საქმე №ას-982-914-2017 14 მაისი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე
კასატორი _ მ. კ-ი (მხარდაჭერის მიმღები პირი)
მხარდაჭერის მიმღების წარმომადგენელი _ ლ. ღ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სამხარეო მომსახურების ცენტრი (განმცხადებელი)
წარმომადგენელი _ ლ. მ-ი
მხარდამჭერი _ ი. კ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სამხარეო მომსახურების ცენტრის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – მხარდაჭერის დაწესება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. განმცხადებლის მოთხოვნა და განცხადების ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების ცენტრმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მ. კ-ის მხარდაჭერის მიმღებად ცნობა და დროებითი მხარდამჭერის/მხარდამჭერის დანიშვნა.
1.2. განცხადება ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მ. კ-ი (დაბადებული 17.04.1954წ. პ/ნ ...) გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 14 ნოემბრის #... გადაწყვეტილებით აღიარებულია ქმედუუნაროდ. მის მეურვედ დანიშნული იყო შვილი _ ი. კ-ი (გორის სოციალური მომსახურების ცენტრის გადაწყვეტილება #...). სოციალური მუშაკის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ მეურვესა და სამეურვეო პირს შორის არის მუდმივი კონფლიქტი. ძირითადად ისინი ვერ თანხმდებიან მ. კ-ის კუთვნილი პენსიის განკარგვაზე. თანხის ძირითად ნაწილს მეურვე თავის ოჯახს ახმარს და ოჯახის წევრები ქმედუუნარო პირისაგან ითხოვენ მატერიალურ უზრუნველყოფას. მ. კ-ის დიაგნოზია ბოდვითი აშლილობა, თუმცა მას აქვს უნარი, საკუთარი მოთხოვნები თვითონ დაიკმაყოფილოს, საუბრობს ადეკვატურად, აკონტროლებს საკუთარ ქცევას, შეუძლია დამოუკიდებლად აიღოს და განკარგოს პენსია. მ. კ-მა სურვილი გამოთქვა, გაუქმებულიყო დანიშნული მეურვეობა. ოჯახში არსებული კონფლიქტური სიტუაციის გამო და ვინადან ი. კ-ი არაჯეროვნად ასრულებდა მეურვის მოვალეობებს, ამიტომ შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის #... გადაწყვეტილებით იგი გათავისუფლდა დანიშნული მეურვეობისაგან, ხოლო მ. კ-ის მხარდამჭერად დანიშვნის სურვილი გამოთქვა მ. მ-მა. ამავე განცხადებით, განმცხადებელმა იშუამდგომლა საქმის საბოლოო განხილვამდე, მ. კ-ის ინტერესებიდან გამომდინარე, დროებით მხარდამჭერად მ. მ-ის დანიშვნის შესახებ. გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 მარტის განჩინებით, მ. მ-ი (მ. კ-ის მეუღლის და) დაინიშნა მ. კ-ის დროებით მხარდამჭერად სოციალური პაკეტის მიღების, მისი კუთვნილი პენსიის მიღება-განკარგვის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვისა და მისი სახელით მედიკამენტების მიღების სფეროში.
2. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია:
მ. კ-მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ იგი არის ჯანმრთელი და მხარდაჭერას არ საჭიროებს, რასაც დაეთანხმა მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ლ. ღ-ი.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის განცხადება დაკმაყოფილდა, მ. კ-ი (პ/ნ ...) ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებად შემდეგ სფეროებში: ფსიქიატრიული დაწესებულებიდან მედიკამენტების აღების, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, მესამე პირებთან გარიგების დადების, საკუთრების უფლების, მემკვიდრეობის მიღების უფლების, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებისა და უძრავი ქონების მართვის სფეროში; ი. კ-ი (პ/ნ ...) დაინიშნა მ. კ-ის (პ/ნ ...) მხარდამჭერად ზემოთ აღნიშნულ სფეროებში და მიენიჭა უფლებამოსილება, თვითონ განახორციელოს ზემოაღნიშნული უფლებები მხარდაჭერის მიმღების ინტერესების შესაბამისად; მხარდაჭერის ვადა (მისი გადასინჯვის პერიოდულობა) განისაზღვრა 5 (ხუთი) წლით; მხარდამჭერს განემარტა, რომ ის ვალდებულია, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, აღნიშნულ ორგანოს მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია, სადაც მხარდამჭერი მიუთითებს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებულ თავისებურებებს, ასევე, განემარტა მხარდამჭერს, რომ ის ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის/მხარდაჭერის გაუქმების შესახებ, თუ აღარ იარსებებს ან შეიცვლება ის საფუძველი, რომლის გამოც მხარდაჭერის მიმღებს მხარდაჭერა დაუწესდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარდაჭერის მიმღებმა ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ უკვე მიმართა სასამართლოს. თუ მხარდაჭერის მიმღებს სურს, მხარდამჭერი თავისი მოვალეობისაგან გათავისუფლდეს, იგი შესაბამისი მოთხოვნით მიმართავს სასამართლოს. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე მხარდამჭერს უჩერებს უფლებამოსილებას და მისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალურად უფლებამოსილ პირს (რომელზედაც ვრცელდება მხარდამჭერისთვის კანონით დადგენილი უფლებები და მოვალეობები). გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ მხარდაჭერა შეწყდება, თუ: ა) მხარდაჭერის მიმღები გარდაიცვლება; ბ) მიზეზი, რომლის გამოც მხარდაჭერა დაწესდა, აღარ იარსებებს. მხარდაჭერის მიმღების გარდაცვალების შემთხვევაში, მხარდაჭერა შეწყდება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილებით, ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ აღარ იარსებებს მიზეზი, რომლის გამოც მხარდაჭერა დაწესდა, შეწყდება სასამართლოს გადაწყვეტილებით. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია, დაიცვას და გააძლიეროს მხარდაჭერის მიმღებები და დაეხმაროს მხარდამჭერებს თავიანთი მოვალეობების შესრულებაში, რათა მათ ხელი შეუწყონ მხარდაჭერის მიმღებებს არჩევანის გაკეთებასა და გადაწყვეტილების მიღებაში. მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობას განახორციელებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ზედამხედველობის მიზანია მხარდამჭერის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების კონტროლი, მხარდაჭერის მიმღების უნარების განვითარების შეფასება და შესაბამისი რეაგირება. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია, შეამოწმოს მხარდამჭერის მიერ განხორციელებული მოქმედებების სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ ფარგლებთან შესაბამისობა გეგმური შემოწმებით, რომელიც ტარდება ა) 6 თვეში ერთხელ; ბ) სასამართლოს მიერ განსაზღვრული პერიოდულობით; გ) თავისი ინიციატივით, შემხვედრი აუცილებლობიდან გამომდინარე, თუ არსებობს ინფორმაცია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩარევის საჭიროების შესახებ, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი ინფორმაციის შემოწმებითა და ფაქტობრივი ზედამხედველობით. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია, მას შემდეგ, რაც მხარდამჭერი მიაწვდის სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაციას, საჭიროების შემთხვევაში, თავისი ინიციატივით განახორციელოს მხარდამჭერის საქმიანობაზე ფაქტობრივი ზედამხედველობა. მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მიმართავს სასამართლოს მხარდამჭერის თავისი მოვალეობებისაგან განთავისუფლების მოთხოვნით. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო, გადაწყვეტილების გამოტანამდე მხარდამჭერს შეუჩერებს უფლებამოსილებას და მისი მოვალეობების შესრულებას დააკისრებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალურად უფლებამოსილ პირს (რომელზედაც ვრცელდება მხარდამჭერისთვის კანონით დადგენილი უფლებები და მოვალეობები).
4. აპელანტების მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც მხარდაჭერის მიმღებმა, ისე _ მხარდამჭერმა. მ. კ-მა მისი გაუქმება და სოციალური მომსახურების ცენტრის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა, ხოლო ი. კ-მა _ გადაწყვეტილების შეცვლა ქონების განკარგვაზე უარის თქმის ნაწილში.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ივნისის განჩნებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სამხარეო მომსახურების ცენტრის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიიჩნევს, რომ მ. კ-ის მოთხოვნა უსაფუძვლოა შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობისა და მხარდაჭერის სფეროთა განსაზღვრის კანონიერება. მხარდაჭერის მიმღებად ცნობილი პირი არ ეთანხმება ქვემდგომი სასამართლოს დასკვნებს სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადების საფუძვლიანობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ არ არსებობს მხარდაჭერის დაწესების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები.
1.1. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტები და მათი სავალდებულობა საკასაციო სასამართლოს წინამდებარე განჩინების მიმართ:
1.1.1 გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ე. კ-ის განცხადება და მისი მეუღლე - მ. კ-ი აღიარებულ იქნა ქმედუუნარო პირად;
1.1.2. გორის სოციალური მომსახურების ცენტრის 2014 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. კ-ი დაინიშნა ქმედუუნაროდ აღიარებული მ. კ-ის მეურვედ;
1.1.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2016 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით ი. კ-ი გათავისუფლდა მეურვის მოვალეობისაგან;
1.1.4. გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 მარტის განჩინებით სამოქალაქო საქმეზე დაინიშნა სასამართლო ფსიქოსოციალური ექსპერტიზა. 2016 წლის 4 ივლისის ამბულატორიული სასამართლო ფსიქოსოციალური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტთა აზრი გაიყო, კერძოდ: ექსპერტ ფსიქიატრისა და ექსპერტ ფსიქოლოგის დასკვნის თანახმად, მ. კ-ს აქვს მყარი ფსიქიკური (გონებრივ/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა, ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. მ. კ-ის ფსიქიკური (გონებრივი/ ინტელექტუალური) დარღვევების ხარისხი, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, ფსიქიატრიული დაწესებულებიდან მედიკამენტების აღების, პენსიის აღების, განკარგვის, მესამე პირებთან გარიგების დადების, საცხოვრებლის განსაზღვრის სფეროებში, მნიშვნელოვნად არის გამოხატული. მ. კ-ის მოქმედებები, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა და გარემოსთან ურთიერთქმედება შეზღუდულია მნიშვნელოვნად. მ. კ-ის სოციალური ადაპტაციის ხარისხი მნიშვნელოვნად არის დაქვეითებული. მ. კ-ს ესაჭიროება მხარდამჭერი, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, ფსიქიატრიული დაწესებულებიდან მედიკამენტების აღებისა და განკარგვის, მესამე პირებთან გარიგების დადების, საცხოვრებლის განსაზღვრის და სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა ყველა სფეროში. მ. კ-ის მდგომარეობის გაუმჯობესება-გაუარესება შესაძლებელია. მხარდაჭერის გადასინჯვის ვადა რეკომენდებულია, განისაზღვროს ხუთი წლით; ოკუპაციური თერაპევტის დასკვნის თანახმად, მ. კ-ს აქვს მყარი ფსიქიკური (გონებრივ/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა, ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. მ. კ-ის ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევების ხარისხი, სასამართლოსათვის მიმართვისა და მისი უფლებების დაცვის, უძრავი ქონების მართვა-განკარგვის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვისა და ზიანის თავიდან აცილების, რეცეპტით შესაძენი მედიკამენტების შეძენაზე უფლება-მოვალეობების განხორცელების სფეროებში მნიშვნელოვნად არის გამოხატული. მ. კ-ის მოქმედებები, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა და გარემოსთან ურთიერთქმედება შეზღუდულია მნიშვნელოვნად, მ. კ-ის სოციალური ადაპტაციის ხარისხი მნიშვნელოვნად არის დაქვეითებული, მ. კ-ს ესაჭიროება მხარდამჭერი, სასამართლოსათვის მიმართვისა და მისი უფლებების დაცვის, უძრავი ქონების მართვა-განკარგვის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვისა და ზიანის თავიდან აცილების, რეცეპტით შესაძენი მედიკამენტების შეძენაზე ნებისმიერ სააფთიაქო დაწესებულებაში (მათ შორის ფსიქოტროპულში) უფლება-მოვალეობების განხორციელების სფეროებში. მ. კ-ი არ საჭიროებს დახმარებას სოციალური პაკეტის მიღებისა და განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის სფეროებში. მ. კ-ის მდგომარეობის გაუმჯობესება-გაუარესება შესაძლებელია. მხარდაჭერის გადასინჯვის ვადა რეკომენდებულია, განისაზღვროს ხუთი წლით;
1.1.5. სოციალური მუშაკის დასკვნის თანახად, მ. კ-ი საჭიროებს დახმარებას მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვისა და მედიკამენტების მიღებაზე, ხოლო სოციალური პაკეტის მიღება-განკვარგვაში არ საჭიროებს დახმარებას;
1.1.6. სასამართლო სხდომაზე ექსპერტებმა ნ. დ-მა და თ. ჯ-ემ მხარი დაუჭირეს დასკვნას და კატეგორიულად მიუთითეს, რომ მ. კ-ს ესაჭიროება მხარდაჭერა. ექსპერტმა ნ. ქ-მა განმარტა, რომ მ. კ-ი არ საჭიროებს მხარდაჭერას სოციალური პაკეტის მიღებისა და განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის სფეროში. ექსპერტმა უ. პ-ამ განმარტა, რომ მ. კ-ი არ საჭიროებს მხარდაჭერას არც ერთ სფეროში. იგი დამოუკიდებლად ზრუნავს საკუთარ თავზე, იმზადებს სადილს, ირეცხავს, ბანაობს, უვლის პირად კუთხეს, დამოუკიდებლად შეუძლია, წავიდეს სასამართლოში, დაიცვას თავისი უფლებები, თუნდაც გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება. ამასთან, მის მიერ გამოკველეულ იქნა გარკვეული გარემოებები და არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა იმის შესახებ, რომ მ. კ-ს ვინმესათვის ზიანი მიეყენებინოს. რაც შეეხება მკურნალობაზე მხარდაჭერას, ამ სფეროშიც არ უნდა ესაჭიროებოდეს მხარდაჭერა, ვინაიდან აღნიშნული უფლება ყოფილი მეურვის, ი. კ-ის მიერ ბოროტად იქნა გამოყენებული და ძალის გამოყენებით იქნა მოთავსებული ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, სადაც უყურადღებოდ იყო დატოვებული, ხოლო, თუ საჭიროება იქნება, რომ მ. კ-მა მიიღოს მედიკამენტები, მას ამ სფეროში დასჭირდება მხარდამჭერი.
1.2. საკასაციო განაცხადის მოცულობა:
1.2.1. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა რა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება, მან არასწორად განმარტა კანონი, რაც იმაში გამოიხატა, რომ სასამართლოს განმარტება ორიენტირებული იყო მხარდაჭერის მიმღებად კასატორის აღიარებაზე;
1.2.2. „ფსიქოლოგიური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის საწინააღმდეგოდ, სასამართლომ არ გაიზიარა ექსპერტის დადებითი დასკვნა მ. კ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე და დაეყრდნო გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც კასატორი მიჩნეულია ქმედუუნაროდ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, აკრძალულია დადებითი დასკვნის გაცემა მხოლოდ იმ დიაგნოზის საფუძველზე, რომელიც ადასტურებს პირის გონებრივ/ინტელექტუალურ დარღვევას, შესაბამისად, კასატორი უნდობლობას უცხადებს ექსპერტიზის დასკვნას;
1.2.3. სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1289-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თუმცა, არ გაითვალისწინა მხარდაჭერის მიმღებსა და მხარდამჭერს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის არსებობა.
1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:
1.3.1. საკასაციო პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივარში გამოთქმულ შედავებებს და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია. უპირველესად, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მოცემული დავის საპროცესო მხარეზე: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36318 და 36320 მუხლებით დადგენილია სასამართლოს ვალდებულება, მხარდაჭერის საკითხი გადაწყვიტოს მხარდაჭერის მიმღების აუცილებელი მონაწილეობით, ამასთან, სასამართლოს შეფასებები და დასკვნები უნდა ემყარებოდეს სპეციალისტის კვალიფიციურ გამოკვლევას. აღნიშნული განპირობებულია, როგორც მხარდაჭერის მიმღები პირის (კანდიდატის) ინტერესების დაცვის აუცილებლობით, ისე _ მწვავე სოციალური საჭიროებით, რათა პირმა, რომელიც შესაძლოა, საჭიროებდეს საკუთარი უფლებების განხორციელებაში გარკვეულ მხარდაჭერას, შეძლოს მათი სრულყოფილი რეალიზაცია, ამასთან, ამ უფლებათა განხორციელებას სხვა პირთა დაცული ინტერესების შეზღუდვა არ მოჰყვეს. საგულისხმოა, ამავე კოდექსის 36313 მუხლის დებულება, რომ პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საქმეების განხილვა რეგულირდება XLIV11 თავით დადგენილი წესით, თუმცა ეს ნორმები არ არის ამომწურავი და მაგალითად, ექსპერტიზის დასკვნის შეფასებისას, სასამართლო ხელმღვანელობს ამავე კოდექსის 172-ე (105-ე) მუხლებით დადგენილი წესებით. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომმა სასამართლოებმა ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეაფასეს საქმეში წარმოდგენილი ექსპერტთა დასკვნები, ასევე, გამოკვლეულ იქნა დასკვნის გამცემ ექსპერტთა პოზიციები (სსსკ-ის 36321 მუხლი) და ამ მხრივ დასაბუთებულ პრეტენზიას მხარე არ აცხადებს, ხოლო საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების დასკვნებს მ.კ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე.
1.3.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ ექსპერტიზის კვლევა ეწინააღმდეგება „ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის დებულებას. მხარე ამ მხრივ პრეტენზიას აცხადებს იმაზე, რომ ექსპერტთა დასკვნა განპირობებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი პირის ქმედუნარიანობის შეზღუდვით. პალატა ამ არგუმენტისა და საქმეში წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნის კვლევითი ნაწილის კრიტიკულად შეფასების შედეგად ასკვნის, რომ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი, ექსპერტიზა აღწერს კვლევის იმ მეთოდებს, თუ როგორ მივიდნენ შესაბამისი განათლების მქონე პირები სადავო დასკვნამდე, სხვა რაიმე სარწმუნო არგუმენტი კასატორს არ წარმოუდგენია და არც საკასაციო სასამართლოს სხდომაზე გაუჟღერებია;
1.3.3. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მითითებასა და სამართლებრივ დასკვნებს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ განმარტებასთან დაკავშირებით. სწორედ ზემოხსენებული ექსპერტიზის დასკვნის შედეგებისა და მ. კ-ის ინტერესების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს მისი მხარდაჭერის მიმღებად ცნობის წინაპირობები. რაც შეეხება მხარდამჭერის პიროვნებას, საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირ განხილვაზე მოიწვია, როგორც კასატორი, ისე _ მისი მხარდამჭერი, რომელიც კასატორის შვილია, შეაფასა მათი პიროვნული ურთიერთდამოკიდებულება და მიიჩნევს, რომ ამ მხრივ საკასაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზია არ არის დასაბუთებული და ამ ეტაპზე არ წარმოადგენს ი. კ-ის მხარდამჭერად დანიშვნაზე უარის თქმის საფუძველს, ამასთანავე, პალატის შეფასებით, ი. კ-ის მხარდამჭერად დანიშვნა შეესაბამება კანონის მოთხოვნებსაც, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1280-ე მუხლის პირველი-მე-4 ნაწილების თანახმად, სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ, ვალდებულია, იმავე გადაწყვეტილებით დანიშნოს მხარდამჭერი (მხარდამჭერები), განსაზღვროს მხარდაჭერის ფარგლები და მხარდამჭერის (მხარდამჭერების) უფლება-მოვალეობები. მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. მხარდამჭერის არჩევისას, სასამართლო ითვალისწინებს მის პიროვნულ თვისებებს, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარს, მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღების ურთიერთდამოკიდებულებას, მხარდაჭერის მიმღების ინტერესებსა და ნებას, ხოლო მხარდაჭერის მიმღების არასრულწლოვანების შემთხვევაში – აგრეთვე მისი მშობლის მითითებას. პირი მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობით.
1.3.4. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მხარდამჭერის დანიშვნით მხარდაჭერის მიმღების ინტერესების დაცვის ამოწურვა არ ხდება, რადგანაც საკითხი, თავისი სოციალური არსითა და ქვეყანაში პირის უფლებების დაცვის ლეგიტიმური ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროებს გარკვეულ ზედამხედველობასა და რეგულირებას. სასამართლო, ბუნებრივია, არ წარმოადგენს ამ პროცესის უშუალო მეთვალყურეს, თუმცა, მოვლენათა განვითარების შესწავლა-ზედამხედველობას კანონმდებელი ავალდებულებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. სამოქალაქო კოდექსის 1289-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მხარდამჭერის ძირითადი ვალდებულება (მხარდამჭერი ვალდებულია თვალყური ადევნოს მხარდაჭერის მიმღების მუდმივ სამედიცინო მომსახურებას, დაადგინოს მისი სურვილები/არჩევანი და დაეხმაროს მას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში, რაც გამოიხატება გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაციის მხარდაჭერის მიმღებისათვის გასაგები საკომუნიკაციო ფორმით მიწოდებაში, ასევე, 1293-ე მუხლით გათვალისწინებულია დახმარება გარიგების დადებისას და სხვა) ექვემდებარება გადამოწმებას კანონით დადგენილი წესით (იხ. სკ-ის 13051-13055 მუხლები), გარდა ამისა, კანონი ადგენს ქმედით მექანიზმს დაწესებული მხარდაჭერის შეწყვეტისათვის (იხ. სკ-ის 13041 მუხლი), ისევე, როგორც ითვალისწინებს მხარდაჭერის მიმღების მოთხოვნის წარდგენას სასამართლოსათვის საკუთარი მოვალეობებისაგან მხარდამჭერის გათავისუფლების თაობაზე (იხ. სკ-ის 1301-ე მუხლის მე-2 ნაწილი). ამდენად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ მხარდამჭერად ქვემდგომი სასამართლოების მხრიდან სწორად იქნა შერჩეული მხარდაჭერის მიმღები პირის შვილი _ ი. კ-ი და არც ამ ნაწილში არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობები.
1.4. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების სამართლებრივი დასაბუთება:
1.4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.4.2. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა მტკიცებულებათა სწორი შეფასების გზით დაადგინეს მხარდაჭერის მიღების საჭიროება, ამასთან, მართებულად განსაზღვრეს მხარდაჭერის სფეროები (სსსკ-ის 36315 მუხლის მე-3 ნაწილი) და დანიშნეს მხარდამჭერად კასატორის შვილი, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები.
2. პროცესის ხარჯები:
ვინაიდან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, პროცესის ხარჯებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, გაიღებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 36321, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი