Facebook Twitter

საქმე №ას-383-356-2017 9 ივნისი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა. ტ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ქ. კ-ია, ნ. ვ-ი, თ. ა-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – ვალდებულების შესრულებულად აღიარება, სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ა. ტ-მა (შემდგოში _ მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან მოვალე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ. კ-იას, ნ. ვ-ისა და თ. ა-ის (შემდგომში _ მოპასუხეები, მოწინააღმდეგე მხარეები ან კრედიტორები) მიმართ ვალდებულების შესრულების აღიარებისა და სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის მოთხოვნით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილები:

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2016 წლის 1 ივნისს მოპასუხეთა შუამდგომლობა დააკმაყოფილა, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

3.2. ამავე სასამართლოს 2016 წლის 18 ივლისის განჩინებით მოსარჩელის მიერ წარდგენილი საჩივარი არ დაკმაყოფილდა და 2016 წლის 1 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოვალემ, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 იანვრის განჩინებით (საოქმო), სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

6.2. კერძო საჩივრის თანახმად, გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის უხეში დარღვევით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ის გარემოება, რომ უწყება აპელანტს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩააბარა, ასევე, არასწორად იქნა სასამართლოს მხრიდან აპელანტის გამოუცხადებლობა არასაპატიოდ მიჩნეული, რამდენადაც მხარის გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო განპირობებული, რის შესახებაც მან სასამართლოს ტელეფონის მეშვეობით აცნობა, გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული იყო პირველი სხდომა და აპელანტის მდგომარეობის გაუთვალისწინებლად პალატამ არასწორად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი. სასამართლო იყო მიკერძოებული, რადგანაც მან მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის განმარტებები გაითვალისწინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიიჩნევს, რომ ა. ტ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:

ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;

გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. პალატა ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:

1.2.1. საქმის მასალების თანახმად, 2016 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით მოვალის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად. ამავე განჩინებით დაინიშნა სასამართლო სხდომა 2017 წლის 26 იანვარს, 16:00 საათზე;

1.2.2. სასამართლო უწყება საქმის განხილვის დროისა და ადგილის, ასევე, სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შედეგების მითითებით აპელანტს გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე და საფოსტო უკუგზავნილის თანახმად, 2016 წლის 26 ოქტომბერს პირადად ჩაიბარა აპელანტმა;

1.2.3. დანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადებულა აპელანტი, ამასთანავე, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელზე დაყრდნობითაც სასამართლო მივიდოდა დასკვნამდე, რომ აპელანტმა სასამართლოს აცნობა სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ;

1.2.4. გამოცხადებულმა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

1.3. კერძო საჩივრის ავტორი პრეტენზიას ძირითადად ორი საფუძვლით აცხადებს: ა) სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ მხარე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე; ბ) სააპელაციო სასამართლოში გამოუცხადებლობა განპირობებული იყო საპატიო მიზეზით.

1.3.1. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო სასამართლოს მიერ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 229-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის გამოყენებისა და ამ ნორმათა საფუძველზე, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების შემოწმება.

1.4. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება (სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება) უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის საფუძველი გახდა.

1.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის კონტექსტში საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ იგი საპროცესო წესების დაცვით არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე, რამეთუ, როგორც ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.2.2. პუნქტშია აღნიშნული, აპელანტმა უწყება ჩაიბარა პირადად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. ამდენად, საქმის მასალებით უტყუარად დგინდება, რომ მხარე სწორედ საპროცესო წესების დაცვით იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.

1.6. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მეორე არგუმენტს, რომ იგი საპატიო მიზეზით ვერ გამოცხადდა სხდომაზე, საკასაციო პალატა ამ არგუმენტის სამართლებრივად შეფასების მიზნით მოიშველიებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილს (სსსკ-ის 241-ე მუხლი), რომლის შესაბამისადაც, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

1.6.1. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მხარის მიერ შუამდგომლობის წარდგენისა თუ მისი წარდგენის შეუძლებლობის საკანონმდებლო რეგლამენტაციას და, ერთი მხრივ, მიუთითებს განსაკუთრებული ობიექტური გარემოების არსებობის აუცილებლობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, ადგენს ამ გარემოების თაობაზე მხარის ობიექტურ შეუძლებლობას, წინასწარ აცნობოს სასამართლოს. ნორმის ამ ელემენტთაგან ერთ-ერთის არარსებობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის მომტანია.

1.6.2. საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ მხარე იყო ავად, მწვავე მოწამვლის გამო ვერ შეძლო სასამართლოში გამოცხადება, რის შესახებაც წინასწარ აცნობა სასამართლოს ტელეფონით, რადგანაც არც სასამართლოს წინასწარი ინფორმირების და არც ავადმყოფობის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება, უფრო მეტიც, კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ მოვალე ამ ცნობას წარადგენდა მოგვიანებით. მიუხედავად იმისა, რომ საკასაციო სასამართლომ აცნობა მხარეს კერძო საჩივრის განხილვის თარიღი, ამ დრომდე მხარეს შესაბამისი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

1.7. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი არ შეიცავს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ საფუძვლებზე მითითებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ტ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი