Facebook Twitter

№ ას-939-904-2016 15 სექტემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ე-ა“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. პ. (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. გ. პ-მ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ე-ის“ (შემდგომში „მოპასუხე“, „კასატორი“, „საკასაციო საჩივრის ავტორი“ ან „კომპანია“) მიმართ და მოითხოვა სადაზღვევო შემთხვევით დამდგარი ზიანის, 2000 ლარის, მოპასუხისათვის დაკისრება.

2. სარჩელის თანახმად, მოსარჩელე 2007 წლიდან 2013 წლამდე მუშაობდა მოპასუხე კომპანიის პრომოციის განყოფილებაში, „პრომოციის“ მენეჯერის თანამდებობაზე. 2008 წლის 15 ოქტომბრიდან 2012 წლის 15 მაისამდე მის სახელზე რეგისტრირებული იყო ავტომობილი „მერსედეს ბენცი С 240”, სახელმწიფო ნომრით - ---. კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე, მოსარჩელისათვის საჭირო იყო ავტომობილით ხშირი სარგებლობა, ამიტომ მოპასუხემ მასთან გააფორმა ავტომანქანის იჯარის ხელშეკრულება. 2012 წლის 1 ივნისიდან მოსარჩელესთან გაფორმდა ანალოგიური ხელშეკრულება მეორე ავტომანქანაზეც - „მერსედეს ბენცი” სახელმწიფო ნომრით ---. კომპანიამ დააზღვია მოსარჩელის კუთვნილი ავტომობილი და სს „ს-თან“ გააფორმა სადაზღვევო ხელშეკრულება 2011 წლის 15 მაისიდან 2012 წლის 15 მაისამდე.

3. 2012 წლის 3 მარტს ავტოსაგზაო შემთხვევის გამო დაზიანდა მოსარჩელის ავტომანქანა „მერსედეს ბენცი C 240”, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, გამოიწერა საჯარიმო ქვითარი და მოსარჩელეს დაეკისრა ჯარიმა 250 ლარი, რაც გადაირიცხა მისი ანგარიშიდან.

4. მოსარჩელის განცხადებით, ავარიის შედეგად დამდგარი ზარალი შეადგენს 3 582 ლარს, რაც სადავოდ არ გაუხდია მოპასუხეს, თუმცა აღნიშნული თანხიდან მოსარჩელის ანგარიშზე მან გადარიცხა თანხის ნაწილი - 1500 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხის - 2000 ლარის დარიცხვაზე უარი განაცხადა, რაც სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი გახდა.

5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მასსა და სადაზღვევო კომპანიას შორის გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულებით, სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზარალის ოდენობა დგინდება სს „ს-ს“ სპეციალურ პროფილაქტიკებში, რომელიც წარმოადგენს ინვოისის გამგზავნ ორგანიზაციას. შეფასების შედეგად დგინდება ზარალის ოდენობა და ამის შესაბამისად ხდება სადაზღვევო კომპანიის მიერ მოპასუხისათვის თანხის გადარიცხვა, რომელიც ეკუთვნის მოიჯარეს (შპს „ე-ს“), როგორც დამზღვევს და არა მეიჯარეს (გ. პ-ს), ხოლო მოპასუხეს უფლება აქვს ავტომანქანა შეაკეთოს ნებისმიერ პროფილაქტიკაში.

6. მოპასუხის განცხადებით, მოსარჩელეს მისთვის არ წარუდგენია მითითებული თანხის - 3582 ლარის ოდენობით ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მან მოსარჩელეს 1500 ლარი გადაურიცხა წინასწარ და განუმარტა, რომ, სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, კიდევ გადაერიცხებოდა დამატებითი თანხა, თუმცა მოსარჩელემ მოპასუხეს წარუდგინა მხოლოდ 435 ლარის ოდენობით ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნულის გამო მას უარი ეთქვა სხვა, დამატებითი თანხის გადარიცხვაზე. ამასთან, მოსარჩელეს თანხა გადაერიცხა 2012 წლის 16 მაისს, ხოლო მას პრეტენზია მოპასუხის მიმართ წარმოეშვა სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ (2012 წლის 22 დეკემბრიდან). ზიანის ანაზღაურების გამო გამქირავებლის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება გაქირავებული ნივთის დაბრუნების მომენტიდან, ხოლო დამქირავებლის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადისა კი ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტიდან.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2000 ლარის გადახდა.

8. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 იანვრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

10. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

11.1. 2007 წლიდან 2012 წლის 22 დეკემბრამდე მოსარჩელე დასაქმებული იყო მოპასუხე კომპანიაში „პრომოციის“ განყოფილებაში და მუშაობდა „პრომოციის“ მენეჯერად;

11.2. 2011 წელს მოპასუხესა (მოიჯარე) და მოსარჩელეს (მეიჯარე) შორის გაფორმდა ავტომობილის იჯარის ხელშეკრულება მომსახურების გაწევის პირობით, რომლის თანახმად, მოსარჩელემ კომპანიას დროებით სარგებლობისა და ექსპლუატაციისათვის გადასცა მისი კუთვნილი ავტომობილი „მერსედეს ბენცი C 240“, სახელმწიფო ნომრით - ---;

11.3. 2012 წლის 1 ივნისს მოსარჩელესთან კვლავ გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება მის კუთვნილ მეორე ავტომობილზე - „მერსედეს ბენცი C 320”, სახელმწიფო ნომრით - ---. ხელშეკრულების 2.2.2 პუნქტის თანახმად, მოიჯარის ვალდებულებას წარმოადგენდა საწვავზე დანახარჯების, ასევე ექსპლუატაციის პროცესში სხვა ხარჯვად მასალებზე დანახარჯების ანაზღაურება. ხელშეკრულების 2.2.1 პუნქტის თანახმად კი, მეიჯარის ვალდებულებებში გათვალისწინებული იქნა ხელშეკრულების ვადის დასრულების შემდგომ მოიჯარისათვის ავტომობილის გამართულ მდგომარეობაში დაბრუნება (ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით);

11.4. 2011 წელს კომპანიასა და მოსარჩელეს შორის „მერსედეს ბენცი C 240” მოდელის (სახელმწიფო ნომრით - ---) ავტომობილზე გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებით, ისევე როგორც 2012 წლის 1 ივნისის ხელშეკრულებით, მოიჯარემ იკისრა საწვავზე დანახარჯების, ასევე ექსპლუატაციის პროცესში სხვა ხარჯვად მასალებზე დანახარჯების ანაზღაურების ვალდებულება, ხოლო ხელშეკრულების ვადის დასრულების შემდგომ - მოიჯარისათვის ავტომობილის გამართულ მდგომარეობაში დაბრუნება (ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით);

11.5. 2011 წლის 10 თებერვალს სს „ს-სა“ (მზღვეველი) და მოპასუხეს (დამზღვევი) შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის შესახებ, რომლის საგანსაც წარმოადგენდა დამზღვევის კანონიერ სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევა მზღვეველის მიერ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, დამზღვევის მიერ შესაბამისი სადაზღვევო პრემიის გადახდის საფუძველზე;

11.6. დაზღვევის ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხემ დააზღვია მის მიერ იჯარით აღებული, მოსარჩელის კუთვნილი ავტომობილი „მერსედეს ბენცი C 240“. 2011 წლის 13 მაისს გაიცა ავტოტრანსპორტის დაზღვევის პოლისი #----, რომლის მიხედვით, დასაზღვევი ქონების მოსარგებლეს წარმოადგენდა მოპასუხე. დაზღვევის პერიოდი განისაზღვრა 2011 წლის 14 მაისიდან 2012 წლის 14 მაისამდე;

11.7. 2012 წლის 3 მარტს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო დაზიანდა ავტომობილი „მერსედეს ბენცი C 240“. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შესაბამისად, ბრალეულ პირად ცნობილ იქნა მოსარჩელე;

11.8. 2012 წლის 28 მარტის სადაზღვევო შემთხვევის აქტის თანახმად, სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარმა ზიანმა 3582 ლარი შეადგინა;

11.9. სს „ს-მ“ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად ანაზღაურებას დაქვემდებარებული თანხა - 3582 ლარი ჩაურიცხა ავტომანქანის დამზღვევს - მოპასუხეს.

11. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ „მერსედეს ბენცი C 240” ავტომობილის აღდგენისათვის 3570 ლარის ოდენობით ხარჯი თავად მოსარჩელემ გასწია. 2012 წლის 16 მაისს მოპასუხემ სადაზღვევო შემთხვევიდან გამომდინარე, მოსარჩელის ანგარიშზე მხოლოდ 1500 ლარი ჩარიცხა, ხოლო დანარჩენი თანხის ანაზღაურებაზე უარი თქვა მტკიცებულებების არარსებობის გამო.

12. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დაზიანებული მანქანის აღდგენისათვის საჭირო თანხის ოდენობა დადგენილია 2012 წლის 28 მარტის სადაზღვევო შემთხვევის აქტის საფუძველზე და იგი 3582 ლარს შეადგენს. ამასთან, ავტომანქანის აღდგენაზე გაწეული დანახარჯის დამადასტურებელი, მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ ეწინააღმდეგება და შესაბამისობაშია სადაზღვევო შემთხვევის აქტის საფუძველზე დადგენილი თანხის ოდენობასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო მანქანის აღდგენაზე გაწეული დანახარჯის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენა.

13. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მოპასუხემ ავტომანქანის აღდგენისათვის განკუთვნილი სადაზღვევო თანხის ნაწილი - 2000 ლარი - არ მიმართა დაზღვევის საგნის - ავტომანქანის აღდგენისაკენ და შესაბამისი ვალდებულებით-სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დატოვა საზოგადოების ანგარიშზე, რითაც იგი უსაფუძვლოდ გამდიდრდა. აღნიშნული ფაქტი კი ექცეოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის რეგულირების ფარგლებში, რაც, დაზღვევის საგნის აღდგენის ხარჯების დაფარვის მიზნით, სადაზღვევო თანხის (უკვე გადახდილი 1500 ლარის გათვალისწინებით) მოსარჩელისათვის გადაცემის საფუძველს ქმნიდა.

14. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზიები სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 130-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ხანდაზმულობის ვადის წარმოშობის საფუძველია უფლების დარღვევა, თუმცა ვადის ათვლა არ ხდება უფლების დარღვევის მომენტიდან. მისი ათვლა იწყება იმ მომენტიდან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

15. განსახილველ დავაში ავტოსაგზაო შემთხვევა დადგა 2012 წლის 3 მარტს, ხოლო ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო 2012 წლის 16 მაისიდან, ანუ იმ პერიოდიდან, როდესაც მოპასუხემ, ავტომანქანის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის მიზნით, მოსარჩელის ანგარიშზე 3582 ლარის ნაცვლად ჩარიცხა მხოლოდ 1500 ლარი. სარჩელი კი სასამართლოში აღიძრა 2014 წლის 21 აგვისტოს, შესაბამისად, დაცულია სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაც.

16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

17. კასატორის განმარტებით, დამდგარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოასარჩელემ მოპასუხეს მიაყენა მატერიალური ზიანი 3582 ლარის ოდენობით, რაც დასტურდება სს „ს-ს“ სადაზღვევო შემთხვევის აქტით. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ წარმოეშვა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. ვინაიდან კომპანიის ავტომანქანა დაზღვეული იყო, სადაზღვევო კომპანიამ ზემოაღნიშნული თანხა - 3582 ლარი გადაურიცხა მოპასუხეს. ამ უკანასკნელმა კი, მოსარჩელის თხოვნით, ავტომანქანის შეკეთებაზე ზედამხედველობა მიანდო მოსარჩელეს. ავტომანქანის შეკეთება დაიგეგმა ქ. ქუთაისის შესაბამის სერვის-ცენტრში. ამასთან, მოსარჩელეს საქვეანგარიშო ბარათზე ჩაერიცხა 1500 ლარი და განემარტა, რომ კომპანია წარმოადგენდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას და ბუღალტრული აღრიცხვისთვის თითოეულ დანახარჯზე ესაჭიროებოდა შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი ქვითარი. მოსარჩელემ განიზრახა ავტომანქანის შეკეთებისათვის გამოყოფილი თანხების დაზოგვა და პირადი მიზნებისათვის გამოყენება, შესაბამისად, დაზიანებული მანქანის შესაკეთებლად მიმართა ნაცნობ ხელოსნებს, რომლებიც საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით წარმოადგენენ მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებს, რომელთა მიერ გაწეულ მომსახურებას კომპანია ვერ ჩათვლიდა ხარჯებში.

18. კასატორის განცხადებით, მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მისთვის გადაცემული 1500 ლარის გახარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ამიტომ მოპასუხემ თავი შეიკავა დამატებითი თანხების გადარიცხვისაგან. ამასთან, კასატორის აზრით, მოსარჩელეს, როგორც ნივთის არაპირდაპირ მფლობელს, გააჩნდა ვალდებულება მოპასუხისათვის აენაზღაურებინა მისი ბრალით მიყენებული ზიანი, რადგან კომპანიის ქონებას ის შრომითი ხელშეკრულებისა და თანამდებობრივი ინსტრუქციის საფუძველზე ფლობდა. შესაბამისად, სასამართლოებს მხედველობაში უნდა მიეღოთ და უნდა შეეფასებინათ ისეთი ფაქტობრივი გარემოება, როგორიცაა მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის არსებული ურთიერთგაქვითვის ვალდებულება, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელეს უნდა დაებრუნებინა ავტომანქანა ან აენაზღაურებინა ქონების დაკარგვა/დაზიანება/განადგურების შედეგად კომპანიისათვის მიყენებული ზიანი. ამის ნაცვლად კი, მან ნაცნობ ხელოსნებს შეადგენინა ყალბი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი, რომლითაც დაანგარიშებული თანხები მიუსადაგა სადაზღვევო შემთხვევის აქტში მითითებულ თანხებს.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

20. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.

21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

23. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი გასაჩივრებულ განჩინებას სადავოდ ხდის ძირითადად იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეს არ წარუდგენია მისთვის გადაცემული 1500 ლარის გახარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რის გამოც მოპასუხემ თავი შეიკავა დამატებითი თანხების გადარიცხვისაგან. ამასთან, მოსარჩელეს, როგორც ნივთის არაპირდაპირ მფლობელს, გააჩნდა ვალდებულება მოპასუხისათვის აენაზღაურებინა მისი ბრალით მიყენებული ზიანი, რადგან კომპანიის ქონებას ის შრომითი ხელშეკრულებისა და თანამდებობრივი ინსტრუქციის საფუძველზე ფლობდა.

24. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ არგუმენტებს და პირველ რიგში, მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. ამასთან, სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარება და მხარის პოზიციის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უტყუარად შეძლებს იგი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურებას (იხ. სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლები).

25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით კი, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

26. მოცემულ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დაადგინეს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად (რომელიც გამოწვეული იყო მოსარჩელის ბრალით), მოპასუხეს მიადგა 3582 ლარის ოდენობით ზიანი; ავტომანქანის მზღვეველმა - სს „ს-მ“ (რომელთანაც მოპასუხეს გაფორმებული ჰქონდა გენერალური ხელშეკრულება ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის შესახებ) მოპასუხეს სრულად ჩაურიცხა აღნიშნული თანხა; დაზიანებული ავტომობილი ამჟამად აღდგენილია და მისი აღდგენისათვის 3570 ლარის ოდენობით ხარჯი თავად მოსარჩელემ გასწია; მოპასუხემ მოსარჩელის ანგარიშზე ჩარიცხა მხოლოდ 1500 ლარი და დარჩენილი თანხის ანაზღაურებაზე უარი თქვა მტკიცებულებების არარსებობის გამო. სასამართლოებმა ასევე დაადგინეს, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი, ავტომანქანის აღდგენაზე გაწეული დანახარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები შესაბამისობაშია სადაზღვევო აქტის საფუძველზე დადგენილი თანხის ოდენობასთან, თუმცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული განკუთვნადი მტკიცებულება იმისა, რაც საწინააღმდეგოს დაადასტურებდა მოპასუხეს არ წარმოუდგენია. შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ მოსარჩელის მიერ მტკიცებულებების წარუდგენლობის გამო არ არსებობდა დარჩენილი თანხის - 2000 ლარის მისთვის დაკისრების საფუძველი.

27. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ გასაჩივრებული განჩინებით არ გამოვლენილა ისეთი საპროცესო დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და, შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

28. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას შპს „ე-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

30. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ე-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს შპს „ე-ს“ (ს/კ: ---) დაუბრუნდეს მის მიერ 2016 წლის 15 სექტემბერს №--- საგადასახადო დავალებით გადახდილი 300 (სამასი) ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე