Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე№ას-1140-1096-2016 17 თებერვალი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – მ. ბ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ. გ-ი (მხარდამჭერი ი.ნ-ძე) (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხეები - ბ. ა-ი, ი. ბ-ი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – რწმუნებულების ბათილად ცნობა, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და მის საფუძველზე განხორციელებული საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით ვ. გ-ის სარჩელი ბ. ა-ის, ი. ბ-ისა და მ. ბ-ის მიმართ, რწმუნებულების ბათილად ცნობის, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის და მის საფუძველზე განხორციელებული საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის, თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით მ. ბ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ–მა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 დეკემბრის განჩინებით მ. ბ-ის შუამდგომლობა, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ, არ დაკმაყოფილდა და კასატორს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა, 600 ლარის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

ხარვეზის შესახებ განჩინება კასატორის შვილს, ე. რ-ეს ჩაბარდა 2017 წლის 3 იანვარს.

2017 წლის 6 იანვარს უზენაეს სასამართლოს, ფოსტის მეშვეობით, მომართა მ. ბ-მა და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელება 2017 წლის 10 თებერვლამდე, რადგან უსახსრობის გამო ვერ შეძლო სახელწიფო ბაჟის გადახდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 იანვრის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კასატორს ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადა გაუგრძელდა და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

საქმის მასალებში არსებული საფოსტო უკუგზავნილით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული განჩინება 2017 წლის 27 იანვარს ჩაბარდა კასატორის შვილს, ე. რ-ეს (პ/ნ 5..).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 20 იანვრის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მას ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადა გაუგრძელდა და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

საქმეში წარმოდგენილი საფოსტო უკუგზავნილით ირკვევა, რომ ზემოხსენებული განჩინება 2017 წლის 27 იანვარს სსსკ-ის 70-ე მუხლის შესაბამისად, ჩაბარდა მ. ბ-ის შვილს, ე. რ-ეს.

დადგენილია, რომ კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორთათვის ხარვეზის შევსების 7 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 28 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 3 თებერვალს (პარასკევი). ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2017 წლის 3 თებერვლის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396.3-ე, 399-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ე. გასიტაშვილი