ას-191-613-06 30 ნოემბერი, 2006 წ.’ ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
თ. თოდრია (მომხსენებელი),
რ. ნადირიანი
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება და ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ბ. ვ-ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მ. თ-შვილის მიმართ ბინიდან გამოსახლებისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2001წ. 2 თებერვალს მ. თ-შვილისაგან შეიძინა გარდაბნის რაიონის სოფელ ... მდებარე ბინა, რაზედაც გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება შემდგომი გამოსყიდვის უფლებით. მოპასუხეს ბინა უნდა გამოესყიდა სამი თვის ვადაში, თვეში 5%-ის დამატებით, აგრეთვე, ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეს ბინა უნდა გადაეცა მოსარჩელისათვის 2001წ. 2 მაისს. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ბინა ვერ გამოისყიდა, მაგრამ, მიუხედავად მოსარჩელის თხოვნისა, არც ბინას ათავისუფლებს. მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობით მას მიადგა მატერიალური ზიანი, ხელშეკრულების თანახმად გადახდილი თანხის 5%-ის გათვალისწინებით ყოველთვიურად. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 16 500 აშშ დოლარის, ადვოკატის ჰონორარის – 500 ლარის, სახელმწიფო ბაჟის – 855 ლარის, სასამართლოში მოცდენისა და ტრანსპორტირების ხარჯების – 3000 ლარის დაკისრება და სადავო ბინიდან მოპასუხისა და მისი ოჯახის წევრების გამოსახლება.
მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში, რომლითაც მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს ბ.ვ-ძის სარჩელი მისი ბინიდან გამოსახლებისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ; დაკმაყოფილდეს შეგებებული სარჩელი და ბათილად იქნეს ცნობილი მას და ბ.ვ-ძეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც მოტყუებით დადებული გარიგება.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2003წ. 27 მაისის გადაწყვეტილებით ბ. ვ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მ.თ-შვილის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2001წ. 2 თებერვლის ხელშეკრულება – გარდაბნის რაიონის სოფელ ... მდებარე მ.თ-შვილის სახელზე რიცხული სახლის ნასყიდობის შესახებ – როგორც მოტყუებით დადებული გარიგება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ვ-ძემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილა ბ.ვ-ძის სააპელაციო საჩივარი მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო. გაუქმდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2003წ. 27 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ბ.ვ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. მ.თ-შვილი თანხმლებ პირებთან ერთად გამოსახლდა გარდაბნის რაიონის სოფელ ... მდებარეE ბინიდან. მ.თ-შვილს დაეკისრა ბ.ვ-ძის სასარგებლოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით 14250 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა; მასვე დაეკისრა ბ.ვ-ძის სასარგებლოდ ბინის რეგისტრაციისათვის გადახდილი თანხის 619 ლარის გადახდა. მ.თ-ის შეგებებულ სარჩელს ეთქვა უარი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 ნოემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა მ. თ-შვილმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 8 აპრილის განჩინებით მ.თ-შვილის საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 მაისის გადაწყვეტილებით გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ბ. ვ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მ.თ-შვილის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი მ. თ-შვილსა და ბ. ვ-ძეს შორის 2001წ. 2 თებერვალს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება. გარდაბნის რაიონის სოფელ ... მდებარე ბინა აღირიცხა მ. თ-შვილის სახელზე. ბ.ვ-ძის მიერ გაცემული 15 000 აშშ დოლარის სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სადავო ბინა დაიტვირთა იპოთეკით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ბ.ვ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით.
მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ.
2006წ. 23 იანვარს ბ. ვ-ძემ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა სასამართლოს და განმარტა, რომ საქართველოს შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან მიიღო ცნობები იმის თაობაზე, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილი ფორმა ¹27 არ წარმოადგენს საპატიო მიზეზს, რათა გაუქმებულიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება. განმცხადებელმა მიუთითა, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. განმცხადებელმა მოითხოვა, რომ ბათილად იქნეს ცნობილი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 მაისის გადაწყვეტილება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 4 მარტის განჩინება, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 8 აპრილის განჩინება და ძალაში დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2006წ. 1 თებერვლის განჩინებით ბ. ვ-ძის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დაუსწრებელ გადაწყვეტილებზე შეტანილ საჩივართან დაკავშირებით გამოტანილი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 8 აპრილის განჩინება, საქმის წარმოების განახლების მიზნით, ვერ გახდება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმების ობიექტი, რადგან ამ განჩინებით საქმის წარმოება არ დამთავრებულა. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ საქმის წარმოება დამთავრდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 მაისის გადაწყვეტილებით, რომელზედაც განმცხადებელი ახლად აღმოჩენილ გარემოებას ვერ უთითებს.
ზემოაღნიშნული განჩინება ბ. ვ-ძემ გაასაჩივრა კერძო საჩივრით, რომელშიც განმარტა, რომ იგი ასაჩივრებს არა მხოლოდ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 8 აპრილის განჩინებას, არამედ მის შემდეგ მიღებულ და კანონიერ ძალაში შესულ ყველა გადაწყვეტილებას და მხოლოდ განცხადების არსებითად განხილვისას შეიძლება გადაწყდეს საკითხი არსებობს თუ არა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 31 მარტის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ბ. ვ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ბ. ვ-ძე, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოებით განახლების შესახებ შეტანილი განცხადებით მოითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 8 აპრილის განჩინების გაუქმებას, რომლითაც მ.თარხნიშვილის საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლდა.
სსკ-ის 240-ე მუხლის პირველი ნაწილის მესამე წინადადების თანახმად, თუ საჩივრის განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, სასამართლო განჩინებით აუქმებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც იწყება სარჩელის განხილვა.
სსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წინამძღვრები.
ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, განახლება დასაშვებია მხოლოდ ისეთი საქმეებისა, რომელთა წარმოება დამთავრებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით. ასეთ განჩინებებს განეკუთვნება განჩინება საქმის წარმოებით შეწყვეტისა და სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა და განჩინებათა ასეთ სახეებს განეკუთვნება ამ სასამართლოთა გადაწყვეტილებები, საქმის წარმოების შეწყვეტის ან სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოებით განახლების მოხოვნით გასაჩივრებული იყო სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 8 აპრილის განჩინება, რომელიც არ მიეკუთვნება ზემოთ ჩამოთვლილ შემაჯამებელი სახის განჩინებას და დაუშვებელია განცხადების შეტანა. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ბ. ვ-ძის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოებით განახლების შესახებ, სწორად დატოვა განუხილველად და ამ განჩინების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 284-ე, 420-ე, 421-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბ. ვ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 1 თებერვლის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.