საქმე #ას-800-800-2018 21 ივნისი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე გ. ფ-ას კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივნისის განჩინებაზე, საქმეზე _ ნ. მ-ის, ე. მ-ას, ი. ძ-ისა და სხვათა სარჩელის გამო გ. ფ-ასა და შპს „თ-ის“ მიმართ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.
გნსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებაზე:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის, ე. მ-ის, ბ. მ-ას და სხვათა სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „თ-ის“, გ. ფ-ას, ზ. მ-ეს და ნ. დ-ს მოსარჩელეების - სოლიდარული კრედიტორების - ნ. მ-ის, ე. მ-ის, ბ. მ-ას, ნ. მ-ას, ი. მ-ას, ი. ძ-ის, ზ. კ-ის, ნ. ე-ას, ნ. მ-ის, ნ. პ-ის, ბ. გ-ის, ზ. გ-ის, ნ. მი-ას, ფ. ბ-ას, ქ. ნ-ის, ქ. ყ-ას, ნ. ა-ის, ჯ. ჯ-ის, გ. ბ-ის, დ. ო-ის, თ. კ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 317 150 ლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით განაწილდა პროცესის ხარჯები;
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სოლიდარულმა მოვალემ _ გ. ფ-ამ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევის მოტივით სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა რა გ. ფ-ას კერძო საჩივარი, ზემოსხენებული განჩინება უცვლელად იქნა დატოვებული;
გ. ფ-ამ არაერთხელ მიმართა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს საქმის წარმოების განახლების მოტივით, კერძოდ:
- ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა გ. ფ-ას განცხადება ამავე სასამართლოს 2017 წის 18 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე;
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა გ.ფ-ას კერძო საჩივარი, ხოლო ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის განჩინება დარჩა უცვლელად;
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივნისის განჩინებით გ. ფ-ას განცხადება ამავე სასამართლოს 2017 წლის 6 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, მასვე უარი ეთქვა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებაზე.
სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 4 ივნისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. ფ-ამ და მოითხოვა შემდეგი:
- გ.ფ-ას კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილდეს;
- გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 4 ივნისის განჩინება;
- გ. ფ-ას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 6 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაკმაყოფილდეს;
- გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივნისის განჩინება სააღსრულებო წარმოების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
- გ. ფ-ას შუამდგომლობა აღსრულების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდეს და შეჩერდეს საღსრულებო წარმოება გ.ფ-ას ნაწილში;
- გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ნოემბრის განჩინება ახალხიცის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებაზე გ.ფ-ას მიერ შეტანილი სააპელაციო საჩვრის განუხილველად დატოვების შესახებ და მის სააპელაციო საჩივარზე განახლდეს საქმის წარმოება;
- გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წის 23 მარტის განჩინება საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
- გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის განჩინება ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და 2017 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლებაზე.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის ფორმატში საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივნისის განჩინების კანონიერების შემოწმებისას იმსჯელოს ყველა წინმსწრები (შუალედური) გადაწყვეტილების კანონიერებაზე და განმარტავს, რომ კერძო საჩივრის ინსტიტუტი საკასაციო სამართალწარმოებისაგან განსხვავდება რეგულაციის იმ საკანონმდებლო დებულებებით, რომლებიც მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის LI თავში, ამ სპეციალური მოწესრიგებისაგან განსხვავებული ყველა სხვა დებულება, ამავე კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებია გამოყენებულ იქნას საკასაციო სასამართლოს მიერ კერძო საჩივრის განხილვა-გადაწყვეტისას. პალატა აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი მოწესრიგებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმადაც, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. გარდა ამისა, ამავე კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწიით დადგენილია, რომ ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განსახილველად არ იღებს გ.ფ-ას კერძო საჩივარს იმ ნაწილში, რომლითაც მოთხოვნილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ნოემბრის განჩინების, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის განჩინებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წის 30 მაისის განჩინების გაუქმება.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნას თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 4 ივნისის განჩინების გაუქმებისა (მათ შორის აღსრულების შეჩერებაზე უარის თქმის ნაწილში) და საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებას, პალატა მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში იგი აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე და 416-ე მუხლების მოთხოვნებს, რის საფუძველზეც მიღებულ უნდა იქნას განსახილველად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, განსახილველად მიღების შემდეგ, საკასაციო საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები უნდა გადაეგზავნოს მეორე მხარეს, ხოლო 419-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, განჩინება გამოიტანება საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს კერძო საჩივრის ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. საქმის ზეპირი განხილვის შემთხვევაში მოსამართლე უფლებამოსილია, განჩინება გამოიტანოს სათათბირო ოთახში გაუსვლელად. განსახილველ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს რომ, კერძო საჩივარი განხილულ უნდა იქნას ზეპირი მოსმენის გარეშე.
რაც შეეხება მხარის შუამდგომლობას კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე, პალატა მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც ზემოთ აღინიშნა, განსახილველი კერძო საჩივარი წარმოდგენილია საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წის 4 ივნისის განჩინებაზე. ამ შემთხვევაში, საკითხის რეგულირებისათვის საკასაციო პალატა ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, როგორც 418-ე, ისე _ 432-ე მუხლით (კერძო საჩივრის შეტანა არ შეაჩერებს იმ საპროცესო მოქმედების შესრულებას, რომელიც სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით იყო გათვალისწინებული. სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ასეთი საპროცესო მოქმედების შესრულება. გასაჩივრებული განჩინებით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების შესრულების შეჩერება შეუძლია ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. საქმის განახლების შესახებ განცხადება ვერ შეაჩერებს გადაწყვეტილების აღსრულებას. სასამართლოს შეუძლია თავისი განჩინებით დროებით შეაჩეროს გადაწყვეტილების აღსრულება. გადაწყვეტილების იძულებით სისრულეში მოყვანა იმაზე იქნება დამოკიდებული, იძლევა თუ არა საქმის წარმოების მომთხოვნი პირი შესაბამის გარანტიებს) და განმარტავს, რომ გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებისათვის მხოლოდ თეორიული წინაპირობის არსებობა არ არის საკმარისი. მსგავს ვითარებაში ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ განმარტა, რომ: „საქმის განახლების შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანა და ამ განცხადების განსახილველად მიღება ვერ შეაჩერებს გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებას. გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ განმცხადებლის შუამდგომლობის სასამართლოს მიერ დაკმაყოფილების შემთხვევაში, რის შესახებაც სასამართლოს გამოაქვს განჩინება იმ გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ, რომლის ბათილობას ან გაუქმებასაც შეეხება განცხადება. გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებით შეიძლება გარკვეული ზიანი მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს აღსრულების შეჩერების მომთხოვნი მხარისაგან, მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, შესაბამის გარანტიებს. სსსკ-ის 57-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მხარეს დაეკისრა იმ ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა, რომელიც შეიძლება განიცადოს მოწინააღმდეგე მხარემ შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულებით, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, მან ასეთი უზრუნველყოფა უნდა განახორციელოს ფულადი თანხის ან ფასიანი ქაღალდების საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანის გზით, რაც სსკ-ის მიხედვით მისაღებია გარანტიის უზრუნველსაყოფად. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია მხარეთა თანასწორობის პრინციპზე. ამ პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა ორივე ურთიერთდაპირისპირებული მხარის ინტერესების თანაბრად გათვალისწინება ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულების დროს. მაგალითად, მოსარჩელის ინტერესების გათვალისწინებით, სასამართლოს შეუძლია მიიღოს განჩინება სარჩელისა და, მათ შორის, ჯერ კიდევ არაღძრული სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სსსკ-ის 199-ე მუხლი ითვალისწინებს იმ ზარალის ანაზღაურებას, რაც მხარემ განიცადა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით. ამავე დროს, სსსკ-ის 57-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს და მხარეს, რომელმაც ასეთი უზრუნველყოფა მოითხოვა, თავის მხრივ, შეიძლება დააკისროს იმ ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა, რომელიც შეიძლება განიცადოს მოწინააღმდეგე მხარემ. უზრუნველყოფის საპროცესო საშუალებად მიჩნეულია ფულადი ან ფასიანი ქაღალდების დადება, რაც უნდა განხორციელდეს შესაბამისი წესით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 57-ე მუხლის პირველი ნაწილი ცალსახად მიუთითებს, რომ მხარე, რომელიც შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე ისეთი საპროცესო მოქმედების შესრულების თაობაზე, რომლითაც მოწინააღმდეგე მხარეს შეიძლება მიადგეს ზიანი, არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ ასეთი მოთხოვნით. მან იმავდროულად უნდა შესთავაზოს სასამართლოს გარანტია, რომელიც, თავის მხრივ, უზრუნველჰყოფს იმ ზარალის ანაზღაურებას, რაც მოწინააღმდეგე მხარემ შეიძლება განიცადოს ამ საპროცესო მოქმედების შესრულებით, ვთქვათ - სარჩელის უზრუნველყოფით. მხარე, რომელიც მოითხოვს, მაგალითად, სარჩელის უზრუნველყოფას, ვალდებულია მიუთითოს, თუ რას სთავაზობს იგი სასამართლოს, მოწინააღმდეგე მხარის იმ ზარალის უზრუნველსაყოფად, რომელიც ამ უკანასკნელმა შესაძლებელია განიცადოს. თუ მხარე ამ მოვალეობას არ ასრულებს, მისი მოთხოვნა, საპროცესო მოქმედების შესრულებაზე, სასამართლომ არ უნდა დააკმაყოფილოს“ (იხ. სუსგ №ა-4265-ბ-15-2015, 15 იანვარი, 2016 წელი).
მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი აკრიტიკებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ აღსრულების შეჩერებაზე უარის თქმის მიზეზს წარმოადგენდა განმცხადებლის მხრიდან უზრუნველყოფის გარანტიის წარუდგენლობა და გამოთქვამს მზაობას, „გონივრულ ფარგლებში“ წარადგინოს უზრუნველყოფა, თუმცა, სააპელაციო განხილვიდან გასული საკმაო ვადის გათვალისწინებით, მას არც კერძო საჩივარზე დაურთავს უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების დამადასტურებელი მტკიცებულება და არც განმარტების დონეზე აუხსნია, თუ რას მოიაზრებს გონივრულ ფარგლებად. მოცემულ შემთხვევაში, ნიშანდობლივია, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კერძო საჩივრის ავტორი, სამოქალაქო კოდექსის 937-ე მუხლის შესაბამისად, მიჩნეულია სოლიდარულ მოვალედ და მას სხვა თანამოპასუხეებთან ერთად დაეკისრა 317 150 ლარის, ასევე, პროცესის ხარჯის _ 3 050 ლარის ანაზღაურება (სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლი). საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, უზრუნველყოფის საკმარისი ზომა იქნებოდა გადაწყვეტილებით დაკისრებული ზემოხსენებული თანის განთავსება სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე. ამ მსჯელობას ვერ შეცვლის მხარის არგუმენტი იმის თოაბაზე, რომ სააღსრულებო წარმოება სხვა სოლიდარული მოვალეების მიმართაც დაწყებულია და გ.ფ-ას ნაწილში აღსრულების შეჩერებით კრედოტორთა ინტერესები არ შეილახება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე (4), მე-400, 414-ე, 416-ე, 418-ე, 419, 420-ე, 432-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ფ-ას კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივნისის განჩინებაზე მიღებულ იქნას განსახილველად, ხოლო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ნოემბრის განჩინების, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის განჩინებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წის 30 მაისის განჩინების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნოს კერძო საჩივრის ასლი.
3. კერძო საჩივარი განხილულ იქნას ზეპირი მოსმენის გარეშე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში (არა უგვიანეს 2018 წლის 21 აგვისტოსი), რის თაობაზეც ეცნობოთ მხარეებს.
4. გ. ფ-ას შუამდგომლობა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე