Facebook Twitter

ას-1155-1175-2011 21 ნოემბერი 2011 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ შპს «ი. პ-ი»

მოწინააღმდეგე მხარე _ სს «ჯ. ჯ-ი»

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს «ჯ. ჯ-მა» შპს «ი. პ-ის» Mმიმართ გადახდის ბრძანების მიღების თაობაზე განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შემდეგი დასაბუთებით: 2010 წლს 1 აპრილიდან 11 აგვისტოს ჩათვლით შპს „ჯ. ჯ-მა“ შპს „ი. პ-ს“ მიაწოდა სხვადასხვა სახის პროდუქცია, რომელთა ჩამონათვალიც გაშიფრულია ანგარიშფაქტურებში და სასაქონლო ზედნადებებში, რის სანაცვლოდაც შპს „ი. პ-ს“ წარმოეშვა თანხის გადახდის ვალდებულება შპს „ჯ. ჯ-ის“ სასარგებლოდ. შპს „ი. პ-მა» ნაკისრი ვალდებულება შპს „ჯ. ჯ-ის“ მიმართ შეასრულა ნაწილობრივ. 2010 წლის 1 აპრილიდან 2010 წლის 11 აგვისტოს ჩათვლით განხორციელებული მომსახურების საფასურმა შეადგინა მთლიანად 69765.64 ლარი. ამ თანხიდან მოპასუხის მიერ პერიოდულად ხორციელდებოდა შპს „ჯ. ჯ-ის“ მიმართ არსებული ვალდებულების შესრულება, კერძოდ, მოპასუხეს შპს „ჯ. ჯ-ისათვის“ გადახდილი აქვს 49667 ლარი. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს მოპასუხის ვალდებულების არსებობას შპს „ჯ. ჯ-ის“ მიმართ. ამჟამად შპს „ი. პ-ის» დავალიანება შპს „ჯ. ჯ-ის“ მიმართ შეადგენს 20098,64 ლარს (ოცი ათას ოთხმოცდათვრამეტ ლარსა და 64 თეთრს). მოპასუხის მიერ მისი ვალდებულებების შეუსრულებლობის საფუძველზე მოსარჩელეს მოუწია გარკვეული ხარჯების გაღება, კერძოდ, შპს „ჯ. ჯ-ი“ იძულებული გახდა, გაეფორმებინა სამართლებრივი მომსახურების შესახებ ხელშეკრულება იურიდიულ კომპანიასთან, რათა დაიცვას საკუთარი უფლებები სათანადო წესით. საადვოკატო ხარჯი შეადგენს 800 (რვაას) ლარს.

შპს «ი. პ-მა» შესაგებლით სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: შპს „ი. პ-ს“ არ გააჩნია დავალიანება შპს „ჯ. ჯ-ის“ მიმართ. «ჯ. ჯ-მა» თავად არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. შპს „ჯ. ჯ-სა“ და შპს „ი. პ-ს“ შორის დადებულ იქნა ნასყიდობის ხელშეკრულება ზეპირი ფორმით პროდუქციის მიწოდებაზე. მხარეთა მიერ ამავე ზეპირი შეთანხმებით განსაზღვრულ იქნა ნასყიდობის საგნის ფასი, მაგრამ მოსარჩელე მხარემ მოპასუხესთან შეუთანხმებლად შეცვალა ხელშეკრულების ისეთი არსებითი პირობა, როგორიცაა ნასყიდობის ფასი და საქონელი მიაწოდა შეუსაბამოდ მაღალ ფასად. ამასთან, რამდენადაც ურთიერთობა, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, გულისხმობდა მოსარჩელე მხარის მხრიდან საქონლის ნაწილ-ნაწილ მიწოდებას, შპს „ი. პ-ისთვის“ ფასის გაზრდის თაობაზე ინფორმაცია ცნობილი მხოლოდ საქონლის საბოლოო პროდუქციის მიღების შემდეგ გახდა. აღნიშნული გარემოება, ცხადია, მოსარჩელე მხარესთან გაპროტესტდა კიდეც, რის შედეგადაც მოსარჩელემ განმარტა, რომ ეს მხოლოდ შეცდომა იყო და მისცა ზეპირი დაპირება, რომ მოწოდებული საქონლის საფასური მოთხოვნილ იქნებოდა თავდაპირველი და ორმხრივად შეთანხმებული ფასის შესაბამისად, რამდენადაც მოსარჩელე მხარის ხელმძღვანელმა თავადვე დაადასტურა, რომ მოწოდებული პოდუქციის ღირებულება არათუ საბითუმო ფასების შეუსაბამო იყო, არამედ საბაზრო ფასებსაც კი ორჯერ აღემატებოდა. მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დასასაბუთებლად იმოწმებს იმ ფაქტს, რომ შპს „ი. პ-ის“ მიერ გადახდილია 49 667 ლარი მის მიერ მოწოდებული პოდუქციისათვის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს შპს „ი. პ-ის» ვალდებულების არსებობას. შპს „ი. პ-ი» ეთანხმება იმ ფაქტს, რომ აღნიშნული ოდენობის თანხა მოსარჩელის სასარგებლოდ გადაიხადეს და სწორედ არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე, მაგრამ ამ თანხის გადახდა არათუ დამატებითი ვალდებულების არსებობას ადასტურებს, არამედ შპს „ი. პ-ის» მხრიდან ვალდებულების სრულ შესრულებას მოწმობს, რის შედეგადაც, მოსარჩელე მხარეს აღარ აქვს მოთხოვნის უფლება, შესაბამისად, გადახდილი თანხა არის მხარეებს შორის ორმხრივად შეთანხმებული ფასის იდენტური. მაშასადამე, მოპასუხეს, მოსარჩელის მიმართ რაიმე დავალიანება არ გააჩნია და მის მიმართ ნაკისრი ვალდებულებები სრულად, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულებულია. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და უსაფუძვლო, შესაბამისად, საქმე უნდა განხილულ იქნეს საერთო სასარჩელო წესით, რის შედეგადაც მოსარჩელე მხარეს უარი უნდა ეთქვას მისი უსამართლო და დაუსაბუთებელი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს «ჯ. ჯ-ის» სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «ი. პ-მა».

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 ივლისის განჩინებით შპს «ი. პ-ის» სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 20 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად აპელანტს განესაზღვრა 10 დღის ვადა და დაევალა გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი 803,69 ლარი, ხოლო გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი დედნის სახით წარმოედგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოში ამ განჩინებით დადგენილი ვადის მიხედვით 2011 წელს 10 მაისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს «ი. პ-სის» დირექტორმა ი.წ-ამ და მოითხოვა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება ან ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება გარკვეული დროით და სახელმწიფო ბაჟის გადახდის განაწილვადება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 მაისის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან განწილვადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და 10 დღით გაუგრძელდა 2011 წლის 20 აპრილის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა.

შპს «ი. პ-ს» არაერთხელ გაუგრძელდა ვადა ხარვეზის შესავსებად.

2011 წლის 11 ივლისს აპელანტმა კვლავ მიმართა განცხადებით სასამართლოს, სადაც აღნიშნა, რომ აზუსტებს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს მხოლოდ 17641,91 ლარის ნაწილში, შესაბამისად, მოითხოვა, კორექტირებული მოთხოვნის მიხედვით, განესაზღვროს სახელმწიფო ბაჟის ოდენობა. სააპელაციო პალატამ საქმის მასალების, აპელანტის მიერ წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე, მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადის არაერთგზის გაგრძელების მიუხედავად, აპელანტი არ ავსებს დადგენილ ხარვეზს, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. რაც შეეხება განცხადებაში მითითებულ გარემოებას, რომ სასამართლომ აპელანტს კორექტირებული მოთხოვნის შესაბამისად უნდა განუსაზღვროს სახელმწიფო ბაჟი, პალატამ განმარტა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ არაერთხელ იქნა მითითებული, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სააპელაციო საჩივრისათვის შეადგენდა დავის საგნის ღირებულების 4%-ს, არანაკლებ 150 ლარისა (რომელიც თავდაპირველი მოთხოვნის შესაბამისად შეადგენდა 803,69, ხოლო პირველ ჯერზე შემცირებული მოთხოვნის მიხედვით, 723,94 ლარს), რაც წინასწარ უნდა გადაეხადა აპელანტს, მიუხედავად აღნიშნულისა, აპელანტმა დადგენილ ვადაში არ გადაიხადა კანონით გათვალისწინებული, არც ამჯერად შემცირებული მოთხოვნის შესაბამისი სახელმწიფო ბაჟი, ამასთან პალატამ, საპროცესო ვადის კიდევ ერთხელ გაგრძელება არ მიიჩნია მიზანშეწონილად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, ვინაიდან აპელანტმა არ შეავსო სასამართლოს მიერ მითითებული ხარვეზი, სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს «ი. პ-მა» შემდეგი დასაბუთებით: გაურკვეველია, სასამართლოს დასაბუთება იმის თაობაზე, თუ რატომ არ იქნა გაზიარებული კორექტირებული მოთხოვნის მიხედვით სახელმწიფო ბაჟის განსაზღვრის შესახებ შუამდგომლობა, კერძოდ, სასამართლო უთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც „სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სააპელაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 4%-ს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა“. აღნიშნულ დასაბუთებაში გაუგებარია ის, რომ, ერთი მხრივ, არც შპს «ი. პ-ი» ხდის გამოთვლის ამგვარ წესს სადავოდ, მაგრამ, მეორე მხრივ, მიაჩნია, რომ უნდა გამოითვალოს 17641,91 ლარიდან და სასამართლოსაც სწორედ ამ უკანასკნელის გაუზიარებლობის დასაბუთებაზე უნდა ეზრუნა. სასამართლოს დამოკიდებულება შპს «ი. პ-ის» მიმართ უსამართლოა, რამდენადაც არ იზიარებს მხარის მდგომარეობას და არ აძლევს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის სასიკეთოდ მორიგების შესაძლებლობას მაშინ, როცა სწორედ ეს იყო კანონმდებლობის მიზანი სახელმწიფო ბაჟის განაწილვადების, გადავადების, განახევრების ანდა სხვა ამგვარი ნორმების კანონში ჩადების დროს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «ი. ჯ-ის» კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად შპს «ი. პ-ს» დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის _ 803,69 ლარის გადახდის ქვითარი. ამავე განჩინებით აპელანტებს განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აპელანტებს ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების თაობაზე ეცნობა 2011 წლის 26 აპრილს. აპელანტებს, მათი განცხადების საფუძველზე არაერთხელ გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 18 ივლისის განჩინებით შპს «ი. პ-ის» სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

კერძო საჩივრის ავტორები გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებენ იმას, რომ მათYარ უნდა დაკისრებოდათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რადგან ჰქონდათ მძიმე ფინანსური მდგომარეობა და უნდა გათავისუფლებულიყვნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებენ ბაჟის გადახდის შეუძლებლობას. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო, ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში აპელანტებმა ვერ დაადასტურეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობა. კანონით იმპერატიულად განსაზღვრულ სასამართლო ხარჯების გადახდის განთავისუფლებისათვის ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მხოლოდ მხარის განმარტება მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ საკმარისს არ წარმოადგენს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ამდენად, მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დაცვით შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლომ შპს «ი. ჯ-ის» საპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს «ი. ჯ-ის» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 ივლისის განჩინება.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.