Facebook Twitter

საქმე №ა-390-ა-2-2017 30 ივნისი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი _ რ. ჯ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „ო-ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება

განმცხადებლის მოთხოვნა _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – მიუღებელი დივიდენდისა და ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით რ. ჯ-ის სარჩელი შპს „ო-ას“ მიმართ საზოგადოების პარტნიორად ყოფნის პერიოდში მიუღებელი დივიდენდის _ 400 000 ლარისა და 2009 წლის 26 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ამ თანხის 0,7%-ის (მიუღებელი შემოსავალი) დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩვრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ო-ას“ რ. ჯ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 335 906 ლარის გადახდა, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ო-ამ“.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „ო-ას“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება რ. ჯ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა რ. ჯ-ემ და მოითხოვა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საკასაციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების გაუქმება, ასევე, საქმის წარმოების განახლება. განცხადება ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

4.1. საკასაციო სასამართლომ გადაწყვეტილებას საფუძვლად ძირითადად ის ფაქტი დაუდო, რომ წილის გასხვისების ხელშეკრულებისას პარტნიორმა განკარგა სადავო დივიდენდის მოთხოვნის უფლებაც, რასაც მოსარჩელე უარყოფდა და ამტკიცებდა, რომ დივიდენდის მოთხოვნის უფლება არ დაუთმია, თუმცა, სასამართლომ აღნიშნული არ გაიზიარა. სამოქალაქო საქმის განხილვის პარალელურად დადგა საკითხები, რომლებიც საგამოძიებო ორგანოს მხრიდან შესწავლას მოითხოვდა, სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად იქნა ცნობილი განმცხადებელი. სისხლის სამართლის საქმის გაცნობისას მოსარჩელის ადვოკატმა აღმოაჩინა წილის შემძენის _ ე. თ-ის მიერ საგამოძიებო ორგანოსათვის მიცემული ჩვენება, სადაც განმარტავდა, რომ მას წილის შეძენისას სხვა ქონებაზე უფლება არ შეუძენია, ხოლო შპს „ო-ამ“ გაუსტუმრა დავალიანება რ. ჯ-ეს. იმ შემთხვევაში, თუკი გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოს ექნებოდა ხსენებული მტკიცებულება, იგი მხარის განმარტების საწინააღმდეგოდ ვერ დაადგენდა სადავო ფაქტობრივ გარემოებას, რაც რადიკალურად განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდებოდა;

4.2. სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხული ხსენებული მოწმის ჩვენების თანახმად, რ. ჯ-ე შპს „ო-აში“ საკუთარი წილის დასხვისებისას შეპირდა შემძენს, რომ დივიდენდის მიღების უწყისზე ხელს მოაწერდა, რითაც მის მიერ მოგებიდან კუთვნილი წილის მიღება დადასტურდებოდა, რაც მიღებული ჰქონდა კიდეც, თუმცა, მას ეს დაპირება არ შეუსრულებია. განმცხადებლის მოსაზრებით, ამ განმარტების ანალიზი გამორიცხავს ფაქტს იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულებით დივიდენდის მიღების მოთხოვნის უფლება გადაეცა შემძენს.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მაისის განჩინებით რ.ჯ-ის განცხადება მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე დაინიშნა 2017 წლის 30 ივნისს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ რ. ჯ-ის მოთხოვნა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე უასფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. საკასაციო სასამართლო საკითხის სწორად შეფასების მნიზნით ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

1.1. წინამდებარე დავაზე ძირითად სასარჩელო მოთხოვნას პარტნიორად ყოფნის პერიოდში მიუღებელი დივიდენდის ანაზღაურება წარმოადგენდა, რომლის მიუღებლობასაც მხარე უკავშირებდა ანაცდური ზიანის არსებობას. მტკიცების საგანში შემავალ სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად, მოსარჩელეს ეკისრებოდა იმ ფაქტის მტკიცების ტვირთი, რომ საწარმოში წილის განკარგვისაგან დამოუკიდებლად, მან დაიტოვა საწარმოს მიმართ მოთხოვნის უფლება პარტნიორად ყოფნის პერიოდში განაწილებულ და მიუღებელ შემოსავალზე;

1.2. საკასაციო სასამართლომ 2012 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა რა საწარმოს საკასაციო საჩივარი და მოსარჩელეს უარი უთხრა მოთხოვნაზე, პალატამ მიღებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო შემდეგი დასაბუთება:

ა) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარეობს, რომ შპს-ს კაპიტალში პარტნიორის წილი წარმოადგენს საზოგადოების პარტნიორობიდან გამომდინარე ქონებრივ-სამართლებრივი სიკეთის მოთხოვნის უფლებას. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა ქონებრივი უფლებებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია მოგების წილის (დივიდენდის) მიღების უფლება. ეს უფლება მოიცავს დივიდენდის მიღების ზოგად უფლებას (დივიდენდის მიღების უფლება) და კონკრეტული სამეურნეო წლის ბოლოს პარტნიორის მიერ საზოგადოების მოგების ნაწილის მოთხოვნის უფლებას (დივიდენდის მოთხოვნის უფლება). მათ შორის ის განსხვავებაა, რომ პირველი უფლება წარმოიშობა საზოგადოების პარტნიორად გახდომის მომენტიდან, ხოლო მეორე – საზოგადოების პარტნიორთა კრების მიერ მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან. დივიდენდის მიღების უფლება განუყრელად არის დაკავშირებული პარტნიორად ყოფნასთან და მისი სხვა პირისათვის გადაცემა წილისაგან დამოუკიდებლად დაუშვებელია. რაც შეეხება თავად წილს, იგი, როგორც უფლება, სამოქალაქო ბრუნვის ნაწილია და შეიძლება, თავისუფლად გასხვისდეს სხვა პირზე.

ბ) სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უფლების დათმობის შემდეგ შემძენზე გადადის ამ უფლებიდან მისაღები ყველა ქონებრივ-სამართლებრივი სარგებელი, მათ შორის ისეთიც, რომელიც გასხვისებამდეა წარმოშობილი და უფლების თავდაპირველ მესაკუთრეს არ მოუთხოვია. აღნიშნული ნორმა ვრცელდება შპს-ში წილის გასხვისების შემთხვევაზეც, ამდენად, წილის გასხვისების შემდეგ, შემძენს გადაეცემა ამ წილიდან გამომდინარე ყველა მოთხოვნა. რაც შეეხება კონკრეტულად დივიდენდის მოთხოვნის უფლებას, მისი დათმობა შესაძლებელია ცალკე უფლების სახით წილის გადაუცემლად, ხოლო წილის გასხვისების შემთხვევაში, თავდაპირველი მესაკუთრის მიერ არარეალიზებული დივიდენდის მოთხოვნის უფლება ასევე გადადის წილის შემძენზე, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, რადგანაც პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების არსებობა დივიდენდების განაწილების თაობაზე არ წარმოშობს კონკრეტული პარტნიორის მიერ მისი ავტომატურად მიღების ვალდებულებას.

გ) 2009 წლის 26 ივნისს რ. ჯ-ემ შპს „ო-აში“ მისი 33%-იანი წილი გაასხვისა. საქმის მასალები და თავად სარჩელი ადასტურებს, რომ პარტნიორობის პერიოდში რ. ჯ-ეს კუთვნილი დივიდენდების მიღება არ მოუთხოვია და არც მათი მიღება გაუხდია სადავოდ, რის გამოც, წილის გასხვისების შემდეგ, ამ წილიდან გამომდინარე დივიდენდების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად მათი განაწილების პერიოდისა, გადაეცა წილის შემძენს - ი. თ-ს.

2. განმცხადებელი საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიიჩნევს სისხლის სამართლის საქმეზე შემძენ ი. თ-ის ჩვენებას, რომლის ანალიზითაც სურს იმის დადასტურება, რომ წილის ნასყიდობის საგანს არ წარმოადგენდა დივიდენდის მოთხოვნის უფლება.

3. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის წარმოების განახლების ლეგალური საფუძვლების ჩამონათვალს ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი და ასეთად ორი ძირითადი შემთხვევაა მიჩნეული. მოხმობილი კანონის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმედ დაკითხული წილის შემძენის ჩვენება წარმოადგენს ახალ გარემოებას, რომელიც თავის დროზე რომ ყოფილიყო წარმოდგენილი სამოქალაქო საქმის განხილვისას, განსხვავებული გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. საკასაციო სასამართლო, ერთი მხრივ, მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ი. თ-ი სამოქალაქო საქმის განხილვაში მონაწილეობას იღებდა შპს „ო-ას“ სახელით, შესაბამისად, როგორც სისხლის სამართლის საქმეზე, ისე _ სამოქალაქო საქმეზე მიცემული განმარტებებიდან უპირატესი რატომ უნდა იყოს რ.ჯ-ისათვის ხელსაყრელი განმარტება, მხარე ვერ ასაბუთებს.

4. ფორმალურ-პროცესუალური თვალსაზრისით, განცხადებაში მითითებული ფაქტები და შეფასებები, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, შეიძლება შეფასდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე (1) მუხლის „ბ“ ან „ვ“ ქვეპუნქტის კონტექსტში, შესაბამისად, პალატა საქმის წარმოების განახლების სხვა საფუძვლებზე აღარ იმსჯელებს. ამ თვალსაზრისით კი, სასამართლო მხედველობაში იღებს სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის მიერ მიცემული ჩვენების სამოქალაქო დავის ფარგლებში შეფასების თაობაზე დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკას. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ პროცესუალურ-სამარლებრივი თვალსაზრისით ამგვარი მტკიცებულებები წარმოადგენენ წერილობით მტკიცებულებებს, რომელთა შეფასებისასაც სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს მათი მატერიალურ-სამართლებრივი მხარე (იხ. სუსგ Nას-788-748-2013, 20 ოქტომბერი, 2014 წელი). მოცემულ შემთხვევაში, უდავოა ის ფაქტი, რომ მხარეთა შორის წილის ნასყიდობის წერილობითი ხელშეკრულება მიუღებელი დივიდენდის მოთხოვნის უფლების გამყიდველისათვის დატოვების ფაქტზე რაიმე მითითებას არ შეიცავს, რის გამოც სისხლის სამართლის საქმეზე მიცემული მოწმის ჩვენება, როგორც სამოქალაქო საქმის განხილვის მიზნებისათვის წერილობითი მტკიცებულება, არ შეიძლება, მიჩნეულ იქნეს საქმის წარმოების განახლების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე (1) მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფუძვლად (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება, გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას).

5. რაც შეეხება ი. თ-ის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე მიცემული განმარტების, როგორც ჩვენების შეცვლის ფაქტის შეფასებას, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არც ამ თვალსაზრისით არ არსებობს საქმის წარმოების განახლების წინაპირობა, კერძოდ:

5.1. უდავოა, რომ ი. თ-ს, როგორც შპს „ო-ას“ დირექტორსა და წილის შემძენს, სამოქალაქო საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე არ განუმარტავს, რომ დივიდენდის მოთხოვნა გამყიდველმა დაიტოვა, მხარე კი, სისხლის სამართლის საქმეზე ამავე პირის მიერ მიცემულ ჩვენებაზე დაყრდნობით ცდილობს ამტკიცოს საპირისპირო ვითარება. როგორც ზემოთ აღინიშნა, ფორმალურ-პროცესუალური თვალსაზრისით ამგვარი მოთხოვნა შეიძლება წარმოადგენდეს საქმის წარმოების განახლების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე (1) მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფუძველს, თუმცა, ამავე ნორმის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, რადგანაც არ არსებობს სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, საკასაციო პალატა ამ მხრივაც უსაფუძვლოდ მიიჩნევს განცხადებას.

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, თუ აღმოჩნდება, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ.ჯ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. ჯ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი