საქმე №ას-436-436-2018 11 აპრილი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ზ. ო-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ნ. ო-ი, ი. ლ-ა (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ზ. ო-მა ადმინისტრაციული სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის, ი. ლ-ას და ნ. ო-ის მიმართ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინებით N3/ბ-385-17წ. ადმინისტრაციული საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო ზ. ო-ის მოთხოვნა ნ. ო-ისა და ი. ლ-ას შორის 2012 წლის 24 ივლისს დადებული ჩუქების ხელშეკრულებისა და სარეგისტრაციო ჩანაწერის (ს/კ ---) ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში ზ. ო-ის სააპელაციო საჩივარი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებაზე განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 თებერვლის განჩინებით ზ. ო-ის სააპელაციო საჩივარი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. ო-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. მითითებული ნორმის შესაბამისად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო კერძო საჩივრის განხილვისას ხელმძღვანელობს მოცემული ინსტანციის სასამართლოსათვის დადგენილი ნორმებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან ათი დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამავე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ამავე კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 თებერვლის განჩინება გაეგზავნა ზ. ო-ის წარმომადგენელს მ. ჯ-ეს (რომელიც საკუთარ უფლებამოსილებას ახორციელებდა ზ. ო-ის მიერ მის სახელზე 2017 წლის 13 სექტემბერს 3 წლის ვადით გაცემული მინდობილობის საფუძველზე. იხ.ტ. III, ს.ფ. 59) და ჩაბარდა პირადად ადრესატს 2018 წლის 9 მარტს (იხ.ტ. III, ს.ფ. 109).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება აპელანტის, ზ. ო-ის წარმომადგენელს ჩაბარდა 2018 წლის 9 მარტს, მისთვის განჩინების გასაჩივრების 12 დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2018 წლის 10 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 21 მარტს. საქმის მასალებით კი ირკვევა, რომ კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაგზავნილია ფოსტის მეშვეობით 2018 წლის 22 მარტს (იხ. ტ. III, ს.ფ. 125), ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან კერძო საჩივარი შეტანილია კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 კარით განსაზღვრული საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. მითითებული ნორმის საფუძველზე, მხარეს მთლიანად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 (ორმოცდაათი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 416-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ზ. ო-ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 თებერვლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
2. ზ. ო-ს (პასპორტის ნომერი ---) დაუბრუნდეს მ. ჯ-ის (პ/ნ ---) მიერ 2018 წლის 22 მარტს N--- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 (ორმოცდაათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნ. ბაქაქური