№ას-1054-1009-2014 19 ივნისი, 2015 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები:
1. ო.კ. -ე (მოწინააღმდეგე მხარე - ა.ნ.-ი)
2. ა.ნ.-ი (მოწინააღმდეგე მხარე - ო.კ. -ე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორ ო.კ. -ის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
კასატორ ა.ნ.-ის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით ა.ნ.-ის სარჩელი მოპასუხე ო.კ. -ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა.ნ.-მა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 ივნისის განჩინებით:
1. ა.ნ.-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
2. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
3. ა.ნ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
4. ო.კ. -ეს ა.ნ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 16783.43 ლარის გადახდა;
5. ო.კ. -ეს ა.ნ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა წინასწარ გაწეული საპროცესო ხარჯის ნაწილის, 8381.07 ლარის ანაზღაურება;
6. ო.კ. -ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 1175.54 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ.ბათუმში, პუშკინის №101-ში მდებარე მიწის ნაკვეთი საერთო საკუთრებაა. შენობა-ნაგებობები, სასარგებლო ფართით ლიტ „ბ” 68.4კვ.მ, არის ა. ნ.-ის საკუთრება №..., ხოლო ლიტ „ა” 233.0კვ.მ – ვ. ნ.-ისა და ა.ნ.-ის საკუთრება;
ქ.ბათუმში, პ.-ის ქ.№..-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები, სასარგებლო ფართით 288.06კვ.მ, წარმოადგენს ო.კ. -ის საკუთრებას;
2008 წლის 17 სექტემბერს ქ.ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურმა ო.კ. -ის სახელზე გასცა ნებართვა ქ.ბათუმში, პ.-ის ქ. N ..--ში საზოგადოებრივი ობიექტის მშენებლობაზე. მშენებლობის პროექტი შედგენილ იქნა ინდმეწარმე მ. ბ.-ის მიერ;
2009 წლის 10 თებერვლის ბრძანებით ქ.ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურმა ცვლილება შეიტანა ქ.ბათუმში, პ.-ის ქ. N ..--ში საზოგადოებრივი ობიექტის (საწყობის) მშენებლობის არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტში (პროექტი №30);
მხარეებს შორის სადავოს არ წარმოადგენდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ო.კ. -ემ ქ.ბათუმში, პ.-ის ქ. N ..--ში მდებარე მის კუთვნილ უძრავ ქონებაზე ორჯერ განახორციელა მიშენება, თავდაპირველად 2007 წლამდე, ხოლო შემდგომში, 2008-2009 წლებში;
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნებით ირკვევა და მხარეებს შორის სადავო არ გამხდარა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე ა.ნ.-ს ქ.ბათუმში, პ.-ის ქ.№...-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული აქვს უნებართვო მინაშენი. მინაშენის კედლის ნაწილი დაშენებულია ეზოში არსებულ ღობეზე, ოთხ ადგილზე დამატებითი წერტილოვანი ბალიშების მოწყობით. ამასთან, მოსარჩელის მიერ მოწყობილი საძირკვლის ბალიში შეჭრილია მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში 0.8მ-ით;
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №.... დასკვნით (ექსპერტი რ.წ.) დადგენილია შემდეგი:
ა. ქ.ბათუმში, პ.-ის ქ. N ..--ში მდებარე მოსარჩელე ა.ნ.-ის საცხოვრებელ სახლს და ეზოს ნაგებობებს აღენიშნება დაზიანებები, საცხოვრებელი სახლის კედლებში განვითარებულია ავარიული ჰორიზონტალური და ვერტიკალური ბზარები, მათი ლოკალიზაცია შესაძლებელია აღდგენითი სამუშაოების ჩატარებით;
ბ. ქ.ბათუმში, პ.-ის ქ. N ..--ში მდებარე მოსარჩელე ა.ნ.-ის საცხოვრებელ სახლსა და ეზოში არსებული დაზიანებები ტექნიკური თვალსაზრისით ექვემდებარება აღდგენას, რისთვისაც საჭიროა კომპეტენტური სამშენებლო-საპროექტო ორგანიზაციის მიერ შენობის დეტალური გამოკვლევით მიღებული შედეგების საფუძველზე შედგეს აღდგენითი სამუშაოების ღირებულება.
გ. ქ.ბათუმში, პ.-ის ქ. N ..--ში მდებარე, მოპასუხე ო.კ. -ის მიწის ნაკვეთში განხორციელებული მშენებლობა არ შეესაბამება ქ.ბათუმის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ 2008 წლის 17 სექტემბრის მშენებლობის ნებართვას; გაზრდილია სვეტების და კოჭების განივკვეთი და სვეტების რაოდენობა; გადახურვის რკინაბეტონის მონილითური ფილის ნაცვლად გამოყენებულია ღრუტანიანი რკინაბეტონის ანაკრეფი გადახურვის ფილები; სამეზობლო ნაკვეთის მხარეს მოწყობილია პროექტით გაუთვალისწინებული ღიობები, თუმცა ზემომითითებული პროექტიდან გადახვევები დაკანონდა ქ.ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ 2009 წლის 10 თებერვალს გაცემული №20/09 მშენებლობის ნებართვით. დარღვევები ამ უკანასკნელის ნებართვის მიმართ არ ვლინდება, მათ შორის, ღიობები ამოშენებულ უნდა იქნეს მინაბლოკით, რის შედეგადაც იგი ღიობად აღარ მიიჩნევა.
დ. ქ.ბათუმში, პ.-ის ქ. N ..--ში მდებარე, მოპასუხე ო.კ. -ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში განხორციელებული მშენებლობისას დაირღვა სამეზობლო კედლების მოწყობის წესები, კერძოდ: №1-1/1254 ბრძანება „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე”, მუხლი №26, პუნქტი №24, რომლის თანახმადაც, მოპასუხე ო.კ. -ეს მის ტერიტორიაზე მოსარჩელე ა.ნ.-ის მიერ მოწყობილ უნებართვოდ შემოჭრილი წერტილოვანი საძირკვლის ქვედა თაროზე კედელი ისე არ უნდა დაეშენებინა, რომ ამის შესახებ მოსარჩელე ა.ნ.-ისათვის და თავისი მშენებლობის პროექტის ავტორისათვის არ შეეტყობინებინა, რათა გატარებულიყო ისეთი ღონისძიებები, რომელიც გამორიცხავდა კედლის დაწოლას მოსარჩელე ა.ნ.-ის საძირკვლის თაროზე, რამდენადაც კედლის დაშენება გამოიწვევდა საძირკვლის ჯდენას და ხელს შეუწყობდა მოსარჩელეს კედლების დეფორმაციას (იხილეთ გეოტექნიკური დასკვნა). რაც შეეხება გრუნტის გამორეცხვას, გეოტექნიკური დასკვნის მიხედვით ამის დადგენა შეუძლებელია.
ე. ქ.ბათუმში, პ.-ის ქ. N ..--ში მდებარე მოსარჩელე ა.ნ.-ის სახლში, გეოტექნიკური დასკვნის თანახმად, ბზარების განვითარებას გამოიწვევდა მოსარჩელის მიერ მოწყობილ საძირკვლის ბალიშზე (რომელიც როგორც გეოტექნიკურ დასკვნაში არის მითითებული, შეჭრილია მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში 0.8მ-ით) მოპასუხე ო.კ. -ის მიერ კედლის დაშენება; მოსარჩელის კედელზე ბზარები გაჩნდა თუ არა 2008-2009 წლებში, ამის დადგენა დღეისათვის საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზით შეუძლებელია.
ვ. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ქ.ბათუმში, პ.-ის ქ. N ..--ში მოსარჩელე ა.ნ.-მა თავის საცხოვრებელ სახლზე მიშენებული კედლის ნაწილი დააშენა ეზოში არსებულ ღობეზე ოთხ ადგილზე დამატებითი წერტილოვანი ბალიშების მოწყობით. როგორც წესი, შენობის დაშენება ღობეზე არ შეიძლება. შენობა უნდა ეყრდნობოდეს საკუთარ საძირკველს, მაგრამ დამატებით მოწყობილმა ბალიშებმა უზრუნველყვეს თუ არა დაშენებული კედლის მდგრადობა, მისი დადგენა შეუძლებელია სათანადო საკვლევი მასალების უქონლობის გამო, კერძოდ: თუ დაშენებიდან მრავალი წლის განმავლობაში შენობის კედლებში ბზარები არ წარმოშობილა, მაშინ შეიძლება ითქვას რომ დამატებითი ბალიშების მოწყობამ უზრუნველყო დაშენებული კედლის მდგრადობა. მოსარჩელის მიერ ნაწარმოები დაშენება არ აკმაყოფილებს სეისმური ნორმების მოთხოვნებს, კერძოდ, კედლის სიმაღლის შეფარდება მის სისქესთან არ უნდა აღემატებოდეს 12-ს. „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე” №1-1/1254 ბრძანების მუხლი №26, პუნქტი №24-ის თანახმად, მოსარჩელეს უფლება არ ჰქონდა წერტილოვანი საძირკვლის მოწყობისას მეზობელთან შეთანხმების გარეშე შეჭრილიყო მის ტერიტორიაში.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №..... დასკვნით (ექსპერტი ბ.ბ.) დადგენილია შემდეგი:
ქ.ბათუმში, პ.-ის ქ. N ..--ში მდებარე, მოპასუხე ო.კ. -ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში განხორციელებული მშენებლობა (ხილულ ნაწილში) შეესაბამება ქ.ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის №204/-08 და №20/09 მშენებლობის ნებართვებს; მშენებლობა განხორციელებულია არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების თაობაზე ქ.ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2008 წლის 30 ივნისის და არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამავე სამსახურის 2009 წლის 10 თებერვლის ბრძანებით დამტკიცებულ პროექტებში მოცემული მონაცემების შესაბამისად. ფარული სამუშაოების მოცულობების დადგენა და წარმოდგენილ პროექტებთან შედარება ვერ მოხდა;
ქ.ბათუმში, პ.-ის ქ. N ..-–ში მდებარე, მოპასუხე ო.კ. -ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში განხორციელებული მშენებლობა წარმოებულია მისივე (მოპასუხის) მიწის ნაკვეთის საზღვრებში;
სამეზობლო საზღვრის მხარეს (მოსარჩელის ნაკვეთის მხარეს) აგებული კედელი მოწყობილია ყოველგვარი ღიობების გარეშე. შესაბამისად, ობიექტების ვიზუალური დათვალიერებით, მოპასუხის მიწის ნაკვეთში განხორციელებული მშენებლობით, მოსარჩელის მიწის ნაკვეთის მიმართ არ ირღვევა სამშენებლო ნორმები და წესები.
ქ.ბათუმში, პ.-ის ქ. N ..--ში მდებარე მოპასუხე ო.კ. -ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში განხორციელებული მშენებლობისას (საძირკველი, ფართობი, გამაგრება) დარღვეულია თუ არა სამშენებლო ნორმები და წესები, ამის დადგენა დღეისათვის ექსპერტიზით ტექნიკურად შეუძლებელია, ვინაიდან საძირკვლის სამუშაოები განეკუთვნება ფარული სამუშაოების კატეგორიას. აღნიშნულის დადგენა შესაძლებელია გეოლოგიური გამოკვლევითა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარების შედეგად.
სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის №1305/5 დასკვნით (ექსპერტი დ.გ.) დადგენილია შემდეგი:
ქ.ბათუმში, პ.-ის ქ. N ..--ში მდებარე ორსართულიანი სახლის დაზიანებული კედლის საძირკვლის ე.წ. ბალიში საქმეში წარმოდგენილი აზომვითი და საკადასტრო რუკების მიხედვით, დაახლოებით 0.8 მეტრით შემოჭრილია ქ.ბათუმში, პ.-ის ქ. N ..--ში მდებარე ო.კ. -ის კუთვნილ მიწის ნაკვეთში. იგი მდებარეობს ო.კ.-ის კუთვნილი შენობის კედლის ქვეშ;
რადგან უცნობია რა სამშენებლო ნორმების და წესების გათვალისწინებით მოხდა პ.-ის ქ. N ..- სახლის მინაშენის ფუნდამენტის ანგარიში და პროექტის შედგენა, მიზეზობრივი კავშირი დაზიანებულ კედელსა და მშენებლობას შორის არ დგინდება;
ქ.ბათუმში, პ.-ის ქ. N ..--ში მდებარე 2-სართულიანი სახლის დაზიანებული კედლის ფუნდამენტის ბალიში, რომელიც შემოჭრილია პ.-ის ქ№...-ში მდებარე შენობის კედლის ქვეშ, საქმეში არსებული ადგილის საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის გათვალისწინებით, რაც წარმოადგენს 5.5-5.9 მეტრის სიღრმემდე ძალზე დაბალ მზიდუნარიან გრუნტს, გრუნტის წყლების 0.4მ-ის სიღრმით, ხოლო წლის წვიმიანი სეზონის პირობებში მათი დონის ზედაპირამდე აწევით და მისი დღევანდელი გეომეტრული ზომები საეჭვოს ხდის სამშენებლო ნორმებთან და წესებთან მის შესაბამისობას.
ამისათვის საჭიროა ჰიდრო-გეოლოგიური დასკვნა, რომელიც განსაზღვრავს არსებული ფუნდამენტის შესაბამისობას მასზე დაშენებულ შენობასთან;
ქ.ბათუმში, პ.-ს №...-ში მიმდინარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის დაზიანებული კედლის (განთავსებული ქ.ბათუმში, პ.-ის ქ №..-ში მდებარე მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ) საძირკვლისა და მისი ე.წ. ბალიშის არსებული მდებარეობა, რომელიც შემოჭრილია პ.-ის ქ. N ..- სახლმფლობელობის საზღვრებში და მდებარეობს ო.კ. -ის შენობის კედლის ქვეშ, სანამ არ დადგინდება მისი მახასიათებლების შესაბამისობა მასზე დაშენებულ მზიდ კედელთან, ხელისშემშლელი გარემოება იქნება ქ.ბათუმში, პ.-ის ქ. N ..--ში მდებარე მიწის ნაკვეთში ო.კ. -ის კუთვნილ შენობაზე მე-2 სართულის დაშენებისათვის.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა დ.გ-ემ აჩვენა, რომ მოსარჩელე ა.ნ.-ის მიერ, საკუთარ საცხოვრებელ სახლზე მიშენება განხორციელებულია სამშენებლო ნორმებისა და წესების დარღვევით, დაშენება ღობეზე არ შეიძლება, შენობა საკუთარ საძირკველს უნდა ეყრდნობოდეს.
წინასწარ უნდა არსებობდეს მუშა პროექტი, სადაც გათვლილი იქნება, რომ არსებული საძირკველი გაუძლებს დაშენებას;
მიშენების წესის შესაბამისად, ა.ნ.-ის მინაშენს უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი საძირკველი;
ღობის დანიშნულებაა, ზიდოს საკუთარი თავი. თუკი ღობეზე მოხდა დაშენება, იგი სხვა დინამიურ დატვირთვას განიცდის, რბილ-პლასტიკური გრუნტის ჩაჭრით მოსალოდნელია არათანაბარი ჯდენა.
ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში ჯდენას განიცდის სწორედ მინაშენი, არ არის გამორიცხული ბზარების ამ მიზეზით არსებობა.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მოთხოვნის საფუძველზე, შპს „ა.-ის” მიერ 2010 წელს შედგენილი საინჟინრო და ჰიდროგეოლოგიური პირობების გეოტექნიკური დასკვნით (ინჟინერ-გეოლოგი მ.ბ.) დადგენილია, რომ ქ.ბათუმში, ალ.პ.-ის ქ. N .. -ში მდებარე საკვლევი უბანი საინჟინრო- გეოლოგიური სირთულის მიხედვით, სნ და წ 1.02.07–87–ის მე-10 დანართის თანახმად, მიეკუთვნება II კატეგორიას (საშუალო სირთულის);
საინჟინრო-გეოლოგიურ ჭრილში, პ.-ის №..-იდან შურფი №1-ით გაშიშვლებული ფილოვან-წერტილოვანი გასულია მეზობლის ტერიტორიაზე 0.8 მ-ით;
საძირკველზე დაფუძნებულია №99-ის მომიჯნავედ (60სმ-ში) მდებარე კედელი, იგი კარგად შეინიშნება №99–ში გაშიშვლებული კედლის ძირიდანაც, რასაც შეეძლო გამოეწვია №..-ში განლაგებული შენობის საძირკვლების არათანაბარი ჯდენისათვის ხელშეწყობა და შესაბამისად კედლების დეფორმაცია;
№2 შურფიდან, რომელიც გაითხარა №99–ის საწყობის შენობის საძირკვლების გასაშიშვლებლად, გამოჩნდა, რომ ფილოვანი საძირკველი განლაგებულია 1.1მ სიღრმეში (პროექტის შესაბამისად);
საკვლევ უბანზე განთავსებული ნაგებობების საძირკვლების ფუძეებად გვევლინება სსგე 1-ის ქვიშები;
მიწისქვეშა წყლები აგრესიული არ არის ერთი კლასის ბეტონის მიმართ;
ქვიშები, რომლებიც ძირითადში წარმოადგენენ ფუძე გრუნტებს, არსებული ყველა შენობა-ნაგებობისათვის სუფოზიური თვისებებით ხასიათდება;
შესაძლებელი იყო თუ არა სუფოზიური პროცესის განვითარება და შედეგად შენობების არათანაბარი ჯდენა, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებელია ყველა საჭირო პარამეტრის არქონის გამო:
1. გრუნტი უნდა იყოს სუფოზიური;
2. უნდა არსებობდეს გამოტანის არეალი;
3. ჰიდრავლიკური გრადიენტის მაჩვენებელი, რომლის დროსაც განსაზღვრული დიამეტრის ნაწილაკები დაიწყებენ გამოსვლას ძირითადი გრუნტიდან (ამის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია რადგან არა გვაქვს მონაცემი ქვაბულიდან წყლის ამოქაჩვის რაოდენობისა და დროის, რომელშიდაც ის ხორციელდებოდა).
ამავე დროს აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში, თუ სუფოზიურ პროცესებს ჰქონდა ადგილი, მას შეეძლო ზეგავლენის მოხდენა №99-ში მდებარე დამხმარე სათავსოზე (სამზადი) და სამეზობლო კედელზე და არა საცხოვრებელი სახლზე.
შპს „ა-ის” გეოლოგის, ს.მ.-ს მიერ, 2008 წლის 21 აპრილს შედგენილ საინჟინრო-გეოლოგიურ დასკვნაში დაფიქსირებულია შემდეგი:
2008 წლის იანვარში, ქ.ბათუმში, პ.-ის ქ. N ..- ეზოში, მოქალაქე ო.კ. -ის მიერ 1-სართულიანი საწყობის (მომავალში დამატებით 1-2 სართულის დაშენების პერსპექტივით) მშენებლობასთან დაკავშირებით, შპს „ა-ის” ინჟინერ-გეოლოგის, მ-ის მიერ ჩატარდა სამშენებლო მოედნის საფუძვლის საინჟინრო-გეოლოგიური გამოკვლევა, მისი გეოლოგიური ჭრილისა და ჰიდროგეოლოგიური პირობების შესასწავლად.
ამ მიზნით, შენობის შესაძლო დადგმის კონტურზე დიაგონალური განლაგებით ჩაბურღულ იქნა ორი ჭაბურღილი სიღრმით 5-6მ და დიამეტრით 90მმ, ჰოლანდიური წარმოების ხელბურღების მსუბუქი კომპლექტის გამოყენებით.
ჭაბურღილთა ნიშნულები აღებულია გეოლოგის მიერ 1:1500 მასშტაბის ტოპოგეგმიდან, რომელიც შესრულებულია კოორდინატთა ბალტიის სისტემის პირობით ნიშნულებში.
შესრულებულ სამუშაოების შედეგად მიღებულ იქნა შემდეგი დასკვნები:
სამშენებლო მოედანი (ზომებით გეგმაზე 9 X 13მ) მდებარეობს პ.-ის ქ. N ..- ეზოს უკანა ნაწილში და იგი დღეისათვის თავისუფალია ყოველგვარი სახის შენობა-ნაგებობისაგან;
მოცემულ პირობებში საფუძვლის გრუნტების დაბალი მზიდუნარიანობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი იქნებოდა მთლიანი არმირებული ფილოვანი საძირკვლის მოწყობა წინასწარ მომზადებულ 50სმ-ის სისქის კარგად მოტკეპნილ კენჭნარ-ხრეშოვან ბალიშზე;
გრუნტის წყლები გახსნილია 0.7-1.2მ-ის სიღრმეზე არსებული ზედაპირიდან დამყარებული დონით 0.4მ-ის სიღრმეზე და წლის წვიმიანი სეზონის პირობებში მოსალოდნელია მათი თითქმის ზედაპირამდე ამოწევა;
საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ გრუნტის წყლები მოცემული რეგიონის ფარგლებში ბეტონის კონსტრუქციების მიმართ არააგრესიულია;
საქართველოს ტერიტორიის სეისმურდარაიონების რუქის თანხმად, ადგილის სეისმურობა 8(რვა) ბალია;
გრუნტები დამუშავების სიძნელის მიხედვით, თანახმად СHиП IV 5-82 №1 ცხრილისა, მიეკუთვნებიან შემდეგ კატეგორიებს: ტექნოგენური ფენა (შრე-1) IIკატეგორიას, P=1,7ტ/ მ3 პ. 24(ა) შრე-2 კატეგორიას. P=1,6 ტ/მ3O პ.33(ა).
შპს „აჭარსპეცპროექტის” გეოლოგის, ს.მ.-ის მიერ 2010 წლის 13 მარტს შედგენილ საინჟინრო-გეოლოგიურ დასკვნაში დაფიქსირებულია შემდეგი:
სარეკონსტრუქციო 2-სართულიანი შენობა (ა.ნ.-ის საცხოვრებელი სახლი) მდებარეობს ქ.ბათუმში, პ.-ის ქ. N ..--ზე და იგი 2 ნაწილისაგან შედგება, რომლის წინა გაცილებით ძველი ნაწილი აშენებულია გასული საუკუნის 50-იან წლებში, ხოლო უკანა ნაწილი კი გაცილებით გვიან – გასული საუკუნის 90-იან წლებში. სახლის წინა ნაწილი დგას ლენტური ტიპის საძირკველზე რომელთა სიგანე (40სმ) იგივეა, რაც კედლებისა და ზედაპირიდან ჩაღრმავებული 1მ-ის სიღრმეზე. საძირკველი მონილითური ბეტონისაა და მისი ჩასხმისას საკმაოდ არის გამოყენებული საშუალო ზომების (10-15სმ) ყორე ქვებიც. ხანდაზმულობის მიუხედავად, განხილული საძირკველი კარგადაა შემონახული და მასზე დეფორმაციების ან გამოფიტვითი პროცესების არანაირი კვალი არ შეიმჩნევა. სახლის უკანა ნაწილი (90-იან წლებში აშენებული) უშუალოდაა მიდგმული უფრო ძველ წინა ნაწილზე და იგი ეყრდნობა ასევე ლენტური ტიპის საძირკვლებს, თუმცა სიტუაცია აქ ბევრად განსხვავდება წინა ნაწილთან შედარებით. საქმე იმაშია, რომ სახლის მოგვიანებით მიშენებული ნაწილის 20სმ სისქის კედელი ეყრდნობა ყოფილ ბეტონის ღობეს (სისქე 20სმ), რომელიც მონოლითური ბეტონის სახითაა ჩამოსხმული და მანძილზე წარმოადგენდა გამყოფ საზღვარს №.. და მიმდებარე №.. ეზოებს შორის. ღობის საძირკველი (ამჟამად უკვე სახლის უკანა ნაწილის მარჯვენა კედლის) ამჟამინდელი ზედაპირიდან (ადრე ზედაპირი 20სმ-ით დაბალი იყო) ჩაღრმავებულია 80-87სმ-ით და მისი ქვედა გაფართოებული ნაწილის სიგანე 75-92სმ-ია (საქმეშია, რომ საძირკველი ჩამოსხმულია ყოველგვარი ქარგილის გარეშე და მისი კიდეები ძალზე უსწორმასწოროა (იხ შურფი №2), სიმაღლე 57სმ-ია და აგებულია ბეტონის ხსნარით შეკავშირებული ყორე ქვებით. მიუხედავა იმისა, რომ საძირკველი ძალზედ არასწორი და დამახინჯებული ფორმისაა, მისი ფიზიკურ-მექანიკური მდგომარეობა საკმაოდ დამაკმაყოფილებელია და მონოლითი მთლიანობაში შენარჩუნებულია. სახლის მოცემულ ნაწილზე მე-2 სართულის დაშენებამდე განხილული საძირკვლის ქვეშ მობინადრის მიერ 1მ-ის სიგრძის ინტერვალებით ჩაჭრილ იქნა გრუნტი და 4 ადგილზე მოეწყო გამაგრებები ბეტონის ბალიშების სახით ზომებით 1.,.X1,0X0,4 მ.
სახლის ორთავე ნაწილის საძირკვლები ეყრდნობა მურა მოშავო და მუქი ნაცრისფერი შეფერილობის რბილპლასტიური კონსისტენციის (ზედაპირიდან 1.8მ-მდე ახლოსაა ძნელად პლასტიურთან) თიხებს, რომლებიც სიღრმეში კიდევ უფრო რბილდება და თითქმის დენადპლასტიური ხდება. მყარი გრუნტი აქ განლაგებულია 5მ-ის სიღრმიდან და წარმოადგენს მაღალი სიმკვრივისა და მზიდუნარიანობის წვრილმარცვლოვან ქვიშებს (შრე-3).
სახლის უკანა ნაწილის სართულთშორის გადახურვა წარმოდგენილია 20სმ-ის სისქის არმირებული ფილით, რომელიც კიდევ უფრო გაძლიერებულია 20X20სმ-ის განიკვეთის განივრად (ერთიმეორისგან 3მ-ის დაცილებით) განლაგებული რკინაბეტონის 4 კოჭით.
საქმეზე წარდგენილ მტკიცებულებაში, 2008 წლის დეკემბერში შპს „აჭარსპეცპროექტის” შენობის კონსტრუქციულ გამოკვლევა-დასკვნაში (კონსტრუქტორი ა. გ.-ი) დაფიქსირებულია შემდეგი:
ქ.ბათუმში, პ.-ის ქ. N ..--ში საზოგადოებრივი ობიექტის მშენებლობა მიმდინარეობდა მშენებლობის ნებართვების 204/08, 20/09 და არქიტექტურულ სამშენებლო პროექტის საფუძველზე;
მოსარჩელის სახლი იმყოფება ავარიულ მდგომარეობაში. სახლის გრძივი გარე კედელი აღმოსავლეთის მხრიდან დაბზარულია..., ბზარების გაჩენა დაწყებულია მას შემდეგ, როცა დაიწყო მეზობლად (სამხრეთიდან) მდებარე სახლის მშენებლობა, რომლის მხოლოდ ერთი სართულია აშენებული;
სახლის კედლების დაბზარვის მიზეზი უდავოდ მშენებარე სახლია, რომლის საძირკველი მოწყობილია სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვის გარეშე;
კონკრეტულ მიზეზს საძირკვლის ჯდენისას საძირკვლისა და გრუნტის გამოკვლევები აჩვენებს;
დასკვნა შედგენილი იყო საძირკველის მდგომარეობის შესწავლის გარეშე, მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებით.
დასკვნის შემდგენის განმარტებით, დასკვნა იძლეოდა მხოლოდ ვარაუდის შესაძლებლობას და არ იყო გამორიცხული სხვა მიზეზების არსებობაც.
შპს „აჭარსპეცპროექტის” კონსტრუქტორმა ა.გ.-მა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ მათ მხოლოდ ნ.-ის მხრიდან დაათვალიერეს მშენებლობა, მოპასუხე კ.-ან გადასვლა საჭიროდ არ მიიჩნიეს, ჩათვალეს, რომ ბზარები იყო კ.-ის მიერ წარმოებული მშენებლობის ბრალით, გამოცდილებით მიხვდნენ, რომ ჩაღრმავება ზედმეტად იყო და მოპასუხის სახლი არ დაზიანდებოდა, თუკი მშენებლობა სამშენებლო ნორმების წესებით იქნებოდა დაცული.
ის გარემოება, თუ 5 მეტრით მოცილებული მშენებლობა როგორ და რა ზომით გამოიწვევდა შენობის დაზიანებას, შესაძლებელი იყო ნახაზის შედგენით, რომელიც მათ არ გაუკეთებიათ, მათი გამოკვლევით არ დადგენილა და ვერც განისაზღვრა საძირკვლის სიღრმე.
როგორც შეიტყვეს, ჩაღრმავება 2მ-ზე მოხდა.
1.10მ ჩაღრმავება არ გამოიწვევდა მიმდებარე სახლის დაზიანებას, ან იგი ამას უმნიშვნელოდ გამოიწვევდა.
საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებით, შპს „გონიოს” მიერ 2009 წლის 8 აპრილს შედგენილი საინჟინრო დასკვნით ირკვევა, რომ დასკვნა შედგენილ იქნა ქ.ბათუმში, პ.-ის ქ. N ..--ში მდებარე ა. ნ.-ის ერთსართულიან სახლზე და არა ამავე მისამართზე მდებარე ა.ნ.-ის სახლზე.
შპს „კომუნპროექტის” მიერ 2009 წლის 16 მარტს შედგენილ ტექნიკური დათვალიერების აქტში (ინჟინერ-კონსტრუქტორები: ე.მ.-ე, ჯ.ნ.-ა) დაფიქსირებულია შემდეგი:
მოპასუხემ დაარღვია სამშენებლო წესები;
პროექტში საძირკვლები გაკეთებულია მიწის ზედაპირიდან 50სმ-ის სიღრმეზე რკინა ბეტონის ფილის სახით;
რეალურად, ო.კ. -ეს აღნიშნულ ტერიტორიაზე ამოღებული აქვს ქვაბული 2.5მ-ის სიღრმეზე, ჩაყრილია ხრეში და მოწყობილია საძირკვლები, რამაც გამოიწვია მოსარჩელის სახლის მიშენებული ნაწილის კედლების დაბზარვა. აღნიშნული ქმედება ეწინააღმდეგება გრუნტის ბუნებრივი ჯდომის პროცესებს. აღნიშნულმა ქმედებამ გამოიწვია ა.ნ.-ის ტერიტორიაზე არსებული გრუნტის გამორეცხვა და საძირკვლების ჯდომა;
ა.ნ.-ის საცხოვრებელ სახლზე წარმოებული მინაშენზე გაჩენილი ბზარები გამოწვეულია მოქალაქე კიკნაძის მიერ არასწორად წარმოებული მშენებლობის შედეგად.
შპს „კ-ის”გამოკვლევა-დასკვნის შემდგენმა პირებმა ე.მ-ემ და ჯ.ნ-ამ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე აღნიშნეს, რომ არც ერთ მათგანს არ უნახავს მოპასუხის მიერ მშენებლობის წარმოებისას საძირკვლის მოწყობის სამუშაოები.
პროექტით დადგენილი 1.10მ-ის სიღრმეზე ამოღებული ქვაბული არ გამოიწვევდა გრუნტის გამორეცხვას.
შესაბამისად, მიიჩნიეს, რომ მოსარჩელის სახლის დაზიანების მიზეზი არის ქვაბულის ღრმად ამოღება.
რაც შეეხება სუფოზური პროცესის არსებობას, მათ ამ კუთხით კვლევა არ ჩაუტარებიათ.
მოპასუხის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებაში, 2008 წლის 17 სექტემბრის საძირკვლისათვის ქვაბულის, ღია თხრილების დათვალიერების აქტსა და რკინა-ბეტონის საძირკვლის ფილის მოწყობის სამუშაოების აქტში (2008 წლის 25 სექტემბერი) დაფიქსირებულია, რომ ქვაბულისა და თხრილის ძირში გრუნტი შეესაბამება წინასწარ საძიებო მაჩვენებლებს, კერძოდ, საშუალო სიმკვრივის მუქი ნაცრისფერი წვრილმარცვლოვანი ქვიშები, მიწის ქვეშა წყლების დონე 0.7მ სიღრმეზე, თხრილების სიღრმე 1.10მ მიწის სამუშაობებისას არ დაფიქსირებულა რაიმე სახის წინააღმდეგობები, პროექტის შესაბამისად წარმოქმნილია 50სმ სისქის ქვიშა-ხრეშოვანი ბალიში.
შესრულებული სამუშაოები, მათ შორის რკინა ბეტონის საძირკვლის ფილის მოწყობა, შეესაბამება საპროექტო მონაცემებს.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №....... დასკვნით (ექსპერტი ზ.ყ. დადგენილია შემდეგი:
ა.ნ.-ის სახლის დაზიანების უმნიშვნელოვანეს და გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს ო.კ. -ის ,,მეორე” შენობის გადახურვის მოწყობისა და მისი ,,პირველ” შენობასთან დაკავშირების შედეგად, ,,პირველი” შენობის რკინაბეტონის სვეტზე, მის საძირკველზე და ფუძე-გრუნტზე გაზრდილი დატვირთვები.
სვეტი და მიმდებარე კედლები უშუალოდ ესაზღვრება ა.ნ.-ის სახლის იმ კუთხეს, სადაც გრუნტის დაჯდომის კერა მდებარეობს, რაზეც მიუთითებს კიდეც ა.ნ.-ის სახლის პირველი სართულის კედლის წყობის ქვეშ არსებული ბეტონის (ან რკინაბეტონის) კედელში გაჩენილი ბზარი.
ამით აიხსნება ის გარემოებაც, რომ 2007 წლამდე განხორციელებული ,,პირველი” ნაგებობის შენობის მშენებლობისას ა.ნ.-ის სახლის კედლებში მნიშვნელოვანი ბზარები არ იყო შესამჩნევი, მხოლოდ 2008 წელს ,,მეორე” ნაგებობის მშენებლობის დასრულებისას და ,,პირველი” და ,,მეორე” ნაგებობების გადახურვების ერთმანეთთან დაკავშირებისას, მოხდა ბზარების პროგრესირება.
ამდენად, ა.ნ.-ის სახლის დაზიანება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, კერძოდ, აღნიშნული გამოიწვია:
1. 2007 წლამდე განხორცილებული ,,პირველი” ნაგებობის მშენებლობისას, ტერიტორიაზე შემოჭრილი ა.ნ.-ის სახლის საძირკველზე შენობის მზიდი კედლის დაშენებამ.
2. „მეორე” ნაგებობის აშენებისას 204/08 და 20/09 ნებართვებით დამტკიცებული პროექტიდან გადახვევამ, საძირკველის კონსტრუქციის გაზრდამ, შესაბამისად მომატებული დატვირთვების პირობებში, გრუნტის თანაბარი დაჯდომის სიდიდის გაზრდის შედეგად, მიმდებარე ტერიტორიის გრუნტის არათანაბარი დაჯდომის გამოწვევამ.
3. ,,პირველი” და ,,მეორე” შენობების გადახურვების ერთმანეთთან დაკავშირებისას, ,,მეორე” შენობისგან დამატებითი დატვირთვების გადაცემამ ,,პირველი” ნაგებობის იმ მზიდ კონსტრუქციებზე, რომლებიც უშუალოდ ესაზღვრებიან ა.ნ.-ის სახლის დაზიანებულ კედლებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება დასკვნის გამოტანა, რომ:
ა. პ.-ის ქ. N ..--ში ო.კ. -ის მიერ აშენებული საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის საძირკველი მოწყობილია ,,დანართ-1-ზე” ნაჩვენები თანმიმდევრობით და მისი სიმაღლე და შესაბამისად ჩაღრმავება შეადგენს 140სმ-ს გრუნტის არსებული ზედაპირიდან.
ამდენად, მოწყობილი საძირკველი არ შეესაბამება ქ.ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ №204/08 და № 20/09 მშენებლობის ნებართვებით დამტკიცებულ პროექტს, ვინაიდან პროექტის მიხედვით აღნიშნული საძირკველის სიმაღლე შეადგენს 100სმ-ს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ განხორციელებული მშენებლობის პროექტთან შესაბამისობის საკითხი განხილულ იქნა მხოლოდ საძირკველის კონსტრუქციის შესაფასების კუთხით და ნაკლები ყურადღება მიექცა ნაგებობის სხვა კონსტრუქციულ ელემენტებს.
ბ. თუმცა მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მხოლოდ საძირკველის არასწორად მოწყობის გამო, ა.ნ.-ის სახლის დაზიანების თაობაზე მსჯელობა მართებული არ არის, ვინაიდან სახლის კედლების დაბზარვა და საძირკველის ჯდენითი დეფორმაციები რამდენიმე ფაქტორის თანხვედრამ განაპირობა, რომლებიც კვლევით ნაწილში არის აღწერილი.
გ. ქ.ბათუმში, პ.-ის ქ. N ..--ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის დაზიანება, როგორც ზემოთ აღინიშნა, რამდენიმე ფაქტორმა, მათ შორის, პ.-ის ქ. N ..--ში მდებარე მიწის ნაკვეთში 2007 წლის 21 დეკემბრამდე განხორციელებული და 2008 წლის იანვრის დასაწყისში სამართლებრივ რეგისტრაციაში გატარებული შენობის მშენებლობამ განაპირობა, ვინაიდან ის ა.ნ-ის სახლთან უშუალო სიახლოვეშია აშენებული და მისი კონსტრუქციის ნაწილი ამ სახლის საძირკველზეა დაშენებული.
სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 14 დეკემბრის მთავარ სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა ზ.ყ.-მა, მის მიერ შედგენილ დასკვნასთან დაკავშირებით, დამატებით შემდეგი განმარტა:
ა.ნ.-ის სახლის დაბზარვა გამოწვეულია რამდენიმე მიზეზით, მათ შორის სახლებს შორის მანძილის სიმცირით, გრუნტის სახეობიდან გამომდინარე.
მხარეთა საცხოვრებელი სახლების კედლების საძირკვლებს შორის არის გრუნტი, თუმცა საძირკვლები არის ერთ სიმაღლეზე.
ამდენად, ა.ნ.-ის სახლის საძირკველზე ო.კ. -ის შენობის მზიდი კედლის „დაშენება” ნიშნავს გრუნტზე დატვირთვას, მასზე მოდებულ ძალას.
ო.კ-ძის „ძველი” და „ახალი” მშენებლობის დაკავშირებამ დატვირთვა გააძლიერა, რაც გრუნტს გადაეცა.
თუ არ იქნებოდა ა.ნ.-ის სახლის საძირკველი შემოჭრილი ო.კ. -ის მიწის ნაკვეთზე, ასეთი სახის დეფორმაციები არ განვითარდებოდა.
ასეთი მცირე დაცილების სახლებზე ო.კ. -ის მშენებლობა გავლენას მაინც მოახდენდა, თუმცა ასეთი სიძლიერით არა.
ა.ნ.-ის მიერ, ღობის საძირკველზე დაშენების განხორციელებისას დარღვეულია სეისმური ნორმები, რამაც ხელი შეუწყო იმ დეფორმაციების წარმოქმნას, რაც განვითარებულია.
თუ მოხდებოდა ო.კ-ის მიერ, მეორე ნაგებობის (მინაშენის) საძირკვლის კვალიფიციური პროექტის შესაბამისად მშენებლობა, მაინც მოხდებოდა ა.ნ.-ის სახლის დაზიანება, ვინაიდან, იგი ო.კ. -ის პირველი მშენებლობიდანაა დაწყებული.
ა.ნ.-ის სახლი რომ გამაგრდეს, დაცულ უნდა იქნეს სეისმური ნორმებიც, რაც დარღვეული იყო მანამდე, ანუ ა.ნ.-ის სახლის გამაგრების პროექტმა უნდა მოიცვას ის სამუშაოები, რაც თავად ა.ნ.-მა დაარღვია.
ცალკე, ო.კ. -ის მშენებლობით გამოწვეული დაზიანების აღდგენისათვის პროექტის შედგენა გაუმართლებელია, ვინაიდან, ასეთი აღდგენის შემდგომ შეიძლება ისევ წარმოიშვას დაზიანება, თუნდაც სხვა მიზეზით.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №.... დასკვნით დადგენილია შემდეგი:
ქ.ბათუმში, პ.-ის ქ. N ..--ში მდებარე ა.ნ.-ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე (საცხოვრებელ სახლზე) ო.კ. -ის მიერ ქ.ბათუმში, პ.-ის ქ. N ..--ში წარმოებული მშენებლობით გამოწვეული დაზიანების აღმოფხვრისათვის უნდა მოხდეს ა.ნ.-ის შენობის გამაგრება-გაძლიერება დასკვნაზე თანდართული პროექტის მიხედვით.
აღნიშნული სამუშოების ღირებულება შეადგენს 25190.15 ლარს.
2014 წლის 28 თებერვალს, სააპელაციო სასამართლოს მთვარ სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტებმა, ა.გ.-ამ და გ. ბ.-მ, მათ მიერ შედგენილ დასკვნასთან და გამაგრების პროექტთან დაკავშირებით დამატებით განმარტეს შემდეგი:
ორივე შენობა, როგორც ა.ნ.-ის, ისე ო.კ. -ის შენობები, ნორმების დარღვევით არის აშენებული, არც ერთი არ აკმაყოფილებს სეისმურ ნორმებს. ა.ნ.-ის საცხოვრებელი სახლი აშენებულია საამშენებლო ნორმების დარღვევით.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა დელიქტიდან გამომდინარეობდა.
ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამავე კოდექსის მე-1000 მუხლის თანახმად, თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე, ნაგებობის მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს საფრთხის განხორციელების შედეგად წარმოშობილი ზიანი.
საქმეზე წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნების, ასევე, სასამართლოს მთვარ სხდომაზე დაკითხული ექსპერტების დ.გ-ის, ზ.ყ.-ისა და ა.გ.-ას ჩვენებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ა.ნ.-ის სახლის დაზიანება გამოიწვია, როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის ქმედებების ერთობლივმა შედეგმა, ო.კ. -ის მიერ მის ტერიტორიაზე შემოჭრილი ა.ნ.-ის სახლის საძირკველზე შენობის მზიდი კედლის „დაშენებით” და ნაგებობის აშენებისას 204/08 და 20/09 ნებართვებით დამტკიცებული პროექტიდან გადახვევით. ასევე, ა.ნ.-ის მიერ, თავისი საცხოვრებელ სახლზე საამშენებლო და სეისმური ნორმების დარღვევით განხორციელებული უნებართვო მინაშენით, რომლის კედლის ნაწილი დაშენებულია ეზოში არსებულ ღობეზე, ოთხ ადგილზე დამატებითი წერტილოვანი ბალიშების მოწყობით, ამასთან, საძირკვლის ბალიში 0.8მ-ით შეჭრილია მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში.
იმის გათვალისწინებით, რომ ო.კ. -ის მიერ ნაწარმოებ მშენებლობასა და ა.ნ.-ის საცხოვრებელი სახლის დაზიანებას შორის არსებობდა მიზეზობრივი კავშირი, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული წარმოადგენდა მოპასუხისათვის სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 1000-ე მუხლებით გათვალისწინებული დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომლითაც მოწმეთა ჩვენებებისა და ადგილის დათვალიერების საფუძველზე უარყოფილ იქნა ექსპერტის, რ.წ.-ს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ ქ.ბათუმში, პ.-ის ქ. N ..--ში მდებარე, მოსარჩელე ა.ნ.-ის სახლის საძირკვლის ბალიშზე (რომელიც 0.8მ-ით შეჭრილია მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში) ო.კ. -ის მიერ „დაშენებულია” კედელი, რასაც შეეძლო ბზარების განვითარება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საძირკვლის ბალიშების განლაგების და მასზე „დაშენებული” კედლის ზემოქმედების საკითხის შესწავლა შესაძლებელია, მხოლოდ სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე. ამდენად, მოწმეთა ჩვენებებითა და ფარული სამუშაოების შესწავლის გარეშე, ადგილის დათვალიერებით მიღებული დასკვნა დაუსაბუთებლობის გამო სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა.
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომლითაც დადგინდა, რომ ო.კ. -ის მიერ მშენებლობის განხორციელებისას, მათ შორის, საძირკვლის მოწყობისას დაცულ იქნა პროექტისა და შესაბამისი სამშენებლო ნებართვების მოთხოვნები.
საქმეში არსებული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №... დასკვნით, რომლის შედგენისას შესწავლილ იქნა საძირკველის მშენებლობისას განხორციელებული ფარული სამუშაოები, კატეგორიულად დადგინდა, რომ პ.-ის ქ. N ..--ში ო.კ. -ის მიერ აშენებული საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის საძირკველის ჩაღრმავება შეადგენს 140სმ-ს გრუნტის არსებული ზედაპირიდან, რაც არ შეესაბამება ქ.ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ №204/08 და № 20/09 მშენებლობის ნებართვებით დამტკიცებულ პროექტს, ვინაიდან პროექტის მიხედვით აღნიშნული საძირკველის სიმაღლე 100სმ-ს შეადგენს.
სამოქალაქო კოდექსის 408-409-ე და 412-ე მუხლების თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში – თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №... დასკვნით გამოირკვა, რომ ქ.ბათუმში, პ.-ის ქ. N ..--ში მდებარე, ა.ნ.-ის დაზიანებული შენობის გამაგრება-გაძლიერების სამუშოების ღირებულება შეადგენს 25190.15 ლარს.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, მართალია არსებობდა მოპასუხე ო.კ. -ისათვის სამოქალაქო კოდექსის 992-ე და მე-1000 მუხლებით გათვალისწინებული დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, მაგრამ რადგანაც, ა.ნ.-ის საცხოვრებელი სახლის დაზიანების ხარისხის მომატება გამოწვეული იყო თავად დაზარალებულის არასწორი მოქმედებებით (მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში შეჭრით, საამშენებლო და სეისმური ნორმების დარღვევით უნებართვო მინაშენის განხორციელებით), ამავე კოდექსის 415-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ ასანაზღაურებელი ზიანის მოცულობა ზიანის თანხის 2/3-ით უნდა განსაზღვრულიყო, რაც კონკრეტულ შემთხვევაში 16793.43 ლარს (25190.15-ის 2/3 უდრის 16793.43 ლარს) შეადგენდა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოთხოვნა ა.ნ.-ის საცხოვრებელ სახლზე მიყენებული მთელი ზიანის ო.კ. -ისათვის დაკისრების შესახებ, ვინაიდან, როგორც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №..; №... დასკვნის (ექსპერტი რ.წ.) „ვ” პუნქტშია დაფიქსირებული, ისე სასამართლოს მთვარ სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტებმა დ.გ-ემ, ზ.ყ.-მა და ა.გ.-ამ აჩვენეს, რომ ა.ნ.-ის მიერ ღობის საძირკველზე დაშენების განხორციელებისას დაირღვა საამშენებლო და სეისმური ნორმები, რამაც ხელი შეუწყო იმ დეფორმაციების წარმოქმნას, რაც განვითარებულია. თუკი ა.ნ.-ის სახლის საძირკველი შემოჭრილი ო.კ. -ის მიწის ნაკვეთზე არ იქნებოდა შეჭრილი, ასეთი სიძლიერის დეფორმაციები არ განვითარდებოდა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ა.ნ.-ის მოქმედებასა და მისივე საცხოვრებელი სახლის დაზიანებაში ნაწილობრივი მიზეზობრივი კავშირი არსებობდა, რამაც ზიანის აღმოფხვრისათვის მეტი ოდენობის ხარჯების აუცილებლობა გამოიწვია. შესაბამისად, მიზანშეწონილი იყო, მოპასუხე ო.კ. -ეს გადასახდელად საცხოვრებელი სახლის აღდგენითი სამუშაოებისათვის გასაწევი თანხების მხოლოდ 2/3 დაკისრებოდა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ვინაიდან, მშენებლობის შეცვლილი პროექტი მოგვიანებით ქ.ბათუმის მერიამ მოგვიანებით დაამტკიცა, აღნიშნული გამორიცხავდა ო.კ. -ის პასუხისმგებლობას ა.ნ.-ის საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზიანის ანაზღაურებაში.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მესამე პირთან (ქ.ბათუმის მერია) დადებული გარიგება მშენებლობის შეცვლილი პროექტის დამტკიცების თაობაზე, გავლენას ვერ მოახდენდა ო.კ. -ესა და ა.ნ.-ს შორის დელიქტიდან წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებაზე.
სააპელაციო სასამართლოდ შეფასებით, აპელანტის (მოსარჩელე) მიერ წარდგენილი მტკიცებულებები: 2008 წლის დეკემბერში, შპს „კ-ის” ტექნიკური დათვალიერების აქტი (ინჟინერ-კონსტრუქტორები: ე.მ.-ე, ჯ.ნ.-ა) და 2008 წლის დეკემბერში, შპს „ა-ის” შენობის კონსტრუქციული გამოკვლევა-დასკვნა (კონსტრუქტორი ა.გ.) დაუსაბუთებელი იყო და მათში მითითებული შედეგები ა.ნ.-ის სახლის კედლების დაბზარვის მიზეზებთან დაკავშირებით გაზიარებული ვერ იქნებოდა, კერძოდ, როგორც ირკვეოდა, დასკვნები შედგენილ იქნა საძირკველის მდგომარეობის შესწავლის გარეშე, მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებით, რაც იძლეოდა მხოლოდ ვარაუდის და არა კატეგორიული დასკვნის შესაძლებლობას.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
ო.კ. -ის საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო სასამართლოს მის მიერ გამოყენებული სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლი ავალდებულებდა, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა იმის მიხედვით დაედგინა, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით დადგა ზიანი. მიუხედავად აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლოს ხსენებული ფაქტობრივი გარემოება არ გამოუკვლევია და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე დაადგინა, რომ მიყენებული ზიანის 2/3 ო.კ. -ეს უნდა აენაზღაურებინა;
სასამართლომ მცდარი დასკვნა გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ო.კ. -ემ განახორციელა მის ტერიტორიაზე შემოჭრილ ა.ნ.-ის სახლის საძირკველზე შენობის მზიდი კედლის „დაშენება“. მითითებული არასწორი ფაქტი სასამართლომ იმის სამტკიცებლად გამოიყენა, რომ ა.ნ.-ის სახლისათვის მიყენებული ზიანის დადგომაში ო.კ. -ესაც მიუძღვოდა წვლილი. საკუთარ მიწის ნაკვეთში მშენებლობის განხორციელებისას ო.კ. -ისათვის უცნობი იყო იმის თაობაზე, რომ ა.ნ.-ის მიერ არსებული ღობის გამაგრების მიზნით მოწყობილი საძირკვლად წოდებული ე.წ. ბალიში თავის მიწის ნაკვეთში იყო შეჭრილი და მის მიერ აშენებული კედლის ქვეშ იყო განთავსებული. ა.ნ.-ს ო.კ. -ისათვის არ უთქვამს, რომ წლების წინ ღობეზე დაშენებისას, არსებული ღობის საძირკვლის გამაგრების მიზნით, ღობის ქვეშ ე.წ. „ბალიშები“ განათავსა და ეს ბალიშები 0.8მ-ით ო.კ. -ის კუთვნილ მიწის ნაკვეთში იყო შეჭრილი. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არასრულყოფილად აისახა ექსპერტ დ.გ.-ს მიერ სასამართლოზე მიცემული ჩვენება, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ საერთოდ გვერდი აუარა ექსპერტის ჩვენების იმ ნაწილის შეფასებას, სადაც ექსპერტი საუბრობს იმის შესახებ, რომ თუკი თავის დროზე ა.ნ.-ი მიშენებას სამშენებლო ნორმების დაცვით განახორციელებდა, დაზიანება თავიდან იქნებოდა აცილებული;
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 24 ნოემბრის განჩინებით დაინიშნა დამატებითი საინჟინრო-ტექნიკური და გეოტექნიკური ექსპერტიზა, რომელიც ჩაატარა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის დეპარტამენტის სამშენებლო მექანიკისა და ნაგებობათა სეისმომედეგობის სამმართველოს უფროსმა ზ.ყ.-მა. კასატორს მიაჩნია, რომ დასახელებული დასკვნა ბუნდოვანი და არაობიექტურია, კერძოდ, ექსპერტის დასკვნის კვლევითი ნაწილიდან ნათელია ექსპერტის არაობიექტურობა, რადგან თუკი ექსპერტი ვერ ადგენს კავშირს ო.კ. -ის მიერ საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის მშენებლობის დროს საძირკვლის მოწყობისას პროექტიდან გადახვევასა და ა.ნ.-ის სახლის დაზიანებას შორის, ექსპერტის პასუხი უნდა იყოს კონკრეტული – დადებითი ან უარყოფითი.
ა.ნ.-ის საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
კასატორი ყურადღებას მიაქცევს საქმეში არსებულ, კონსტრუქტორისა და გეოლოგის (კონსტრუქტორი – ა.გ.-ი, გეოლოგი – ს.მ.-ი) 2010 წლის 15 მარტის დასკვნაზე, აგრეთვე, თავისი დაზიანებული საცხოვრებელი სახლის საძირკვლების შემოწმების აქტზე, რომელზეც სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია. მითითებული დასკვნის ავტორებმა – კონსტრუქტორმა და გეოლოგმა, შეისწავლეს დაზიანებული საცხოვრებელი სახლის არსებული მდგომარეობა, საძირკველი, დაიანგარიშეს დამატებით წერტილოვან ბალიშებზე მოსული კონკრეტული დატვირთვები და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ დამდგარი შედეგის მიზეზობრივ კავშირს წარმოადგენს ქ.ბათუმში, პ.-ის ქ. N ..--ში განხორციელებული მშენებლობა, კერძოდ, იგულისხმება რამდენიმე ფაქტორი: სამშენებლო ნორმების დარღვევა ჯერ კიდევ სამშენებლო დოკუმენტაციის მომზადებისას, ხოლო შემდგომში უკვე – მშენებლობისას; არსებული და ახალი საძირკვლების ჩაღრმავება; შენობებს შორის დაშორება; ახლად აშენებული შენობის ბუნებრივი ჯდენა; ძველი და ახალი შენობის გადაბმა. ექსპერტებმა განმარტეს, რომ კასატორმა მიშენება სამშენებლო ნორმების დარღვევით განახორციელა, დამატებითი ბალიშები არსებულ ღობეზე არასწორი და დამახინჯებული ფორმისაა, თუმცა მიუხედავად ამისა, ა.ნ.-ის მიერ მიშენებისას გაკეთებული დამატებითი წერტილოვანი ბალიშების ფიზიკურ-მექანიკური მდგომარეობა საკმაოდ დამაკმაყოფილებელია და მონოლითი მთლიანობაში შენარჩუნებულია. დამატებითი წერტილოვანი ბალიშების მონაცემების სპეციალური ფორმულით დაანგარიშებამ შედეგად მოგვცა არსებულ საძირკველზე მოსული დატვირთვების შესაბამისობა, ამტანობა, რაც ექსპერტებმა თავიანთ დასკვნებსა და ჩვენებებში ცალსახად დაადასტურეს.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა შერეულ ბრალზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები ცალმხრივად შეაფასა, არასწორად გამოიყენა და განმარტა კანონის ნორმები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო.კ. -ისა და ა.ნ.-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არ აქვთ წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
კასატორ ო.კ. -ის ერთ-ერთი პრეტენზია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ სასამართლომ სრულყოფილად არ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და არასწორად დაადგინა, რომ მოსარჩელის სახლის დაზიანება მოხდა მოპასუხის ბრალით.
საკასაციო სასამართლო კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას არ იზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნები და ექსპერტთა განმარტებები, რომელთა საფუძველზეც სწორად დაადგინა, რომ ა.ნ.-ის სახლის დაზიანება გამოიწვია, როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის ერთობლივმა ქმედებებმა, კერძოდ, ო.კ. -ის მიერ ა.ნ.-ის სახლის საძირკველზე შენობის მზიდი კედლის „დაშენებამ” და ნაგებობის აშენებისას 204/08 და 20/09 ნებართვებით დამტკიცებული პროექტიდან გადახვევამ, ხოლო ა.ნ.-ის მიერ თავის საცხოვრებელ სახლზე სამშენებლო და სეისმური ნორმების დარღვევით განხორციელებულმა მინაშენმა. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლი, ამასთან, ექსპერტიზის დასკვნების შეფასებით, შესაძლებელია იმ დასკვნის გაკეთება, რომ ზიანი უფრო მეტად მოპასუხის ბრალით არის გამოწვეული.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლი, თუმცა აღნიშნული გარემოება გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება, ვინაიდან სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად სწორად მიიჩნია სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი. მოცემულ შემთხვევაში ამ ნორმით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობა დადგენილია სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად. ამ თვალსაზრისით, კასატორს დასაბუთებული პორეტენზია არ წარმოუდგენია.
რაც შეეხება ა.ნ.-ის საკასაციო საჩივრის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ მოპასუხეს სრულად უნდა დაკისრებოდა ზიანის ანაზღაურება, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ზიანის დადგომაში მხარეთა შერეული ბრალის არსებობა, რაზედაც კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ო.კ. -ისა და ა.ნ.-ის საკასაციო საჩივრები, რის გამოც საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს კასატორ ა.ნ.-თან მიმართებით, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით იგი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. რაც შეეხება კასატორ ო.კ. -ეს, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ვ. გ.-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (839.48 ლარის) 70% – 587.63 ლარი.
რაც შეეხება ა.ნ.-ის შუამდგომლობას მის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან ა.ნ.-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ო.კ. -ისა და ა.ნ.-ის საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ ა.ნ.-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ვ. გი.-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (839.48 ლარი, საგადახდო დავალება №.., გადახდის თარიღი – 2014 წლის 13 ნოემბერი) 70% – 587.63 ლარი;
3. კასატორ ა.ნ.-ის შუამდგომლობა ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი