Facebook Twitter

3გ-ად-79-კს-02 23 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განიხილა მესამე პირის _ საქართველოს კონტროლის პალატის კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 27 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 23 სექტემბერს თბილისის საოლქო სასამართლოში აღიძრა შპს “მ-ის” სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის 2002წ. 14 იანვრის ¹37 განკარგულების მე-12 მუხლისა და კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2002წ. 25 ივლისის ¹519 ბრძანების ბათილად ცნობის და, შესაბამისად, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შეჩერების თაობაზე. მოსარჩელის მიერ მოპასუხედ დასახელებული იქნა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო კანცელარია.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 27 სექტემბრის განჩინებით შეჩერებულ იქნა საქართველოს პრეზიდენტის 2002წ. 14 იანვრის ¹37 განკარგულების მე-12 მუხლისა და კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2002წ. 25 ივლისის ¹519 ბრძანების მოქმედება (შპს “მ-თან” დაკავშირებით) სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ამასთან, მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს კონტროლის პალატა.

2002წ. 21 ოქტომბერს თბილისის საოლქო სასამართლოში შევიდა საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ვ. პ-ის კერძო საჩივარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილში განჩინების გაუქმების თაობაზე.

კერძო საჩივრის ავტორი განჩინების ნაწილობრივ გაუქმებას ითხოვდა შემდეგ საფუძვლებით:

1. სასამართლო კოლეგიამ არასწორად იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ეხება ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს, მაშინ, როცა კოლეგიას უნდა ეხელმძღვანელა ამავე მუხლის მეორე ნაწილით, ვინაიდან გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების ადრესატი პირთა უფრო ფართო წრეა, ზემოქმედების სფერო _ საზოგადოებრივ ურთიერთობათა უფრო ფართო ჯგუფია, ერთი პირის მიერ მისი გასაჩივრების გამო არ შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს საჯარო ინტერესი, რომელიც საფუძვლად დაედო აღიშნული აქტების გამოცემის აუცილებლობას;

2. სასამართლო კოლეგიას არ უმსჯელია იმ გარემოებაზე, რომელსაც ითვალისწინებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც, გადაუდებლად აღსასრულებელი აქტის მოქმედების შეჩერება შესაძლებელია, თუ:

ა) არსებობს დასაბუთებელი ეჭვი აქტის კანონიერების თაობაზე;

ბ) აქტის გადაუდებლად აღრსულებით არსებითი ზიანი მიადგება მხარეს.

სასამართლო კოლეგიას განჩინების სამოტივაციო ნაწილში არ უმსჯელია ზიანის არსებით ხასიათზე და, აღნიშნულიდან გამომდინარე, არ ჰქონდა გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შეჩერების საფუძველი;

3. სასამართლო კოლეგიას მხედველობაში არ მიუღია ადმინისტრაციული აქტების გასაჩივრების ვადა. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის ¹37 განკარგულება მიღებულ და გამოქვეყნებულ იქნა 2002წ. 14 იანვარს, ხოლო კონტროლის პალატის თავმჯდომარის ¹519 ბრძანება _ 2002წ. 25 ივლისს;

4. სასამართლო კოლეგიის მიერ არ არის გამოყენებული ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის მე-3 ნაწილი. კერძოდ გადაუდებლად აღსასრულებელი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ წარდგენილი შუამდგომლობის ერთ-ერთი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მისი განხილვა ხდება არა დაუყოვნებლივ, არამედ სამი დღის ვადაში, რის გამოც სასამართლო კოლეგიას აღნიშნულის შესახებ უნდა მიეღო ცალკე განჩინება.

სასამართლო კოლეგია, გაეცნო რა საჩივრის შინაარსს, მიიჩნია, რომ იგი უსაფუძვლოა და არ დააკმაყოფილა შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საქართველოს პეზიდენტის 2002წ. 14 იანვრის ¹37 განკარგულება და საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2002წ. 25 ივლისის ¹519 ბრძანება, საოლქო სასამართლოს მოსაზრებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ" პუნქტის მიხედვით, თავიანთი შინაარსით წარმოადგენენ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს;

2. საჩივრის ავტორი აქცენტს აკეთებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც მხარის მოთხოვნით სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ადმინისტრაციული აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება ამ კოდექსის 29-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ადმინისტრაციული აქტის კანონიერების თაობაზე ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს ხდის მისი კანონიერი უფლებების ან ინტერესების დაცვას.

მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საოლქო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული მუხლის მოშველიება კერძო საჩივრის ავტორის მიერ არასწორია, რადგან საქმე გვაქვს ისეთ ადმინისტრაციულ აქტთან, რომელზეც 29-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევები არ ვრცელდება, 29-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, სარჩელის წარდგენა სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის მოქმედებას;

3. სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე იგი არ იყო უფლებამოსილი, წინასწარ განეხილა, იყო თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმული, ვინაიდან სსკ-ს 177-178-ე მუხლები (საქმეების განხილვა პირველი ინსტანციით) აღნიშნული საკითხის წინასწარ განხილვას არ ითვალისწინებს;

4. ასევე, საოლქო სასამართლოს მოსაზრებით, არ არის სწორი კერძო საჩივრის ავტორის მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის მესამე ნაწილის მოშველიება, რომლის მიხედვითაც, სასამართლო, მხარის შუამდგომლობასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას იღებს სამი დღის ვადაში, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, საქმე გვაქვს არა 29-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებთან, არამედ 29-ე მუხლის პირველი ნაწილის იმპერატიული ხასიათის მოთხოვნასთან, რის გამოც, სასამართლო კოლეგიის მიერ ცალკე განჩინების მიღება არ იყო საჭირო.

ამდენად, თბილისის საოლქო სასამართლომ საქართველოს კონტროლის პალატის კერძო საჩივარი არ დააკმაყოფილა და საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოუგზავნა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ კონტროლის პალატის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 27 სექტემბრისა და 22 ოქტომბრის განჩინებები კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2002წ. 25 ივლისის ¹519 ბრძანების შეჩერების ნაწილში შპს “მ-თან" დაკავშირებით შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2002წ. 25 ივლისის ¹519 ბრძანებით, “საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ" კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად, დასავლეთ საქართველოს დეპარტამენტის სარევიზიო ჯგუფი მივლინებულ იქნა დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში სს “მ-ისა" და სხვათა საწესდებო კაპიტალისა და პრივატიზაციის კანონიერების თემატური შემოწმების ჩასატარებლად თანდართული პროგრამის მიხედვით. ამასთან, მივლინების ვადა განისაზღვრა 2002წ. 29 ივლისიდან 2002წ. 27 სექტემბრამდე.

საქმის მასალებით ასევე დადგენლია, რომ დასავლეთ საქართველოს დეპარტამენტის სარევიზიო ჯგუფმა შემოწმება დაასრულა და აქტი შეადგინა 2002წ. 19 სექტემბერს, მაშინ, როცა შპს “მ-ის" სარჩელი სასამართლოს წარედგინა 2002წ. 23 სექტემბერს.'ამდენად, საკასაციო სასამართლო საოლქო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სარჩელის აღძვრის მომენტისათვის კონტროლის პალატის 2002წ. 25 ივლისის ¹519 ბრძანების მოქმედება უკვე ამოწურული იყო და შპს “მ-ის” შემოწმების აქტიც შედგენილი იყო.

საკასაციო სასმართლო განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად ადმინისტრაციული აქტის როგორც ბათილად, ისე ძალადაკარგულად გამოცხადება გულისხმობს აქტის მოქმედების შეწყვეტას (სხვადასხვა სამართლებრივი შედეგით), მაგრამ ორივე მათგანი განსხვავდება აქტის შესრულებისაგან (ამოწურვისაგან), რომლის დროსაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოქმედებას წყვეტს ავტომატურად. მოცემულ შემთხვევაში, კონტროლის პალატის გასაჩივრებულმა ბრძანებამ მოქმედება შეწყვიტა შემოწმების აქტის შედგენისთანავე, რადგან მის მიერ განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობა ამოიწურა, განხორციელდა. ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული აქტი საგანგებოდ ძალადაკარგულად არ ცხადდება, რადგან იგი ავტომატურად წყვეტს არსებობას, ასეთი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება ვერ მოხდება, რამეთუ იგი უკვე შესრულებულია. ასეთი ტიპის აქტი, რომელიც უკვე განხორციელდა, შესაძლოა მხოლოდ ბათილად გამოცხადდეს და ისიც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას.

ზემოთმითითებულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საოლქო სასამართლომ კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2002წ. 25 ივლისის ¹519 ბრძანების შეჩერებისას არასწორად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილი. ამ ნაწილის თანახმად სარჩელის წარდგენა სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის მოქმედებას, მოცემულ შემთხვევაში, შპს “მ-ის” მიერ სარჩელის აღძვრისას კონტროლის პალატის გასაჩივრებული ბრძანება ამოწურული (შესრულებული) იყო და შესაბამისად აღარ მოქმედებდა, რის გამოც შეუძლებელი იყო მისი შეჩერება.

საკასაციო პალატა, ამასთან, საოლქო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ შპს “მ-ის” მიერ კონტროლის პალატა მოპასუხედ არ ყოფილა დასახელებული. საოლქო სასამართლომ ისე შეაჩერა კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2002წ. 25 ივლისის ¹519 ბრძანება, რომ არ უმსჯელია პროცესუალურად რამდენად შეეძლო მესამე პირის ადმინისტრაციული აქტის შეჩერება. საგულისხმოა ისიც, რომ საოლქო სასამართლომ კონტროლის პალატა საკუთარი ინიციატივით ჩააბა საქმეში მესამე პირად, მაშინ, როცა კონტროლის პალატის თავმჯდომარის ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების ნაწილში იგი სათანადო მოპასუხეს წარმოადგენდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კონტროლის პალატის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კოტროლის პალატის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 27 სექტემბრისა და 22 ოქტომბრის განჩინებები კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2002წ. 25 ივლისის ¹519 ბრძანების შეჩერების ნაწილში შპს “მ-თან” დაკავშირებით;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.