№ ას-497-477-2016 21 აპრილი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ფ. ჯ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ო. ი-ი (მოსარჩელე)
თვდაპირველი მოსარჩელე - მ. ი-ი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 მარტის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება ფ. ჯ-ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ო. ი-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – რწმუნებულისთვის გასამრჯელოს გადახდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ო. ი-მა (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ფ. ჯ-ის (შემდგომში - „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოითხოვა დავალების ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოსათვის გასამრჯელოს სახით 1 250 000 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
2. მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
2.1. 2013 წლის 5 თებერვალს ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობით (შემდგომში - „მინდობილობა“) მოპასუხემ მოსარჩელეს მიანიჭა უფლებამოსილება ეწარმოებინა მოლაპარაკებები მისი კუთვნილი საავადმყოფოსათვის (შპს „ლ-ი“, შემდგომში - „საავადმყოფო“) კრედიტის მისაღებად, ხელი მოეწერა მისი სახელით ნებისმიერ დოკუმენტზე, გაეცა „სენედი“ (საგარანტიო წერილი - ჩეკი) და განეხორციელებინა მინდობილობის გამცემის სახელით ნებისმიერი ოპერაცია;
2.2. მინდობილობით გათვალისწინებული არ იყო გასამრჯელოს ოდენობა, თუმცა ხელშეკრულებაში მითითებული გარემოებებიდან ჩანს, რომ დავალების შესრულება მოსალოდნელი იყო მხოლოდ გასამრჯელოთი;
2.3. მინდობილობა პირდაპირ არ ითვალისწინებდა მესამე პირისათვის მასში მითითებული მოქმედებების შესრულების გადანდობის უფლებას, თუმცა მინდობილობაში მითითებული - „სენედი“ (საგარანტიო წერილი - ჩეკი) გულისხმობს, რომ აღნიშნული დავალების შესრულება, აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელი იყო მესამე პირის მეშვეობითაც;
2.4. დავალების შესრულების მიზნით, მოსარჩელემ მესამე პირზე - მ. ი-ზე გასცა „სენედი“ (საგარანტიო წერილი - ჩეკი) და მასთან ერთად სრულად შეასრულა დავალებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, საავადმყოფოს სახელზე გაიცა სესხი 12 500 000 აშშ დოლარის ოდენობით;
2.5. მხარეთა ზეპირი შეთანხმებით გასამრჯელო განისაზღვრა დამტკიცებული საკრედიტო რესურსის 10%-ის ოდენობით, მაგრამ მინდობილობის გამცემს აღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია.
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა:
3.1. მხარეები არ შეთანხმებულან გასამრჯელოს თაობაზე;
3.2. მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს მინდობილობის არასწორი თარგმანი, მას დავალება პირადად უნდა შეესრულებინა და მინდობილობის თანახმად, უფლებამოსილების სხვა პირზე გადაცემა დაუშვებელი იყო;
3.3. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მისი საქმიანობის შედეგად განხორციელდა საავადმყოფოსათვის კრედიტის დამტკიცება.
4. მ. ი-მა (შემდგომში - „მეორე მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მინდობილობის ფარგლებში გაცემული „სენედით“ შესრულებული სამუშაოსათვის გასამრჯელოს სახით „სენედის“ ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის - 1 500 000 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
5. მეორე მოსარჩელემ სარჩელში აღნიშნა, რომ:
5.1. მინდობილობის ფარგლებში გაცემული „სენედის“ საფუძველზე შეასრულა დავალება. სენედი გაცემულია მარწმუნებლის სახელითა და დავალებით. შესაბამისად, ეს უკანასკნელი აგებს პასუხს მესამე პირებთან ურთიერთობაში;
5.2. შესრულებული სამუშაოსათვის დავალების შედეგად გაცემული „სენედითა“ და ხელშეკრულებით განსაზღვრული გასამრჯელო - 1 500 000 აშშ დოლარი მარწმუნებელს არ გადაუხდია.
6. მოპასუხემ სასამართლოში წარადგინა შესაგებელი, რომლითაც არ ცნო მეორე მოსარჩელის სარჩელი მოცემული განჩინების მე-3 პუნქტში მითითებული დასაბუთებით.
7. გამომდინარე იქედან, რომ მოპასუხის მიმართ წარდგენილ ორივე სარჩელში მოთხოვნის საფუძველი გამომდინარეობდა ერთი და იმავე დავალების ხელშეკრულებიდან, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 ნოემბრის განჩინებით სასამართლოს წარმოებაში არსებული ორი სამოქალაქო საქმე გაერთიანდა ერთ წარმოებად.
8. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით მეორე მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 300 000 აშშ დოლარის გადახდა.
9. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხემ და მოსარჩელეებმა.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 მარტის განჩინებით მოპასუხისა და მოსარჩელეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება.
11. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები და მათ საფუძველზე დადგენილად მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
11.1. მოპასუხე შპს „ლ-ს“ (საავადმყოფო) ერთ-ერთი დამფუძნებელია;
11.2. 2013 წლის 5 თებერვალს აზერბაიჯანულ ენაზე შედგენილი, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის თანახმად, მოპასუხემ მოსარჩელეს მიანიჭა შემდეგი უფლებამოსილება: შპს „ლ-ის“ სასარგებლოდ საბანკო კრედიტის გასაცემად წარემართა შესაბამისი მოლაპარაკება ბანკებთან, შეეგროვებინა და ხელი მოეწერა ამ დავალების შესასრულებლად აუცილებელი ყველა დოკუმენტისათვის;
11.3. მინდობილობაში არ დაფიქსირებულა გასამრჯელოს ოდენობა;
11.4. მინდობილობა გაუქმდა 2013 წლის 12 დეკემბერს;
11.5. 2013 წლის 25 თებერვალს მოსარჩელემ მეორე მოსარჩელეზე მოპასუხის სახელით გასცა „სენედი“ (საგარანტიო წერილი - ჩეკი), რომლის თანახმად, თუ მეორე მოსარჩელე უზრუნველყოფდა შპს „ლ-ის“ სასარგებლოდ ბანკიდან კრედიტის მიღებას 12 500 000 აშშ დოლარის ოდენობით, მოპასუხე მეორე მოსარჩელეს გადაუხდიდა გასამრჯელოს 1 500 000 აშშ დოლარის ოდენობით;
11.6. 2014 წლის 24 მარტს სს „თ-ის“ ბათუმის ფილიალმა შპს „ლ-ზე“ გასცა საბანკო კრედიტი 12 500 000 აშშ დოლარის ოდენობით;
11.7. მოპასუხის მიერ მოსარჩელეზე გაცემული მინდობილობა არ ითვალისწინებდა დავალების მესამე პირზე გადანდობის უფლებას;
11.8. მოსარჩელემ შპს „ლ-ს“ სასარგებლოდ კრედიტის გასაცემად განახორციელა გარკვეული ქმედებები, კერძოდ: ა) დავალების შესრულებაში ჩააბა მეორე მოსარჩელე, რაც კრედიტის მიღებაზე ზრუნვის დადასტურებაა; ბ) რამდენჯერმე შეხვდა სს „თ-ის“ ბათუმის ფილიალის გენერალურ დირექტორს ბ. ს-ს, ასევე - მრავალჯერ ჰქონდა მასთან სატელეფონო კომუნიკაციაც (ტელეფონის ნომერზე ---), რაც დადასტურდა მოწმეების: ი. გ-ს (ბანკის ერთ-ერთი დირექტორი) და ი. გ-ის (ბანკის საკრედიტო ოფიცერი) ჩვენებებით, ასევე - სატელეფონო ზარების ამონაწერითა და ელექტრონული მიმოწერით;
11.9. მეორე მოსარჩელეს არანაირი წვლილი მიუძღვის შპს „ლ-ის“ სასარგებლოდ საბანკო კრედიტის გაცემაში, რადგან საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება მეორე მოსარჩელის მიერ რაიმე ისეთი მოქმედების განხორციელების შესახებ, რამაც ხელი შეუწყო კრედიტის გაცემას.
12. სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ 2016 წლის 14 მარტის სხდომაზე აზერბაიჯანული/თურქული ენების სპეციალისტის (თარჯიმნის) - ა. ა-ს მიერ სასამართლოსათვის მიცემული განმარტებით, 2013 წლის 5 თებერვლის მინდობილობით გათვალისწინებული დავალების სხვა პირზე გადაცემას მინდობილობა კრძალავდა; ამასთან, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოპასუხის სახელით ეწარმოებინა ბანკებთან მოლაპარაკებები შპს „ლ-ს“ კრედიტთან დაკავშირებით, რისთვისაც შეეძლო ხელი მოეწერა ყველა საჭირო საბუთზე. თარჯიმნის განმარტებით, აზერბაიჯანულად „სენედლერ“ ნიშნავს „საბუთებს“; სიტყვა „სენედი“ არის ზოგადი ტერმინი, აღნიშნავს სწორედ „საბუთს“ და არა - კონკრეტულად „ჩეკს“ ან „საგარანტიო წერილს“.
13. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უდავოა, რომ მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის 2013 წლის 5 თებერვალს შედგენილი მინდობილობის საფუძველზე დაიდო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლით გათვალისწინებული დავალების ხელშეკრულება: რწმუნებულმა იკისრა ვალდებულება - შეესრულებინა მარწმუნებლის მიერ დავალებული მოქმედებები, მარწმუნებლის კუთვნილი საავადმყოფოს სასარგებლოდ საბანკო კრედიტის გასაცემად. ამასთან, რწმუნებულს, ამავე კოდექსის 711-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაევალა დავალების პირადად შესრულება, რადგან მარწმუნებელს არ დაურთავს ნება დავალება გადაენდო მესამე პირისათვის.
14. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მართალია, თავად მინდობილობაში მხარეებს არ დაუფიქსირებიათ შეთანხმება გასამრჯელოს გადახდისა და მისი ოდენობის თაობაზე, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ დავალება უკავშირდებოდა დიდი მოცულობის საბანკო კრედიტის მიღებას და, ამასთან, მხარეთა შორის რაიმე განსაკუთრებული სიახლოვის (მაგ: ნათესაური, მეგობრული და სხვა) გამომხატველი ურთიერთობის არსებობა არ დგინდებოდა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარი დავალების შესრულება მხოლოდ გასამრჯელოთი იყო მოსალოდნელი და გასამრჯელო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 710-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უნდა ჩათვლილიყო უსიტყვოდ შეთანხმებულად.
15. სააპელაციო პალატამ მიუთითა იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ შეასრულა დავალების ხელშეკრულების შესაბამისი გარკვეული მოქმედებები, რასაც მოჰყვა მარწმუნებლისათვის სასურველი შედეგი და მიიჩნია, რომ მოპასუხეს წარმოეშვა რწმუნებულისათვის გასამრჯელოს გადახდის ვალდებულება.
16. სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 710-ე მუხლის მე-3 ნაწილზე დაყრდნობით, გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ, ვინაიდან საქმის მასალებით ამგვარი დავალების შესრულებისათვის რაიმე სანიხრო გასამრჯელოს არსებობა არ მტკიცდებოდა, მოსარჩელეს უნდა მიეღო ჩვეულებრივი გასამრჯელო. ამასთან, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოტივაცია გასამრჯელოს ოდენობის დადგენის ნაწილში, რომელიც დაეფუძნა, ერთი მხრივ, მოსარჩელის აქტიურობის ხარისხს მოპასუხისათვის დამდგარ შედეგთან მიმართებით და, მეორე მხრივ, - მოსარჩელეებს შორის 2013 წლის 25 თებერვლის გარიგებაში ასახული გასამრჯელოს ოდენობას.
17. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, ვინაიდან მოსარჩელეს არ ჰქონდა დავალების სხვა პირისათვის გადანდობის უფლება და, ასევე, ორივე მოსარჩელე პირდაპირ დაინტერესებული იყო საქმის შედეგით, 2013 წლის 25 თებერვლის შეთანხმებაში ასახული თანხის ოდენობა ავტომატურად ვერ იქნებოდა გაზიარებული ჩვეულებრივი გასამრჯელოს ოდენობის დასადგენად. სააპელაციო პალატის განმარტებით, აღნიშნული თანხის - 1 500 000 აშშ დოლარის მოთხოვნა მხოლოდ იმიტომაც იყო დაუსაბუთებელი, რომ მისი ოდენობა აღემატებოდა მოსარჩელის მიერ დაფიქსირებულ გასამრჯელოს - 1 250 000 აშშ დოლარს. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ალოგიკურია, დავალების შესრულებაში დამხმარედ ჩართულ პირს ეკუთვნოდეს იმაზე უფრო დიდი გასამრჯელო მარწმუნებლისაგან, ვიდრე - თავად რწმუნებულს.
18. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-5 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლით გათვალისწინებული კანონის ანალოგიის ძალით, ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე დაყრდნობით, მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ჩვეულებრივ გასამრჯელოდ უნდა განსაზღვრულიყო თანხა, რომელიც არ აღემატებოდა შპს „ლ-ის“ მიერ მიღებული საბანკო კრედიტის (12 500 000 აშშ დოლარი) 4%-ს (რაც შეადგენს 500 000 აშშ დოლარს), რადგან სწორედ ამ ოდენობით ჰონორარს (გასამრჯელოს) მიიჩნევდა კანონმდებელი გონივრულად წარმომადგენლის (რწმუნებულის) მიერ გაწეული მომსახურებისათვის. იმის გათვალისწინებით, რომ შპს „ლ-ს“ ეს თანხა დროებით (კრედიტის მოქმედების ვადით) მიეკუთვნა და, ასევე, ვერ მტკიცდებოდა, რომ კრედიტის გაცემა მხოლოდ მოსარჩელის დამსახურება იყო, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ რწმუნებულისათვის მისაკუთვნებელი გასამრჯელო, სამართლიანი ანაზღაურების პრინციპით, შეადგენდა სწორედ 300 000 აშშ დოლარს.
19. მეორე მოსარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, ვინაიდან რწმუნებულს დაევალა დავალების პირადად შესრულება, მას არ ჰქონდა უფლება - დავალება გადაენდო მესამე პირისათვის. სააპელაციო პალატის განმარტებით, მოსარჩელეს შეეძლო დავალების შესრულებაში ჩაერთო დამხმარე პირი, თუმცა ამ უკანასკნელს რაიმე გასამრჯელოს მოთხოვნის უფლება გაუჩნდებოდა არა მარწმუნებლის, არამედ - რწმუნებულის მიმართ. გარდა იმისა, რომ მეორე მოსარჩელეს შპს „ლ-ტის“ სასარგებლოდ საბანკო კრედიტის გასაცემად არავითარი მოქმედებები შეუსრულებია, მას საერთოდ ვერც წარმოეშობოდა რაიმე მოთხოვნა მოპასუხის მიმართ.
20. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
21. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
21.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკითხული მოწმეების ჩვენებები. მოწმედ დაკითხულმა „ი-ის“ ბათუმის ფილიალის ერთ-ერთმა დირექტორმა, ი. გ-მ სასამართლოს განუმარტა, რომ მოსარჩელე ერთხელ ნახა ბანკში მოპასუხესთან ერთად. შემდგომში მოსარჩელე მას ტელეფონით უკავშირდებოდა კრედიტის გაცემის თაობაზე, თუმცა მას მოსარჩელისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია საკითხის კონფიდენციალურობის გამო. მოწმის განმარტებით, გადმოცემით იცის, რომ მოსარჩელე უნდა დანიშნულიყო შპს „ლ-ის“ მთავარ ექიმად. მისივე ჩვენებით, კრედიტი დამტკიცდა სათავო ოფისში, სტამბულში. „ი-ის“ ბათუმის ფილიალიდან შპს „ლ-ზე“ კრედიტის სახით გაიცა 6 250 000 აშშ დოლარი, ხოლო 6 250 000 აშშ დოლარი გაიცა მოსკოვის ფილიალიდან მათ გარეშე. მოწმის განმარტებით, კრედიტის გაცემასთან დაკავშირებით ბანკი მოსარჩელესთან მოლაპარაკებას არ აწარმოებდა;
21.2. მოწმედ დაკითხული ი. გ-ის ჩვენებით, მას, როგორც საკრედიტო ოფიცერს, ხშირი ურთიერთობა ჰქონდა კლინიკა „ლ-ის“ დირექტორთან, მ. გ-თან და კრედიტთან დაკავშირებულ საკითხებს ათანხმებდა მასთან და მოპასუხესთან. მოწმის განმარტებით, მისთვის უცნობია, თუ რა სახის მონაწილეობა აქვს მიღებული მოსარჩელეს კრედიტის გაცემასთან დაკავშირებით;
21.3. დავალების შესრულების შემთხვევაშიც კი მოპასუხეს არ წარმოეშობოდა გასამრჯელოს გადახდის ვალდებულება, რადგან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 710-ე მუხლის საფუძველზე, ამის თაობაზე სპეციალურად უნდა იყოს მითითებული ხელშეკრულებაში, რაც განსახილველ შემთხვევაში არ მომხდარა. კასატორის განმარტებით, ხელშეკრულებაში ასეთი ჩანაწერი არ არსებობს, ვინაიდან, მოსარჩელე დავალების შესრულების შემთხვევაში უნდა დანიშნულიყო მთავარ ექიმად. მან ვერც დავალება შეასრულა და, შესაბამისად, არც მთავარ ექიმად იქნა დანიშნული;
21.4. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ შპს „ლ-მა“ „ი-ის“ ბათუმის ფილიალიდან კრედიტის სახით მიიღო 6 250 000 აშშ დოლარი, ხოლო დანარჩენი - 6 250 000 აშშ დოლარი მიიღო მოსკოვის ფილიალიდან, ამ უკანასკნელთან კი მოლაპარაკებებს აწარმოებდა საზოგადოების დირექტორი. 6 250 000-ის აშშ დოლარის 4% შეადგენს არა 500 000 აშშ დოლარს, არამედ - 250 000 აშშ დოლარს. ამდენად, 300 000 აშშ დოლარის დაკისრება სამართლიან ანაზღაურებად ვერ იქნება მიჩნეული. მით უფრო, რომ, როგორც სააპელაციო სასამართლომ თავად აღნიშნა, ვერ მტკიცდება, რომ კრედიტის გაცემა მხოლოდ მოსარჩელის დამსახურებაა.
22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ივლისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 აპრილის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
24. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, მოსარჩელის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 მარტის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 მარტის განჩინება და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
26. საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კასატორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.
27. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს დავალების ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოსათვის გასამრჯელოს მიღება, დამტკიცებული კრედიტის 10%-ის ოდენობით.
28. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელისთვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომის მიზნით პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვებს: ა) არსებობდა თუ არა მხარეთა შორის დავალების ხელშეკრულება; ბ) გათვალისწინებული იყო თუ არა გასამრჯელო დავალების შესრულებისათვის; გ) რწმუნებულმა შეასრულა თუ არა დავალებით გათვალისწინებული მოქმედება.
29. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და კასატორიც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის არსებობდა დავალების ხელშეკრულება.
30. მეორე საკითხთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის დავალების მარეგულირებელი ნორმების შესაბამისად (მუხლი 709-723), დავალების ხელშეკრულებისათვის არ არის სავალდებულო წერილობითი ფორმა. შესაბამისად, იგი შესაძლებელია იყოს ზეპირიც. ამასთან, დავალების ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს ან არ ითვალისწინებდეს დავალების შესრულებისათვის გასამრჯელოს. ზეპირი ხელშეკრულების არსებობისას, როდესაც ხელშეკრულების ერთი მხარე უთითებს, რომ დავალების შესრულებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო გასამრჯელო, ხოლო მეორე მხარე უარყოფს აღნიშნულ ფაქტს, სასამართლომ ერთობლიობაში უნდა შეაფასოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ხელშეკრულებაში გასამრჯელოზე შეთანხმებას ადასტურებს.
31. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა ხელშეკრულებაში გასამრჯელოზე შეთანხმების არარსებობის ფაქტი, თუმცა არასწორად მიიჩნია, რომ მიუხედავად შეთანხმების არარსებობისა, მოქმედების შესრულება მხოლოდ გასამრჯელოთი იყო მოსალოდნელი.
32. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მინდობილობაში არ დაფიქსირებულა გასამრჯელოს ოდენობა.
33. აღნიშნული მინდობილობა დათქმას გასამრჯელოს შესახებ არ შეიცავს. თუმცა ასეთი დათქმის არარსებობა არ არის საკმარისი იმის დასადგენად, რომ მინდობილობით გათვალისწინებული დავალების შესრულებისათვის მხარეთა შეთანხმებით გასამჯელო გათვალისწინებული არ ყოფილა.
34. მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უფლებამოსილებით გამოხატულია უფლებამოსილების მიმცემის ნება, რაც ერთ პირს მეორის წინაშე აძლევს წარმომადგენლობით ძალაუფლებას. უფლებამოსილებით მყარდება უფლებამოსილების ურთიერთობა. ეს არის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს წარმომადგენლის უფლებას, წარმოადგინოს მარწმუნებელი. მინდობილობა მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის უზრუნველსაყოფად წარმოდგენილსა და მესამე პირს შორის, ანუ მინდობილობის ადრესატია მესამე პირი და ემსახურება მის წინაშე წარმომადგენლის უფლებამოსილების დადასტურებას (იხ. სუსგ №ას-39-489-06, 2006 წლის 8 სექტემბერი). დავალების ხელშეკრულება კი ითვალისწინებს მარწმუნებელსა და რწმუნებულს შორის ორმხრივი უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას.
35. შესაბამისად, შესრულებული მოქმედებებისათვის გასამრჯელოს დაწესება დავალების ხელშეკრულების ერთ-ერთი არსებითი პირობაა, რომელიც მინდობილობაში შესაძლებელია საერთოდ არ იყოს ასახული. მინდობილობაში არც არის აუცილებელი, რომ მოცემული იყოს დავალების ხელშეკრულების ყველა პირობა. მთავარია, აღნიშნული პირობები, განსაკუთრებით კი, გასამრჯელოზე შეთანხმება, სხვა მტკიცებულებებით დასტურდებოდეს.
36. მოცემულ საქმეში მოსარჩელემ ვერ შეძლო აღნიშნული გარემოების დადასტურება სხვა მტკიცებულებებით. თუმცა, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლომ ასეთ ვითარებაში არასწორად ჩათვალა გასამრჯელო უსიტყვოდ შეთანხმებულად. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ დავალების შესრულება საერთოდ გასამრჯელოს გარეშე იყო მოსალოდნელი, რადგან კასატორის მითითება, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება დავალების შესრულების შემთხვევაში მოპასუხის მთავარ ექიმად დანიშვნის თაობაზე, არ ადასტურებს გასამრჯელოზე შეთანხმების არარსებობას. პირიქით, იგი საფუძველს ქმნის ვარაუდისათვის, რომ მოცემულ შემთხვევაში, გარემოებათა მიხედვით, მოქმედების შესრულება სწორედ გასამრჯელოთი იყო მოსალოდნელი.
37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასამრჯელოზე შეთანხმებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა საქმის გარემოებები და მართებულად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 710-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების ნორმები.
38. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს მიერ გასამრჯელოს ოდენობის არასწორად გამოთვლის თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ საკითხის შემოწმებამდე, მნიშვნელოვანია, შემოწმდეს კასატორის პრეტენზია მოსარჩელის მიერ დავალების შესრულების ფაქტის არასწორ დადგენასთან დაკავშირებით. კერძოდ, კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელეს არ შეუსრულებია რაიმე მოქმედება საავადმყოფოსათვის კრედიტის გამოყოფასთან დაკავშირებით და აღნიშნულთან მიმართებით სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები.
39. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე ზემოაღნიშნული საფუძვლით ასაჩივრებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებასაც, თუმცა სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების შეფასების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ შეასრულა დავალებით გათვალისწინებული მოქმედებები, კერძოდ: ა) დავალების შესრულებაში ჩააბა მეორე მოსარჩელე, რაც კრედიტის მიღებაზე ზრუნვის დადასტურებაა; ბ) რამდენჯერმე შეხვდა სს „თ-ის“ ბათუმის ფილიალის გენერალურ დირექტორს ბ. ს-ს, ასევე - მრავალჯერ ჰქონდა მასთან სატელეფონო კომუნიკაციაც (ტელეფონის ნომერზე ---), რაც დადასტურდა მოწმეების: ი. გ-ის (ბანკის ერთ-ერთი დირექტორი) და ი. გ-ის (ბანკის საკრედიტო ოფიცერი) ჩვენებებით, ასევე - სატელეფონო ზარების ამონაწერითა და ელექტრონული მიმოწერით.
40. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში სააპელაციო პალატის ძირითადი მსჯელობა მიმართულია გასამრჯელოს ოდენობის გაანგარიშების მართებულობაზე და არ არის გამოკვლეული მოპასუხის მიერ სადავოდ გამხდარი და სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი - დავალების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოქმედებების შესრულების ფაქტი.
41. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მოწმის ჩვენება დავალების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოქმედებების შესრულების ფაქტის დასადასტურებლად დასაშვებ მტკიცებულებას წარმოადგენს, თუმცა, ამასთან, სასამართლომ მტკიცებულებების შეფასებისას უნდა დაიცვას ამავე კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესი, რომელიც გულისხმობს მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
42. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. სასამართლოს, როგორც ნეიტრალური არბიტრის როლი მტკიცების პროცესში შემოიფარგლება მტკიცების საგნის სწორად განსაზღვრით, მხარეთა შეჯიბრებითობის ხელმძღვანელობით, წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობა-განკუთვნადობის შემოწმებითა და შეკრებილ მტკიცებულებათა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით შესწავლა-ანალიზით, სწორედ მათ საფუძველზე ყალიბდება მოსამართლის შინაგანი რწმენა და იგი საფუძვლად დაედება მიღებულ გადაწყვეტილებას (იხ. სუსგ №ას-839-805-2016, 2017 წლის 6 მარტი).
43. საკასაციო სასამართლო მოწმეთა ჩვენებების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად არ გამოიკვლია მოპასუხის მიერ სადავოდ გამხდარი მოწმეთა ჩვენებები, რის შედეგადაც არასწორად მიიჩნია დადგენილად დავალების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოქმედებების შესრულების ფაქტი.
44. მოწმე ი. გ-ი - „ი-ის“ ბათუმის ფილიალის დირექტორის მოადგილე მიუთითებს, რომ მოსარჩელეს იცნობს ტელეფონით, გადმოცემით იცის, რომ მოპასუხის საავადმყოფოში უნდა ყოფილიყო მთავარი ექიმი, მოსარჩელეს პირადად არ იცნობს. მოწმემ დაადასტურა, რომ იცნობს მოპასუხეს და აღნიშნა, რომ მას სურდა კრედიტის აღება, რასთან დაკავშირებითაც ჰქონდათ საუბარი. რაც შეეხება მოსარჩელესთან სატელეფონო საუბრების შინაარსს, მოწმემ მიუთითა, რომ მოსარჩელე ტელეფონით ეკითხებოდა ხოლმე კრედიტის თაობაზე, თუმცა მას ტელეფონით არ მიუწოდებია ინფორმაცია, რადგან საკითხი იყო კონფიდენციალური. რაც შეეხება იმ საკითხს, ჰქონდა თუ არა მოსარჩელეს ბანკთან მოლაპარაკებები, აღნიშნული საკითხი მისთვის უცნობია. მოწმე ი. გ-მ დაადასტურა, რომ პირველად რომ მოვიდნენ მოსარჩელე და მოპასუხე ბანკში, ასეთი შეხვედრა შედგა. მან ასევე მიუთითა, რომ მათ ობიექტზე გასცეს სესხი და მოსარჩელის გარეშეც გაიცემოდა იგი, ხოლო მისთვის უცნობია, თანხმდებოდა თუ არა მოსარჩელესთან პირობები (იხ. ტ. 2. ს.ფ. 177-188, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2 თებერვლის სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმი CD დისკი: 16:33:40-17:01:56).
45. მოწმე ი. გ-მ - „ი-ის“ საკრედიტო ოფიცერმა სასამართლოს მისცა ჩვენება, რომლის თანახმად, იგი მოპასუხეს იცნობს, მას პირადად შეხება ჰქონდა მ. გ-თან (დირექტორთან); ჰქონდათ ხშირი ურთიერთობა, შეხვედრები; ელექტრონულ წერილებსაც წერდნენ; პირობებს ათანხმებდა მოპასუხესთან და მ-თან. მოსარჩელე ერთხელ იყო ბანკში, მოპასუხეს ახლდა ჭაღარა კაცი და, მისი ვარაუდით, ალბათ ის იყო მოსარჩელე. მოსარჩელესთან მას არანაირი შეხება არ ჰქონია, არც სესხის თანხაზე და არც ვადაზე (იხ. ტ. 2. ს.ფ. 177-188, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2 თებერვლის სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმი CD დისკი: 17:02:33-17:10:28).
46. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს (იხ. სუსგ №ას-151-147-2016, 2016 წლის 19 აპრილი). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ დავალების ხელშეკრულების შესრულების ფაქტი, კრედიტის ასაღებად მოსარჩელის მიერ განხორციელებული აქტიური მოქმედებები, პირიქით, მოცემული მტკიცებულებებიდან ირკვევა, რომ ბანკის წარმომადგენლები კრედიტის გაცემის პროცესში თანამშრომლობდნენ უშუალოდ მოპასუხესთან და დირექტორთან.
47. საკასაციო სასამართლო მიუთითებს ასევე საქმეში არსებულ ხელშეკრულებებზე, რომლებიც ხელმოწერილია ერთ შემთხვევაში მოპასუხის, ხოლო მეორე შემთხვევაში - დირექტორის მიერ, რაც მოწმეთა ჩვენებებს აძლევს მეტ სარწმუნოობასა და დამაჯერებლობას. კერძოდ, საქმეში განთავსებულია სს „თ-ის“ დირექტორს - ბ. ს-სა და შპს „ლ-ს“ დირექტორს - მ. გ-ს შორის 2013 წლის 23 აგვისტოს დადებული სესხის ჩარჩო ხელშეკრულება №5, რომელსაც ხელს აწერს უშუალოდ დირექტორი და, რომლის თანახმად, ბანკი მსესხებელზე გასცემს საბანკო პროდუქტებს საკრედიტო ლიმიტის 12 500 000 აშშ დოლარის ფარგლებში (იხ. ტ. 2. ს. ფ. 96-111). ასევე საქმის მასალებში წარმოდგენილია სს „თ-ის“ დირექტორს - ბ. ს-სა და მოპასუხეს შორის 2013 წლის 23 აგვისტოს დადებული გირავნობის ხელშეკრულება №5/6, რომელიც ხელმოწერილია უშუალოდ მოპასუხის მიერ და, რომლითაც ბანკის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად დაიტვირთა 50%-იანი წილი შპს „ლ-ში“ (იხ. ტ. 3. ს. ფ. 24-35). საკასაციო სასამართლო მიუთითებს ასევე 2014 წლის 24 მარტს სს „თ-ის“ დირექტორს - ბ. ს-სა და შპს „ლ-ის“ დირექტორს - მ. გ-ს შორის დადებულ სესხის შემადგენელ ხელშეკრულებაზე №5/1, რომელიც ხელმოწერილია თავად დირექტორის მიერ და, რომლის თანახმად, ბანკმა მსესხებელზე გასცა სესხი, 6 250 000 აშშ დოლარის ოდენობით, მსესხებლის მიერ თბილისში მშენებარე საავადმყოფოსათვის საჭირო სამედიცინო მანქანა-დანადგარებისა და ხელსაწყოების შეძენისა და მშენებარე საავადმყოფოს ექსპლუატაციაში გაშვების მიზნით (იხ. ტ. 2. ს. ფ. 112-114).
48. რაც შეეხება სააპელაციო და პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ დავალების ხელშეკრულების შესრულების ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებებად სატელეფონო ზარების ამონაწერსა და ელექტრონულ მიმოწერაზე მითითებას, საკასაციო პალატის მოსაზრებით, არც აღნიშნული უნდა იქნეს გაზიარებული.
49. საკასაციო სასამართლო სატელეფონო ზარების ამონაწერის შესწავლის შედეგად აღნიშნავს, რომ მოცემული მტკიცებულება მიუთითებს მოსარჩელის სატელეფონო კომუნიკაციაზე სს „თ-ის“ დირექტორთან, თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ სასამართლოსათვის სატელეფონო საუბრების შინაარსი უცნობია, აღნიშნულით ვერ დადასტურდება სადავო ფაქტობრივი გარემოება (იხ. ტ. 3. ს. ფ. 78-80).
50. ელექტრონულ წერილებთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მათი შინაარსის გაცნობის შედეგად, არ დგინდება მოსარჩელის მიერ დავალების შესრულების ფაქტი, ამასთან, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ ელექტრონული წერილები არ არის შეფასებული და საკასაციო სასამართლოსთვის უცნობია, თუ რა მოსაზრებით იქნა ისინი მიჩნეული სადავო ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებებად.
51. რაც შეეხება სააპელაციო და პირველი ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ დავალების შესრულებაში მეორე მოსარჩელის ჩაბმა კრედიტის მიღებაზე ზრუნვის დადასტურებაა, საკასაციო სასამართლოს არ მიაჩნია ლოგიკურ და თანმიმდევრულ მსჯელობად.
52. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმეში სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა მოსარჩელის მიერ დავალების შესრულების ფაქტი, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების არსებით წინაპირობას წარმოადგენდა.
53. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
54. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა დავალების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ფაქტის დადასტურება, რაც მან ვერ შეძლო სათანადო და სარწმუნო მტკიცებულებების წარდგენის გზით.
55. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
56. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო მტკიცებულებების არასათანადო შეფასების შედეგად მივიდა საქმის არასწორ გადაწყვეტამდე, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
57. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ამგვარი საფუძვლები და არ არის საჭირო მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.
58. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, მოსარჩელის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 მარტის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 მარტის განჩინება და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
59. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
60. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 11000 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ფ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ო. ი-ს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 მარტის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 მარტის განჩინება და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. ო. ი-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. ფ. ჯ-ის (პ/ნ: ---) დაუბრუნდეს ვ. გ-ის (პ/ნ: ---) მიერ 2014 წლის 13 ივნისს №-- საგადახდო დავალებით არასწორად გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300693150;
5. ო. ი-ს (პ/ნ: ---) ფ. ჯ-ს (პ/ნ: ---) სასარგებლოდ დაეკისროს ფ. ჯ-ის მიერ სააპელაციო და საკასაციო ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 11 000 (თერთმეტი ათასი) ლარის გადახდა;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე