¹3გ-ად-77-კს-02 17 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: საქმეში მესამე პირად ჩაბმა.
აღწერილობითი ნაწილი:
ს., ე. და ტ. უ-ებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს სასამართლოს მოპასუხე – ა., ფ. და ქ. უ-ების მიმართ, რომლითაც მოითხოვეს ქ. თბილისში თემქის ..... ბინის პრივატიზაციის ბათილად ცნობა, ბინაში რეგისტრაციის აღდგენა.
ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 19.10.01წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. უ-ამ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილება.
საქმის სააპელაციო ინსტანციაში განხილვის დროს აპელანტმა ერთ-ერთი მოთხოვნის _ პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაცვლად მოითხოვა სადავო ფართიდან წილის გამოყოფა. აპელანტის წარმომადგენელმა იშუამდგომლა საქმეში თანამოპასუხედ გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის ჩართვის შესახებ იმ საფუძვლით, რომ დავა ეხება სადავო პრივატიზებული ბინიდან წილის გამოყოფას, შესაბამისად შესაძლოა პრივატიზაციის ხელშეკრულებაში ცვლილებები იქნეს შეტანილი.
ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 10.07.02წ. განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩაება გლდანი-ნაძალადევის შს სამმართველოს მე-6 განყოფილების საპასპორტო სამსახური, აპელანტის მხარეზე მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ტ. და ე. უ-ები.
ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 16.08.02წ. განჩინებით საქმეში თანამოპასუხედ ჩაება გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობა, ხოლო მესამე პირად ნოტარიუსი – ა. მ-ი.
ქ. თბილისის სანოტარო ბიუროს ნოტარიუსმა ა. მ-მა, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის IV ნაწილის საფუძველზე, კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქმეში მესამე პირად ჩაბმა. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ მის მიერ დამოწმებული სადავო ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება დადებული იქნა იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით, რაც დასტურდება საქმეზე გამოტანილი გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით. აღნიშნულიდან გამომდინარე და მოცემულ საქმეში ა. მ-ის ინტერესის არ არსებობის გამო, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა 16.08.02წ. განჩინების გაუქმება და მისი როგორც მესამე პირის საქმიდან ამორიცხვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს 15.10.02წ. განჩინებით ნოტარიუს ა. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობით მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. საკასაციო პალატა თვლის, რომ უმართებულოა ნოტარიუს ა. მ-ის საქმეში მესამე პირად ჩაბმა, მართალია, სადავო ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება სწორედ მის მიერ იქნა დამოწმებული, მაგრამ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს მოსარჩელემ ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაცვლად მოითხოვა სადავო ფართიდან წილის გამოყოფა, რის გამოც არ არსებობს სამართლებრივი კავშირი განხილვის შედეგსა და შესრულებულ სანოტარო მოქმედებას შორის, მოთხოვნის დაკმაყოფილება _ საცხოვრებელი ბინის წილის მესაკუთრედ ცნობა, არ გამოიწვევს პრივატიზაციის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის საჭიროებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქ. თბილისის სანოტარო ბიუროს ნოტარიუს ა. მ-ის მოთხოვნა _ საქმიდან მისი მესამე პირად ამორიცხვის შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთანავე, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სააპელაციო პალატის 16.08.02წ. განჩინება ეხება არა მხოლოდ ნოტარიუს ა. მ-ის საქმეში მესამე პირად ჩაბმას, არამედ ს. უ-ას წარმომადგენელ ი. ა-ას შუამდგომლობის საფუძველზე საქმეში თანამოპასუხედ გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის ჩართვას, განჩინების ამ ნაწილის მიმართ ა. მ-ს არ აქვს მატერიალური ან პროცესუალური ინტერესი. მიუხედავად ამისა, კერძო საჩივრის შემტანი ითხოვს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების მთლიანად გაუქმებას.
პალატა აღნიშნავს აგრეთვე, რომ გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში 18.04.01წ. წარდგენილ სარჩელში ნოტარიუსი ა. მ-ი დასახელებულია თანამოპასუხედ. რაიონის სასამართლოში და სააპელაციო პალატაში საქმის განხილვის დროს იგი თანამოპასუხედ არის მოხსენიებული. კერძო საჩივრის ავტორი უმართებულოდ თვლის მის საქმეში ჩაბმას არა მხოლოდ მესამე პირად, არამედ მოპასუხედ. ამასთანავე, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ ეხება ნოტარიუს ა. მ-ის მოპასუხედ ჩართვის საკითხს. ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ ნოტარიუსი ა. მ-ი ისე ჩართო მესამე პირად, რომ არ უცვნია იგი არასათანადო მოპასუხედ, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელზე მოპასუხეს ასახელებს მოსარჩელე, ხოლო სასამართლოს არ დაუცვია სსკ-ს 85-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურა, ა. მ-ი ინარჩუნებს თანამოპასუხის სტატუსს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-16, სსკ-ს 408-ე 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის სანოტარო ბიუროს ნოტარიუს ა. მ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 16.08.02წ. განჩინება კერძო საჩივრის ავტორის საქმეში მესამე პირად ჩაბმის ნაწილში და 15.10.02წ. განჩნება ამ ნაწილში კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.