Facebook Twitter

საქმე №ას-1549-1452-2012 28 იანვარი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი – ს. ი.-ოს უფლებამონაცვლე მ. მ.-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე. ქ.-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ოქტომბრის განჩინება

საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ე. ქ.-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. ქ.-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ს. ი.-ოს მიმართ უძრავი ქონების მესაკუთრე ს. ი.-ოსათვის საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების _ 36876 აშშ დოლარის 10%-ის გადახდის სანაცვლოდ, ქ.თბილისში, ა.-ის ქუჩა №26-ში მდებარე 65,85 კვ.მ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. ქ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ე. ქ.-ე, ს. ი.-ოსთვის 60 960 ლარის 25%-ის გადახდის სანაცვლოდ, ცნობილ იქნა ქ.თბილისში, ა.-ის ქუჩა N26-ში მდებარე ე. ქ.-ის მფლობელობაში არსებული და ს. ი.-ოს წილში შემავალი საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში 2012 წლის 12 ივლისს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ ს. ი.-ოს საკასაციო საჩივრის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებლად მიჩნევისა და განუხილველად დატოვების გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინებით ე. ქ.-ის განცხადება უფლებამონაცვლედ ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა, ს. ი.-ოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მ. მ.-ე.

2012 წლის 5 ოქტომბერს ე. ქ.-ემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა ს. ი.-ოს უფლებამონაცვლე მ. მ.-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით ე. ქ.-ის განცხადება დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო მ. მ.-ის საკუთრებაში არსებულ ქ.თბილისში, ა.-ის ქN26-ში მდებარე უძრავ ქონებას. სასამართლომ განცხადების შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ განცხადება არა სარჩელის უზრუნველყოფას, არამედ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მოთხოვნას წარმოადგენდა, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2711 მუხლის, 191-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განცხადება მიჩნეულ იქნა საფუძვლიანად.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე საჩივარი შეიტანა ს.ი.-ოს უფლებამონაცვლე მ. მ.-ემ, მოითხოვა სააპელაციო პალატის 2012 წლის 5 ოქტომბრის გაჩინების გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

დავის საგანს წარმოადგენს საჩივრის ავტორის კუთვნილი უძრავი ქონების 65 კვ. მეტრი და არა ამავე ქონების სხვა იზოლირებული ნაწილი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე კი, დაუშვებელია ამ ქონებაზე უზრუნველყოფის რაიმე ღონისძიების გამოყენება, ამასთანავე, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში, მის აღსრულებას უზრუნველყოფს სააღსრულებო ბიუროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ნოემბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის გამო, საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოეცა განსახილველად შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2711 მუხლზე, 191-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლებისაგან თავის აცილების საშუალებაა. ის ფიზიკური და იურიდიული პირების ქონებრივი უფლებების დაცვის გარანტიაა და ემსახურება ამ უკანასკნელთა დარღვეული უფლების სრულ აღდგენას, რაც იმაში გამოიხატება, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებით დაცულია მოსარჩელის კანონიერი ინტერესები მოპასუხის არაკეთილსინდისიერების შემთხვევაში. უფლების ნებისმიერ დონეზე აღიარებას ეკარგება ყოველგვარი აზრი, თუკი მისი რეალიზაცია ვერ განხორციელდება, ანუ ვერ აღსრულდება სასამართლო გადაწყვეტილება, აღნიშნულის ერთ-ერთი რეალური გარანტია სწორედ სარჩელის უზრუნველყოფაა. იგი წარმოადგენს სასამართლოს მიერ გამოყენებული დროებითი ღონისძიების სახეს, იმ მნიშვნელოვან მექანიზმს, რაც საშუალებას იძლევა, თავიდან იქნას აცილებული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების გაჭიანურება ან მისი აღსრულების შეუძლებლობა. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობა. დავის განმავლობაში მოპასუხემ ჩუქების გზით გაასხვისა ეს ქონება სხვა პირზე, რაც, სასამართლოს მოსაზრებით, სწორედ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა განაპირობებდა ამ დავის საგანზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობას. დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული საჩივრის არგუმენტი, რომ ყადაღა დაედო ქონებას, რომელიც დავის საგანს არ წარმოადგენდა, პალატის მითითებით, ჩუქების ხელშეკრულებით მ. მ.-ეს საკუთრებაში გადაეცა სადავო 8/16 ნაწილი, შესაბამისად, განჩინებით ყადაღა მ. მ.-ის კუთვნილ ქონებას დაედო, ხოლო მ.მ.-ის არგუმენტზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებასთან მიმართებაში, პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2711 მუხლი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც გადაწვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული, რაც ბადებს საშიშროებას, გასხვისდეს დავის საგანი. განსახილველ შემთხვევაში, გადაწყვეტილება, რომლის აღსრულების უზრუნველყოფასაც მხარე მოითხოვდა, მართალია, კანონიერ ძალაში იყო შესული, თუმცა 2012 წლის 28 სექტემბერს დადგენილი უფლებამონაცვლეობით, რომლის გასაჩივრების ვადაც უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის განხილვისას არ იყო გასული, გადაწყვეტილებაში შეიცვალა მოვალე, რომელზეც გადავიდა გადაწყვეტილებით დადგენილი ვალდებულება. ის გარემოება, რომ 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინება კანონიერ ძალაში არ იყო შესული, სასამართლოს მოსაზრებით, ზემოაღნიშნულ ნორმაზე დაყრდნობით უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა დასაშვები იყო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და ს. ი.-ოს უფლებამონაცვლე მ. მ.-ის საჩივრის საფუძვლიანობის ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ ქმნის გასაჩივრებული განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების წინაპირობებს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

განსახილველი საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო პალატის 2012 წლის 20 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ე. ქ.-ე, ს. ი.-ოსთვის 60 960 ლარის 25%-ის გადახდის სანაცვლოდ, ცნობილ იქნა ქ.თბილისში, ა.-ის ქუჩა N26-ში მდებარე ე. ქ.-ის მფლობელობაში არსებული და ს. ი.-ოს წილში შემავალი საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ.

უდავოა, რომ საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, 2012 წლის 24 მაისს, უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ქ.თბილისში, ა.-ის ქN26-ში მდებარე უძრავი ქონებიდან მოპასუხისათვის კუთვნილი 8/16 ნაწილი საკუთრებაში გადაეცა მ. მ.-ეს, შესაბამისად, გარიგების სამართლებრივი შედეგის დადგომა უდავოა - უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრშია რეგისტრირებული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინებით ს. ი.-ოს უფლებამონაცვლედ დავაში ჩაბმულია მ. მ.-ე.

ირკვევა, რომ უფლებამონაცვლეობის ფაქტს საჩივრის ავტორი არ შედავებია, კერძოდ, საქმეში არ არის წარმოდგენილი კერძო საჩივარი, რომლითაც მ. მ.-ე შეედავებოდა უფლებამონაცვლეობას.

საქმის მასალებით დადასტურებულია და საწინააღმდეგო არც საჩივრის ავტორს მიუთითებია, რომ კანონიერ ძალაში შესული სააპელაციო პალატის 2012 წლის 20 მარტის გადაწყვეტილების გამო იძულებითი აღსრულება არ დაწყებულა.

დავის საგნის გასხვისების ფაქტთან მიმართებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონდებლობა დავის დასრულებამდე დავის საგნის გასხვისების შეუძლებლობას არ ითვალისწინებს, აღნიშნული შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გზით, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის მე-5 ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, მხარეებს არ ერთმევათ უფლება, გაყიდონ ან სხვა გზით გაასხვისონ დავის საგანი, ანდა დათმონ თავიანთი მოთხოვნა.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მ. მ.-ის საჩივარზე, რომლითაც მხარე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას უმართებულოდ მიიჩნევს. დასახელებული საჩივრის საფუძვლებია: ა) ყადაღა დაედო არა გადაწყვეტილებით განსაზღვრულ უძრავი ქონების 65 კვ. მეტრს, არამედ მ.მ.-ის მთელ ქონებას; ბ) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს სააღსრულებო ბუროს ტერიტორიული ორგანო და ამ საკითხის სამოქალაქო კოდექსის 271-ე მუხლით რეგულირება არასწორია.

მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ე. ქ.-ის მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიება, სამართლებრივი თვალსაზრისით, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. ამავე კოდექსის 191-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად კი, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე. განცხადებას, რომლითაც პირი ითხოვს უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებას, უნდა დაერთოს ცნობა საჯარო რეესტრიდან ან შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლება. დასახელებულ ნორმაში, მართალია, საუბარია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ზოგად წესზე, თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მისი რეგულირების ფარგლებში მოქცეულია ასევე გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საკითხის გამორკვევაც, ამავდროულად, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია მხარის მიერ იმ შესაძლო რისკის გონივრულ დასაბუთებაზე, ამ ღონისძიების გაუტარებლობა თუ რამდენად შეუშლის ხელს მართლმსაჯულების მიზნების განხორციელებას - ქვეყნის სახელით მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ აღსრულებას.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადაწყვეტილების აღსრულებამდე უძრავი ქონება გასხვისდა ჩუქების გზით, ამასთანავე, გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო წარმოება არ არის დაწყებული, საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს საჩივრის არგუმენტს, რომ სასამართლოს არ უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლით, რადგანაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება მხოლოდ სააღსრულებო ბიუროს პრეროგატივაა, ამგვარ დათქმას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის სიტყვასიტყვითი ანალიზით ირკვევა კანონმდებლის ნება - უზრუნველყოფილ იქნას გადაწყეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ აღსასრულებალდ არ არის მიქცეული, ანუ აკრძალული არ არის არც ერთი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, მიუხედავად იმისა, შესულია თუ არა იგი კანონიერ ძალაში. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება. კანონის ამგვარი განმარტება დასახელებული ნორმის მიზნებიდან გამომდინარეობს, რამდენადაც სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი მართლწესრიგის აღსრულებამდე სავალდებულოა კრედიტორის ინტერესების გონივრულ ფარგლებში დაცვა, რათა სამართალწარმოება ფორმალური ხასიათის მატარებელი არ გახდეს, ხოლო დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემული გადაწყვეტილება, აღსრულების ზოგადი წესისაგან განსხვავებული წესის გამო, მსგავსი ღონისძიების გატარებას სასამართლოს მხრიდან არ საჭიროებს, ვინაიდან მისი აღსრულების ეს სპეციალური წესი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის სპეციალურ სახედვე გვევლინება. ამდენად, საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომ არ არსებობდა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის წინაპირობა, უსაფუძვლოა.

საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს მ. მ.-ის მსჯელობას, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებით ყადაღა დაედო არა უძრავი ქონების სადავო 65 კვ. მეტრს, არამედ მთელ მის ქონებას. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ საჯარო რეესტრის ამონაწერებზე, რომელთა თანახმადაც ქ.თბილისში, ა.-ის ქN26-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეები არიან გ.თ., მ. მ.-ე, მ. ჭ.-ა და ქ. ს.-ე. ამავე ამონაწერით განსაზღვრულია თანამესაკთრეთა იდეალური წილები. უდავო გარემოებაა, რომ მოსარჩელისათვის საკუთრების გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის, კერძოდ, მ. მ.-ის კუთვნილი ქონებიდან არ არის გამოყოფილი მოსარჩელისათვის მიკუთვნებული ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე უძრავი ქონების ნაწილი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის (გადაწყვეტილების აღსრულების) უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, უზრუნველყოფის ღონისძიებად ყადაღა შეიძლება დადებულ იქნას მოპასუხის ქონებაზე, ისე, რომ კანონმდებელი არ განსაზღვრავს ქონების კონკრეტულად რომელ ნაწილს შეეხება იგი და სხვა. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მ. მ.-ის საკუთრებიდან სადავო ქონება არ არის გამოყოფილი, ამასთან, ასეთის არსებობა არც კანონისმიერ მოთხოვნას წარმოადგენს, არამედ უზრუნველყოფის ღონისძიების მოპასუხის ქონების მიმართ გავრცელების შესაძლებლობაა დაშვებული, საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს მ. მ.-ის პრეტენზიას, ქ.თბილისში, ა.-ის ქN26-ში მდებარე უძრავი ქონებიდან მის კუთვნილ 8/16 ნაწილზე ყადაღის არასწორად დადების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მ. მ.-ის საჩივარი უსაფუძვლოა და არ ქმნის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ოქტომბრის განჩინების გაუქმების საფუძველს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ს. ი.-ოს უფლებამონაცვლე მ. მ.-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე