3გ-ად-76-კს-02 18 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ბ. კობერიძე
დავის საგანი: კერძო საჩივრის დასაშვებობა.
აღწერილობითი ნაწილი:
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 21 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით თ. ა.-ის სარჩელი საქართველოს განათლების სამინისტროს მიმართ, თბილისის ¹58 ბაგა-ბაღის გამგის თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
2002წ. 8 მაისს მოსარჩელე თ.ა.-მ საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიმართა განცხადებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის საფუძველზე. აღნიშნული განცხადება განსჯადობით გადაიგზავნა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ 2002წ. 7 ივნისის განჩინებით თ.ა.-ს მიუთითა, რომ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ აკმაყოფილებდა სსკ-ს 427-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს. კერძოდ, განმცხადებელმა არ მიუთითა საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი, კონკრეტულად რომელი დოკუმენტი გაუქმდა. აგრეთვე მან არ მიუთითა იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობდა, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა.
აღნიშნული ხარვეზის შესავსებად თ.ა.-ს მიეცა ვადა, მაგრამ მოსარჩელემ ხარვეზი ვერ აღმოფხვრა და განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 ივლისის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული, დაუშვებლობის მოტივით.
თ. ა.-მ კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში შეიტანა კერძო საჩივარი 2002წ. 10 ივლისის განჩინების გაუქმების მოთხოვნით, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაუსაბუთებლობის მოტივით და კერძო საჩივარი განსახილველად საქმესთან ერთად გადაუგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 სექტემბრის განჩინებით თ.ა.-ის კერძო საჩივარი კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 ივლისის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
1. სასამართლომ მიუთითა, რომ სსკ-ს 427-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შინაარსი, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: “თუ განცხადება არ დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნას, სასამართლო ავალებს განმცხადებელს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, განცხადება აღარ დაიშვება”.
2. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, რომლის საფუძველზეც თ.ა.-ე ითხოვდა საქმის წარმოების განახლებას, გათვალისწინებულია საქმის წარმოების განახლება, თუ სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას გაუქმდა, ხოლო განმცხადებელმა ვერ მიუთითა ამ გარემოებაზე, სასამართლო გადაწყვეტილება-განაჩენზე ან საქმის წარმოების განახლებისათვის მნიშვნელოვან დოკუმენტზე, რომელიც მართალია საფუძვლად დაედო კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, მაგრამ ამჟამად გაუქმდა, რაც თავის მხრივ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველს;
3. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ რაიონულმა სასამართლომ თ.ა.-ის განცხადებასთან დაკავშირებით სწორად გამოიყენა სსკ-ს 427-ე მუხლი და მართებულად მიუთითა ხარვეზზე, ხოლო დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სასამართლომ სწორად დატოვა განუხილველად ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ თ.ა.-ის განცხადება, თანახმად სსკ-ს 429-ე მუხლისა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ამ განჩინებაზე თ.ა.-ემ საოლქო სასამართლოში კვლავ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა 2002წ. 23 სექტემბრის განჩინების გაუქმება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 ოქტომბრის განჩინებით თ.ა.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა დაუშვებლობის მოტივით, რადგან საპელაციო სასამართლო წარმოადგენს ზემდგომ სასამართლოს, ხოლო ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ საჩივრდება. თანახმად სსკ-ს 419-ე მუხლის მესამე ნაწილისა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თ.ა.-ის კერძო საჩივარი დაუშვებელია და იგი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, თ.ა.-ის კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ.ა.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს დაუშვებლობის მოტივით და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 სექტემბრისა და 2 ოქტომბრის განჩინებები შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 414-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ: “კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში”, ხოლო სხვა შემთხვევებში შეტანილი კერძო საჩივარი დაუშვებელია. თ.ა.-ემ კერძო საჩივარი შეიტანა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 სექტემბრის განჩინებაზე, რომელიც თავის მხრივ ზემოაღნიშნული კოდექსის 417-ე, 419-ე მუხლის თანახმად, ასევე გამოტანილი იყო თ.ა.-ის კერძო საჩივრის საფუძველზე. აღნიშნული კერძო საჩივრით თ.ა.-ე მოითხოვდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 ივლისის განჩინების გაუქმებას, რომლითაც ხარვეზის შეუვსებლობის გამო, დაუშვებლობის მოტივით განუხილველად იქნა დატოვებული მისი განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 ივლისის განჩინებით, სსკ-ს 429-ე მუხლის შესაბამისად, თ.ა.-ეს მიეცა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების უფლება, რომლის რეალიზებაც თ.ა.-ემ მოახდინა 2002წ. 24 ივლისს კერძო საჩივრის შეტანით, მაგრამ კერძო საჩივარი დაუსაბუთებლობის მოტივით არ დაკმაყოფილდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 29 ივლისის განჩინებით და სსკ-ს 417-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივარი განსახილველად გადაეგზავნა ზემდგომ სასამართლოს _ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
თბილისის საოლქო სასამრთლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 სექტემბრის განჩინებით, უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა თ.ა.-ის კერძო საჩივარი და უცვლელად დარჩა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 ივლისის განჩინება, ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ თ.ა.-ის განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე. თბილისის საოლქო სასამართლოს აღნიშნული განჩინება გამოტანილია სსკ-ს 419-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რომლის მე-3 ნაწილიც იმპერატიულად მიუთითებს: “ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება”, რის შესაბამისადაც თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 23 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტში მიეთითა, რომ განჩინება აღარ საჩივრდება. მიუხედავად ამ სპეციალური მითითებისა, თ.ა.-მ მაინც შეიტანა კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 23 სექტემბრის განჩინებაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 ოქტომბრის განჩინებით, დაუშვებლობის მოტივით, არ დაკმაყოფილდა თ.ა.-ის კერძო საჩივარი და სსკ-ს 417-ე მუხლის შესაბამისად, განსახილველად გადმოეგზავნა უზენაეს სასამართლოს. საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინებას თ.ა.-ის კერძო საჩივრის დაუშვებლობის შესახებ, რადგან კერძო საჩივრით გასაჩივრებული თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 23 სექტემბრის განჩინება თავად წარმოადგენდა სსკ-ს 419-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ზემდგომი სასამართლოს განჩინებას თ.ა.-ის კერძო საჩივრის თაობაზე, რომლითაც გასაჩივრებული იყო კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 ივლისის განჩინება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, თ.ა.-ის განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე. ვინაიდან, სსკ-ს 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება, ხოლო ამავე კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამიტომ თ.ა.-ის კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 სექტემბრის განჩინებაზე დაუშვებელია, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 2 ოქტომბრის განჩინება თ.ა.-ის კერძო საჩივრის დაუშვებლობის შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 417-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.ა.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს დაუშვებლობის მოტივით;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 სექტემბრისა და 2 ოქტომბრის განჩინებები;
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.