაყოფილებადი იქნება მითითებული ნორმებით გათვალისწინებული ფაქტობრივი წინაპირობების (სამართლებრივი წინაპირობების) კანონით დადგენილი თანმიმდევრობით განხორციელებისა (შესრულების) და მოთხოვნის გამომრიცხავი, შემწყვეტი ან მისი განხორციელების ხელისშემშლელი გარემოებების არარსებობის შემთხვევაში.

19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავოდ გამხდარი კრების ოქმის ბათილად ცნობა მოსარჩელის დარღვეული უფლების აღდგენის წინაპირობა ვერ გახდება, ვინაიდან სარჩელით მოთხოვნილი არ არის პირვანდელლი მდგომარეობის აღდგენისა და ხელშეშლის აღკვეთის საკითხი, სასამართლო კი, დავას იხილავს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში და არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით მიაკუთვნოს მხარე ის, რაც მას არ მოუთხოვია (სსსკ-ის 248-ე მუხლი).

20. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიებთან დაკავშირებით, რომელიც დავის მატერიალურ საფუძვლებს ეხება, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული გარემოებები არ წარმოადგენს კერძო საჩივრის ფარგლებში განსახილველ გარემოებებს, შესაბამისად, განხილვის მოცემულ სტადიაზე, სასამართლო მათზე ვერ იმსჯელებს. კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი მხოლოდ სარჩელის განუხილველად დატოვების კანონიერებაა, აქედან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია პროცესუალურ შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს კერძო საჩივრის ის მოთხოვნა, რომელიც მისი სარჩელის დაკმაყოფილებას ეხება.

21. სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების შესახებ კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის ბოლო წინადადებას მოიხმობს და განმარტავს, რომ საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს არ დაუბრუნდება. სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 26 სექტემბრის მთავარ სხდომაზე მიიღო სარჩელის განუხილველად დატოვების გადაწყვეტილება, რის გამოც მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟი არ დაუბრუნდება, ამდენად ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა კერძო საჩივრის მოთხოვნა.

22.ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 26 სექტემბრის გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. მ-ის კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 სექტემბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 სექტემბრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე