საქმე №ას-493-493-2018 31 მაისი, 2018 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მზია თოდუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – თ.ც–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ტ.ს. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით ტ.ს–ს სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვდა თ.ც–თვის ბინის დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის სახით 3674 ლარისა და ექსპერტიზის დასკვნაში გაწეული ხარჯის - 200 ლარის ანაზღურებას, დაკმაყოფილდა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება.
4. სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 18 იანვრის განჩინება ამავე წლის 27 თებერვალს საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 აპრილის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღეში საქართველოს უზენაეს საასამართლოში დაზუსტებული საკასაციო საჩივრის, კასაციის საფუძვლების მითითებით, კანონით დადგენილი წესით გაცემული მინდობილობისა და 300 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინების ასლი მოპასუხეს ჩაჰბარდა 2018 წლის 23 აპრილს.
6. 2018 წლის 1 მაისს მოპასუხემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება. ამავე წლის 3 მაისის განჩინებით მოპასუხეს 3 დღით გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა. აღნიშნული განჩინების ასლი მხარეს ჩაჰბარდა ამავე წლის 4 მაისს.
7. 2018 წლის 7 მაისს მოპასუხემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა კანონით დადგენილი წესით გაცემული მინდობილობა და ამასთან იშუამდგომლა ხარვეზის დარჩენილ ნაწილში ვადის გაგრძელების თაობაზე. ამავე წლის 15 მაისის განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და 3 დღით გაუგრძელდა ხარვეზის დარჩენილი ნაწილის შევსების ვადა. განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ამავე დღეს ეცნობა მოპასუხის წარმომადგენელს.
8. 2018 წლის 18 მაისს მოპასუხემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი კასაციის მიზეზების მითითებით და ამასთან იშუამდგომლა ხარვეზის დარჩენილ ნაწილში ვადის გაგრძელების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
9. საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო :
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
11. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 აპრილის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე, ამის შემდეგ კასატორმა ორჯერ მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე და ამასთან ნაწილობრივ შეავსო ხარვეზი. 2018 წლის 15 მაისის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 3 დღით.
12. 2018 წლის 18 მაისს კასატორმა კვლავ მომართა სასამართლოს ხარვეზისთვის დადგენილი ვადის გაგრძელების შუამდგომლობით.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, სსსკ-ის 64-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია გააგრძელოს მის მიერ დანიშნული საპროცესო ვადა, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ კასატორის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ დაუსაბუთებელია, გარდა ამისა, კასატორს უკვე სამჯერ გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა, თუმცა, მან მხოლოდ ნაწილობრივ შეავსო ხარვეზი, სახელმწიფო ბაჟი კი დღემდე არ გადაუხდია. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლოში სამართალწარმოება ორივე მხარის თანასწორობის საფუძველზე მიმდინარეობს, რაც მოდავე მხარეთა ინტერესების თანაბრად დაცვას გულისხმობს. საკასაციო პალატის მოსაზრებით, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის შეტანიდან გასულია ორ თვეზე მეტი, ხარვეზის შევსების ვადის კიდევ ერთხელ გაგრძელება შელახავს მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს, ვიდაიდან ეს გამოიწვევს საქმის განხილვის გაჭიანურებას.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე დაუსაბუთებელია.
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
16. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე, 63-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კასატორის შუამდგომლობა ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. თ.ც–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: მზია თოდუა