საქმე №ას-1295-1215-2017 15 მაისი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ ქ. ფ.ვ.გ.ს.პ.ს.თ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ.ჭ. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 აგვისტოს განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში უარყოფა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ვ.ჭ. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული) 2015 წლის 26 იანვრიდან სსიპ ,,ფ.ვ.გ. ს.პ.ს.თ–ში’’ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, დამსაქმებელი ან თეატრი) სცენის მემანქანედ მუშაობდა. მისი ყოველთვიური ანაზღაურება 350 ლარი (ხელზე ასაღები 280 ლარი) იყო.
2. 2015 წლის 17 ნოემბერს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, დეკორაციის გადატანისას, ამწე მექანიზმის მოწყვეტის შედეგად, მოსარჩელემ სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო, კერძოდ, მას აღენიშნებოდა ხერხემლის წელის ნაწილის დახურული ტრავმა, წელის პირველი მალის კომპრესულ-ფრაგმენტოვანი მოტეხილობა ძვლოვანი ფრაგმენტის ცდომით სპინალურ არხში, ზურგის ტვინის კომპრესია, ქვედა პარაპლეგია, მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციების მოშლა, ორივე ქუსლის ძვლის მოტეხილობა, მარცხენა წვივის ძვლის მოტეხილობა. მოსარჩელემ დაკარგა ქვედა კიდურების ფუნქცია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ქრონიკულია.
3. მიღებული ტრავმის შედეგად, მოსარჩელეს უვადოდ მიენიჭა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, და აქედან გამომდინარე, ის შრომისუუნაროა.
4. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაციის (ფორმა №100/ა, №00249/16 ცნობა) მიხედვით, მოსარჩელის დიაგნოზია პოსტტრავმული მიელოპათია, მოტორული დაზიანების დონე L2-დან. სენსორული Th12-დან. სრული ქვედა პარაპლეგია. მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა დისფუნქცია, №39.0 საშარდე გზების ინფექცია. სისტემური ანთებადი რეაქციის სინდრომი. D50.9 რკინადეფიციტური ანემია. K58. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი. L89 გავა-კუდუსუნის ნაწოლი.
5. სამედიცინო დაწესებულების დოკუმენტაციაში მითითებული მოკლე ანამნეზის მიხედვით, მოსარჩელე 2015 წლის დეკემბრიდან იმყოფება დისპანსერული მეთვალყურეობის ქვეშ, მისი მდგომარეობა მძიმეა, საჭიროებს გარეშე პირის მოვლას. ჩატარებული მკურნალობით მდგომარეობა გაუმჯობესდა. მიღწეული სტაბილიზაციის პირობებში შესაძლებელია სარეაბილიტაციო კურსის დაწყება, მას ესაჭიროება რეაბილიტირების მინიმუმ 2 პროცედურა სტაციონარული რეჟიმით, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, შესაძლებელი იქნება რეაბილიტაციის ამბულატორიულ რეჟიმზე გადასვლა. სტანდარტულად, მსგავსი ტიპის პაციენტებში იგი მოიცავს მინიმუმ ექვს ასეთ პროცედურას. ამჟამად პაციენტს მკურნალობა უგრძელდება სარეაბილიტაციო კურსის დაწყების მიზნით.
6. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ექსპერტიზის ბიურო) 2017 წლის 7 ივნისის დასკვნის მიხედვით, მოსარჩელის დიაგნოზია პოსტტრავმული მიელოპათია, ქვედა პარაპლეგია, საყრდენ-მამოძრავებელი ფუნქციის მკვეთრი მოშლით, მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა დისფუნქციით, რაც კავშირშია 2015 წლის 17 ნოემბერს მიღებულ ტრავმასთან. ამავე დასკვნის თანახმად, მოსარჩელე საჭიროებს რეაბილიტაციურ მკურნალობას (ტ.4, ს.ფ.5-15).
7. შპს ,,თ.ს–ის” 2017 წლის 2 აგვისტოს ჯანმრთელობის (ფორმა № 100/ა-ს) ცნობის მიხედვით, მოსარჩელეს გადაუდებლად ესაჭიროება 7 - კვირიანი სარეაბილიტაციო კურსის ჩატარება, შემდეგ კი, გეგმურად, იმავე კურსის განმეორება ხანგრძლივად, მინიმუმ 3 წლის განმავლობაში, წელიწადში ორჯერ. მკურნალობის ერთი კურსის (შვიდი კვირა) ღირებულება 11520 ლარია (ტ.4, ს.ფ, 28-29).
8. 2016 წლის 4 მარტს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა:
8.1. 2016 წლის თებერვლიდან, ყოველთვიურად 500 ლარის სახით სარჩოს გადახდა;
8.2. 2015 წლის 17 ნოემბრიდან 2016 წლის 10 მაისამდე გაწეული მკურნალობის ხარჯის, 7038 ლარის, სავალდებულო ფიზიოლოგიური კურსის ხარჯის, 67572 ლარის, 2016 წლის 1 მარტიდან ყოველთვიური მედიკამენტური მკურნალობისათვის 300 ლარისა და დამხმარე სამედიცინო პერსონალისთვის 750 ლარის ანაზღაურება.
8.3. მოსარჩელის მტკიცებით, 2015 წლის 26 იანვრიდან იგი თეატრის სცენის მემანქანედ მუშაობდა. 2015 წლის 17 ნოემბერს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღო სხეულის მძიმე ტრავმა, რაც თეატრის შენობაში დამონტაჟებულმა ტვირთამწე მექანიზმის ექსპლუატაციამ გამოიწვია. მიღებული ტრავმების შედეგად, მას უვადოდ მიენიჭა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი. ის შრომისუუნაროა და მას ესაჭიროება ზედამხედველობა, ინტენსიური მკურნალობა და დამხმარე სამედიცინო პერსონალის დაქირავება, ასევე, ექვსი ფიზიოთერაპიული პროცედურის ჩატარება, რაც სოლიდურ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
9. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, წარდგენილი შესაგებლით გამორიცხა მოთხოვნა და განმარტა, რომ მას ზიანის მიყენებაში ბრალი არ მიუძღოდა, თეატრის შენობა 2014 წლის 9 დეკემბერს, ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ ექსპლუატაციაში მიიღო. მას (მოპასუხეს) შენობა და მასში არსებული ქონება, მათ შორის, ტვირთამწე მექანიზმი, იმ ფორმით, რა ფორმითაც იგი 2015 წლის 17 ნოემბრამდე არსებობდა, უზურფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა სარგებლობაში. შენობაში არსებული საინჟინრო კომუნიკაციებისა და დანადგარების (მათ შორის, ლიფტის) ექსპლუატაციის სახელმძღვანელო, მათი ტექნიკური მახასიათებლების მითითებით, მას არ გადასცემია, შესაბამისად, იგი არ იყო ვალდებული, მოპასუხისთვის ზიანი აენაზღაურებინა.
10. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, 2016 წლის თებერვლიდან ყოველთვიურად, სარჩოს სახით 280 ლარისა და 2016 წლის 1 მარტიდან, ყოველთვიურად 300 ლარის გადახდა, ასევე, მკურნალობის ხარჯების, 67572 ლარის, გაწეული სამედიცინო ხარჯის 4788 ლარისა და ადვოკატის მომსახურების ხარჯის, 1500 ლარის, გადახდა დაეკისრა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს შრომის კოდექსის, შემდეგში სშკ-ის, 35.1, 35.3, 35.4, 35.5 და 35.6, ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 408-ე მუხლები გამოიყენა.
11. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით :
11.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოსარჩელის მკურნალობაზე გაწეული ხარჯი, 4788.00 ლარი იყო, უსაფუძვლო იყო ასევე პალატის დასკვნა, რომ სამედიცინო პერსონალის მომსახურებისათვის, ყოველთვიურად 300 ლარია საჭირო;
11.2. სასამართლომ არასწორად დაასკვნა ისიც, რომ რეაბილიტაციის ერთი პროცედურის ღირებულება 11262 ლარს შეადგენს. საქმის მასალებით არც ის დასტურდებოდა თუ რამდენად იყო აუცილებელი მითითებული პროცედურების მოსარჩელისათვის ჩატარება;
11.3. სასამართლომ არასწორად დააკისრა მოპასუხეს ყოველთვიური სარჩოს სახით 280.00 ლარის გადახდაც, გამომდინარე იქიდან, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ზიანის მიმყენებელი პირი არ ყოფილა, შესაბამისად, მას არც რაიმე თანხის ანაზღაურების ვალდებულება გააჩნდა.
11.4. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ზიანი არ იყო გამოწვეული მოპასუხის ბრალით, ვინაიდან არ დასტურდებოდა თეატრის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი;
11.5. საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდებოდა, რომ ტვირთამწე მექანიზმი მომეტებული საფრთხის წყაროა. ამასთან, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მისი გამოყენების დროს, სრული და გარანტირებული კონტროლი შეუძლებელი იყო, ვინაიდან, მისი ექსპლუატაციისას, ადამიანის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების გარკვეული შესაძლებლობა მუდმივად არსებობს;
11.6. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ თავის დროზე თეატრის ახლადაშენებული შენობა ესპლუატაციაში მიიღო ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ.
11.7. გამომდინარე იქიდან, რომ თეატრი არ წარმოადგენს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს, მის საშტატო ნუსხაში უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტის თანამდებობაც კი არ არის გათვალისწინებული, შესაბამისად, ზიანის ანაზღაურება მას უსაფუძვლოდ დაეკისრა.
12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 9 აგვისტოს განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. ამავე გადაწყვეტილებით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე მოპასუხის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად 11 520 ლარის ნაწილში მიექცა.
12.1. სააპელაციო პალატამ, სსკ-ის მე-1000 მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით, განმარტა, რომ, მართალია, დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, თუმცა მითითებული ნორმა (სსკ-ის 1000.2) ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს. პალატის დასკვნებით, აღნიშნული ნორმა მომეტებულ საფრთხეზე მიუთითებს, შესაბამისად, პირი, რომელმაც მომეტებული საფრთხის წყაროთი (კონკრეტულ შემთხვევაში - ამწე მექანიზმით) სხვას ზიანი მიაყენა, ვალდებულია, აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება (სსკ-ის 408.1);
12.2. პალატის დასკვნებით, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი იყო, რომ 2015 წლის 17 ნოემბერს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მოსარჩელეს ზიანი მოპასუხის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ნაგებობაში - თეატრის შენობაში დამონტაჟებული ტვირთამწე მექანიზმის (მომეტებელი საფრთხე) ექსპლუატაციის შედეგად მიადგა, ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირი სწორედ მოპასუხე იყო;
12.3. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები, მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხისათვის დაკისრებული ყოველთვიური სარჩოს, ჩატარებული მკურნალობის, სავალდებულო ფიზიოლოგიური კურსის, მედიკამენტური მკურნალობისა და დამხმარე სამედიცინო პერსონალისთვის განსაზღვრული თანხების ოდენობასთან დაკავშირებით;
13. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, სააპელაციო საჩივრის ანალოგიურ საფუძვლებზე მითითებით (იხ. პ. 11). კასატორმა დამატებით შემდეგ გარემოებებზეც მიუთითა:
13.1. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ საქმეში წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში არ არის განსაზღვრული რეაბილიტაციური მკურნალობის სახე (სტაციონალური, ამბულატორიული), შესაბამისად, მკურნალობის ღირებულების წინასწარ განსაზღვრა რეალურად შეუძლებელი იყო;
13.2. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა უსაფუძვლოდ დააკმაყოფილეს მოთხოვნა მკურნალობისათვის საჭირო ხარჯის - 67572 ლარის ნაწილში, გამომდინარე იქიდან, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის შეთანხმება იმ კლინიკასთან, სადაც მოპასუხე სარეაბილიტაციო კურსის ჩატარებას აპირებს. გარდა ამისა, წინასწარ შეუძლებელია იმის დადგენა, თუ სამომავლოდ რა ხარჯებთან იქნება დაკავშირებული 3 წლის განმავლობაში ექვსჯერ ჩასატარებელი შესაბამისი სარეაბილიტაციო პროცედურები.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
16.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
17. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სშკ-ის 44-ე მუხლის (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), პირველი მუხლის მეორე ნაწილის (შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით), სსკ-ის მე-1000 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების (თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე ამ ნაგებობაში წარმოებული, მოთავსებული ან მიწოდებული ენერგიისაგან, ანდა ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ანდა მომწამვლელი ნივთიერებისაგან, მაშინ ამ ნაგებობის მფლობელი ვალდებულია, თუკი ამ საფრთხის პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება ანდა ნივთის დაზიანება, აუნაზღაუროს დაზარალებულს აქედან წარმოშობილი ზიანი. იგივე პასუხისმგებლობა გამოიყენება ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ან მომწამვლელი ნივთიერების მფლობელების მიმართ, როცა ამ ნივთიერებებიდან მომეტებული საფრთხე გამომდინარეობს; თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან ან ნივთიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე სხვაგვარი საფუძვლით, ვიდრე ამ მუხლის პირველ ნაწილშია აღნიშნული, ნაგებობის ან ნივთის მფლობელი ვალდებულია ანალოგიურად აანაზღაუროს საფრთხის განხორციელების შედეგად წარმოშობილი ზიანი), 408-ე მუხლისა (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება; თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით; დაზარალებულს უფლება აქვს მკურნალობის ხარჯები მოითხოვოს წინასწარ. იგივე წესი მოქმედებს მაშინაც, როცა აუცილებელი ხდება პროფესიული გადამზადება; სარჩოს ნაცვლად დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს კომპენსაციის მიღება, თუ არსებობს საამისო მნიშვნელოვანი საფუძველი) და 409-ე მუხლის (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება), დანაწესებიდან გამომდინარეა.
18. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ იგი ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს არ წამოადგენდა, გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი მისი ბრალეული ქმედებით არ ყოფილა გამოწვეული, სახელდობრ:
18.1. სსკ-ის მე-1000 მუხლი მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელის პასუხისმგებლობის წესს ადგენს და, განსხვავებით დელიქტური ვალდებულების ზოგადი დანაწესისაგან, ნივთის მფლობელს, ბრალის მიუხედავად, ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას უდგენს, თუკი მომეტებული საფრთხის წყაროს განხორციელებამ ადამიანის სხეულისა და ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლის მეორე ნაწილი გულისხმობს ნებისმიერ ისეთ ნივთს, რომელიც თავისი თვისებებით მომეტებული საფრთხის შემცველია. საფრთხე მომეტებულად უნდა ჩაითვალოს, თუ ის ქმნის ზიანის მიყენების მომეტებულ ალბათობას ადამიანის მიერ მასზე სრული კონტროლის შეუძლებლობის გამო. შენობაში დამონტაჟებული ტვირთამწე სწორედ ამგვარი ნივთია, რადგან იგი არ ექვემდებარება სრულ კონტროლს. ვინაიდან პოტენციური საფრთხის წყაროების გამოყენება სამართლებრივად ნებადართულია, კომპენსაციის სახით, უფრო მკაცრია იმ პირის პასუხისმგებლობა, ვინც ასეთი საგნების მოხმარებით საფრთხის წყაროს ქმნის. სსკ-ის მე-1000 მუხლი არის ნებადართული საფრთხისათვის პასუხისმგებლობის საფუძველი (შდრ. სუსგ # ას-40-37-2015, 24.12.2015).
18.2. მართლწინააღმდეგობასთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს, რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედება არამართლზომიერი მოქმედებაა. მართლზომიერი ქმედება კი, არა მარტო სამართლის ნორმათა მოთხოვნების დაცვას გულისხმობს, არამედ ზოგად მოვალეობას, რომ პირმა თავისი ქმედება/ურთიერთობა ადამიანებისა და საგნების მიმართ ისე წარმართოს, რომ არავინ და არაფერი დააზიანოს. ამდენად, თუ მოქმედება არღვევს საგანგებოდ დაცულ უფლებებს (სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრების, პირად უფლებებს), მართლწინააღმდეგობა იმთავითვე ვლინდება. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ უზრუნველყო სშკ-ის 35.1 (დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოთი), და 35.4 (დამსაქმებელი ვალდებულია დანერგოს შრომის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი პრევენციული სისტემა და დროულად მიაწოდოს დასაქმებულს სათანადო ინფორმაცია შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკებისა და მათი პრევენციის ზომების, აგრეთვე საფრთხის შემცველ აღჭურვილობასთან მოპყრობის წესების შესახებ, აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს დასაქმებული პერსონალური დამცავი აღჭურვილობით, სახიფათო მოწყობილობა ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად დროულად შეცვალოს უსაფრთხოთი ან ნაკლებად სახიფათოთი, მიიღოს ყველა სხვა გონივრული ზომა დასაქმებულის უსაფრთხოებისათვის და მისი ჯანმრთელობის დასაცავად) მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, რასაც შედეგად მოსარჩელის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენება მოჰყვა. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით უდავოა, რომ კასატორმა სხეულის დაზიანება მიიღო მოპასუხის მფლობელობაში არსებული მომეტებული საფრთხის წყაროთი, მასთან მუშაობის დროს (შდრ. სუსგ # ას-40-37-2015, 24.12.2015).
18.3. სსკ-ის მე-1000 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, პირი მოვალეა, აუნაზღაუროს დაზარალებულს მომეტებული საფრთხის წყაროთი მიყენებული ზიანი, თუ ვერ დაამტკიცებს, რომ ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალის მოქმედებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანი გამოწვეულია ელექტროგადამცემი ხაზების ავარიით, ანდა ნავთობის, გაზის, წყლის ან ნავთობპროდუქტების მიმწოდებელი მოწყობილობების დაზიანებებით. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოპასუხე ვალდებული იქნება, კონკრეტულ შემთხვევაში, აუნაზღაუროს დასაქმებულს მიყენებული ზიანი, ვინაიდან იგი გამოწვეულია მომეტებული საფრთხის შემცველი, საწარმოს მფლობელობაში მყოფი ნივთის ზემოქმედების შედეგად და არა - დაუძლეველი ძალის ზემოქმედებით (შდრ. სუსგ #ას-651-1301-03, 17.12.2003).
18.4. ამდენად, პასუხისმგებლობა ნივთიდან გამომდინარე მომეტებული საფრთხით გამოწვეული ზიანისათვის ყოველთვის დგება ბრალის მიუხედავად. უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სსკ-ის მე-1000 მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ ზიანის მიყენების წყაროა მომეტებული საფრთხის შემცველი მოწყობილობა ან საგანი, რომლის მფლობელი ვალდებულია, აანაზღაუროს ამგვარ ობიექტსა თუ მოქმედებასთან დაკავშირებული ზიანი. მომეტებულ საფრთხეში იგულისხმება ნებისმიერი საქმიანობა, რომლის განხორციელება შეიცავს ზიანის მიყენების აშკარა შესაძლებლობას და რომლის კონტროლირებაც აღემატება ადამიანის შესაძლებლობებს (შდრ. სუსგ # ას-1287-1208-2015, 26.02.2016).
18.5. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოსარჩელეს ზიანი მიადგა. ასევე უდავოა, რომ ზიანის დადგომა მოპასუხის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ნაგებობაში - თეატრის შენობაში დამონტაჟებულმა ტვირთამწე მექანიზმის ექსპლუატაციამ გამოიწვია. შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ საკითხი მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ეხება, რომელსაც კანონმდებელი მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებელ პირად განიხილავს, საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას და თვლის, რომ ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ სუბიექტად მოპასუხე მართებულად განისაზღვრა.
19. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას დაკისრებული ზიანის ოდენობასთან დაკავშირებითაც, სახელდობრ:
19.1. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი 280 ლარი იყო, ასევე, დადგენილია, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ტრავმის შედეგად, მოსარჩელეს უვადოდ მიენიჭა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსი და გახდა შრომისუუნარო. მკურნალობისათვის მან მთლიანობაში 4788 ლარის მედიკამენტები შეიძინა და დამატებით რეაბილიტაციის 6 პროცედურის ჩატარება ესაჭიროება, რომლის თითოეული კურსის ღირებულება 11 520 ლარს შეადგენს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციითა (ფორმა IV-100/ა) და შპს „თ.ს–ის“ მიერ გაცემული ანგარიშფაქტურით. სადავო არ არის ისიც, რომ მოსარჩელეს 2016 წლის 1 მარტიდან დღემდე, დამხმარე სამედიცინო პერსონალის ყოველთვიური მომსახურებისათვის 300 ლარის ანაზღაურება უწევს. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხემ კვალიფიციური შედავების პირობებში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აღნიშნული მტკიცებულებების გასაქარწყლებლად, ვერ შეძლო დამაჯერებელი არგუმენტებისა და ისეთი დასაშვები მტკიცებულების წარმოდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ მისთვის დაკისრებული თანხები, შეუსაბამოდ მაღალი იყო, ამდენად, პალატა თვლის, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, სწორად განსაზღვრეს ასანაზღაურებელი თანხების ოდენობა.
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ-ები # ას-40-37-2015, 24.12.2015; # ას-1287-1208-2015, 26.02.2016;# ას-850-1064-08, 27.04.2009; #ას-413-399-2011, 02.06.2011; #ას-88-84-2014, 07.07.2014; #ას-456-435-2015, 30.10.2015; #ას-1287-1208-2015;, #ას-217-207, 2016წ; #ას- 485-466-2016, 16.09.2016წ; # ას-646-617-2016, 30.09.2016წ; #ას-651-1301-03, 17.12.2003).
22. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ ქ. ფ.ვ.გ. ს.პ.ს.თ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სსიპ ქ. ფ.ვ.გ.ს.ფ.ს.თ–ს (ს/კ ....) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 4 662 (ოთხი ათას ექვსასსამოცდაორი) ლარის (საგადახდო მოთხოვნა #00625, გადახდის თარიღი 06.03.2018 წ.) 70% – 3 263.4 (სამი ათას ორასსამოცდასამი ლარი და 40 თეთრი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი