Facebook Twitter

ას-429-671-08 11 ნოემბერი, 2008 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილი

სხდომის მდივანი _ ლ. სანიკიძე

კასატორი _ ა. ტ-ოვის უფლებამონაცვლე აკ. ტ-ოვი

წარმომადგენელი _ თ.ი-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. მ-ავა, ქ. ბათუმის ნოტარიუსი ლ. ჭ-ია

წარმომადგენელი _ დ. მ-იძე

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 21 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი _ მინდობილობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ბინიდან გამოსახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ტ-ოვის წარმომადგენელმა ი. შ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. წ-იას, მ. მ-ავასა და ქ. ბათუმის ნოტარიუს ლ. ჭ-იას მიმართ მინდობილობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო: ვ. წ-იამ ისარგებლა რა მოსარჩელის მიერ ქართული წერა-კითხვის უცოდინრობით, 2002 წლის 4 მარტს მოტყუებით მოაწერინა მას ხელი სანოტარო აქტზე ა. ტ-ოვის კუთვნილი უძრავი ქონების განკარგვის უფლების ვ. წ-იასათვის გადაცემის თაობაზე. რეალურად მოსარჩელე ფიქრობდა, რომ ხელს აწერდა ქ. ბათუმში, ......... ქ.¹7-ში მდებარე ა. ტ-ოვის კუთვნილი ბინის იპოთეკის ხელშეკრულებას, რომლითაც უზრუნველყოფდა მისი მეუღლე ე. ტ-ოვას მიერ ვ. წ-იასაგან ასაღებ სესხს. სადავო დოკუმენტები შედგა მხოლოდ ქართულ ენაზე, ამდენად, მოსარჩელე სათანადო თარგმანით ან თარჯიმნით უზრუველყოფილი არ ყოფილა. 2003 წლის 2 აპრილს ვ. წ-იამ ზემოხსენებული ბინა მიჰყიდა თავის მეუღლე მ. მ-ავას. აღნიშნული გარიგება, ისევე, როგორც ზემოთ მითითებული მინდობილობა, ბათილია, ვინაიდან სადავო სანოტარო აქტის შინაარსის გაცნობის შემთხვევაში მოსარჩელე მას ხელს არ მოაწერდა.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს, ხოლო მ. მ-ავამ შეგებებული სარჩელი აღძრა ალ., აკ., არ., ე. და გ. ტ-ოვების მიმართ ბინიდან გამოსახლების შესახებ იმ საფუძვლით, რომ ქ. ბათუმში, ......... ქ.¹7-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა არის მისი საკუთრება, მოპასუხეები კი მას უკანონოდ არ ათავისუფლებენ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა. ტ-ოვის სარჩელი სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებისა და მინდობილობის გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა, მ. მ-ავას შეგებებული სარჩელი კი დაკმაყოფილდა და მოპასუხეები დასახელებული ბინიდან გამოსახლდნენ.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ა. ტ-ოვის წარმომადგენელმა ი. შ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

მოცემული საქმე არაერთხელ განხილულ იქნა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 21 თებერვლის განჩინებით ა. ტ-ოვის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 9 ივნისის განჩინება და ქ. ბათუმში, ......... ქ.¹17-ში მდებარე მ. მ-ავას სახელზე რიცხულ საცხოვრებელ ¹9 ბინას ყადაღა მოეხსნა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი: 2002 წლის 4 მარტს ა. ტ-ოვსა და ვ. წ-იას შორის სანოტარო წესით გაფორმდა მინდობილობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ა. ტ-ოვმა ვ. წ-იას ანდო მისი კუთვნილი უძრავი ქონების, მათ შორის, სადავო ბინის მართვა და განკარგვა. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ვ. წ-იამ 2003 წლის 2 აპრილს მ. მ-ავასთან დადო ნასყიდობის ხელშეკრულება და მ. მ-ავა საჯარო რეესტრში აღრიცხა ზემოხსენებული ბინის მესაკუთრედ. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ მინდობილობის ხელშეკრულება დაიდო მოტყუებით, რეალურად კი ა. ტ-ოვმა გამოხატა იპოთეკის ხელშეკრულების დადების ნება. სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო გარიგება ორივე მხარის ნამდვილი ნების საფუძველზე დაიდო, ამდენად, უდავოა, რომ ორივე მხარეს ზოგადად გარიგების დადება სურდა, თუმცა, მოსარჩელის განმარტებით, არა იმ შინაარსის, რომელიც მან რეალურად დადო. სასამართლომ მიიჩნია, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ა. ტ-ოვმა ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ სინამდვილეში მხარეთა შორის დაიდო არა საკუთრების მინდობის, არამედ იპოთეკის ხელშეკრულება, რისი მტკიცების ტვირთიც მას ეკისრებოდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ მისი შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო საქმის განხილვაზე ა. ტ-ოვის პასიურმა დასწრებამ, რა დროსაც მხარემ არც ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით განმარტა რაიმე და არც სასამართლოს მიერ მიჩენილი თარჯიმნის თარგმანის მოსმენა არ ისურვა. მისი წარმომადგენლის განმარტებით, ა. ტ-ოვი საქმის განხილვის განმავლობაში მუდამ უსიტყვოდ ესწრება სასამართლო პრეცესებს. აღნიშნულიდან და საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად ჩათვალა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ა. ტ-ოვმა და მისი ოჯახის წევრებმა პირდაპირ გამოხატეს სადავო ბინის გაყიდვის ნება, რაც თავისთავად გულისხმობს მხარეთა შორის იმ სახის ხელშეკრულების არსებობას, რაც გაფორმდა სანოტარო ბიუროში. საკასაციო სასამართლოს 2005 წლის 18 მაისის განჩინებაზე დაყრდნობით სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ გარიგებაზე ხელის მოწერისას არსებობს ხელისმომწერის მიერ გარიგების შინაარსის ცოდნის პრეზუმფცია, მით უფრო, რომ აღნიშნული გარიგება დამოწმდა სანოტარო წესით, რასაც სასამართლო მეტად სარწმუნოდ მიიჩნევს, ვიდრე მარტივი წერილობითი ფორმით დადებულ ან ზეპირ გარიგებებს. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო გარიგების შინაარსი ა.ტ-ვის ცნობილი იყო. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის განხილვისას დაკითხული ნოტარიუსის განმარტებით, მან გარიგების შინაარსი ხმამაღლა წაიკითხა და, ა. ტ-ოვის წინააღმდეგობის მიუხედავად, იგი რუსულად უთარგმნა. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ მოცემულ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის 54-55-ე მუხლით გათვალისწინებული გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლები არ არსებობს და მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლი მოცემულ დავასთან კავშირში არ არის, ამასთან, გარიგება 54-ე მუხლით დაცულ საჯარო წესრიგსა და ზნეობის ნორმებს არ არღვევს. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება ნოტარიუსის მიერ “სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” ინსტრუქციის დარღვევის თაობაზე, ვინაიდან, ხსენებული ინსტრუქციის მე-18 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, კლიენტის მიერ სახელმწიფო ენისა და დამწერლობის არცოდნისას სანოტარო აქტის შედგენაში თარჯიმნის მონაწილეობა სავალდებულოა მხოლოდ მაშინ, თუ ნოტარიუსმა კლიენტისათვის გასაგები ენა არ იცის. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ ნოტარიუს ლ.ჭ-იას მიერ რუსული ენის ცოდნა მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ა. ტ-ოვისათვის დამატებით თარჯიმნის მოწვევის აუცილებლობა არ არსებობდა. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ ნოტარიუსმა დაარღვია ზემოთ მითითებული ინტსრუქციის მე-16 მუხლის მეშვიდე პუნქტი, როდესაც სადავო გარიგების შინაარსის ა. ტ-ოვისათვის რუსულად გადათარგმნის თაობაზე სანოტარო აქტში არ დააფიქსირა, თუმცა აღნიშნული გარემოება გარიგების ნამდვილობაზე გავლენას ვერ მოახდენს. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სამოქალაქო კოდექსის 50-ე და 54-ე მუხლების შესაბამისად, ბათილად მიიჩნევა მხოლოდ სამართლებრივი შედეგის მომტანი მართლსაწინააღმდეგო ნების გამოვლენა, იმ შემთხვევაში კი, თუ მინდობილობის ხელშეკრულების დამოწმებისას ნოტარიუსი არღვევს სანოტარო მოქმედებათა წესის შესახებ ინსტრუქციას, აღნიშნული სადავო გარიგებას არარად ვერ აქცევს, არამედ შესაძლოა იმოქმედოს მხარის ნების ნამდვილობაზე და გარიგება აქციოს საცილოდ. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილი მინდობილობებზე ა. ტ-ოვის მიერ სხვადასხვა პირთათვის წარმომადგენლობით უფლებამოსილების მინიჭების შესახებ და მიუთითა, რომ აღნიშნული მინდობილობები გაფორმებლია ზემოხსენებული ინსტრუქციის დარღვევით, თუმცა მხარის მიერ გამოხატული ნება საცილოდ არასდროს არ გამხდარა, შესაბამისად, გარიგების ტექსტის თარგმნის მიუთითებლობა გარიგების ნამდვილობაზე გავლენას ვერ მოახდენს. სასამართლოს მითითებით, საკუთარი განმარტების გარდა ა. ტ-ოვი სადავო მინდობილობის ნაცვლად იპოთეკის გაფორმების დასადასტურებლად თვლის მტკიცებულებას _ მოსარჩელისა და მისი ოჯახის წევრების მიერ შედგენილ ხელწერილს, რომლითაც დგინდება, რომ 2002 წელს მოსარჩელემ ვ. წ-იასაგან ისესხა 5000 აშშ დოლარი ყოველთვიურად 10%-ის დარიცხვით 2003 წლის მარტამდე, ამასთან, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ა. ტ-ოვის კუთვნილი ბინა გადავიდოდა ვ. წ-იას საკუთრებაში. პალატამ აღნიშნა, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება 2003 წლის აპრილში, ზემოხსენებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ დაიდო, რაც მხარემ იმით ახსნა, რომ შეთანხმების თანახმად, მოსარჩელეს სადავო ბინაში უნდა ეცხოვრა მინდობილობის ხელშეკრულების დადებიდან ერთი წლის განმავლობაში. არსად, მათ შორის, არც პოლიციისათვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში მოსარჩელე თანხის მიცემის ფაქტს სადავოდ არ ხდის და სადავო მინდობილობის ხელშეკრულება სწორედ ამ სესხის უზრუნველყოფას ისახავდა მიზნად. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მითითებული ხელწერილი დაწერილია მოსარჩელის ან მისი მეუღლის მიერ, მას ხელს არ აწერს მოპასუხე და აღნიშნული ხელწერილი მხარის განმარტების ნაწილია. სასამართლომ მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების არსებობა არ გაიზიარა, რადგან მოპასუხე ასეთს უარყოფს, ხოლო მოსარჩელეს სათანადო მტკიცებულება არ წარუდგენია. ამასთან, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტების დადასტურების შემთხვევაშიც, სადავო მინდობილობის ხელშეკრულება ბათილად ვერ ჩაითვლებოდა, ვინაიდან მოსარჩელის მიერ დასახელებული ფაქტებიდან არ ჩანს, რომ მხარეებს ან ერთ-ერთ მათგანს სურდათ მოთხოვნის უზრუნველყოფის შესახებ სანივთო გარიგების დადება. სასამართლომ მიიჩნია, რომ ა.ტ-ის მიერ მითითებული სესხის ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში მოხდებოდა მხარეთა მოთხოვნების ურთიერთჩათვლა, რადგან ა. ტ-ოვის სახლი შეფასებულ იქნა 10 000 ლარად, რაც სესხის _ 5000 აშშ დოლარის შესაბამისია და აღნიშნული სადავო მინდობილობის ნამდვილობაზე ზეგავლენას ვერ იქონიებს. ანალოგიური დავის განხილვისას საკასაციო სასამართლოს 2005 წლის 11 ნოემბრის განჩინებით სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის საფუძველზე იგივე სამართლებრივი შედეგი იქნა მიღებული. პალატამ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან ა. ტ-ოვმა სადავო გარიგების შინაარსი იცოდა მისი დადების დღესვე, თუმცა იგი საცილოდ გახადა მინდობილობის გაფორმებიდან ერთი წლის შემდეგ, რითაც დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 79-ე მუხლით დადგენილი ერთთვიანი ვადა. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება, სამოქალაქო კოდექსის 114-ე მუხლის მიხედვით, საკუთარ თავთან დადებული გარიგებაა და მიიჩნია, რომ ვ. წ-ია და მ.მ. ორი სხვადასხვა პირია, ისინი რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებიან, შესაბამისად, არარეგისტრირებული თანაცხოვრების პერიოდში შეძენილ ქონებაზე თანასაკუთრება ვერ ექნებათ. ამდენად, მათ, როგორც დამოუკიდებელ სუბიექტებს, დაუბრკოლებრივ შეეძლოთ ერთმანეთს შორის გარიგების დადება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ა. ტ-ოვმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ა. თ-ოვი ქართულ ენას არ ფლობს, ხოლო წერა-კითხვა არც ერთ ენაზე არ შეუძლია. აღნიშნულს ადასტურებს საქმეში არსებული 2006 წლის 27 ოქტომბრის ¹1/7601 რწმუნებულებაში ნოტარიუსის მითითებაც, რის გამოც რწმუნებულებას ხელს აწერს ა. ტ-ოვის ნდობით აღჭურვილი პირი. ამდენად, სინამდვილეს არ შეესაბამება სადავო მინდობილობაში ნოტარიუს ლ. ჭ-იას მიერ დაფიქსირებული განმარტება, რომ მის მიერ გარიგების შინაარსის ა. ტ-ოვისათვის წაკითხვისა და განმარტების შემდეგ, ამ უკანასკნელმა წაიკითხა იგი და ხელი მოაწერა. საქმეზე დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ სადავო მინდობილობის გაფორმებისას ნოტარიუს ლ. ჭ-იას ა. ტ-ოვისათვის თარჯიმანი არ მოუწვევია, რითაც ხსენებულმა ნოტარიუსმა დაარღვია “ნოტარიატის შესახებ” კანონის მე-7 მუხლის მეორე ნაწილი სანოტარო მოქმედების შესრულებისას ა. ტ-ოვისათვის თარჯიმნის მიწვევის შესახებ. სააპელაციო პალატამ არ შეაფასა ე. ტ-ოვას განმარტება, რომ მის მეუღლე ა. ტ-ოვს სკოლაში არ უვლია, შესაბამისად, წერა-კითხვა და არც ქართული ენა არ იცის, ხოლო ნოტარიუს ლ. ჭ-იასთან მინდობილობაზე ხელი მოაწერა მათმა შვილმა _ გ. ტ-ოვამ. ამასთან, ნოტარიუსს ე. ტ-ოვამ და ვ. წ-იამ განუმარტეს, რომ მათ შორის უნდა გაფორმებულიყო სესხის ხელშეკრულება. აღსანიშნავია, რომ სადავო მინდობილობაზე ა.ტ-ის ხელმოწერა შესრულებულია რუსულ ენაზე. სადავო გარიგება ბათილია სამოქალაქო კოდექსის 54-55-ე მუხლების შესაბამისად, რადგან ფარტობრივად, ა. ტ-ოვის საკუთრება განკარგა ე. ტ-ოვამ. კასატორი ვარაუდობდა, რომ ვ. წ-იასთან აფორმებდა არა უძრავი ქონების განკარგვის შესახებ მინდობილობას, არამედ სესხის ხელშეკრულებას, რაზეც თანხმობა გამოთქვა კიდეც. ა. ტ-ოვმა სასამართლოს მიმართა იმ მომენტიდანვე, როდესაც შეიტყო კუთვნილი ქონების გასხვისების თაობაზე, ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მესაკუთრეს სადავო გარიგება არ მოუწონებია. სადავო მინდობილობის კანონით დადგენილი წესით გაფორმების შემთხვევაშიც იგი უნდა ჩათვლილიყო, სამოქალაქო კოდექსის 72-73-ე მუხლების მიხედვით, შეცდომით დადებულ გარიგებად. შეცდომის თავიდან ასაცილებლად “ნოტარიატის შესახებ” კანონის 50-51-ე მუხლები ითვალისწინებს ნოტარიუსის ვალდებულებას, განუმარტოს მხარეებს გარიგების შინაარსი, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა. სამოქალაქო კოდექსის 79-ე მუხლის შესაბამისად, სადავო გარიგება ა. ტ-ოვმა საცილოდ გახადა მას შემდეგ, რაც სასამართლო უწყებით შეიტყო უძრავი ნივთის გასხვისების შესახებ, რაც მანამდე მისთვის ცნობილი არ ყოფილა. სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 17 აპრილის სხდომაზე მ. მ-ავას წარმომადგენელმა მიუთითა, რომ ნოტარიუსთან გაფორმდა სესხის ხელშეკრულება და არა მინდობილობა, შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარემ ფაქტობრივად აღიარა კასატორის სასარჩელო და სააპელაციო მოთხოვნები, თუმცა გასაჩივრებული განჩინების მიღებისას აღნიშნული გათვალისწინებული არ ყოფილა. სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, სადავო გარიგება დაიდო მოტყუებით, რაც იმითაც დასტურდება, რომ ა. ტ-ოვს ბინის გაყიდვისას, თუნდაც ხელშეკრულებაში მითითებული შეუსაბამო საფასურიც არ მიუღია, რითაც დაირღვა სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი. მ. მ-ავამ სასამართლოს არაერთხელ განუმარტა, რომ ვ.წ-თვის, რომელიც მისი არარეგისტრირებული მეუღლეა, ბინის საფასური არ გადაუხდია და არც ნაყიდი ბინა არ უნახავს. ამდენად, ვ. წ-იასა და მ. მ-ავას შორის დადებული ნასყიდობა უცილოდ ბათილი გარიგებაა, რადგან, სამოქალაქო კოდექსის 114-ე მუხლის დარღვევით, მისი გაფორმებისას ვ. წ-ია ხელშეკრულების ორივე მხარეს წარმოადგენდა. ა. ტ-ოვს სადავო უძრავ ნივთზე გააჩნია სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით გათვალისწინებული მესაკუთრის უფლებები. საქმე განხილულია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით. სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 19 თებერვლის სხდომის ოქმში დაფიქსირდა საქმის განხილვაზე მძიმე ავადმყოფი ა. ტ-ოვის გამოცხადების ფაქტი. მას დაენიშნა თარჯიმანი, რომლის მეშვეობით მან გასცა პასუხი სასამართლოს შეკითხვებს, თუმცა მისი განმარტება, რომ არაფერი იცოდა და არაფერი არ გაუყიდია, სასამართლო სხდომის ოქმში არ დაფიქსირებულა, რაც კასატორმა გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 19 თებერვლის მთავარ სხდომაზე საქმის განხილვა გადაიდო 2008 წლის 21 თებერვალს გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად, რა დროსაც არც ერთი მოპასუხე არ გამოცხადდა. სასამართლომ, გადაწყვეტილების გამოცხადების ნაცვლად, მთავარი სხდომის განახლების გარეშე, გააგრძელა საქმის განხილვა. სააპელაციო პალატის მიერ მთავარი სხდომის განახლების შემთხვევაში მას უნდა გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხეთა გამოუცხადელობის გამო. ამდენად, 2008 წლის 21 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი შედგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 288-ე მუხლის ისეთი დარღვევებით, რომ ფაქტობრივად ოქმი არც არსებობს. აღნიშნული კი ამავე კოდექსის 394-ე მუხლის “თ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 28 ოქტომბერს ა. ტ-ოვის წარმომადგენელმა თ. ი-ძემ წარმოადგინა გარდაცვალების მოწმობა, რომლის მიხედვითაც ა. ტ-ოვი 2008 წლის 15 აპრილს გარდაიცვალა, ასევე კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა ა. ტ-ოვის მემკვიდრედ აკ. ტ-ოვის ცნობის თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით ა. ტ-ოვის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაება მისი მემკვიდრე აკ. ტ-ოვი.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცება შემდეგი პირობებით:

1. ა. ტ-ოვის უფლებამონაცვლე (შვილი) აკ. ტ-ოვი ვალდებულებას კისრულობს, მ. მ-ავას 2009 წლის 12 მაისის ჩათვლით გადაუხადოს 22 000 (ოცდაორი ათასი) აშშ დოლარი;

2. მ. მ-ავა ვალდებულებას კისრულობს, 2009 წლის 12 მაისს 22 000 აშშ დოლარის მიღების შემდეგ ქ. ბათუმში, ......... ქ.¹17-ში მდებარე ბინა საჯარო რეესტრში გადაუფორმოს აკ. ტ-ოვს;

3. თანხის გადაცემა დადასტურდეს ხელწერილით;

4. მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქ. ბათუმში, ......... ქ.¹17-ში მდებარე ბინა მთლიანად დარჩება მ. მ-ავას საკუთრებაში.

მხარეები გაეცნენ მორიგების პირობებს, ეთანხმებიან და აწერენ ხელს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, თვლის, რომ მათი მოთხოვნა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.

მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.

მხარეებს განემარტათ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აკ. ტ-ოვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 400 ლარი, კერძოდ: მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა მორიგების აქტი წარმოადგინეს საკასაციო სასამართლოს მთავარი სხდომის დაწყებამდე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 273-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დამტკიცდეს მორიგება ა. ტ-ოვის უფლებამონაცვლე აკ. ტ-ოვსა და მ. მ-ავას შორის შემდეგი პირობებით:

1. ა. ტ-ოვის უფლებამონაცვლე (შვილი) აკ. ტ-ოვი ვალდებულებას კისრულობს, მ. მ-ავას 2009 წლის 12 მაისის ჩათვლით გადაუხადოს 22 000 (ოცდაორი ათასი) აშშ დოლარი;

2. მ. მ-ავა იღებს ვალდებულებას, 2009 წლის 12 მაისს 22 000 აშშ დოლარის მიღების შემდეგ ქ. ბათუმში, ......... ქ.¹17-ში მდებარე ბინა საჯარო რეესტრში გადაუფორმოს აკ. ტ-ოვს;

3. თანხის გადაცემა დადასტურებულ უნდა იქნეს ხელწერილით;

4. მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქ. ბათუმში, ......... ქ.¹17-ში მდებარე ბინა მთლიანად დარჩება მ. მ-ავას საკუთრებაში.

შეწყდეს მოცემული საქმის წარმოება და გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება.

კასატორ აკ. ტ-ოვს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 400 ლარის ოდენობით.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.