Facebook Twitter

საქმე №ას-564-523-2017 16 ივნისი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – თ. გ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „მ-ო“ (მოსარჩელე)

თავდაპირველი თანამოპასუხეები: შ. კ-ე, მ. ლ-ე, თ. ჩ-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

შპს „მ-ომ“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. გ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან მოვალე), შ. კ-ის, მ. ლ-ისა და თ. ჩ-ის (შემდგომში _ თავდაპირველი თანამოპასუხეები ან სოლიდარული თავდებები) მიმართ დავალიანების _ 2 886,83 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნით.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილები:

სამტრედიის რაიონული სასამართლოს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს, კრედიტორის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ 2 094,45 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარის გადახდა.

3. აპელანტის მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოვალემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

4. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 მარტის განჩინებით (საოქმო), სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

5. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:

5.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

5.2. კერძო საჩივრის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა განუხილველად მოვალის სააპელაციო საჩივარი, რადგანაც სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიიჩნევს, რომ თ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:

ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;

გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. პალატა ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:

1.2.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 თებერვლის განჩინებით მოვალის სააპელაციო საჩივარის განხილვა დაინშნა 2017 წლის 16 მარტს, 17:00 საათზე, განჩინებაში განმარტებულია მხარეთა გამოუცხადებლობის ნეგატიური შედეგები;

1.2.2. სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე უწყება გაეგზავნა აპელანტის უფლებამოსილ წარმომადგენელ რ.ხ-ას (იხ. რწმუნებულება, ს.ფ. 83-85) და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ჩაბარდა პირადად 2017 წლის 22 თებერვალს;

1.2.3. სასამართლო სხდომაზე არ გამოცხდდა არც აპელანტი და არც მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, რაიმე განცხადება ან მტკიცებულება, რომელიც მხარის გამოუცხადებლობის საპატიოობას დაადასტურებდა, საქმის მასალებში არ მოიპოვება;

1.2.4. აპელანტის მიწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

1.3. კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მხოლოდ იმ საფუძვლით მოითხოვს, რომ გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო სასამართლოს მიერ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 229-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის გამოყენებისა და ამ ნორმათა საფუძველზე, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების შემოწმება.

1.4. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება (სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება) უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის საფუძველი გახდა.

1.5. როგორც უკვე აღინიშნა, მხარე გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მხოლოდ საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო მოითხოვს, შესაბამისად, კვლევის საგანი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული წინაპირობები ვერ გახდება. საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტის სამართლებრივად შეფასების მიზნით მოიშველიებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილს (სსსკ-ის 241-ე მუხლი), რომლის შესაბამისადაც, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

1.5.1. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მხარის მიერ შუამდგომლობის წარდგენისა თუ მისი წარდგენის შეუძლებლობის საკანონმდებლო რეგლამენტაციას და, ერთი მხრივ, მიუთითებს განსაკუთრებული ობიექტური გარემოების არსებობის აუცილებლობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, ადგენს ამ გარემოების თაობაზე მხარის ობიექტურ შეუძლებლობას, წინასწარ აცნობოს სასამართლოს. ნორმის ამ ელემენტთაგან ერთ-ერთის არარსებობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის მომტანია.

1.5.2. მოცემულ შემთხვევაში, მხარე მიუთითებს რა გამოუცხადებლობის საპატიოობაზე, მას კერძო საჩივარში ფორმალურადაც კი არ გადმოუცია, თუ რა მიზეზით იყო განპირობებული გამოუცხადებლობა და ამის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს წინასწარი ინფორმირების შეუძლებლობა, ასევე, არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლის შეფასებაც სასამართლოს საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის წინაპირობების არსებობაში დაარწმუნებდა.

1.6. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი არ შეიცავს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ საფუძვლებზე მითითებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე