Facebook Twitter

საქმე №ას-476-444-2017 9 ივნისი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – თ. პ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ლ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ზ. ლ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან დაზარალებული) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. პ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან ვალდებული პირი) მიმართ, ავტოსატრანსპორტო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მიზნით მოპასუხისათვის 2 360 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ, 800 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში ცნო, ხოლო დანარჩენ ნაწილში მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ვალდებულ პირს დაზარალებულის სასარგებლოდ დაეკისრა 2 360 ლარის გადახდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

6.2. კერძო საჩივრის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარების თაობაზე არასწორია და არ გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მოთხოვნებიდან, რამდენადაც კურიერის მეშვეობით გაგზავნილი უწყება პირს უნდა ჩაბარებოდა პირადად, გასაჩივრებული განჩინების თანახმად კი, კურიერმა მეზობლის მითითებაზე დაყრდნობით დაადგინა აპელანტის მიერ მისამართის შეცვლის ფაქტი, რაც არასწორია. მხარეს არ შეუცვლია მისამართი, რასაც ის ფაქტიც მოწმობს, რომ 2017 წლის 17 მარტის განჩინება მას სადავო მისამართზე ჩაბარდა, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-4 ნაწილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. პ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო (კერძო) საჩივარს, თუ:

ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;

გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს სასამართლოს შეტყობინების ჩაბარებულად მიჩნევასთან დაკავშირებით საპროცესო წესების გამოყენების კანონიერება და ამ გზით, ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება წარმოადგენს.

1.3. კერძო საჩივარში გადმოცემული პრეტენზიების საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საკითხის სწორად შეფასებისათვის მნიშვნელობის მქონე რამდენიმე ფაქტობრივ გარემოებაზე, კერძოდ:

1.3.1. სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, სადაც საკუთარ მისამართად მიუთითა ქ.თბილისი, მ-ის ქ#4/3, ხოლო მობილური ტელეფონის ნომრად _ 5-, სხვა დამატებითი მისამართი საქმის მასალებში არ მოიპოვება (იგივე მისამართია მითითებული სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილ შესაგებელშიც);

1.3.2. სააპელაციო პალატამ 2016 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით დაადგინა რა ხარვეზი სააპელაციო საჩივარზე, აპელანტის მიერ შესაგებელსა და სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე ეს განჩინება გააგზავნა ოთხჯერ. საფოსტო შეტყობინებების თანახმად, ჩაუბარებლობის მიზეზს წარმოადგენდა ადრესატის მისამართზე არყოფნა, ორ მათგანში დამატებით მითითებულია ისიც, რომ მეზობლის თქმით ადრესატი აღარ ცხოვრობს მითითებულ მისამართზე. საქმეში წარმოდგენილია სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი სატელეფონო შეტყობინების აქტი, რომლის თანახმადაც, სააპელაციო საჩივარში მითითებულ ნომერზე ადრესატთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა იმ საფუძვლით, რომ ნომერი არ იყო რეგისტრირებული.

1.3.3. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის/აპელანტის მიერ მითითებული მისამართი იყო არასწორი, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

1.4. საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას გასაჩივრებული განჩინებით საპროცესო სამართლის ნორმათა არასწორი განმარტების თაობაზე, თუმცა, მიიჩნევს, რომ ამ დარღვევას არასწორი შედეგი არ მოჰყოლია. ამ თვალსაზრისით პალატა აღნიშნავს შემდეგს:

1.4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლები ადგენენ მხარეთა სასამართლოში დაბარების წესებს და განსაზღვრავენ იმ გარემოებათა მარეგულირებელ წინაპირობებს, თუ როდის მიიჩნევა მხარე ინფორმირებულად, ამგვარ წესს უპირველესად, განეკუთვნება უშუალოდ მხარისათვის შეტყობინების ჩაბარება, ასევე, მისი ოჯახის ქმედუნარიანი წევრისა თუ სამუშაო ადგილის ადმინისტრაციისათვის კორესპონდენციის გადაცემა (იხ. სსსკ-ის 70-ე, 73.8, 74.1), თუმცა, ამ წესისაგან კანონი ადგენს გამონაკლისს, კერძოდ, მხარე ინფორმირებულად მიიჩნევა მაშინაც კი, როდესაც იგი სასამართლოს არასწორ ან არაზუსტ მისამართს მიუთითებს, ასევე, არ აცნობებს მისამართის შეცვლის თაობაზე (იხ. სსსკ-ის 71-ე, ასევე, 76-ე მუხლი), კანონით ასევე აღიარებულია იმ მხარის ინფორმირებულად მიჩნევის შესაძლებლობა, რომლის ადგილსამყოფელიც უცნობია ან სხვაგვარად ვერ ბარდება შეტყობინება (იხ. სსსკ-ის 78-ე მუხლი), ამ წესების ერთობლივი ანალიზი იძლევა დასკვნის საფუძველს იმის თაობაზე, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს აცნობოს საკუთარი მისამართი, რათა კომუნიკაცია არ გართულდეს მასთან, მისამართის მითითების პარალელურად, მხარის რისკს წარმოადგენს ის ფაქტი, ამ მისამართზე ჩაბარება შესაძლებელი იქნება თუ არა.

1.4.2. განსახილველ შემთხვევაში, პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ მისი მისამართი სწორია (სწორედ ამ მისამართზე ჩაიბარა მან გასაჩივრებული განჩინება), შესაბამისად, მხედველობაში არ უნდა იქნას მიღებული მეზობლის ან სხვა გარეშე პირთა განმარტება, თუმცა, ისიც უდავოა, რომ სასამართლომ აპელანტს მის მიერ შესაგებელსა და სააპელაციო საჩივარში აღნიშნულ მისამართზე 4-ჯერ გაუგზავნა შეტყობინება და ჩაბარების შეუძლებლობის უმთავრეს წინაპირობად უკუგზავნილებში მითითებულია, რომ ადრესატი შინ არ იმყოფებოდა. გარდა ამისა, მასთან ნომრის რეგისტრაციის არარსებობის გამო, შეუძლებელი აღმოჩნდა სატელეფონო კომუნიკაციაც, ამ მხრივ კერძო საჩივარი არ შეიცავს რაიმე არგუმენტს, თუ რა აფერხებდა კურიერის ვიზიტისას ადრესატს და რატომ არ ხვდებოდა შინ.

1.4.3. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირის მიერ მითითებულ საკუთარ მისამართზე განმეორებით გაგზავნილი შეტყობინება მიიჩნევა ჩაბარებულად, თუმცა, მოხმობილი წესებიდან გამომდინარე, ადრესატისათვის ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ჩაბარებულად კურიერის მეოთხე ვიზიტის დღესაც რომ მივიჩნიოთ (15.02.2017წ.), სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 63-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული მოქმედების შესრულების უფლებამოსილება გაქარწყლდა 2017 წლის 22 თებერვალს, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

1.5. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს განჩინება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას, ხოლო კერძო საჩივრის ავტორს ამ განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია არ შემოუთავაზებია სასამართლოსათვის.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. პ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი