Facebook Twitter

ას-1316-1445-04 6 იანვარი, 2005 წ. ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე (მომხსენებელი),

ქ. გაბელაია

დავის საგანი _ სამუშაოზე აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ი. კ-ე-ნ-ე 1980 წლიდან მუშაობდა სს “ს. ე.” სამტრედიის ფილიალში მეელსმენედ. ამ საწარმოში რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირების გამო საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად 2003 წლის 16 იანვრის ბრძანების საფუძველზე იგი დათხოვილ იქნა დაკავებული თანამდებობიდან.

ი. კ-ე-ნ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე სს “ს. ე.” სამტრედიის ფილიალის მიმართ და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით ი. კ-ე-ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა სს “ს. ე.ს” სამტრედიის ფილიალის უფროსის 2003 წლის 16 იანვრის ¹ 12/ოკ ბრძანება და ი. კ-ე-ნ-ე აღდგენილ იქნა ამავე ფილიალში ..... თანამდებობაზე.

სს “ს. ე.” ფილიალი სს “ს. ე.” სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 24 ივლისის განჩინებით სს “ს. ე.” ფილიალი სს “ს. ე.” სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე რაიონულ სასამართლოს.

ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით ი. კ-ე-ნ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა სს “ს. ე.” უფროსის 2003 წლის 16 იანვრის ბრძანება ¹ 12/ოკ. მოსარჩელე ი. კ-ე-ნ-ე აღდგენილ იქნა სს “ს. ე.” .... თანამდებობაზე. იძულებით გაცდენილი დროის საშუალო ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელეს ეთქვა უარის უსაფუძვლობის გამო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებულა იმით, რომ ი.კ-ე-ნ-ე სარგებლობდა სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლებით და შესაბამისად იგი განთავისუფლებული უნდა ყოფილიყო შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის დაცვით. რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების შესახებ, ვინაიდან მას მიღებული აქვს საბოლოო ანგარიში და ოთხი თვის გასასვლელი დახმარება, საშუალო ხელფასის ოდენობით.

სს “ს. ე.” სააპელაციო საჩივარი შეიტანა ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს “ს. ე.” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ი. კ-ძე-ნ-ძის სარჩელს სს “ს. ე.” უფროსის 2003 წლის 16 იანვრის ¹12/ოკ ბრძანების გაუქმებისა და სს “ს. ე.” მეელსმენის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე ეთქვა უარი.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ მოტივებს:

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ი.კ-ძე-ნ-ძე სამუშაოზე დარჩენილ მუშაკებთან შედარებით უპირატესი უფლებით სარგებლობდა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ი.კ-ე-ნ-ემ ვერ დაადასტურა, რომ სამუშაოზე დარჩენილ მუშაკებთან შედარებით მაღალი კვალიფიკაციითა და შრომის ნაყოფიერებით გამოირჩევა. სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა საქმეში წარმოდგენილი მასალები იმის შესახებ, რომ ი.კ-ე-ნ-ეს სხვადასხვა პერიოდში გამოცხადებული აქვს საყვედური, მკაცრი საყვედური და პირობით იქნა დატოვებული სამუშაოზე. სააპელაციო პალატამ მოცემული დავის გადაწყვეტისას გამოიყენა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. კ-ე-ნ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია; სააპელაციო პალატამ ყოველგვარი არგუმენტის გარეშე ჩათვალა, რომ მოსარჩელეს სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობისას გამოცხადებული აქვს საყვედური და მკაცრი საყვედური, არ იმსჯელა იმაზე, რომ ეს დისციპლინური სასჯელები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მოხსნილი და გაქარწყლებულია; სააპელაციო პალატამ ყოველგვარი კანონიერი საფუძველის გარეშე არ გაიზიარა რაიონული სასამართლოების მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები და დაეყრდნო მოპასუხის უსაფუძვლო პრეტენზიებს; სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხე ორგანიზაციაში შტატების შემცირების შედეგად სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლების გამო პირვანდელ სამუშაოზე დატოვებულ იქნენ ისეთი მუშაკები, რომლებსაც მოსარჩელეზე ნაკლები კვალიფიკაცია და შრომის კვალიფიკაცია აქვთ; მოსარჩელეს აქვს აღნიშნულ საწარმოში მუშაობის 23 წლის სტაჟი, აქვს გავლილი კვალიფიკაციის ასამღლებელი კურსები, კმაყოფაზე ჰყავს ოჯახის ხუთი წევრი, ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში, რაც არ გაითვალისწინა სააპელაციო პალატამ მოცემული დავის განხილვისას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სს „ს. ე.“ უფროსის 2003 წლის 16 იანვრის ¹12\ოკ ბრძანებით ი. ნ-ე-კ-ე განთავისუფლდა საკომუტატორო სადგურის .... თანამდებობიდან შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის I ნაწილის „ა“ პუნქტის საფუძველზე რეორგანიზაციის შედეგად შტატის შემცირების გამო 2003 წლის 16 იანვრიდან. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ი. ნ-ე-კ-ის საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხე ორგანიზაციაში შტატების შემცირების შედეგად სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლების გამო პირვანდელ სამუშაოზე დატოვებულ იქნენ ისეთი მუშაკები, რომლებსაც მოსარჩელეზე ნაკლები კვალიფიკაცია და შრომის კვალიფიკაცია აქვთ; სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ი. ნ-ე-კ-ეს სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობისას გამოცხადებული აქვს საყვედური და მკაცრი საყვედური, იგი პირობით იქნა დატოვებული სამუშაოზე. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ სამუშაოზე დარჩენილ მუშაკებთან (დ. გ-ე, გ. ჩ-ე, ი. ფ-ა, ვ. თ-ე) შედარებით მაღალი კვალიფიკაციითა და შრომის ნაყოფიერებით გამოირჩევა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ არ წარმოუდგენია ასეთი დასაბუთებული და დამატებითი საკასაციო პრეტენზია. სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილი. ამ ნორმის თანახმად მუშაკთა რიცხვის ან შტატის შემცირების სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება ენიჭებათ იმ მუშაკებს, რომლებიც უფრო მაღალი კვალიფიკაციითა და შრომის ნაყოფიერებით გამოირჩევიან. ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ სწორად მიიჩნია, რომ ი. ნ-ე-კ-ე არ სარგებლობდა სამუშაოზე დარჩენილ მუშაკებთან შედარებით უპირატესი უფლებით.

ამდენად, სააპელაციო პალატას მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410–ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი. კ-ე-ნ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.