Facebook Twitter

¹ას-333-317-2011 18 აპრილი, 2011 წელი¹

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ ნ. ქ-შვილი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები _ ო. ნ-ძე, დ. ნ-ძე (მოპასუხეები)

კასატორები _ ო. ნ-ძე, დ. ნ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ქ-შვილი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება

ნ. ქ-შვილის საკასაციო მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

ო. და დ. ნ-ძეების საკასაციო მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი _ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2003 წლის 28 მარტს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ნ. ქ-შვილმა მოპასუხეების _ ო. და დ. ნ-ძეების მიმართ. მოთხოვნის დაზუსტების შედეგად მოსარჩელემ საბოლოოდ მოითხოვა მოპასუხეებისათვის სესხის დაუბრუნებლობის გამო, სესხის ძირითადი თანხის სახით _ 27 200 აშშ დოლარის, სამი თვის გადაუხდელი პროცენტის სახით _ 816 აშშ დოლარის, ვადის გადაცილების გამო წარმოშობილი პროცენტის სახით _ 24 206 აშშ დოლარის, მატერიალური ზიანის სახით _ 3670 აშშ დოლარისა და 951.68 ევროს ანაზღაურების დაკისრება. მოსარჩელემ, აგრეთვე, მოითხოვა, რომ ანაზღაურება მომხდარიყო თბილისში, ...ის ქ. ¹36ა-ში მდებარე, აწ გარდაცვლილი ნანული ნ-ძის დანაშთი სამკვიდრო ქონების რეალიზაციის ხარჯზე.

სარჩელში აღნიშნულია, რომ 2001 წლის 15 იანვარს მოსარჩელესა და ნანული ნ-ძეს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ნ. ქ-შვილმა ნანული ნ-ძეს ასესხა 27 200 აშშ დოლარი, სამი თვით, ყოველთვიური 1%-ის დარიცხვით. სესხის დაბრუნების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ნანული ნ-ძის საკუთრებაში არსებული, თბილისში, ...ის ქ. ¹36ა-ში მდებარე ბინა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული 3-თვიანი ვადა გავიდა 2001 წლის აპრილში. მსესხებელს არც ერთი თვის პროცენტი არ გადაუხდია, რაც შეადგენს 816 აშშ დოლარს. მოვალემ დაარღვია სახელშეკრულებო ვალდებულება და არ დააბრუნა სესხი. სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იგი ვალდებულია, ვადაგადაცილებული დროისათვის გადაიხადოს კანონით განსაზღვრული პროცენტი ყოველთვიურად.

მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ მან მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებით განიცადა მატერიალური ზიანი, რაც უნდა აუნაზღაურდეს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის საფუძველზე, კერძოდ, 2001 წლის აპრილიდან დღემდე მან და მისმა მეუღლემ ფინანსური გაჭირვების გამო, გამოიტანეს რამდენიმე სესხი, ასევე, გაყიდეს ბინა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ქ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: დ. და ო. ნ-ძეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2001 წლის 15 იანვრის ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, ძირითადი თანხის სახით _ 20 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, აგრეთვე, ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის საპროცენტო სარგებლისა და ზიანის სახით გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის 8 200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება. მოპასუხეებს ასევე დაეკისრათ მოცემული გადაწყვეტილების მიღებიდან მის აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე ძირითადი თანხის _ 20 000 აშშ დოლარის 1%-ის _ 200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით, დავალიანების დაფარვის მიზნით, საჯარო აუქციონზე იძულებით სარეალიზაციოდ მიექცა ო. ნ-ძის საკუთრებაში არსებული, თბილისში, ...... ქ. ¹36-ში, მე-3 სართულზე მდებარე სახლი წილობრივი მონაცემებით 133/133.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ნ. ქ-შვილმა და ო. და დ. ნ-ძეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ქ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამასთან, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დ. ნ-ძის და ო. ნ-ძის სააპელაციო საჩივარი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება. ნ. ქ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დ. ნ-ძესა და ო. ნ-ძეს ნ. ქ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრათ მიღებული სამკვიდრო აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად ძირითადი თანხის სახით 6340 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში და ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის პროცენტის სახით 6276.6 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, სულ 12.616 აშშ დოლარისა და 60 ცენტის ეკვივალენტი ლარის გადახდა, ხოლო 2009 წლის 1 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე ძირითადი თანხის 6340 აშშ დილარის 1%-ის _ 63.4 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში გადახდა. დავალიანების დაფარვის მიზნით საჯარო აუქციონზე იძულებით სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მდებარე თბილისში, ..... ¹36-ში, მე-3 სართულზე, წილობრივი მონაცემებით 133/333.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ქ-შვილმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ივნისის განჩინებით ნ. ქ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება სესხის ძირითადი თანხისა და ვადაგადაცილების პროცენტის მოთხოვნის შესახებ ნ. ქ-შვილის სასარჩელო მოთხოვნის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ქ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება ძირითადი თანხისა და ვადაგადაცილების პროცენტის მოთხოვნის შესახებ ნ. ქ-შვილის სასარჩელო მოთხოვნის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.

ნ. ქ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დ. და ო. ნ-ძეებს ნ. ქ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრათ მიღებული სამკვიდრო აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად, ძირითადი თანხის სახით _ 3000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის და ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის პროცენტის სახით _ 2970 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, სულ 5970 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, ასევე 2009 წლის 1 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე ძირითადი თანხის 3000 აშშ დოლარის 1%-ის _ 30 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. საპროცესო ხარჯების სახით დ. და ო. ნ-ძეებს დაეკისრათ ნ. ქ-შვილის სასარგებლოდ 537.30 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით ეფუძნება შემდეგ მოსაზრებებს:

ნ. ქ-შვილსა და ნანული ნ-ძეს შორის 2000 წლის 13 ივნისს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც ნ. ქ-შვილმა ნანული ნ-ძეს გადასცა 20 000 (ოცი ათასი) აშშ დოლარი, ყოველთვიური სარგებელი განისაზღვრა 6%-ის ოდენობით. სესხი გაიცა 6 თვის ვადით, 2000 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ნანული ნ-ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹36 133/333 წილი.

აღნიშნული ხელშეკრულებით (2000 წლის 13 ივნისის) ნაკისრი ვალდებულება განსაზღვრულ ვადაში არ იქნა სრულად შესრულებული და მხარეთა შორის 2001 წლის 15 იანვარს გაფორმდა მეორე ხელშეკრულება, რომლითაც გაგრძელდა 2000 წლის 13 ივნისის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ვადა 2001 წლის აპრილის ბოლომდე (ტ. II, ს.ფ. 82-84, ს.ფ. 239-240).

ნანული ნ-ძე გარდაიცვალა 2002 წლის 27 თებერვალს. ნანული ნ-ძის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებს წარმოადგენენ შვილები _ დ. და ო. ნ-ძეები, რომლებმაც მიიღეს დედის სამკვიდრო.

2002 წლის 16 ოქტომბრამდე კრედიტორისათვის გადახდილ იქნა სულ 16 960 აშშ დოლარი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 626-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ სესხი წინასწარ არის ვადით განსაზღვრული, მაშინ ვალიცა და პროცენტიც გადახდილ უნდა იქნეს ვადის დადგომისას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად, სესხისათვის მხარეებმა შეიძლება გაითვალისწინონ პროცენტი, რაც გონივრულად უნდა შეესაბემაბოდეს ეროვნული ბანკის ან ბანკთაშორისო საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობას. ამ წესის დარღვევით პროცენტის შესახებ დადებული შეთანხმება ბათილია (ვალდებულების წარმოშობის დროს მოქმედი რედაქციით).

სააპელაციო სასამართლომ მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით დადგენილი საპროცენტო სარგებელი 6%-ის ოდენობით არ არის ბანკთაშორისო საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობასთან შესაბამისი, რის გამოც საპროცენტო სარგებლის ოდენობა ყოველთვიურად განისაზღვრა 3%-ით.

სააპელაციო პალატის განმარტებით, დადგენილია, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულების შესრულების ვადა განისაზღვრა 2001 წლის აპრილის ბოლომდე. აღნიშნული დროისათვის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს სულ 26 300 აშშ დოლარს _ ძირითადი თანხაა 20 000 აშშ დოლარი, ხოლო პროცენტი 6300 აშშ დოლარის ოდენობით (2000 წლის 13 ივნისიდან 2001 წლის 15 მაისამდე 20 000 აშშ დოლარის 3%). დადგენილია, რომ მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულება შესრულებულ იქნა ნაწილობრივ, კერძოდ, 16 960 აშშ დოლარის ოდენობით. შესაბამისად, შესასრულებელი ვალდებულება უნდა განისაზღვროს 9340 აშშ დოლარით (26300_16960=9340).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპეალაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ შესასრულებელი ვალდებულების 9340 აშშ დოლარის 1%-ის (მოსარჩელის მოთხოვნის შესაბამისად ტ. II. ს.ფ. 193. ტ. IV, ს.ფ.17) გადახდა 2001 წლის მაისიდან ყოველ გადაცილებულ თვეზე, რაც თვეში შეადგენს 93.4 აშშ დოლარს. 2001 წლის მაისიდან 2009 წლის აგვისტომდე პერიოდში სარგებელი შეადგენს 9246.6 აშშ დოლარს (93.4X99 თვეზე).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მემკვიდრეები ვალდებული არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.

სააპელაციო პალატის განმარტებით, დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა დ. და ო. ნ-ძეებისათვის ძირითადი თანხის სახით _ 6340 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის პროცენტის სახით _ 6276.6 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, სულ _ 12 616,60 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების, ასევე 2009 წლის 1 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე ძირითადი თანხის _ 6340 აშშ დოლარის 1%-ის _ 63.4 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურებისა და, დავალიანების დაფარვის მიზნით, ო. ნ-ძის საკუთრებაში არსებული, თბილისში, .....ქ. ¹36-ში მდებარე ბინის მე-3 სართულის, წილობრივი მონაცემებით 133/133, საჯარო აუქციონზე სარეალიზაციოდ მიქცევის ნაწილში.

სააპელაციო პალატამ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ ნანული ნ-ძის მემკვიდრეებს _ ო. და დ. ნ-ძეებს, მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად, ნ. ქ-შვილის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 2000 წლის 13 ივნისის ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო ძირითადი თანხის _ 3000 (9340-6340) აშშ დოლარისა და სარგებლის 2970 (9246.6-6276.6) აშშ დოლარის, სულ 5970 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო 2009 წლის აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად ძირითადი თანხის 3000 აშშ დოლარის 1%-ის _ 30 აშშ დოლარის გადახდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრებით გაასაჩივრეს ნ. ქ-შვილმა, ო. და დ. ნ-ძეებმა.

Kასატორმა ნ. ქ-შვილმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ძირი თანხისა და მოგების პროცენტის. 31 000 აშშ დოლარის მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრება.

კასატორებმა ო. და დ. ნ-ძეემა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

კასატორ ნ. ქ-შვილის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია, სათანადოდ არ განსაზღვრა და არ შეასრულა უზენაესი სასამართლოს სავალდებულო მითითებანი, თუ რამდენს შეადგენდა დარჩენილი გადასახდელი ძირი თანხისა და შესაბამისად, ვადაგადაცილების პროცენტის ოდენობა.

სააპელაციო სასამართლოს დასკვნები და მოსაზრებები არ შეესაბამება აუდიოჩანაწერში ასახული მხარეთა ნების გამოვლენის ნამდვილობას ვალდებულების შესრულების, ძირითადი თანხისა და პროცენტის ოდენობის განსაზღვრის, ვადისა და სიდიდის დადგენის ფაქტობრივად მითითებულ გარემოებებს.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ შეასრულა საკასაციო პალატის მითითება, რომ 2001 წლის 30 აპრილის ჩათვლით 10,5 თვეში საპროცენტო სარგებელი თვეში უნდა დარჩენილიყო ძირითადი თანხის 6%; გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლი ვალდებულების წარმოშობის დროს მოქმედი ძველი რედაქციით და ამ პერიოდში საპროცენტო სარგებელი დაუსაბუთებლად განსაზღვრა 3%, რითაც ასევე შეცვალა თავისი წინა დადგენილება, რომ მან ნანული ნ-ძეს გადასცა 20 000 აშშ დოლარი ძირითადი თანხის 6%-ის დარიცხვით. ასევე, სასამართლომ არ შეასრულა მეორე მითითება, გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლი ვალდებულების წარმოშობის დროს არსებული ძველი რედაქციით და დაუსაბუთებლად მოგების პროცენტი 2001 წლის 30 აპრილიდან დღემდე დაადგინა 1%, მაშინ როცა 2% და 1% არსებული მასალების მიხედვით დგინდება, რომ იყო ფიქტიური.

კასატორების, ო. და დ. ნ-ძეების განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 626-ე და 625-ე მუხლებზე (ვალდებულების წარმოშობის დროს მოქმედი რედაქცია) და მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით დადგენილი საპროცენტო სარგებელი 6%-ის ოდენობით თვეში, ანუ წლიური 72%-ი, არ არის გონივრულ შესაბამისობაში ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობასთან და შეამცირა საპროცენტო სარგებელი თვეში 3%-დე, ანუ წლიურ 36%-დე. პალატის ეს მსჯელობა და მისი სამართლებრივი დასაბუთება არ არის შესაბამისი კანონმდებლობასთან და მიმართულია მოვალის, მათი მდგომარეობის გაუმართლებლად დამძიმებისკენ.

კასატორების მოსაზრებით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს, მიმართული იყო არა მათი მდგომარეობის დამძიმების, არამედ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისკენ, რითაც განისაზღვრა კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულება წესი და ამჟამინდელი ვალდებულება.

მოწინააღმდეგე მხარის დავის საგანი არ ყოფილა მხარეთა შორის ზეპირი შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტის დაკისრება, არამედ ნ. ქ-შვილი ითხოვდა და ითხოვს 2001 წლის 15 იანვრის ფიქტიური ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებას. მოცემული ხელშეკრულება არის დადებული კონკრეტული ვადით, 2001 წლის 30 აპრილამდე. ხელშეკრულების არც ერთი პუნქტი არ განსაზღვრავს მისი მოქმედების გაგრძელების შესაძლებლობას, მათ შორის არც მხარეთა ზეპირი ნების გამოვლენის შემთხვევაში. პირიქით, ხელშეკრულებების 2.5 პუნქტი უდავოდ ადგენს, რომ ხელშეკრულების შეცვლა-გაუქმება ან მოქმედების ვადის გაგრძელება ფორმდება მხარეთა დამატებითი შეთანხმებით. ასეთი შეთანხმება მხარეთა შორის არ გაფორმებულა და არც საქმის მასალებში მოიპოვება. მოსარჩელე ნ. ქ-შვილი თავის საუბარში, მარინე ნ-ძესთან ადასტურებს, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებაზე არ შეთანხმებულან. ხელშეკრულებაში ასევე არსად არის რაიმე დათქმა მოვალის მიერ ვადის გადაცილების შემთხვევაში საჯარიმო სანქციების, პირგასამტეხლოს ან უშუალოდ საპროცენტო სარგებლის ავტომატურ რეჟიმში დარიცხვის გაგრძელების შესახებ.

კასატორების აზრით, იმ შემთხვევაშიც კი თუ მიიჩნევენ, რომ სააპელაციო სასამართლომ თეორიულად სწორად მოახდინა შეუსაბამოდ მაღალი საპროცენტო სარგებლის კორექტირება, თავად ეს კორექტირების კრიტერიუმი, ანუ თვეში 3%-ი, წლიური 36%, აშკარად ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

კასატორების განმარტებით, მათ 2010 წლის 22 სექტემბერს მიმართეს საქართველოს ეროვნულ ბანკს, საიდანაც მიიღეს 2010 წლის 23 სექტემბრით დათარიღებული ¹2-01/2647 წერიობითი პასუხი 2000 წლის ივნისიდან 2001 წლის მაისამდე გაცემულ სესხებზე დაფიქსირებული საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთის შესახებ და ასევე ამავე პერიოდისათვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესახებ აშშ დოლართან მიმართებაში.

2000 წლის ივნისიდან 2001 წლის აპრილამდე საშუალო საპროცენტო განაკვეთის ოდენობა შეადგენდა წლიურ 14%-ს. ეს არის ეროვნული ვალუტის ლარის მონაცემები და აშშ დოლარის სასესხო საპროცენტო განაკვეთი, როგორც წესი გაცილებით დაბალ მაჩვენებლებზე მერყეობს. იგივე დასტურდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2011 წლის 2 მარტის წერილობითი პასუხით, მათ მიერ მიწერილ განცხადებაზე, კერძოდ: „2000 წლის 1 ივნისიდან 2001 წლის 30 აპრილის ჩათვლის პერიოდისათვის საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 14%-ს.».

მოცემული დავის საგანია მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობის მიყენებულ ზიანთან შეუსაბამოების მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

კასატორებს მიაჩნიათ, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ სააპელაციო სასამართლო საკუთარი ინიციატივით, მოწინააღმდზეგე მხარის მოთხოვნის გარეშე მაინც მოახდენდა საპროცენტო სარგებლის განსაზღვრას (კორექტირებას), მითითებული სამართლის ნორმების, წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე (საქართველოს ეროვნული ბანკის 2010 წლის 23 სექტემბრის ცნობა), საპროცენტო სარგებელი შეიძლებოდა განესაზღვრა არაუმეტეს წლიური 14%-ით, რაც თავისთავად უკვე იქნებოდა ზიანის ოდენობის 100%-იანი მაჩვენებლით დაკისრება მოვალეებზე. სასამართლო გადაწყვეტილებაში კი ეს მაჩვენებელი გაზრდილია 257 პროცენტით, წლიურ 36 პროცენტამდე, რაც ცხადია ვერ ჩაითვლება იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, გონივრულ შესაბამისობად ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობასთან.

კასატორების განმარტებით, სასამართლოს მიერ ხარჯების განაწილებისას უგულვებელყოფილ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლი და არ იქნა გათვალისწინებული მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საჩივრისათვის, რაც დაკმაყოფილდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით.

კასატორები ასევე აცხადებენ, რომ მათ მიმართ 2011 წლის 1 მარტიდან უნდა შეწყდეს საპროცენტო სარგებლის დარიცხვა, ვინაიდან ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, 2011 წლის 1 მარტს აღიარეს ვალდებულების შესრულება, ძირითადი თანხის სრულად და საპროცენტო სარგებლის ნაწილში, ჯამში 7000 აშშ დოლარის ოდენობით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ქ-შვილის, ო. ნ-ძის და დ. ნ-ძის საკასაციო საჩივარები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. ქ-შვილის, ო. ნ-ძის და დ. ნ-ძის საკასაციო საჩივრები, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ნ. ქ-შვილს უნდა დაუბრუნდეს ი.ნ-ძის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2720 ლარის 70% - 1904 ლარი, კასატორებს ო. ნ-ძეს და დ. ნ-ძეს უნდა დაუბრუნდეს ო. ნ-ძის მიერ გადახდილი 517 ლარის 70% - 361,9 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით, 401-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ქ-შვილის, ო. ნ-ძის და დ. ნ-ძის საკასაციო საჩივრიები, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.

2. ნ. ქ-შვილს დაუბრუნდეს ი.ნ-ძის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2720 ლარის 70% - 1904 ლარი. (ხაზინის ერთიანი ანგარიშის ნომერი _ 200122900, მიმღები ბანკი _ სახელმწიფო ხაზინა 220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე).

3. ო. ნ-ძეს და დ. ნ-ძეს დაუბრუნდეთ ო. ნ-ძის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 517 ლარის 70% - 361,9 ლარი (ხაზინის ერთიანი ანგარიშის ნომერი _ 200122900, მიმღები ბანკი _ სახელმწიფო ხაზინა 220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე).

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.