Facebook Twitter

საქმე №ას-955-891-2017 27 ოქტომბერი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ლ. ა-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე. ბ-ე, ნ. ქ-ე, მ. მ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების, ასევე, ამ ხელშეკრულების საფუძველზე დადებული „უფლების ნაწილობრივ დათმობის შესახებ“ ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებულად აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ლ. ა-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. ბ-ის, ნ. ქ-ისა და მ. მ-ის (შემდგომში _ მოპასუხეები, მოწინააღმდეგე მხარეები) მიმართ და მოითხოვა 2015 წლის 11 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების, ასევე, ამ ხელშეკრულების საფუძველზე დადებული „უფლების ნაწილობრივი დათმობის შესახებ“ 2016 წლის 4 აპრილის ხელშეკრულების ნაწილობრივ, სარგებლის განსაზღვრის ნაწილში ბათილად ცნობა და მისი 3%-დან 1.5%-მდე შემცირება, ასევე, მოსარჩელის მიერ ე. ბ-ისათვის გადახდილი პროცენტის _ 4 950 აშშ დოლარის 2015 წლის 11 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ძირითად თანხაში გადახდილად მიჩნევა.

2. მოპასუხეების პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ ხელშეკრულებები კანონის მოთხოვნებს სრულად შეესაბამება, გარდა ამისა, მოსარჩელე სათანადო მტკიცებულებით ვერ ადასტურებს 2 970 აშშ დოლარის ე.ბ-ისათვის გადაცემის ფაქტს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 2015 წლის 11 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში, ასევე, 2016 წლის 4 აპრილის „უფლების ნაწილობრივ დათმობის“ ხელშეკრულებაში განსაზღვრული სარგებლის მოცულობა შემცირდა 1,5%-მდე, ხოლო 4 950 აშშ დოლარის 2015 წლის 11 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ძირითად თანხაში გადახდილად ჩათვლის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად მისი წარდგენის საპროცესო ვადის დარღვევის მოტივით.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სააპელაციო სასამართლოს განჩინება უკანონოა. მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარის ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20-30 დღიანი ვადის დაცვით გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილება, თუმცა ამ ვადაში (03.05.2017-01.06.2017) არა თუ დასაბუთებული, არამედ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილიც კი არ იყო მომზადებული, მხარისათვის ეს ინფორმაცია ცნობილი გახდა მოსამართლის თანაშემწესთან არაერთი სატელეფონო გასაუბრებისას. ამ გარემოების გათვალისწინებით მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს 2017 წლის 2 ივნისს მიმართა, თუმცა, არც ამ დროს იყო მომზადებული დასაბუთებული გადაწყვეტილება, სწორედ ამიტომ 2017 წლის 5 ივნისს კვლავ წერილობით იქნა მოთხოვნილი დასაბუთებული გადაწყვეტილება და სწორედ ამ დროს შეძლო მხარემ მისი ჩაბარება და სააპელაციო საჩივრის წარდგენის საპროცესო ვადის დენაც ამ დროიდან უნდა აითვალოს. გარდა ამისა, ბუნებრივია, გადაწყვეტილება არ იყო ატვირთული სასამართლოს ვებგვერდზე. სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 2 და 5 ივნისის განცხადებები, რომლებიც ცხადყოფენ მხარის ბრალის გარეშე საპროცესო ვადის დარღვევის ფაქტს, ხოლო დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან სააპელაციო საჩივარი სწორედ კანონით დადგენილ ვადაშია წარდგენილი. სასამართლოს განმარტებები, რომლის საფუძველზეც ეთქვა უარი მხარეს სააპელაციო საჩივრის მიღებაზე, არ გამომდინარეობს ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართლით განსაზღვრული „სასამართლო უფლების“ ნაგულისხმევი შეზღუდვიდან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ა-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.

1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 და 369-ე მუხლების გამოყენება-განმარტებისა და ამ კუთხით ფაქტობრივი გარემოებების შეფასების სისწორე.

1.3. გასაჩივრებული განჩინების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოში 2017 წლის 2 მაისს გამართულ სხდომაზე გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მოსარჩელის წარმომადგენელი, რომელიც საკუთარ უფლებამოსილებას ახორციელებდა მხარის მიერ მის სახელზე განუსაზღვრელი ვადით გაცემული მინდობილობის საფუძველზე. როგორც საქმის მასალებიდან დგინდება, მოსარჩელეს ან მის წარმომადგენელს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა (2017 წლის 3 მაისიდან ამავე წლის 1 ივნისამდე) სასამართლოსთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით არ მიუმართავთ. აღნიშნული მოთხოვნით სასამართლოს მოსარჩელის წარმომადგენელმა ზურაბ ფორჩხიძემ მიმართა 2017 წლის 2 ივნისს (სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ), საბოლოოდ კი, დასაბუთებული გადაწყვეტილება მოსარჩელის წარმომადგენლმა მერი მაისურაძემ ჩაიბარა 2017 წლის 5 ივნისს. ამ ფაქტების შეფასების შედეგად პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ აპელანტისთვის გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან (30-ე დღიდან) _ 2017 წლის 2 ივნისიდან და ამოიწურა 2017 წლის 15 ივნისს, სააპელაციო საჩივარი სასამართლოში 2017 წლის 16 ივნისსაა შეტანილი.

1.4. კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით მოითხოვს, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის საპროცესო ვადა მისი ბრალით არ არის დარღვეული, საქალაქო სასამართლომ დადგენილ ვადაში ვერ უზრუნველყო დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადება, ხოლო გადაწყვეტილების მზაობისა და მისი ჩაბარების თხოვნით მხარეს კომუნიკაცია ჰქონდა სასამართლოსთან. ამ ფაქტის დადასტურების ძირითად მტკიცებულებად მხარე განიხილავს საქმეში არსებულ განცხადებებსა და ხელწერილს.

1.5. საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ საპროცესო ვადა მხარის ბრალით არ დარღვეულა, ამ პრეზუმფციის დაშვების საფუძვლად პალატა სწორედ მხარის მიერ მოშველიებულ მტკიცებულებათა შეფასებას მიიჩნევს (სსსკ-ის 105-ე მუხლი). საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე სამართლებრივ და ფაქტობრივ საკითხზე:

1.5.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო/საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადით შეზღუდვა სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპს ემყარება, თუმცა ეს ვადა სასამართლოს მხრიდან ყოველთვის ზედმიწევნით უნდა იქნას შესწავლილი, რათა დაუსაბუთებლად არ შეიზღუდოს ამავე კოდექსის მე-2 მუხლით, ასევე, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება, ამასთანავე, სასამართლოს მხრიდან საკითხის ზედმიწევნითი ანალიზი უზრუნველყოფს მოგებული მხარის ინტერესების დაცვასაც, რაც გონივრული პროპორციაა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე (სსსკ-ის მე-4 მუხლი).

1.5.2. მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის კონტექსტში უდავოა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თაობაზე ინფორმირებული იყვნენ მხარეები, შესაბამისად, ხსენებული ნორმა მათ მიმართ მოქმედებს (გარდა ამისა, მოსარჩელე არ წარმოადგენს ამავე ნორმის მე-2 ნაწილის სუბიექტს). გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღე იყო 2017 წლის 22 მაისი, 30-ე დღე _ 1 ივნისი, ზოგადი წესის თანახმად, გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დენა (სსსკ-ის 369-ე მუხლი) დენა დაიწყო 2 ივნისს და ამოიწურა 15 ივნისს. საქმეში არსებული განცხადებების თანახმად, მართალია, დასტურდება, რომ მხარემ დაარღვია ზემოხსენებული ნორმით განსაზღვრული 30-დღიანი ვადა გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნის თაობაზე, თუმცა ის გარემოება, რომ 30-დღიანი ვადის დარღვევით, 2017 წლის 2 ივნისს წარდგენილი განცხადების პასუხად მხარის წარმომადგენელს მაინც არ ჩაბარდა დასაბუთებული გადაწყვეტილება, გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში მოუმზადებლობის თაობაზე მისი პრეტენზიის გაზიარების საფუძველს ქმნის. უდავოა ისიც, რომ მხარის მეორე წარმომადგენელმა 2017 წლის 5 ივნისს კვლავ დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით მიმართა სასამართლოს და იგი ადრესატს იმავე დღეს ჩაბარდა.

1.6. საკასაციო პალატის მოსაზრებით, დაუშვებელია მხარეს წაერთვას მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უფლება ისეთ ვითარებაში, როდესაც საქმის მასალების ანალიზი არ იძლევა უალტერნატივო დასკვნის საფუძველს იმისა, რომ თავად მხარემ დაარღვია ესა თუ ის საპროცესო მოქმედება.

1.7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 6 ივნისს და ამოიწურა 20 ივნისს, სააპელაციო საჩივარი კი, სასამართლოში რეგისტრირებულია 2017 წლის 16 ივნისს, რაც უდავოდ მეტყველებს იმაზე, რომ აპელანტს არ დაურღვევია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით იმპერატიულად დადგენილი მოთხოვნა (სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადა). შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ა-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ივლისის განჩინება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი