Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1517-1437-2017 20 აპრილი, 2018 წელი, ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – თ. ს-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 8 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვა

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით სს „თ-ის“ (შემდეგში: მოსარჩელე, კრედიტორი) სარჩელი თ. ს-ის (შემდეგში: მოპასუხე, მოვალე კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც მოსარჩელემ, აგრეთვე - მოპასუხემ. მოსარჩელემ (კრედიტორმა) მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება - დარიცხული ჯარიმის, დაზღვევის დაკისრებაზე უარის თქმის, შემცირებული ძირი თანხის, ჯარიმის, მიუღებელი შემოსავლისათვის საპროცენტო განაკვეთის და სამომავლო პირგასამტეხლოს ნაწილში. მოპასუხემ (მოვალემ) მოითხოვა, გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ოქტომბრისა და 2017 წლის 8 დეკემბრის განჩინებებით მოსარჩელისა და მოპასუხის სააპელაციო საჩივრები დარჩა განუხილველი.

4. სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მოტივაციისას მიუთითა, რომ მოპასუხის წარმომადგენელმა არაერთხელ ითხოვა სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლება, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული შუამდგომლობები პროცესის გაჭიანურებას ემსახურებოდა, ამასთან, მხარეს განჩინებით დადგენილ ვადაში არ აღმოუფხვრია სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი, რის გამოც ის განუხილველი დარჩა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, აგრეთვე -სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლება.

6. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს არაერთხელ მიმართა სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების თხოვნით, ვინაიდან მეუღლე ჰყავდა გარდაცვლილი, ჰქონდა მარჩენალდაკარგულის სტატუსი, და დამოუკიდებლად, მძიმე სოციალური მდგომარეობის ფონზე, ზრდიდა მცირეწლოვან შვილს.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2018 წლის 26 თებერვლის განჩინებით მოპასუხის კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

8. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში, სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

10. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად ვადის გაგრძელება არაერთხელ მოითხოვა აპელანტმა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა და 2017 წლის 22 სექტემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად მხარეს ვადა გაუგრძელა იმავე წლის 13 ოქტომბრის განჩინებით - 7 დღით, 6 ნოემბრის განჩინებით - ისევ 7 დღით. მხარის წარმომადგენლის მიერ 6 დეკემბერს შეტანილი განცხადება, რომელიც იმეორებდა მანამდე წარდგენილი განცხადებების იდენტურ გარემოებებს, რომლებზედაც სასამართლოს უკვე ნამსჯელი ჰქონდა და განჩინებებით არ გაიზიარა მითითებული არგუმენტების დამაჯერებლობა და სარწმუნოობა, რის გამოც მხარეს მისცა შესაძლებლობა, ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების გზით აღმოეფხვრა იგი, სასამართლომ საბოლოოდ განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი.

11. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა მისი მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რის გამოც ვერ უზრუნველყოფდა სახელმწიფო ბაჟის გადახდას.

12. საკასაციო სასამართლომ ზემოთ უკვე აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ განჩინებით არაერთხელ დაუდგინა კერძო საჩივრის ავტორს სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობისათვის ხარვეზი და განუსაზღვრა ვადა მის აღმოსაფხვრელად, მიუხედავად ამისა, კერძო საჩივრის ავტორს არც სახელმწიფო ბაჟი გადაუხდია და არც სხვა რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის (სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადება, შემცირება), გარდა სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების თაობაზე წარდგენილი იდენტური შინაარსის მოთხოვნისა, რომლის დასასაბუთებლად მხარეს შესაბამისი მტკიცებულებები არ წარუდგენია. ზემოაღნიშნული, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით ემსახურებოდა პროცესის გაჭიანურების მცდელობას, რასაც იზიარებს საკასაციო სასამართლოც, რადგან აღნიშნული ეწინააღმდეგება სწრაფი და ეფექტიანი სასამართლო განხილვის პრინციპებს.

13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსსკ) 47-ე მუხლის მიხედვით სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.

14. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული. საპროცესო კანონმდებლობა უფლებებთან ერთად მხარეებს აკისრებს მოვალეობებსაც, მათი შეუსრულებლობა კი, იწვევს მხარისათვის არასასურველ სამართლებრივ შედეგს. საპროცესო ვალდებულებების არსებობა შეჯიბრებით პროცესში სწორედ მხარეთა უფლებების დაცვის, საპროცესო ეკონომიის პრინციპისა და, საბოლოოდ, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის გარანტიაა. შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი თითოეული პირის უფლებას ემსახურება, განხილული იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (იხ. სუსგ-ები: # ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; #ას-851-817-2016, 04.11.2016წ.). საპროცესო კოდექსითვე დადგენილია საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მხარის მიერ მისი აღმოფხვრის წესი და წინაპირობები (იხ. სუსგ # ას-1208-1128-2017, 09.03.2018წ.).

15. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, ვინაიდან სადავო არ არის სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის დანიშნულ ვადაში შეუვსებლობის ფაქტი, საკასაციო სასამართლოს, სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის ბოლო წინადადების საფუძველზე, კანონიერად მიაჩნია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გასაჩივრებული განჩინება.

16. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც შესაბამისი შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის 2017 წლის 8 დეკემბრის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (შდრ. სუსგ-ები: # ას-884-824-2017, 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინება; # ას-558-533-2016, 2016 წლის 15 ივლისის განჩინება; # ას-521-498-2016, 2016 წლის 12 ივლისის განჩინება; # ას-861-811-2015, 2016 წლის 31 მარტის განჩინება).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ს-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 8 დეკემბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 8 დეკემბრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე