№ას-693-663-2014 30 მაისი, 2018 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი (მოსარჩელე) – ვ.კ.
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - მ.ზ., დ.კ., კ.კ., ნ.ნ.
განმცხადებლის მოთხოვნა – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
დავის საგანი – საცხოვრებელი სადგომის საკუთრებაში გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ვ.კ–მა (შემდეგში მოსარჩელე) სარჩელით მიმართა სასამართლოს მ.ზ–ის, დ.კ–ს, კ.კ–ისა და ნ.ნ–ის (შემდეგში მოპასუხეები) მიმართ და მოითხოვა მის სარგებლობაში არსებული 90.06 კვ.მ. ფართის მქონე საცხოვრებელი სადგომის (მდებარე თბილისი, ....) საკუთრებაში გადაცემა ამ საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 25%-ის მოპასუხეთათვის გადახდის სანაცვლოდ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენდა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლეს, ვინაიდან მან ვერ დაამტკიცა, რომ ზემოხსენებულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელ სახლში სარგებლობის უფლებით ფლობდა სადავო ფართს. სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელე და მოპასუხეები წარმოადგენდნენ ახლო ნათესავებს, მათ თანასაკუთრებაში ჰქონდათ (იდეალურ წილებად) შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი, შესაბამისად, მათი დავა ექცეოდა არა სპეციალური კანონის, არამედ საზიარო უფლების მომწესრიგებელი ნორმების ფარგლებში.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო ურთიერთობაზე ვერ გავრცელდება „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონი, ვინაიდან საცხოვრებელი სადგომი, რომლის მესაკუთრედ ცნობასაც მოითხოვს მოსარჩელე, საჯარო რეესტრში აღრიცხულია, როგორც უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული შენობა-ნაგებობა. ეს გარემოება, სასამართლოს მოსაზრებით, იმას ნიშნავს, რომ სადავო შენობა-ნაგებობის მესაკუთრეა სახელმწიფო და არა - მოპასუხეები. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მოპასუხეებთან ვერ დადებდა სპეციალური კანონით გათვალისწინებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას ან დათმობის შესახებ გარიგებას, შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლო იყო და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.
7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე და აღნიშნა, რომ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული შენობა-ნაგებეობების მესაკუთრედ მოსარჩელის ცნობა წინააღმდეგობაში მოვიდოდა ზემოხსენებულ კანონთან, ვინაიდან ეს კანონი ითვალისწინებდა უკანონო მიწის ნაკვეთების (შენობა-ნაგებობის) მიმართ საკუთრების უფლების აღიარების განსხვავებულ წესს.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
10. საკასაციო სასამართლოს განაცხადებით მომართა მოსარჩელემ და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეჩერება. განმცხადებლის განმარტებით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგინდა უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია და ამონაგები თანხის თანამესაკუთრეებს შორის განაწილება. წინამდებარე საქმეში იგი მოითხოვს სწორედ მითითებული უძრავი ქონების ნაწილის (#2, 3 და 4 შენობა-ნაგებობის) მესაკუთრედ ცნობას, ამიტომ სარჩელის უზრუნველყოფის გარეშე, მისი მოთხოვნა აზრს დაკარგავს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
11. მოსარჩელის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ უსაფუძვლოა, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
12. მოცემულ საქმეში მოსარჩელის მოთხოვნაა მის სარგებლობაში არსებული 90.06 კვ.მ ფართის საცხოვრებელი სადგომის (მდებარე თბილისი, ...., ს/კ №.....) საკუთრებაში გადაცემა ამ საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 25%-ის მოპასუხეთათვის გადახდის სანაცვლოდ. წარმოდგენილი განცხადებით მოსარჩელე მოითხოვს მისი სარჩელის უზრუნველყოფას, კერძოდ, კერძო აღმასრულებლის წარმოებაში არსებულ #A18059095 საქმეზე დაწყებული იძულებითი აღსრულების შეჩერებას, რომელიც, თავის მხრივ, დაიწყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე 16.10.2014 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ამ გადაწყვეტილებით დადგინდა ქ.თბილისში, ….. მდებარე უძრავ ნივთზე (ს/კ ....) საზიარო უფლების გაუქმება საზიარო საგნის აუქციონზე იძულებითი რეალიზაციისა და ამონაგები თანხის უძრავი ქონების თანამესაკუთრეებს შორის განაწილების გზით. განმცხადებლის განმარტებით, ზემოხსენებული უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაციის შემთხვევაში, მისი სარჩელის განხილვას აზრი დაეკარგება.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 198-ე მუხლის მე-2 ნაწილში მოცემულია უზრუნველყოფის ღონისძიებათა სახეების ჩამონათვალი. ეს ნორმა ითვალისწინებს მხოლოდ ორ შემთხვევას, როდესაც შესაძლებელია სადავო ქონებაზე მიმდინარე აღსრულების შეჩერება, კერძოდ, ამ ნორმის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ სარჩელის აღძვრის შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ქონების რეალიზაციის შეჩერება, გარდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, ხოლო „ი“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს უზრუნველყოფის ღონისძიების სახით სააღსრულებო საბუთის აღსრულების შეჩერებას ისეთ საქმეებზე, რომლებიც აღძრულია „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ან, რომლებზეც შეტანილია განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე.
14. განსახილველ შემთხვევაში, არ გვაქვს 198.2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, ვინაიდან არ არსებობს ამ ნორმით დადგენილი წინაპირობა, კერძოდ, აღძრული არაა სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების თაობაზე. არც 198.2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან ეს ნორმა გულისხმობს სააღსრულებო საბუთის აღსრულების შეჩერებას ისეთ საქმეზე, რომელიც აღძრულია „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს სააღსრულებო საბუთის აღსრულების შეჩერებას ისეთ საქმეზე, რომელიც არ არის აღძრული ზემოხსენებული სპეციალური კანონის საფუძველზე, კერძოდ, იმ საქმის დავის საგანი, რომელზედაც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი, საზიარო უფლების გაუქმებაა, რაც არ ექცევა სსსკ-ის 198.2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის რეგულირების სფეროში.
15. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის თობაზე მოსარჩელის მოთხოვნა, ასევე, ვერ დაეფუძნება სსსკ-ის 198-ე მუხლის მე-3 ნაწილს, ვინაიდან დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, სსსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილი ზუსტად განსაზღვრავს, თუ რა შემთხვევებშია შესაძლებელი სარჩელის (გადაწყვეტილების აღსრულების) უზრუნველყოფის მიზნით, აღსრულების შეჩერება, შესაბამისად, აღსრულების შეჩერების (მათ შორის, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების) სხვა შემთხვევები ვერ განიხილება ამავე კოდექსის 198-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ „სხვა ღონისძიებად“ (იხ. სუსგ: №ას-1020-975-2013, 19.12.2013; Nას-881-843-2014, 25.12.2014; Nას-75-72-2016, 11.03.2016; Nას-975-939-2016, 26.10.2016).
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით სააღსრულებო წარმოების შეჩერების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
17. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 193-ე, 198.2-ე, 264.3-ე, 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ.კ–ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი