Facebook Twitter

საქმე №ას-431-431-2018 22 ივნისი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე

საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ. ა-ის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოებაშია მ. ა-ის საკასაციო და კერძო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 თებერვლისა და 20 თებერვლის განჩინებებზე, საქმეზე _ მ. ა-ის სარჩელის გამო, შპს „ე-ის“ მიმართ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა მ. ა-მა და იმ საფუძლით, რომ უარს არ აცხადებს სასარჩელო მოთხოვნაზე იშუამდგომლა სარჩელის გამოხმობის თაობაზე.

მ. ა-ის განცხადების ასლი გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს _ შპს „ე-ს“ და განესაზღვრა ვადა საკუთარი პოზიციის წერილობით დასაფიქსირებლად.

დადგენილ ვადაში მოწინააღმდეგე მხარემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და იმ მოტივით, რომ ეთანხმებოდა წინამდებარე საქმეზე ქვემდგომი სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, უარი განაცხადა სარჩელის გამოხმობის შესახებ კასატორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა მ. ა-ის ხსენებული შუამდგომლობის საფუძვლიანობა, მოწინააღმდეგე მხარის წერილობითი პოზიცია და მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით განმტკიცებულია დისპოზიციურობის პრინციპი, რაც მიანიშნებს მხარის უფლებაზე, თავად გადაწყვიტოს დავის სასამართლოში დაწყების საკითხი, ისევე, როგორც მის უფლებაზე, განკარგოს ან არ განკარგოს კანონით გარანტირებული შესაძლებლობანი (სარჩელის ცნობა, სარჩელზე უარის თქმა, მორიგება და სხვა). მხარის პროცესუალურ უფლებათა ძირითად ჩამონათვალს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლი ადგენს, თუმცა, ეს ნორმა არ არის ამომწურავი. ფუნდამენტურ პროცესუალურ უფლებათა შორის არის ამავე კოდექსის 831 მუხლით რეგლამენტირებული მოსარჩელის შესაძლებლობა, გამოიხმოს სარჩელი, კერძოდ, მითითებული ნორმის პირველი ნაწიწილით განსაზღვრულია, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე.

მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, მოპასუხე მხარე, რომელსაც ჩაბარდა მოსარჩელის (კასატორის) შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის შესახებ, არ დაეთანხმა მას, რაც ზემოხსენებული ნორმის დისპოზიციიდან გამომდინარე, სარჩელის გამოხმობის შესახებ მ. ა-ის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და საქმის განხილვის გაგრძელების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 831, 284-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ა-ის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე